გეოპოლიტიკადასავლეთი

ტრუმენის ახალი დოქტრინა

სტატიის ავტორია ტიმ კეინი, სენატორი ვირჯინიის შტატიდან, აშშის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი 2016 წლის არჩევნებზე ჰილარი კლინტონთან ერთად. სტატია გამოქვეყნდა 2017 წელს, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა იმარჯვა და როგორც თავად განაცხადა, აპირებს აშშ-ის როლის გადასინჯვას მსოფლიო არენაზე – ყველაზე მასშტაბურს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

მე ნამდვილად არ ვარ ობიექტური ან დამოუკიდებელი დამკვირვებელი. წინა წლის შემოდგომაზე მე მხარი დავუჭირე ჰილარი კლინტონს და მასთან ერთად კენჭი ვიყარე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ჩვენ გავიმარჯვეთ პრაიმერში, მაგრამ დავმარცხდით გენერალურ ბრძოლაში: ვერ მოვახერხეთ საარჩევნო კოლეგიის უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვება. საარჩევნო კამპანის შემდეგ, მე დავუბრუნდი მუშაობას აშშ-ის სენატში და შევუერთდი კომისიას, რომლის არსებობის მიზანიც რამდენიმე წლის წინ სიურრეალისტური მოგვეჩვენებოდა. ჩვენი მიზანია, დავადგინოთ, თუ რატომ და როგორ მოახერხა რუსეთის ფედერაციამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა. ამ საკითხში ჯერ კიდევ ბევრი ბურუსით მოცული კითხვაა, მაგრამ პასუხს ნამდვილად ვიპოვით.

როგორც არ უნდა იყოს, არჩევნები დასრულდა, ტრამპმა კი თანამდებობა დაიკავა. ჯერ-ჯერობით, რთულია გავიგოთ მისი ადმინისტრაციის პრიორიტეტები, მაგრამ უკვე ნათელია, რომ ტრამპის არჩევა არის გაგრძელება იმ ტენდენციისა, რომელიც სსრკ-ს დაშლის შემდეგ ჩაისახა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დაახლოებით ორმოცი წლის განმავლობაში, აშშ-ს ჰქონდა საგარეო პოლიტიკის საკმაოდ მკაფიო კონცეფცია, რომელსაც მხარს ორივე პარტია უჭერდა. ამ კონცეფციის, „ტრუმენისდოქტრინის“ თანახმად, მსოფლიო წარმოადგენდა ბიპოლარულ სისტემას, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს ეჯიბრებოდა ორი ბლოკი: სოციალისტური და პრო-ამერიკული. მაგრამ, 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დოქტრინამ დაკარგა სიცოცხლისუნარიანობა. ეს სტრატეგია დღემდე, ამა თუ იმ ფორმით, ადგენს აშშ-ის პოლიტიკურ კურსს, ალბათ იმიტომ, რომ ვერც ერთმა ადმინისტრაციამ [ცივი ომის შემდეგ] ვერ მოახერხა ყოვლისმომცველი ალტერნატივის გამომუშავება.

ტრამპის შეხედულებები ვაჭრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლზე კარდინალურად განსხვავდება პრეზდენტ ობამას, ბუშის ან კლინტონის შეხედულებებისგან. ტრამპი უპირატესობას ანიჭებს მოკლევადიან ეკონომიკურ მოგებას, თუნდაც ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების უგულვებელყოფის ფასით. მაგრამ, წინამორბედების მსგავსად, იგი დიდი ალბათობით გაატარებს რეაქციულ საგარეო პოლიტიკურ კურსს მკაფიო ან გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის გარეშე, რომელსაც ის კონგრესს ან ამერიკელ ხალხს გაუზიარებდა. ამ მიდგომას აქვს თავისი უპირატესობები: თეორიულად, შესაძლებელია დიდი შეცდომების და არც თუ ისე საჭირო გამოხტომების თავიდან აცილება. მაგრამ რისკი, რომელიც ამ მიდგომას მოყვება, გადაწონის ზემოთხსენებულ უპირატესობებს. ქვეყანას, ისევე როგორც მსოფლიოს, სჭირდება ახალი, 21-ე საუკუნისთვის მისაღები „ტრუმენის დოქტრინის“ ვერსია: ეროვნული უსაფრთხოების მდგრადი სტრატეგია, ორიენტირებული აქტიურ მოქმედებებზე და არა მათზე მოხდენილ რეაქციაზე. სტრატეგია, რომელიც დააწესებს ორიენტირს ადმინისტრაციისთვის და მისი მხარდამჭერებისთვის. იმ დროს, როდესაც ისეთი ქვეყნები, როგორც რუსეთი, ყველა ზომას მიმართავენ სხვა ქვეყნების დემოკრატიული ინსტიტუტების საბოტაჟისთვის, მსოფლიოს სჭირდება ახალი, მაგრამ მშვიდობიანი კამპანია დემოკრატიული ფასეულობების გავრცელებისთვის. აშშ ამ კამპანიის ლიდერის როლზე ყველაზე კარგი კანდიდატია და ის ფაქტი, რომ ტრამპს არ სურს ქვეყანამ ეს როლი ითავოს, ცუდად იმოქმედებს როგორც შტატებზე, ასევე პლანეტის დანარჩენ მოსახლეობაზე.

გეგმა სტრატეგიის გარეშე

როგორც სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრს, მაქვს პრივილეგია, მქონდეს მუდმივი კონტაქტი ამერიკული შეიარაღებული ძალების უმაღლეს სარდლობასთან. 2016 წლის დასაწყისში, სამხედრო იერარქიაში ერთ-ერთმა ყველაზე მაღლა მდგომმა ოფიცერმა მითხრა ის, რამაც შოკში ჩამაგდო. „ჩვენ გვაქვს ოპერატიული გეგმები, მაგრამ არა სტრატეგია“ – განაცხადა მან. ეს სრული სიმათლეა. მისმა უკმაყოფილებამ გააშიშვლა ფუნდამენტური პრობლემა, რომელსაც აშშ შეეჯახა. ოპერატიული გეგმები ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ ჩვენ მათ ყველა, ყველაზე არარეალისტური შემთხვევებისთვისაც კი ვქმნით, მაგრამ, ქვეყანას არ აქვს სტრატეგია, რომელიც საშუალებას მისცემდა უზრუნველყო ურთიერთმოქმედება და ხელმძღვანელობა თანამედროვე, მრავალასპექტიან და რთულ სამყაროში.

ეს აზრი ხშირად მომდიოდა თავში საარჩევნო კამპანიის დროს. ჩემი აგიტაციური გამოსვლებიას, ხშირად ვეხებოდი ეროვნული უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტებს: ისლამურ სახელმწიფოს, ზიკას ვირუსს, ტერორიზმს, ჩინეთს, რუსეთს, ჩრდილოეთ კორეას, ახლო აღმოსავლეთს, კიბერ-საფრთხეებს. მთელი კამპანიის განმავლობაში, დებატებში დომინირებდა ისეთი თემები, როგორიცაა იმიგრაციის მნიშვნელობა, ვაჭრობა, დიპლომატია – მათ შორის ურთიერთობების გაუმჯობესება ჩინეთთან და კუბასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების როლი. თუმცა, ეს პრობლემები განიხილებოდა კონტექსტიდან ამოგლეჯით და ყველა სხვა ფაქტორის გათვალისწინების გარეშე. ბანალურ ფრაზებს, როგორიცაა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, თავი რომ დავანებოთ, არავის ხმაც კი არ ამოუღია ყოვლისმომცველ სტრატეგიაზე. მართალია, ეს პრობლემა ხშირად გვხვდება საარჩევნო კამპანიების დროს, მაგრამ სიტუაცია ყოველთვის ასე სავალალოდ როდი იყო. 70 წლის წინ, თავისუფალი სამყაროს ლიდერებმა სამ გამოსვლაში ჩადეს სრულიად სხვა მიდგომის ძირითადი ასპექტები.

პირველი გამოვიდა უინსტონ ჩერჩილი 1946 წლის მარტში. პრეზიდენტ ტრუმენის თხოვნით, იგი ეწვია ვესტმინსტერის კოლეჯს ქალაქ ფულტონში, მისურის შტატში. ჩერჩილმა თავის გამოსვლაში კომპლიმენტი გაუკეთა აშშ-ს და მას „მსოფლიო ზესახელმწიფო“ უწოდა;  ამასთან ერთად, მან მოუწოდა აშშ-ს შეეთავსებინა თავისი უპირატესობა „მომავლის მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებასთან“. მან გააფრთხილა ამერიკელები სამხედრო სოციალისტური ბლოკის შექმნის თაობაზე, რომელიც მდებარეობდა შორს, აღმოსავლეთ ევროპაში, როგორც ჩერჩილმა თავად თქვა, „რკინის ფარდის“ უკან. ჩერჩილმა მოუწოდა შტატებს, შეექმნათ „ყოვლისმომცველი სტრატეგიული კონცეფცია“, რომელიც დაადგენდა მოკავშირეების საპასუხო მოქმედებებს. მისი ძირითადი ამოცანა, ჩერჩილის აზრით, უნდა ყოფილიყო მსოფლიოს დაცვა ომისგან და ტირანიისგან.

ერთი წლის შემდეგ ტრუმენმა სცადა ჩერჩილის მიერ დასახელებული პრინციპები სისრულეში მოეყვანა. 1947 წლის მარტში პრეზიდენტმა მოახსენა აშშ-ს კონგრესს სიტუაციაზე საბერძნეთსა და თურქეთში – მათ ემუქრებოდნენ სსრკ-ს მიერ მხარდაჭერილი კომუნისტი ექსტრემისტები. თუმცა, თავად აშშ ომისგან დაღლილი იყო,  ხოლო 1946 წლის შუალედურ არჩევნებზე  ამერიკელმა ხალხმა გამოხატა უნდობლობა ტრუმენის ადმინისტრაციის მიმართ და კონგრესის ორივე პალატის კონტროლი რესპუბლიკურ პარტიას გადაულოცა. მაგრამ, ამან ტრუმენი არ შეაშინა. თავის გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა საფრთხეს, რომელიც ანკარას და ათენს ემუქრებოდა და აღნიშნა, რომ არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს საკმარისი რესურსები მათ დასახმარებლად; არადა, სიტუაცია დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებდა. ტრუმენმა განაცხადა: „მიმაჩნია, რომ აშშ-მ უნდა დაუჭიროს მხარი თავისუფალ ერებს, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ შეიარაღებული უმცირესობების აგრესიას. მიმაჩნია, რომ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი ერების გათავისუფლებაში, რათა მათ თავად შეძლონ თავიანთი ბედის გადაწყვეტა“.

რამდენიმე თვის შემდეგ, 1947 წლის ივნისში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯორჯ მარშალი სიტყვით გამოვიდა, სადაც შეეცადა, ახლადფორმირებული სტრატეგია აღეწერა. ჰარვარდის კურსდამთავრებულების წინაშე გამოსვლისას, მარშალი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აშშ-ის სამხედრო ძალებს მეთაურობდა, უპრეცედენტო გეგმის ინიციატორი გახდა: მან შესთავაზა ქვეყანას დანგრეული ევროპის აღდგენაში მონაწილეობის მიღება. გეგმა, რომელსაც, როგორ პრეზიდენტმა ტრუმენმა აღნიშნა, კონგრესში გასვლის შანსი უფრო დიდი ექნებოდა, თუ ომის გმირის სახელს ატარებდა, მდგომარეობდა იმაში, რომ აშშ გამოიყენებდა ეკონომიკურ დახმარებას, როგორც ევროპასა და აზიაში სტაბილურობის შენარჩუნების და საბჭოთა გავლენის შემცირების გზას. კონგრესმა ინიციატივა მოიწონა და მალევე, აშშ-მ დაიწყო ჯერ საბერძნეთის და თურქეთის, ხოლო შემდეგ სხვა ქვეყნების დახმარება.

ასე დაიბადა დიდებული სტრატეგია. შემდგომი ოთხი ათწლეულის განმავლობაში, აშშ გაატარებს ინტერვენციონისტულ საგარეოპოლიტიკურ კურსს. ქვეყანა შეეცდება თავიდან აიცილოს ომის საფრთხე, შეაჩეროს კომუნიზმის გავრცელება და ხელი შეუწყოს თავისუფლებას – ისე, როგორც ამას დასავლური დემოკრატიის იდეალები ქადაგებენ. აშშ უპირველეს ყოვლისა ცდილობდა საქმეში ჩაერთო საერთაშორისო ორგანიზაციები, თუმცა, როგორც მსოფლიოს წამყვანი დემოკრატია, თვლიდა, რომ შეეძლო დამოუკიდებლად ემოქმედა, თუ ამის აუცილებლობა გაჩნდებოდა.

ის ფაქტი, რომ ტრუმენის დოქტრინამ ამდენ ხანს იარსება, სულაც არ ნიშნავს, რომ ის იდეალური იყო. მისი არარსებობის შემთხვევაში, არაა გამორიცხული, რომ აშშ არ ჩაერეოდა საფრანგეთისა და მისი აზიური კოლონიების ომში, რომელიც მოგვიანებით ვიეტნამის ომის სახელით გახდა ცნობილი. შესაძლებელია, აშშ არ ჩაერეოდა სხვა ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში და არ მიიღებდა მონაწილეობას ირანის, გვატემალას, კონგოს და ჩილეს არჩეული ხელისუფლების ჩამოგდებაში. ალბათ, აშშ არ შეეცდებოდა ჩამოეგდო კასტროს რეჟიმი კენედის პრეზიდენტობის პირველ ხანებში. გარდა ამისა, საკმაოდ ხშირად, მოგონილი თუ ნამდვილი საბჭოთა საფრთხის შიშით, აშშ მხარს უჭერდა ავტორიტარულ რეჟიმებს. ამგვარად, იდეა, მიმართული საუკეთესო ღირებულებების გავრცელებისკენ, იქცა მოწინააღმდეგის შემაკავებელ სტრატეგიად. როგორც აღნიშნა პრეზისდენტმა აიზენჰაუერმა, დოქტრინამ დააარსა ტრადიცია, უპირატესობა მიენიჭათ პრობლემის ძალოვანი მოგვარებისთვის, რის გამოც სამხედრო მანქანა მოითხოვდა სულ უფრო და უფრო მეტ სახსრებს, რომელთა დახარჯვაც ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებაზეც შეიძლებოდა.

თუმცა, ყველა პრობლემის მიუხედავად, ამ წლების განმავლობაში აშშ-ს ჰქონდა სტრატეგია – პროგრამა, რომელიც განაგებდა ქვეყნის სამხედრო კონცეფციას, ბიუჯეტს, დიპლომატიას, ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის და საერთაშორისო ორგანიზაციების მოღვაწეობაში მონაწილეობის მიღების საკითხებს. თუ დოქტრინას შევაფასებთ მისივე სტანდარტებით, მისი რეალიზაცია დიდი წარმატებით განხორციელდა: აშშ მსოფლიოში მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მაინც დომინირებდა, ხოლო სსრკ, რომელმაც კონკურენციას ვერ გაუძლო, საბოლოო ჯამში დაიშალა. ამის შემდეგ, აშშ-მ აღმოაჩინა, რომ მისმა საგარეო პოლიტიკამ დაკარგა ძირითადი ამოცანა – ამიტომ, ქვეყანას მოუწია დაკმაყოფილებულიყო სიტუაციური და პრაქტიკული მიდგომით, როგორც ეს მეორე მსოფლიო ომამდე იყო. აქვე უნდა ითქვას ორიოდე სიტყვა ფრთხილ პრაგმატიზმზე საერთაშორისო ურთიერთობებში. მაგალითად, უფროსი ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ, ქუვეითიდან ერაყელების განდევნისას, თავი შეიკავა სადამ ჰუსეინის მოშორებისგან. პრაგმატიზმი, რომელიც არ არის დაფუძნებული არანირ დოქტრინაზე, ამერიკულ მენტალურობასაც ახასიათებს. ამერიკელები საკმაოდ პრაქტიკული ადამიანები არიან: ჩვენ ეჭვის თვალით ვუყურებთ თეორიებს და პრობლემების მოგვარებისას საღ აზრზე დაყრდნობას ვამჯობინებთ.

ამავე დროს, სიტუაციურ მეთოდს გარკვეული პრობლემებიც გააჩნია. საკმაოდ ხშირად, ის ატარებს რეაქციულ ხასიათს. ის არ აძლევს საშუალებას არც მოკავშირეებს, არც მტრებს და არც თავად ამერიკელ ხალხს, გამოიცნოს, თუ რას მოიმოქმედებს მთავრობა მომავალში. ეს, თავის მხრივ, იწვევს არათანმიმდევრულობას. მაგალითად, 90-იან წლებში აშშ ჩაერია ბალკანელების კონფლიქტში გენოციდის პრევენციისთვის, მაგრამ უარი თქვა იგივე რუანდაში გაეკეტებინა. დღეს ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ აფრიკელების სიცოცხლე ევროპელების სიცოცხლეზე ნაკლებად ფასობდა. შემზარავი აზრია. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაცია შეეცადა გამოემუშავებინა აშშ-ს ახალი მისია: „გლობალური ომი ტერორთან“. შემდგომ წლებში, ამ მისიამ აშშ ჩაითრია შეიარაღებულ კონფლიქტებში ავღანეთსა და ერაყში, პაკისტანში, სირიაში, აფრიკის სხვადასხვა ნაწილებში და არაბეთის ნახევარკუნძულზე.

ცხადია, ტერორიზმი რჩება ძირითად, უფრო სწორად, ალბათ ძირითად საფრთხედ უსაფრთხოებისთვის ჩვენ დროს, თუმცა, ჯერ კიდევ ბუშ უმცროსის მეორე ვადის ბოლოსკენ ნათელი იყო, რომ ეს საკითხი ვერ განსაზღვრავს ქვეყნის მთელ საგარეო პოლიტიკას. ნაწილობრივ, ამაში დამნაშავეა კოლექტიური სირცხვილი ერაყში წამოწყებული ომის გამო, რომლის საბაბადაც არარსებული ბირთვული იარაღი დასახელდა. მაგრამ, უფრო ღრმად რომ ჩავიხედოთ, გავიგებთ, რომ არც თუ ისე მკაფიო სამხედრო მოქმედებები არასამთავრობო აქტორების საპასუხოდ უბრალოდ ვერ იქნება აშშ-ს და დანარჩენი მსოფლიოს ურთიერთობის ერთადერთი ფორმა.

ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დასაწყისისთვის აშშ-ს საგარეო პოლიტიკა კვლავ შევიდა გაურკვეველ, უსტრატეგიო ფაზაში. 2008 წლიდან ქვეყანა ცდილობდა, პასუხი ეპოვა ძალიან რთული კითხვებისთვის – შენარჩუნდეს თუ არა სამხედრო კონტიგენტი ერაყსა და ავღანეთში? არის თუ არა საჭირო ინტერვენცია ლიბიასა და სირიაში? მიზანმიმართულია ყურადღების აზიისკენ გადატანა? რა პასუხი გავცეთ რუსეთის უკრაინაში შეჭრას? დავდოთ თუ არა ახალი სავაჭრო ხელშეკრულებები? კითხვები იყო, თუმცა პასუხის ძებნა ქვეყანას მკაფიო დოქტრინის გარეშე უწევდა. სანამ აშშ აგრძელებს ამ კითხვებზე პასუხის ძებნას, სხვა ქვეყნებს უწევთ დიდი ძალისხმევის გაწევა, რათა გაიგონ, თუ რას იზავს ამერიკა და იპოვონ კრიზისებთან ბრძოლის ახალი ხერხები. ახლანდელმა არჩევნებმა ჩვენი შიში მხოლოდ გააღვივეს.

მე აქტიურად ვუჭერდი მხარს ობამას და ძირითადად, ვიზიარებდი მის ინიციატივებს საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ობამამ კვლავ გააქტიურა ოსამა ბინ ლადენის ძებნა და საბოლოოდ, მის ლიკვიდაციასაც მიაღწია. ობამას წყალობით, გამოცოცხლდა ამერიკული დიპლომატია: მოხდა კუბასთან ურთიერთობის ნორმალიზება, გაფორმდა ხელშეკრულება ირანის ბირთვულ პროგრამასთან და კლიმატთან დაკავშირებით. აგრეთვე, მის ანგარიშზეა სამოქალაქო ომის დასრულება კოლუმბიაში. ობამას მისწრაფება, გაეტარებინა თვითმყოფადი საგარეო პოლიტიკა და ამავე დროს ეთამაშა არსებული მსოფლწესრიგის წესებით და დემოკრატიული ღირებულებების წამოეწია საკმაოდ ჭკვიანური იყო.

თუმცა, ობამა ეჭვის თვალით უყურებდა მასშტაბურ სტრატეგიებს და ამან პრობლემები მოიტანა. ერთხელ მან თქვა, რომ ეროვნული უსაფრთხოების მისეული პოლიტიკის შეჯამება შეიძლება ფრაზით „არ გააკეთო სისულელეები“ (თუმცა, პრეზიდენტმა უხამსი სიტყვაც გამოიყენა – რეალურად, ობამას ფრაზა ასეთია: „don’t do stupid shit“ – არ გააკეთო სულელური სირობები). ამ ფრაზამ მოგვცა საშუალება, მეტი გაგვეგო მის პრაგმატულ და უიდეოლოგიო მიდგომაზე. შესაძლოა, ქვეყანამ თავიდან აიცილა ბევრი ცუდი გადაწყვეტილება ზუსტადაც რომ ობამას სურვილის გამო, არ გაეკეთებინა სისულელეები. ამავე დროს, ზოგჯერ ეს სურვილი ხდებოდა გამართლება იმ ნაბიჯების არგადადგმისთვის, რომელთა გადადგმაც საჭირო იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ობამას ადმინისტრაციის სურვილი, არ ჩარეულიყო სირიაში, მომავალში მოახდენს გავლენა, ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე კლინტონის სურვილმა, არ ჩარეულიყო რუანდაში, მოახდინა გავლენა ჩვენზე დღეს. მკაფიო სტრატეგიის არქონის გამო კი აშშ-მ ვერ გასცა ღირსეული პასუხი რუსულ კიბერშეტევებს და უპრეცედენტო ჩარევას საპრეზიდენტო არჩევნებში.

ჯერ-ჯერობით, ვერ წარმომიდგენია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს საკუთარი სტრატეგიის გამომუშავებას. ტრამპი დიდად აქებს მოულოდნელობის ეფექტის უპირატესობას. მისი დაპირება „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ გვახსენებს ომამდელ იზოლაციონისტურ კურსს. დიდი იდეოლოგიური განსხვავებები ადმინისტრაციის უმაღლესი სამხედრო პირების, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების და სხვების შეხედულებებში ამაღლებს იმის ალბათობას, რომ ადმინისტრაცია კვლავ გადალახავს პრობლემებს სიტუაციური პრინციპებით.

ეს მიდგომა – ოპერატიული გეგმების შემუშავება სტრატეგიის არქონის პირობებში შეიძლება დაეხმაროს ქვეყანას სულელური გადაწყვეტილებების მიღებისგან დაზღვევაში. მაგრამ, თუ ვაშინგტონი ასე გააგრძელებს, ქვეყანა გაუშვებს შესაძლებლობას, გაამყაროს თავისი ლიდერობა და გაურკვევლობას გამოიწვევს მსოფლიოში, რომელიც აშშ-ს ჯერ კიდევ ლიდერად აღიქვამს.

ტრიპოლარული მსოფლიო

როგორი უნდა იყოს აშშ-ს საგარეო პოლიტიკა? სტრატეგიის შემუშავებისკენ მოწოდება ყველას შეუძლია. პრობლემა იმაშია, რომ თანამედროვე მსოფლიო უფრო რთულია, ვიდრე ის, რომელშიც ჩერჩილი, ტრუმენი და მარშალი მოღვაწეობდნენ. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად დეცენტრალიზებული და გარე ფაქტორებზე დამოკიდებული გახდა ძალაუფლება, უნდა დავსვათ კითხვა, შესაძლებელია თუ არა დღესდღეობით ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შექმნა.

მე მიმაჩნია, რომ კი. მაგრამ, დეტალებზე სანამ გადავალთ, უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ტრუმენის დოქტრინა შეიქმნა დემოკრატი პრეზიდენტის მიერ, რომელმაც მოიპოვა რესპუბლიკელების კონტროლირებადი კონგრესის მხარდაჭერა. ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის წარმატებით დასამტკიცებლად საჭიროა ორივე პარტიის მხარდაჭერა – მარტო იმიტომ მაინც, რომ მხოლოდ კონგრესს, სხვა პრეროგატივების გარდა, აქვს უფლება ომი გამოაცხადოს.

ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, ნათელი ხდება, რომ სტრატეგია უნდა იყოს შემოთავაზებული იმ პრეზიდენტის მიერ, რომელსაც აქვს ფართო უფლებამოსილებები საგარეო პოლიტიკის კურსის შექმნასა და აღსრულებაში. ცალკეული სენატორები და კონგრესმენები დაეხმარებიან პრეზიდენტს სტრატეგიის გამომუშავებაში; აგრეთვე საჭიროა მეცნიერების, სამხედროების, დიპლომატების, უცხოელი მოკავშირეების, ჟურნალისტების და უბრალო მოქალაქეების მოწვევაც. მაგრამ დღესდღეობით, კონგრესი, რომელსაც არ უნდა ისლამურ სახელმწიფოსთან ომის გამოცხადება, დიპლომატიური წარმომადგენლების დამტკიცება (ობამას პრეზიდენტობის დროს მაინც) და ეჭვით ეკიდება სავაჭრო ხელშეკრულებებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ არის დაინტერესებული აშშ-ის გლობალური ლიდერობის გამყარებით. ამასთან ერთად, სხვა ერები მიეჩვივნენ აღმასრულებელი ხელისუფლების სიძლიერის ტრადიციებს და იგივეს ელოდებიან ამერიკის პრეზიდენტისგანაც. ამიტომ, ვერანაირი გრძელვადიანი სტრატეგიის რეალიზაცია ვერ მოხდება უმაღლესი მთავარსარდალის ნებისა და სიტყვის გარეშე.

ყოვლისმომცველი დოქტრინის შემუშავება უნდა დაიწყოს იმავე კითხვიდან, რომელიც 1940-იანების ბოლოში საკუთარ თავს დაუსვეს ჩერჩილმა, ტრუმენმა და მარშალმა: როგორაა გადანაწილებული ძალაუფლება მსოფლიოში? დღეს მსოფლწესრიგი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ცივი ომის პერიოდში იყო, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა განსაზღვრული იყო აშშ-ს და სსრკ-ს დაპირისპირებით. საერთაშორისო კაპიტალი უფრო დაყოფილი გახდა, ხოლო დიდი უფსკრული, რომელიც იქამდე ქვეყნებს შორის არსებობდა, საგრძნობლად დაპატარავდა. მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ს ჰქონდა როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური უპირატესობა. დღეს კი, მიუხედავად იმისა, რომ აშშ ყოველთვის იმეორებს, რომ მსოფლიოში ნომერ პირველია, ქვეყნის წინაშე დგას ისეთი პრობლემები, როგორებიცაა დიდი საგარეო ვალი, რომლის გამოც გვიწევს შევამციროთ ხარჯები დიპლომატიაზე, სამხედროებზე. ამის გამო, აშშ-ს შესაძლებლობები და მოქმედების ვარიანტები შეზღუდულია.

მეორე განსხვავება ტრუმენის და ჩვენს დროს შორის არის ის, რომ გაღრმავდა ურთიერთობები. დღეს შესაძლებელია გადაადგილება სხვადასხვა ქვეყნებში, არის მიღწევები კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, ტექნოლოგიების, იმიგრაციის და ვაჭრობის საკითხებში. მსოფლიოს ხალხები, ჯერ კიდევ არნახული მასშტაბით, ურთიერთობენ ზემოთხსენებულ სფეროებში. მეორე მსოფლი ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო ნორმების, წესების და ორგანიზაციების სისტემა, რომლის შექმნაშიც ამერიკამაც დიდი როლი ითამაშა, უფრო მეტად აქარწყლებს საზღვრებს ქვეყნებს შორის. როგორც ასეთი, ეს კარგი მოვლენაა, მაგრამ გაკრვეული პრობლემები აქაც არის. ეროვნულ ბაზრებს შორის უფრო მჭიდრო კავშირის დამყარება ნიშნავს, რომ ერთი ქვეყნის ფინანსური პრობლემები, მაგალითად საბერძნეთის ვალის კრიზისი, უფრო დიდად იმოქმედებს სხვა ქვეყნებზე, მათ შორის ამერიკაზეც, ვიდრე, დავუშვათ, რამდენიმე ათწლეულის წინ. იმიგრაცია უზრუნველყოფს ამერიკაში ნიჭიერი ადამიანების ჩამოსვლას, მაგრამ გვაფიქრებს უსაფრთხოებაზე. ვაჭრობის განვითარება ითვალისწინებს სამუშაო ადგილების ზრდას ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, მაგრამ, ამავე დროს, მცირდება სამუშაო ადგილების რაოდენობა იქ, სადაც უცხოელი მუშახელი უფრო იაფი ჯდება.

მესამე განსხვავება ტრუმენის და დღევანდელ ეპოქას შორის არის არასამთავრობო აქტორების როლის უპრეცედენტო ზრდა – დაწყებული ტერორისტული დაჯგუფებებით, გაგრძელებული კრიმინალური სინდიკატებით, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებით და დამთავრებული ტრანსნაციონალური ბიზნესით. ამ ძალებიდან ბევრი ხელმძღვანელობს საუკეთესო ზრახვებით. მაგრამ მათი შესაძლებლობა, მიმართონ ძალადობას და აიცილონ პასუხისმგებლობა კანონის წინაშე დამღუპველია და მსოფლწესრიგის დესტაბილიზაციის მიზეზია. არასამთავრობო აქტორების გავლენის ზრდა არღვევს ვესტფალის წესრიგს, რომელიც ჯერ კიდევ 1660-იანი წლების შუა პერიოდში შეიქმნა და დაფუძნებულია იდეაზე, რომ ძალა, განსაკუთრებით კი სამხედრო, გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ სახელმწიფოების მიერ და მხოლოდ შეთანხმულ საზღვრებში. დღეს მსოფლიო აღარაა ბიპოლარული, როგორც ეს ტრუმენის დროს იყო. ის ტრიპოლარულია: ახლა, გავლენა გადანაწილებულია დემოკრატიულ სახელმწიფოებს, ავტორიტარულ ქვეყნებსა და არასამთავრობო აქტორებს შორის. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების თანამედროვე დოქტრინა უნდა გამომდინარეობდეს ამ კონცეფციიდან და გაითვალისწინოს ყველა ჯგუფის ინტერესი.

დავიწყოთ დემოკრატიული სახელმწიფოებით, რომელთა ნაირსახეობა მართლაც გამაკვირვებელია. ამერიკელი პოლიტიკოსები, ძირითადად, ყურადღებას უთმობენ პრობლემურ რეგიონებს და არ ანიჭებენ დიდ ყურადღებას დემოკრატიულ ქვეყნებს, იმ ვარაუდით, რომ ისინი საქმეს თავადაც გაართმევენ თავს. მაგრამ, ამგვარი მიდგომა საფრთხის შემცველია. დასავლური დემოკრატიები ებრძვიან ანტისემიტიზმს და კონფესიებს შორის მტრობის სხვა ფორმებს. ევროპამ გადაიტანა ურთულესი საგადასახადო კრიზისი, რომელიც კიდევ უფრო გაღვივდება ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ. ქვეყნები, რომლებიც ისწრაფიან დემოკრატიისკენ, მაგალითად, უკრაინა, ექვემდებარებიან ზემოქმედებას თავიანთი ავტორიტარული მეზობლებისგან, ხოლო სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ტუნისში, ხდება ტერაქტები. ამასთან ერთად, დემოკრატიული სახელმწიფოები ხშირად ეჯახებიან ფუნდამენტურ პრობლემას იმიგრაციასთან და ეროვნულ იდენტობასთან დაკავშირებით, რის გამოც საკმაოდ ხშირად საჭიროა მიღებულ იქნას რთული გადაწყვეტილება, უსაფრთხოებისა და ინდივიდუალური თავისუფლების დაბალანსების მიზნით. არსებობს რისკი, რომ ხსენებული პრობლემები ხელს შეუწყობს დემოკრატიული სახელმწიფოების ავტორიტარულად გადაქცევას, იმიტომ, რომ მათი პანიკაში მყოფი ლიდერები შეზღუდავენ ინდივიდუალურ თავისუფლებას სიტუაციის გაკონტროლების მიზნით.

ამგვარად, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია უნდა შეიცავდეს არსებული დემოკრატიული რეჟიმების გამყარების საშუალებებს, რომლებიც დაფუძნებული იქნება თანამშრომლობაზე და არა მორჩილებაზე. აშშ-ის შეუძლია გაუმკლავდეს ამ გამოწვევას, თუ საკუთარი მაგალითით აჩვენებს, როგორ უწყობს დემოკრატიული ინსტიტუტები ხელს მშვიდობას, ბედნიერებას და აყვავებას. რაც უფრო უკეთესი იქნება სიტუაცია აშშ-ში, მით უფრო ექნებათ სხვა სახელმწიფოებს შთაგონება, გააუმჯობესონ თავიანთი სისტემა და ინსტიტუტები.

ავტორიტარული სახელმწიფოები დღეის მდგომარეობით მნიშვნელობით მეორე პოლიტიკური ძალაა. როგორც თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოები, ავტორიტარული სახელმწიფოებიც განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგიერთმა ავტორიტარულმა ქვეყანამ დაიწყო დემოკრატიზაციის პროცესი საზოგადოებრივი ცხოვრების ზოგიერთ ასპექტში – მაგალითად, ვიეტნამი, სადაც აღინიშნება მოსახლეობის ჩართულობის ზრდა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში (ამავე დროს, ზოგიერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში შეინიშნება ავტორიტარული ტენდენციები).

აშშ-მ ხელი უნდა შეუწყოს იმას, რომ ამ ქვეყნებმა დაადასტურონ თავიანთი ერთგულება დემოკრატიული ფასეულობებისადმი, მშვიდობისმოყვარე ურთიერთობებისადმი და გლობალურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი. ავტორიტარულ რეჟიმებზე ზეგავლენის მოხდენა სხვა ტაქტიკას მოითხოვს, რომელიც ყოველ ჯერზე დამოკიდებული იქნება კონკრეტულ სიტუაციაზე. ზოგჯერ აშშ-ს მოუწევს თანამშრომლობა, ზოგჯერ მეტოქეობა, ზოგჯერ კი პირდაპირ კონფრონტაციაში შესვლა. აშშ-ს ურთიერთობა რუსეთთან და ჩინეთთან ნათლად გვაჩვენებს ამ მიდგომის სირთულეებს. ვაშინგონი ეჯიბრება მოსკოვს და პეკინს ყველა სფეროში, დაწყებული ვაჭრობით და დამთავრებული კლიმატის ცვლილებით. ეს ასეც უნდა იყოს. მათთან ურთიერთმოქმედების წყალობით, აშშ-ს სულ უფრო ესმის ამ რეჟიმების არსის. ეს ნამდვილად არაა წარმატების გარანტი, მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ურთიერთმოქმედებაზე უარის თქმა თითქმის ყოველთვის მარცხის გარანტია.

რაღა თქმა უნდა, ჩინეთთან და რუსეთთან თანამშრომლობა ყოველთვის ვერ იქნება სწორი მიდგომა. მაგრამ აშშ-ს ხშირად უწევს მათთან შეჯიბრება – მაგალითად, სამხედრო და სავაჭრო ალიანსების შექმნისას მათ შეწუხებულ მეზობლებთან. ზოგჯერაც, აშშ-ს უწევს მათთან პირდაპირ კონფრონტაციაში შესვლა: მაგალითად, ადამიანის უფლებებთან, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ხელოვნური კუნძულების ან უკრაინაში ინტერვენციასთან დაკავშირებით.

და ბოლოს, პოლიტიკური ძალის ნაწილი კონცენტრირებულია არასამთავრობო აქტორების ხელში. ბევრი მათგანი – კომპანია იქნება ეს თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, გვეხმარება გავაერთიანოთ ადამიანები მთელი მსოფლიოდან. ამ ორგანიზაციებს ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ. მაგრამ დაჯგუფებები, რომლებიც ძალადობას მიმართავენ თავიანთი მიზნების მისაღწევად, უნდა დაეცნენ. მათთან ბრძოლა არის ის მიმართულება, რომელშიც ადრეც და ახლაც აშშ ავტორიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობს. ყველა ქვეყანა, რომელსაც სჯერა, რომ სამხედრო ძალა გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ სუვერენული სახელმწიფოების და არა რაღაც არასახელმწიფო წარმონაქმნების მიერ, უნდა თანამშრომლობდნენ, რათა გაანადგურონ ექსტრემიზმის ყველა გამოვლინება. ზუსტად ამიტომ, ტრამპი მართალია, როდესაც ამბობს, რომ აშშ-მ უნდა ითანამშრომლოს რუსეთის ფედერაციასთან ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი მიზეზი, ეჭვი შევიტანოთ რუსეთის მიზნების გულწრფელობაში სხვადასხვა სფეროებში, ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლა დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის პრიორიტეტი იყო და უაზრობა იქნებოდა, აქ მათთან არ გვეთანამშრომლა.

ტერორისტები სულაც არ არიან ერთადერთი არასამთავრობო აქტორები, რომლებიც იყენებენ თავიანთ განსაკუთრებულ სტატუსს, რათა აარიდონ თავი პასუხისმგებლობას კანონისა და სამართლებრივი შეზღუდვების წინაშე. ExxonMobil-ზე საუბრისას, მისმა მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა, ლი რეიმონდმა განაცხადა: „მე ამერიკული კომპანია არ ვარ და გადაწყვეტილების მიღებისას, არ ვმოქმედებ აშშ-ის ინტერესების გათვალისწინებით“. ერთის მხრივ ცხადია, რომ კორპორაციები, რომლებიც ცდილობენ გადასახადებს თავი აარიდონ, დიდად განსხვავდებიან საერთაშორისო ნარკოკარტელებისგან. მაგრამ ორივე ერთნაირად იყენებს კაპიტალის გაზრდილ მობილურობას და აქტივიზირებულ მიგრაციულ ნაკადს. აშშ და სხვა სახელმწიფოები უნდა გაერთიანდნენ, რათა გაანადგურონ „ხვრელები“, რომლებიც აძლევს ამ ორგანიზაციებს საშუალებას, მოახდინონ ეკონომიკური სიძლიერის აკუმულაცია და თავი აარიდონ ყველანაირ პასუხისმგებლობას ეროვნული სასამართლო სისტემის წინაშე.

„შეუცვლელიდან“ „სამაგალითომდე“

პირველი ნაბიჯი სტრატეგიის შექმნისკენ ტრიპოლარულ სამყაროში უნდა იყოს უარი იმ მითზე, რომ აშშ „შეუცვლელი ერია“. 1940-იან წლებში, როდესაც კონცეფცია ტრუმენმა და ჩერჩილმა ჩამოაყალიბეს, ეს იყო ფაქტის კონსტანცია და ასეთად რჩებოდა 1990-იან წლებშიც, როდესაც მასზე მადელინ ოლბრაიტი საუბრობდა. მაგრამ დღეის მდგომარეობით, ეს იდეა აღარ აღწერს აშშ-ს მდგომარეობას მსოფლიოში. ძალას იკრებენ ახალი სახელმწიფოები. და რადგანაც გავლენის ზრდა არის პოზიტიური ფენომენი, აშშ-მ უნდა გამოიმუშავოს სტრატეგია ამ ტენდენციის კონფეფციაში ჩართვასთან დაკავშირებით. ეს მომგებიანი იქნება როგორც ამერიკელებისთვის, ისევე მთელი მსოფლიოსთვის.

ძალიან ხშირად, იდეა ამერიკულ განსაკუთრებულობაზე ტრანფორმირდებოდა ამერიკული მიღწევების გამო დამსახურებული სიამაყიდან აზრზე, თითქოს აშშ-ზე არ ვრცელდება ყველასთვის აუცილებელი წესები. როდესაც 1950-იანი წლებიდან 1980-იან წლებამდე სსრკ თანამშრომლობდა კუბასთან და ამარაგებდა პარტიზანებს დასავლეთ ნახევარსფეროში, აშშ-მ სამართლიანად შეაფასა ეს, როგორც საფრთხე და შესაბამისი რეაქციაც ჰქონდა. მაგრამ, რატომ ვერ გაითვალისწინა ვაშინგტონმა, რომ ნატოს გაფართოება კლინტონისა და ბუშის ადმინისტრაციების დროს რუსეთის ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევდა? ან კიდევ, რატომ გაუკვირდა ამერიკის მთავრობას, როცა ჩინეთმა ობამას აზიისკენ „მიტრიალება“ საფრთხედ აღიქვა და გაამკაცრა თავისი სამხედრო პოლიტიკა?

ვაშინგტონს უყვარს, ყველას შეახსენოს, ვინ უნდა იყოს (და არ იყოს) მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის, მაგრამ ხშირად ეს საკმაოდ კონტრპროდუქტიულია. ბოლო წლებში, ამერიკულმა მთავრობამ განაცხადა, რომ სადამ ჰუსეინმა, ჰოსნი მუბარაქმა, მოამარ კადაფიმ და ბაშარ ალ-ასადმა უნდა დატოვონ თავიანთი თანამდებობები; ორჯერ ამან რეჟიმის შეცვლის მიზნით დაწყებული ომისკენ მიგვიყვანა, როგორც ერაყში და ლიბიაში მოხდა. ტრამპის მიერ ავტორიზებული სარაკეტო დარტყმა სირიის სამთავრობო ჯარის ლიკვიდაციის მიზნით აგრეთვე შეიძლება იყოს კიდევ ერთი ასეთი ომის დაწყების წინაპირობა.

ამ განცხადებების და შტატების მიერ დაწყებული კონფლიქტების გამო ავტორიტარულ ქვეყნებს მარტივად შეუძლიან აიცილონ კრიტიკა თავიანთი პოლიტიკისადმი და საპასუხოდ განაცხადონ, რომ აშშ მათ ქვეყნებში მხოლოდ გადატრიალების მოწყობითაა დაინტერესებული. ამიტომ, ჩვენ უნდა ვამხილოთ ყველა დარღვევა, მიუხედავად იმისა, თუ სად და როგორ მოხდა ეს დარღვევები. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი – სანქციები, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, პროცესი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში ან საერთაშორისო შეიარაღებული ძალები – რათა დაისაჯონ საერთაშორისო ნორმების დამრღვევნი. მაგრამ აშშ-ს, მიუხედავად იმისა, რომ გაბრაზება ვლადიმერ პუტინის და რუსების პოლიტიკის მიმართ საკმაოდ სამართლიანია, არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, ვინ ჩაუდგება სათავეში ამა თუ იმ ქვეყანას.

იმის მაგივრად, რომ შეუცვლელობაზე ვიძახოთ, აშშ-მ უნდა სცადოს, შეინარჩუნოს „მსოფლიოს პირველი დემოკრატიის“ წოდება. ამგვარად, ქვეყანა შეძლებს თავისი მოქალაქეების მოთხოვნილებები პირველ ადგილზე დააყენოს და გვაჩვენოს დამარწმუნებელი მაგალითი, რომელიც დაამოწმებს, როგორ და რატომ ჯობია დემოკრატიული ღირებულებები ავტორატირზმსა და ექსტრემიზმს.

ეს ღირებულებები აღარაა ისეთი ცხადი, როგორც ეს ტრუმენის დროს იყო. ავტორიტარული რეჟიმები, მაგალითად რუსეთი, იყენებენ პროპაგანდას და ტყუილს რათა შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს დემოკრატიულ რეჟიმებს არ შეუძლიათ ქვეყნის ეფექტურად მართვა. და საკმაოდ ხშირადაც, დემოკრატიული მთავრებები გვაძლევენ საბაბს ამგვარ განცხადებებს დავუჯეროთ: ვერ იცავენ საკუთარ თავს ან ეფექტურად ვერ უმკლავდებიან იმიგრაციისა და ადამიანის უფლებების პრობლემებს.

საბედნიეროდ, თუ აშშ გადაწყვეტს, კვლავ მისცეს ყველა მაგალითი, გასაოცარი საწყისი კაპიტალი გვექნება. ჯერ კიდევ იმ მომენტიდან, როდესაც თომას ჯეფერსონმა დამოუკიდებლობის დეკლარაციის დაწერისას „ცხადი“ ჭეშმარიტებების სიაში პირველ ადგილზე თანასწორობა მოაქცია, ქვეყანაში სულ უფრო და უფრო იზრდებოდა მოსახლეობის მონაწილეობა მთავრობის საქმიანობაში. ბოლო ათწლეულში, აშშ-ში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები: აირჩიეს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი პირველი პრეზიდენტი, უზენაეს სასამართლოში დაინიშნა ლათინოამერიკული წარმოშობის პირველი ადამიანი, ქვეყნის ერთ-ერთმა ძირითადმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად ქალი აირჩია. ჯარში მსახურობის უფლება გავრცელდა ყველაზე, ვინც აუცილებელ მოთხოვნილებებს პასუხობდა, მიუხედავად მათი გენდერისა თუ სექსუალური ორიენტაციის. ჯანდაცვის სერვისების გამოყენების საშუალება მიეცა მილიონობით ადამიანს მცირე შემოსავლით, ხოლო ლგბტ თემის წარმომადგენლებს უკვე ქორწინებაც შეუძლიათ.

მიუხედავად იმისა, რომ მძაფრი რიტორიკა წინასაარჩევნო კამპანიის დროს და თავად არჩევნების შედეგები გვაძლევს საბაბს გვეშინოდეს, რომ ზოგიერთი ეს მიღწევა შეიძლება უკუქცევას დაექვემდებაროს, ისტორია გვაჩვენებს, რომ ამგვარი წინააღმდეგობა ბოლომდე მაინც ვერ ანადგურებს პროგრესის გამოვლინებებს, ხოლო ხშირადაც პირიქით, დამატებით სტიმულს აძლევს თანასწორობისთვის მებრძოლებს. სინამდვილეში, სამოქალაქო აქტიურობის ახალი გამოვლინება ზემოთხსენებული აზრის მტკიცებულებაა.

არსებობს არაერთი სფერო, სადაც აშშ ჯერ კიდევ ძლიერია. წამყვანი პოზიციები უკავია ინოვაციების და მეწარმეობის ამერიკულ კულტურას, რომელსაც ხელს უწყობს კანონის უზენაესობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, უმაღლესი განათლების დაწესებულებების სიძლიერე, ნიჭიერი იმიგრანტების მხარდაჭერა და მზადყოფნა, შევეჩვიოთ წარუმატებლობას და გამოვიყენოთ მეორე შანსი. ინდოეთის და ჩინეთის ყურებისას, ცხადია, რომ აშშ მსოფლიოს პირველ ეკონომიკად მუდმივად ვერ დარჩება. მაგრამ ვერ ვხედავ მიზეზს, რომლის გამოც აშშ აღარ უნდა იყოს მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ეკონომიკა.

რაღა თქმა უნდა, სამაგალითო დემოკრატიის სტატუსი მოითხოვს თვითკრიტიკისთვის მზადყოფნას. არჩევნებმა უნდა გამოაღვიძოს ამერიკელები კმაყოფილებისგან, შეახსენოს მათ კომერციული წარმატების გადანაწილების არაპროპორციულობაზე, რომელიც დამოკიდებულია კომპანიის გეოგრაფიულ მდებარეობაზე და მისი მფლობელის რასობრივ კუთვნილებაზე. შეახსენოს იმის შესახებ, თუ რამდენად ცოტა ქალია არჩეული ფედერალური დონის თანამდებობაზე, რამდენად მცირეა არჩევნებზე მისულთა რიცხვი იმ შტატებშიც კი, სადაც ყველაფრის ბედი მცირე სხვაობით წყდება. ყველა ეს ფაქტორი მოწმობს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

კიდევ ერთი საშუალება, აღვადგინოთ აშშ-ის სტატუსი, როგორც სამაგალითო დემოკრატიის, არის დემოკრატიული რეჟიმების მხარდაჭერა. მოკავშირეებთან ერთად, ვაშინგტონმა უნდა შექმნას ახალი, სამხედრო ალიანსებთან არდაკავშირებული გლობალური ინიციატივა დემოკრატიის წინ წამოწევის მიზნით, რომელიც ყველგან გაავრცელებს და ხაზს გაუსვამს დემოკრატიის ღირებულებებას. ეს პროექტი შეიძლება წააგავდეს ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის გაფართოებულ ვერსიას. იგი ატარებდა გლობალურ ხასიათს  – შეგვახსენებდა დემოკრატიის წარმატებაზე ყველა კონტინენტზე, არა მარტო ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. ის კონცენტრირებული იქნებოდა დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტურობის ამაღლების საუკეთესო ტაქტიკის გავრცელებაზე. დღეს დემოკრატიას დამცველები სჭირდება. თუ აშშ უარს იტყვის ამ როლზე, სავსებით შესაძლებელია, რომ დემოკრატიული მოდელი დაკარგავს თავის მიზიდულობას.

ზეგავლენის ბერკეტები

ამერიკის შეიარაღებული ძალების უპირველესი ამოცანა ქვეყნის დაცვაა. ამ მისიის წარმატებულად შესასრულებლად საჭიროა შესაბამისი პოტენციალის ქონა და გამბედაობა. ამერიკული ჯარის პოტენციალი, ჯარისკაცების კვალიფიკაცია და შეიარაღების დონე საუკეთესოა. მაგრამ დარღვევები კონგრესის ფუნქციონირებაში ნიველირებენ ამ უპირატესობებს, რაც არა მარტო ართულებს ჯარის დაფინანსების პროცედურას, არამედ მას სულ უფრო და უფრო მოულოდნელს ხდის. იურიდიული ხრიკები, მაგალითად ბიუჯეტის სეკვესტრი, რეზოლუცია დაფინანსების გაგრძელებაზე და უცხოეთში ჩასატარებელ გადაუდებელ ოპერაციებზე პრობლემის ნაწილს წარმოადგენს და კონგრესმა ამ მეთოდებზე უარი უნდა თქვას.

ასევე პრობლემატურია მთავრობის მხრიდან გამბედაობის არქონა. რუსეთის ფედერაციის ჩარევა 2016 წლის არჩევნებში წარმატებული იყო მარტო იმიტომ, რომ მათ არ შეეშინდათ ამის გაკეთება. ვაშინგტონის უუნარობა, შეიმუშავოს მკაფიო თავდაცვითი სტრატეგია კიბერსამყაროს სფეროში და დაბნეულობა შეტევის საპასუხო ნაბიჯების გადადგმისას დაგვამახსოვრდება, როგორც სირცხვილი ეროვნული თავდაცვის ისტორიაში. რათა უკეთესად დავიცვათ თავი მომავალში, აშშ-მ უნდა გააგებინოს პოტენციურ მეტოქეებს: სჯობს, ჩვენთან საქმე არ დაიჭიროთ. ხოლო იმისთვის, რომ ეს გზავნილი სერიოზულად აღიქვან, ის უნდა გავამყაროდ სწრაფად რეაგირებადი და დამაჯერებელი ძალით. ამის არქონა აშშ-ის მტრებს საკუთარ ძალებში რწმენას მატებს, ხოლო მოკავშირეებს აფიქრებს, დაეხმარება თუ არა მათ აშშ საჭიროების შემთხვევაში.

ვერ ვხედავ აგრეთვე მიზეზს, თუ რატომ აღარ უნდა იყოს აშშ მსოფლიოს ყველაზე წამყვანი ეკონომიკა.

ამერიკული ჯარის მეორე ამოცანა, რომელიც ყოველდღე უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, არის დახმარება იმ ქვეყნებისა, რომლებიც თავიანთი თავის დაცვას ცდილობენ. ჩვენი სამხედრო ბიუჯეტის მხოლოდ მცირედი ნაწილი მიდის უცხოელებისთვის სამხედრო საქმის შესწავლაზე როგორც საზღვარგარეთ, ისევე ქვეყნის შიგნით. ამერიკული რესურსების გამოყენება სხვა სახელმწიფოების თავდაცვითი პოტენციალის შექმნისას და ამავე დროს სამხედრო აქტივობების სამოქალაქო კონტროლისა და წამების არდაშვების წახალისება არის ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიცია, რომელიც აშშ-ს შეუძლია გააკეთოს. შეიძლება, აღარ გვაქვს რესურსები ან სურვილი, რომ მთელ მსოფლიოს ვიცავდეთ, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველაზე კარგად ვქმნით ეფექტურ სამხედრო პოტენციალს, ამიტომაც უნდა დავიცვათ ჩვენი უპირატესობა ამ სფეროში და გამოვიყენოთ იგი სხვა დემოკრატიებთან დიალოგის დროს.

საუკუნეების განმავლობაში, აშშ უფრო და უფრო ზრდიდა თავის გავლენას, გამოდიოდა წესების და არა იმპერიის შემქმნელის როლში. როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაცია ამ კურსის გაგრძელებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებმა, ისევე როგორც სხვა ერებმა, დიდი სარგებელი ნახეს ბოლო 70 წელიწადის განმავლობაში აშშ-ის მოღვაწეობით საერთაშორისო სტანდარტების გამომუშავების სფეროში. მართალია, პრეზიდენტმა ტრამპმა სამართლიანად წამოწია კითხვები გაეროსთან, ნატოსთან და სავაჭრო შეთანხმებებთან დაკავშირებით და მართალია ისიც, რომ ამ ორგანიზაციების საქმიანობის გადახედვა და აქტივიზაცია კვლავაა საჭირო, მაგრამ ამავე დროს, მცდარია აზრი, რომ აშშ უნდა გამოვიდეს ამ ორგანიზაციებიდან ან უარი თქვას თავისთვის ჩვეულ როლზე. ბრძოლა გლობალურ საფრთხეებთან მოითხოვს თანამშრომლობასა და კოორდინაციას. კოორდინაციისთვის განკუთვნილი საერთაშორისო პლატფორმების როლის შემცირება აშშ-ს მხოლოდ დაასუსტებს.

ვაჭრობიზე გადასვლისას, უნდა აღინიშნოს, რომ პროგრესი ლოგისტიკაში და კავშირში მომავალ წლებში მათი განვითარების გარანტია. საქონელზე და მომსახურებაზე მოთხოვნის დიდი ნაწილი აშშ-დან აღარ წამოვა, მაგრამ შტატებს ხომ მოუნდებათ ამ ბაზარზე წვდომის ქონა. მაშინ, რაღატო არ უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა, მივიღოთ მონაწილეობა იმ წესების შექმნაში, რომლებიც ამ წვდომას ხელმისაწვდომს გახდის? ტრამპი ნამდვილად მართალი იყო, როცა თქვა, რომ ცუდი სავაჭრო ხელშეკრულება ჯობია ამ ხელშეკრულების არქონას. ვაშინგტონს არ შესწევს უნარი, ეფექტურად უზრუნველყოს არსებული შეთანხმებების წესების შესრულება და მხარი დაუჭიროს ამერიკელ მუშებს, რომლებიც არსებითად დაზარალდნენ გლობალიზაციის და ავტომატიზაციის გამო. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი აზრი სულაც არ ემხრობა საერთაშორისო ხელშეკრულებებს. ამ პრობლემის მოგვარების გზაა ახალი, უფრო ეფექტური წესების შექმნა და არა უარის თქმა ნებისმიერ შეთანხმებაზე და წესების შექმნაში მონაწილეობის მიღებაზე.

აშშ-მ აგრეთვე უნდა შეინარჩუნოს წამყვანი პოზიციები ჰუმანიტარულ სფეროში. ყოველთვის, როდესაც მსოფლიოში რამე კრიზისი ხდება, დაწყებული ცუნამით წყნარ ოკეანეში, დამთავრებული ებოლას ვირუსით აფრიკაში, ხალხი დასახმარებლად აშშ-ს მიმართავს. რა თქმა უნდა, ამგვარი პრაქტიკა შეიძლება მძიმე ტვირთად დაგვაწვეს, მაგრამ ამავე დროს, ეს სიამაყის მიზეზია: დახმარების თხოვნა დემონსტრირებს, რომ ადამიანებმა იციან, რომ აშშ-ს აქვს არა მარტო შესაძლებლობა, არამედ სურვილიც, ვინმეს დაეხმაროს.

ჩატარებული ჰუმანიტარული სამუშაო უფრო მეტია, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი განყოფილებების, პენტაგონის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ძალისხმევა. ამერიკელები აგრეთვე იღებენ მონაწილეობას არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებაში. ამერიკული კორპორაციების რაოდენობა, რომლებიც დაკავებულნი არიან ჰუმანიტარული დახმარებით, ყოველდღე მატულობს. მაგრამ ცენტრალური მთავრობის როლი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია. ამჟამად, ჩვენ წლიური ბიუჯეტის 1%-ზე ნაკლებს ვხარჯავთ საერთაშორისო დახმარებაზე, მაგრამ ეს ინვესტიციები განამტკიცებენ ქვეყნის უსაფრთხოებას, დადებით იმიჯს და ბევრად დიდ მოგებას მოგვიტანენ. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციის სურვილი, შეამციროს 2018 წლის ბიუჯეტში საერთაშორისო დახმარებისთვის განკუთვნილი თანხა, დიდი შეცდომაა.

21-ე საუკუნის სტრატეგიის გამომუშავების პროცესში აშშ-მ უნდა გამოასწოროს უკვე ხანგრძლივად არსებული ტენდენცია. ჯერ კიდევ ქვეყნის დაარსების მომენტიდან, ჩვენი პოლიტიკოსები აზროვნებენ „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ პარადიგმით. ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება ევროპაზე, იაპონიაზე, სსრკ-ზე, ახლო აღმოსავლეთზე, ჩინეთზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე, რუსეთზე, მაგრამ სრულიად დავივიწყეთ სამხრეთზე. კერძოდ, ჩვენ იშვიათად ვიხსენებთ ამერიკაზე, ხოლო როცა ვიხსენებთ – იქნება ეს მონროს დოქტრინა თუ ბრძოლა კომუნისტურ რეჟიმებთან ცივი ომის პერიოდში, ვცდილობთ მოვახდინოთ იზოლაცია იმ არასასურველი ელემენტებისა, რათა მათ ვერ შეძლონ გავლენის გაზრდა დასავლეთ ნახევარსფეროში და არა იქ მდებარე სახელმწიფოებში.

ეს უნდა შეიცვალოს. აშშ-მ უნდა შეიმუშავოს ეროვნული უსაფრთხოების „საერთო ამერიკული“ სტრატეგია, რომელიც კონცენტრირებული იქნება ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაზე. ის არ უნდა იყოს „მხოლოდ ამერიკული“, არ უნდა შეზღუდოს აშშ-ს ურთიერთობა დემოკრატიულ რეჟიმებთან პლანეტის სხვა ნაწილებში. მაგრამ აშშ-მ თავიდან უნდა გაიაზროს თავისი პრიორიტეტები. 35 ამერიკულ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი კულტურული მსგავსებები აქვს, ხოლო მათი მთლიანი მოსახლეობა 1 მილიარდ ადამიანს აჭარებს. კოლუმბიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წყალობით, პირველად ისტორიაში დასავლეთ ნახევარსფეროში არ არის არც ერთი აქტიური სამხედრო კონფლიქტი. ამავე რეგიონში მდებარეობს ორი აშშ-ის სამი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორიდან – კანადა და მექსიკა. გარდა ამისა, კავშირები სხვა ამერიკულ ქვეყნებთან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, ხოლო კუბასთან ურთიერთობების ნორმალიზების ძალისხმევის წყალობით, მოიშალა მრავალწლიანი ბარიერი, რომელიც ხელს უშლიდა აშშ-ს სხვა ლათინოამერიკულ ქვეყნებთან საერთო ენის გამონახვას.

მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, ამერიკელებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ რეგიონში არსებული პრობლემები – სიღარიბე, ძალადობა, ნარკოტრაფიკი და პოლიტიკური არასტაბილურობა იმოქმედებს აშშ-ზე. ისტორიულად ისე ჩამოყალიბდა, რომ აშშ სამხრეთს ყურადღებას მხოლოდ კრიზისის დროს აქცევს და პრობლემების მოგვარების შემდეგ კლავ უბრუნდება ევროპასა და აზიას. წამყვანი ამერიკელი დიპლომატები ცოტა დროს ატარებენ ამ რეგიონში, ხოლო ცენტრალური ხელისუფლება არასაკმარისად აფინანსებს აშშ-ის საჰაერო ძალების სამხრეთ ხელმძღვანელობას. სხვა ქვეყნებმა ყურადღების ნაკლებობა შეამჩნიეს და ამას აქტიურადაც იყენებენ: როგორც ერთი ლათინოამერიკული ქვეყნის პრეზიდენტმა მითხრა – „ჩვენ გვირჩევნია აშშ-სთან ვითანამშრომლოთ ჩვენი ენობრივი, კულტურული, ისტორიული და იმიგრაციული სიახლოვის გამო. მაგრამ, თქვენ ყურადღებას იშვიათად გვაქცევთ, ჩინელებისგან კი მოსვენება არ გვაქვს. ამიტომაც უფრო მათთან ვიჭერთ საქმეს“.

ამერიკულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის აქტივაცია ბევრ სარგებელს მოგვიტანს. აშშ შეძლებს შეეჯიბროს ჩინეთის და ინდოეთის გიგანტურ ეკონომიკებს. დაახლოება, მომხდარი კომერციის, განათლების, თავდაცვის და დაზვერვის სფეროებში წამოწყებული საერთო პროექტების ხარჯზე, დადებითად იმოქმედებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე. თანაც, ეს ყველაფერი არ შეიცავს არანაირ რისკებს, რაღა თქმა უნდა, სწორად მოქმედების შემთხვევაში. რუსეთთან და ჩინეთთან ცუდი ურთიერთობების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის ის, რომ მათ აწუხებთ აშშ-ის აქტივობა მათი გავლენის სფეროებში. აშშ-ის ინტერესის ზრდა ამერიკულ კონტინენტებზე არ გამოიწვევს ამგვარ შეშფოთებას. გამომდინარე რა შეზღუდული ბიუჯეტიდან, რომლის გამოც აშშ ვეღარ შეძლებს საერთაშორისო გავლენის აკუმულირებას, უნდა დავფიქრდეთ, განა არ იქნება უფრო მომგებიანი ძალისხმევის კონცეტრაცია უფრო ახლო სახელმწიფოებზე.

დიდებულება სიკეთეშია

მეოცე საუკუნეში აშშ-ის ლიდერობის მიზეზი უნდა ვეძებოთ 1860-იანი წლების მეორე ნახევარში, როდესაც მონობის გაუქმების და სამოქალაქო ომის ჭრილობების მორჩენის შემდეგ, ქვეყანას გაუჩნდა შესაძლებლობა, გარე სამყაროსთვისაც მიექცია ყურადღება. 1890 წლისთვის აშშ-ის ეკონომიკა მსოფლიოში უდიდესი გახდა. რუზველტის პრეზიდენტობისას ამერიკული ჯარი ბევრად გაძლიერდა, ხოლო ვილსონის პრეზიდენტობის დროს ჩვენ ჩავერიეთ უაზრო და დამანგრეველ ომში, რითიც განვაცხადეთ საკუთარ თავზე, როგორც ერზე, რომელიც დაინტერესებულია საერთაშორისო მშვიდობით და სტაბილურობით. სულ რაღაც ორი ათწლეულის შემდეგ აშშ-მ ითამაშა გადამწყვეტი როლი გერმანული და იაპონური ფაშიზმის დამარცხებაში. შემდეგ ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ომის შემდგომი მსოფლწესრიგის, ნორმების, წესების და ორგანიზაციების შექმნაში. მერე კი სათავეში ჩავუდექით საბჭოთა ბლოკის მოწინააღმდეგე სახელმწიფოების ალიანსს.

ეს სწრაფი ექსკურსი ისტორიაში გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, თუ რატომ, მიუხედავად ყველა შეცდომისა, ბევრ სახელმწიფოს უნდა, რომ აშშ-მ შეინარჩუნოს წამყვანი პოზიციები. ამის შესახებ ყოველთვის მეუბნებიან, როცა კი სხვა ქვეყნებს ვსტუმრობ და იქაურ ლიდერებს ვხვდები. მათ იციან, რომ აშშ-ის ინტერესები ჩვენთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება, მაგრამ ისიც ესმით, რომ ჩვენი რესურსების და პრინციპების უნიკალური კომბინაცია გვაქცევს საუკეთსო სპეციალისტებად ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაში. სურვილი, მიიღონ დახმარება აშშ-ისგან რჩება „ამერიკული ძლიერების“ უმთავრეს კომპონენტად.

2010 წლის 10 აგვისტოს ნაღმოსანი „ჯონ სიდნი მაკკეინი“ ჩავიდა და-ნანგში, აშშ-ვიეტნამის ურთიერთობების ნორმალიზების მე-15 წლისთავის აღსანიშნავად. მე დავიმახსოვრე ეს გრანდიოზული და ძალიან ემოციური მომენტი: ვიეტნამური სამხედრო ხელმძღვანელობა მიესალმა ამერიკულ სამხედრო გემს, რომელსაც სახელი ჩემი კოლეგის, ჯონ მაკკეინის მამის და ბაბუის პატივსაცემად დაარქვეს. თავად ჯონ მაკკეინ უმცროსმა ვიეტნამურ ტყვეობაში ხუთი წელი გაატარა. ვიეტნამის ომის დროს დაიღუპა 60 000 ამერიკელი და დაახლოებით 1,5-3 მილიონი ვიეტნამელი. მაგრამ ახლა ჰანოის სურს დაახლოება ყოფილ მტერთან, იმიტომ, რომ ესმის, რომ მხოლოდ ასე შეძლებს ვიეტნამი მოქალაქეების გამდიდრების და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ახლა, არჩევნებში ერთ-ერთი ყველაზე მწარე დამარცხების შემდეგ, დროა ამერიკელებმა გაიხსენონ ამ ისტორიაზე და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ის როლი მსოფლიოში. უმთავრესი კითხვა, რომელიც ახლა შეიძლება ქვეყნის წინაშე იდგეს, არის ის, თუ როგორ მოვექცეთ ჩვენს გავლენას. შეიძლება გავაგრძელოთ რეაქციის გზით სიარული და უარიც კი ვთქვათ მოვალეობებზე სხვადასხვა ორგანიზაციებში, რომელთა შექმნაშიც მონაწილეობა მივიღეთ. ან კიდევ, შეგვიძლია დავიწყოთ ახალი სტრატეგიის შემუშავება, როგორც მსოფლიოს წამყვანმა დემოკრატიამ. ამერიკელებმა უნდა აღიარონ თავიანთი ქვეყნის ღირსებები ისე, რომ არ ჩავარდნენ პარანოიაში ან თვითქებაში. ზუსტად ეს მოახერხეს ტრუმენმა და კონგრესმა 70 წლის წინ, პერიოდში, როდესაც თანამშრომლობა ორ პარტიას შორის წარმოუდგენელი ჩანდა. ამიტომ, არ გვაქვს გამართლება, რომ იგივე არ გავაკეთოთ.

სტატიის ორიგინალი – Forreign Affairs, A New Truman Doctrine

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button