გეოპოლიტიკაკავკასია

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის საგარეო ფაქტორები

4 წლიანი ზავის შემდეგ 2020 წლის 12 ივლისს სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა. ამჯერად შეტაკება მთიანი ყარაბაღიდან 300 კმ-ით დაშორებულ თოვუზის რაიონში მოხდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მხარეები ერთმანეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონის გარეთ, უშუალოდ სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან დაუპირისპირდნენ.   

დაპირისპირება საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 55 კილომეტრში მიმდინარეობს

საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. სომხეთის ვერსიით, აზერბაიჯანელი სამხედროები არტილერიის მხარდაჭერით შეეცადნენ სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრას და მათი პუნქტების დაკავებას, თუმცა სომხებმა მათი შეჩერება და განდევნა შეძლეს. აზერბაიჯანული მხარე კი საპირისპიროს ამტკიცებს, რომ სომხურმა არტილერიამ ცეცხლი გაუხსნა მათ პოზიციებს, კონტრშეტევის შედეგად კი სომხებს უკან დახევა მოუწიათ.

ურთიერთბრალდებები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაზე არ წყდება და რთულია გაარკვიო თუ რომელმა მხარემ გახსნა ცეცხლი პირველად, თუმცა შიდა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვანია კონფლიქტის გაღვივების მიზეზის საგარეო ფაქტორების დადგენაც.  

კონფლიქტის სრულფასოვნად აღსაქმელად აუცილებლად უნდა გადავხედოთ მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკას. ცხადია, რომ დაპირისპირებულ მხარეებს ზურგს უმაგრებენ მათზე ძლიერი სახელმწიფოები, ამ შემთხვევაში სომხეთს – რუსეთი, აზერბაიჯანს კი – თურქეთი. რუსეთისა და თურქეთის როლი სომხეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირებაში პირდაპირ თუ ირიბად უკვე გამოკვეთილია. თურქეთმა ახალი კონფლიქტის დაწყებისთანავე საკმაოდ მყარი პოზიცია დააფიქსირა და მკაცრად მოუწოდა სომხეთს შეეწყვიტა სამხედრო მოქმედებები აზერბაიჯანის წინააღმდეგ. თურქეთის პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანს საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი სახის დახმარება აღუთქვეს. აზერბაიჯანის სამხედრო მაღალჩინოსნები აქტიურად მართავენ შეხვედრებს თურქეთის თავდაცვის მინისტრთან და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან.

აზერბაიჯანელი და თურქი სამხედრო მაღალჩინოსნების შეხვედრა კონფლიქტის თაობაზე

რუსეთმა კი თავი ამ ეტაპზე თავი შეიკავა ხისტი პოზიციის დაფიქსირებისგან, ორივე მხარეს მოლაპარაკების მაგიდაზე დასხდომისკენ მოუწოდა და მზაობა გამოთქვა მხარეებს შორის შუამავლობაზე. მიუხედავად ამისა, ნათელია, რომ სომხეთის ერთადერთი პროტექტორატი და პარტნიორი რუსეთის ფედერაციაა, რასაც ერევანსა და გიუმრში არსებული რუსული სამხედრო ბაზებიც ადასტურებს. ამავდროულად, დაპირისპირების დაწყებიდან 5 დღის შემდეგ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მოულოდნელად დაიწყო ბრძოლისუნარიანობის შემოწმება, რასაც დაექვემდებარება რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქების, ასევე წყნარი ოკეანის ფლოტისა და საჰაერო-სადესანტო ძალების პირადი შემადგენლობა: 150 000 სამხედრო მოსამსახურე, 26 000 სამხედრო ტექნიკა, 414 საფრენი აპარატი და 106 საზღვაო ხომალდი.

რუსეთ-თურქეთის ინტერესები მხოლოდ კავკასიაში არ იკვეთება. უკვე დიდი ხანია, რაც ეს ორი სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში საკუთარი გავლენების დასამკვიდრებლად იბრძვის. სწორედ ახლო აღმოსავლეთიდან იწყება მათი ინტერესთა კონფლიქტი. სირია გახლავთ ქვეყანა, სადაც რამდენიმე თვის წინ რუსეთი და თურქეთი ომის ზღვარზე იყვნენ, თუმცა მოლაპარაკებების შედეგად სიტუაცია შედარებით განიმუხტა. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ძალების გამოყენებით ორივე სახელმწიფო დღემდე აგრძელებს ერთმანეთზე წერტილოვანი დარტყმების განხორციელებას. მაგალითად, 16 ივლისს, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის პარალელურად, რუსულმა ავიაციამ დაბომბა თურქეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ქალაქი ალ-ბაბი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოქალაქეებში. საპასუხოდ კი თურქულმა დრონებმა თავდასხმა განახორციელეს სირიაში მდებარე რუსულ სამხედრო საკოორდინაციო ცენტრზე, რის შედეგადაც დაიჭრა რუსეთის ორი სამხედრო მოსამსახურე.

უფრო მძიმე ვითარებაა ლიბიაში, სადაც დაძაბულობა რუსეთისა და თურქეთის მხარდაჭერილ მხარეებს შორის პიკს აღწევს. გენერალ ხალიფა ჰაფთარის რამდენიმეთვიანი წარმატებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ, რისი მიზანიც ქალაქ ტრიპოლის აღება და თურქეთისა და გაეროს მიერ მხარდაჭერილი მთავრობის დამხობა იყო, კონფლიქტში თურქეთი აქტიურად ჩაერთო და სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ბოლო თვეებში ხალიფა ჰაფთარის ფორმირებულმა ლიბიის ნაციონალურმა არმიამ, ვაგნერის დაჯგუფების დახმარებით დაკავებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პუნქტი დაკარგა დასავლეთ ლიბიაში. თურქეთის ჩართვის შემდეგ ძალიან სწრაფად მოუწია აჯანყებულ გენერალსა და რუსულ დაჯგუფებებს უკან დახევა. ამ ეტაპზე საერთაშორისო ძალისხმევით ბრძოლები შეჩერებულია, თუმცა პროთურქული ძალების მიერ მიმდინარეობს აქტიური მზადება ერთ-ერთი ბოლო საკვანძო ქალაქის – სირთის ასაღებად, შესაბამისად, ლიბიის ნაციონალური არმიისა და რუსეთის ძირითადი ძალები ქალაქის დასაცავად არიან მობილიზებული. სირთზე შეტევის წამოწყების შემთხვევაში ლიბიის ომში ჩართვით იმუქრება თურქეთის ბოლოდროინდელი წარმატებებით უკმაყოფილო ეგვიპტეც. ხალიფა ჰაფთარის ძალებს საჰაერო მხარდაჭერას უცხადებენ გაერთიანებული არაბთა საამიროებიც. მიუხედავად ამისა, თურქეთი ცეცხლის შეწყვეტის პირობას მხოლოდ ქალაქ სირთის ჩაბარების შემთხვევაში შეასრულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამხედრო ოპერაციის დაწყებით იმუქრება. სირთის აღებით თურქეთს გზა გაეხსნება მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტებზე, ნავთობის საბადოებზე და ა.შ.

ლიბიის ნაციონალური არმიის ჯარისკაცები ემზადებიან სირთის დასაცავად

საგულისხმოა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი სწორედ სირთის აღების ოპერაციის მზადებისას დაიწყო, პარალელურად განხორციელდა ავიაიერიშები სირიაში, თურქეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ რუსეთი ერთი მხრივ ცდილობს ლიბიაში დროის გაწელვას, რაც ლიბიის ნაციონალურ არმიასა და რუსულ დაჯგუფებებს მისცემს ძალების აღდგენის საშუალებას, მეორე მხრივ კი ახალ კონფლიქტებში ჩათრევით, თურქეთის ძალების დასუსტებას. თუ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება კავკასიის ფართომასშტაბიან კონფლიქტში გადაიზარდა, ცხადია, რომ თურქეთს მოუწევს ახალი ფრონტის ხაზის გახსნა და მთელი ყურადღების საკუთარ სამეზობლოში გადატანა.

არსებობს კონფლიქტის გაღვივების კიდევ ერთი – ეკონომიკური ფაქტორი, რომელშიც რუსეთისა და ირანის ინტერესები იკვეთება. ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამო მნიშვნელოვნად გაუფასურდა ნავთობი, რის გამოც რუსეთისა და ისედაც სანქცირებული ირანის ეკონომიკებს უდიდესი ზიანი მიადგა. აღსანიშნავია, რომ სწორედ დაპირისპირების ადგილას, თოვუზის რაიონში გადის ბაქო-ჯეიჰანის მილსადენი, ბაქო-სუფსის (დასავლეთში საექსპორტო) მილსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენი. ამ რეგიონის დაკავებით, ან თუნდაც ინფრასტრუქტურის დაზიანებით აზერბაიჯანის მოწინააღმდეგე ქვეყნები შეძლებენ ხელში ჩაიგდონ ან გაანადგურონ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული რესურსები, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც აზერბაიჯანისა და თურქეთის, ასევე, საქართველოს ინტერესებს. რუსეთსა და ირანს კი ენერგორესურსებით ვაჭრობის ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.

მილსადენებისა და რკინიგზის რუკა

პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ახალი ომი მნიშვნელოვნად დააზარალებს, როგორც კონფლიქტში მონაწილე მხარეებს, ასევე, რეგიონში მდებარე თითოეულ სახელმწიფოს. ნებისმიერ შემთხვევაში, არეულობა და დაპირისპირება სამხრეთ კავკასიის არც ერთი ქვეყნის ინტერესში არ უნდა შედიოდეს, რადგან მხოლოდ სტაბილურობისა და ერთიანობის შენარჩუნებით აქვს რეგიონს განვითარების პერსპექტივა.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button