გეოპოლიტიკა

სირიის კრიზისი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 19 დეკემბერს გამოაცხადა, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალები სირიას უახლოესი ორი თვის განმავლობაში დატოვებენ, რადგან მათი სირიაში ყოფნის მიზეზი “ისლამური სახელმწიფოს” განადგურება იყო, რაც წარმატებით შესრულდა. ოფიციალურად, საუბარია დაახლოებით 2600-მდე სამხედროს გაყვანაზე, თუმცა შეიძლება ამერიკელი სამხედროების რიცხვი მეტიც იყოს. CNN-ის ცნობით, ჯარების გაყვანის ბრძანებაზე ხელი მოაწერა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ჯეიმს მეტისმა, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა დონალდ ტრამპის ამ გადაწყვეტილებას. სწორედ ამის გამო, 2019 წლის დასაწყისში იგი თანამდებობიდან გადადგა. ასევე, ძალიან კრიტიკულად შეაფასეს ტრამპის ეს გადაწყვეტილება როგორც ტრამპის მოწინააღმდეგეებმა, ასევე მისმა მომხრეებმაც. ტრამპის თქმით “ისლამური სახელმწიფო” დამარცხებულია, თუმცა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს, თუნდაც, 16 იანვარს “ისლამური სახელმწიფოს” თავდასხმამ ამერიკელი ჯარისკაცების სიცოცხლე შეიწირა.
ძალიან მოულოდნელი იყო ტრამპის ეს გადაწყვეტილება მოკავშირეებისთვისაც. ემანუელ მაკრონის განცხადებით, მოკავშირეობა მხარდამხარ ბრძოლას ნიშნავს. ტრამპის გადაწყვეტილებამ მას შეკითხვა გაუჩინა, არის თუ არა ამერიკა საიმედო მოკავშირე?

დონალდ ტრამპი

როდის შევიდა აშშ პირველად სირიაში?

2015 წლის შემოდგომას, ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით სირიაში პირველად გაიგზავნა აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მცირე ჯგუფი, რომელთა მიზანიც ადგილობრივი ქურთების გაწვრთნა იყო, რომლებიც “ისლამურ სახელმწიფოს” ებრძოდნენ. შემდეგ წელბში ნელ-ნელა დაიწყო ამერიკული სამხედრო ბაზებისა და აეროდრომების სირიაში განლაგება. ამ პერიოდში გამოიკვეთა სხვა ქვეყნების ინტერესებიც, რუსეთს, აშშ-ს, ირანსა და თურქეთს შორის დღემდე მიმდინარეობს ფარული ბრძოლა საკუთარი ინტერესებისა და გავლენების მოსაპოვებლად. სირიის კონფლიქტის შემდეგ განსაკუთრებით დაიძაბა ურთიერთობა აშშ-სა და თურქეთს შორის.

ქურთი და ამერიკელი სამხედროები

რა ხდება აშშ-სა და თურქეთს შორის

როგორც ზემოთ აღვნიშნე, აშშ-მ სირიაში ჩასვლისთანავე გაიხადა მოკავშირედ ადგილობრივი ქურთები, რომლებიც “ისლამურ სახელმწიფოსთან” ერთად, საკუთარი დამოუკიდებლობისთვისაც იბრძვიან. ჩამოყალიბდა “სირიის დემოკრატიული ძლები”, რომლის მთავარი ძალაა YPG (ქურთ ხალხთა დამცველი დანაყოფი), თურქები კი ამ ძალას ტერორისტულ ორგანიზაციად თვლიან და აქტიურად იბრძვიან მათ წინააღმდეგ. ტრამპის გადაწყვეტილებამ შეძრა ქურთი ხალხიც, რადგან თუ ამერიკა სირიას დატოვებს, ქურთებს მთლიანად გაანადგურებს ერდოღანი. ტრამპმა ქურთების სასარგებლოდ თურქეთს მოუწოდა არანაირი სამხედრო ოპერაცია არ დაიწყოს ქურთების წინააღმდეგ და ეკონომიკური სანქციებით დაემუქრა, რაც თურქებმა ერთხელ უკვე ძალიან მწარედ გამოსცადეს, თუმცა ერდოღანი არ აპირებს დათმობას და აცხადებს, რომ აუცილებლად გაანადგურებს ქურთულ “ტერორისტულ” დაჯგუფებებს. აშშ-სთან ურთიერთობის დაძაბვის გამო ერდოღანმა აქტიურად დაიწყო მოლაპარაკებები ვლადიმერ პუტინთან.

ერდოღანი და პუტინი

რა ხდება დღეს სირიაში?

დონალდ ტრამპის “ისლამური სახელმწიფოს” დამარცხებისა და სირიიდან ჯარების გაყვანის განცხადების შემდეგ, რამდენჯერმე განხორციელდა თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” მხრიდან, ამიტომ მოკავშირეები და ექსპერტები შიშობენ, რომ “ისლამური სახელმწიფო” აღდგენას და გადაჯგუფებას ისე, რომ კვლავ შეუქმნის საფრთხეს მსოფლიოს მშვიდობას. ამის გამო, ტრამპმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ჯარების გაყვანის პროცესი უფრო შენელდება, ამ ხნის განმავლობაში კი დარჩენილ ტერორისტებს საბოლოოდ გაანადგურებენ ამერიკელი ჯარისკაცები.

ირანის საფრთხე

არსებობს კიდევ ერთი საფრთხე – ირანი, რომლის გამოც პრეზიდენტი ტრამპის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, თუმცა აქ აზრები ორად იყოფა. ერთნი თვლიან, რომ აშშ ჯარების გაყვანით ფაქტიურად კარგავს გავლენას რეგიონზე და აღიარებს დამარცხებას, რაც კიდევ უფრო შეაგულიანებს მოწინააღმდეგეებს. ირანი დაიკავებს სირიის ძირითად ნაწილს და გამოიყენებს ისრაელთან საბრძოლველად. მოგეხსენებათ, ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია. ორშაბათს ისრაელმა ირანის სამხედრო სამიზნეებზე საჰაერო იერიში მიიტანა. თავის მხრივ, ირანის თავდაცვის მინისტრის განცხადებით ირანი მზადაა გაანადგუროს ისრაელი. ირანი და ისრაელი ომის ზღვარზე არიან, ამერიკის ჯარების გაყვანამ კი შესაძლოა კიდევ უფრო დააჩქაროს ეს პროცესი. თუმცა, არსებობს მეორე მოსაზრებაც ტრამპის გადაწყვეტილების შესახებ: რეგიონში ყველა სახელმწიფო თავისი ინტერესების მოსაპოვებლად ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს. შეიძლება აშშ-ის სტრატეგიული უკან დახევა ძალიან მომგებიანიც აღმოჩნდეს ქვეყნისთვის, რადგან რუსეთი, ირანი, თურქეთი კვლავ გააგრძელებენ რესურსების ხარჯვას, შესაძლოა რეგიონში არეულობა და ომიც დაიწყოს, რაც გამოფიტავს და ძალიან დაასუსტებს ამ ქვეყნებს. მარკ კაცი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის მკვლევარი ამბობს, რომ შესაძლოა სწორედ ესაა სტრატეგიის ნაწილი. „მისცე უფლება სხვებს, იბრძოლონ. შემდეგ კი მათ ან ენდომებათ, რომ დავბრუნდეთ და მშვიდობა დავამყაროთ, ან არა. თუ არ ენდომებათ, მაშინ შეუძლიათ ერთმანეთს ებრძოლონ“.

ისრაელის საჰაერო თავდასხმა. 10 მაისი, 2018

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button