ახლო აღმოსავლეთიდასავლეთი

9/11 და ალ-ქაიდა

2001 წლის 11 სექტემბერს ალ-ქაიდამ აშშ-ის მიწაზე ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ტერაქტები განახორციელა. დაჯგუფების 19-მა წევრმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. ორი მათგანი ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ნაგებობებს – „ტყუპებს“ შეეჯახა. 110 სართულიან შენობებში ბევრი ადამიანი გაიჭედა, რომლებმაც გარეთ გამოღწევა ვერ მოახერხეს. ნაგებობები რამდენიმე საათში ჩამოინგრა, ნიუ-იორკი კი მტვერმა და ნანგრევებმა მოიცვა. მესამე გატაცებული თვითმფრინავი, ვაშინგტონში პენტაგონს დაეცა, ხოლო მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიაში ჩამოვარდა.

მსოფლიო სავაჭრო ცენტრთან 2 763 ადამიანი, მათ შორის 343 მეხანძრე-მაშველი და 23 პოლიციის ოფიცერი დაიღუპა, პენტაგონთან კი 189, რომელთაგან 64 თვითმფრინავის მგზავრი იყო. პენსილვანიაში ჩამოვარდნილ თვითმფრინავს 44 მგზავრი ემსხვერპლა. საბოლოოდ, ტერაქტებს 3000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.  

9/11-ის თავდასხმების შემდეგ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია საფუძვლიანად შეიცვალა. ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება ცივი ომის არც ერთი მოვლენის შემდეგაც კი არ განხორციელებულა. ჩამოყალიბდა ახალი ორგანიზაციები: კონტრტერორიზმის ეროვნული ცენტრი (NCTC), ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი (DHS), აშშ-მა დაიწყო აქტიური ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ. მას შემდეგ, აშშ-ის მიწაზე არც ერთი ტერორისტული აქტი არ განხორციელებულა.

გლობალური კამპანია, რომელიც ალ-ქაიდას ლიდერის – ოსამა ბინ ლადენის წინააღმდეგ იყო მიმართული წარმატებით დასრულდა. ის იდეები, რომლებმაც თავის დროზე ბინ ლადენი და მისი მიმდევრები გაიტაცეს, დიდი პოპულარობით აღარ სარგებლობს, თუმცა ტერორიზმის საფრთხე დღემდე არსებობს.

ალ-ქაიდა

1990-იან წლებში ბინ ლადენმა და მისმა მოადგილემ – აიმან ზავაჰირმა, თალიბანისა და პაკისტანის მფარველობით,  ავღანეთსა და პაკისტანში შექმნეს ძირითადი ინფრასტრუქტურა ალ-ქაიდასთვის. დაჯგუფება არსებობდა, როგორც დე-ფაქტო სახელმწიფო თალიბანის ისლამური საამიროს შემადგენლობაში. 9/11-ის ტერაქტების შემდეგ, აშშ-ის ავღანეთში შეჭრას ალ-ქაიდა პაკისტანში გადასვლით გადაურჩა. იქ გადაინაცვლა ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ და ძირითადამა დასაყრდენმა ძალამ.  ალ-ქაიდა პაკისტანის ტერიტორიაზე განვითარებას 2009 წლამდე განაგრძობდა.

ოსამა ბინ ლადენი

სწორედ პაკისტანიდან განახორციელა დაჯგუფებამ მადრიდის ტერაქტი 2004 წელს, ასევე, თავდასხმების ტალღა საუდის არაბეთში 2003-2006 წლებში. ამავე პერიოდში, ერაყის სამოქალაქო ომის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ ბინ ლადენის ლეიტენანტი – აბუ მუსაბ ალ-ზარქაუი.

2009 წელს აშშ-ის პრეზიდენტ, ბარაკ ობამას მიერ წარდგენილი სტრატეგიის – AfPak (ავღანეთი-პაკისტანი)-ის უმთავრეს პრიორიტეტად ალ-ქაიდას ერთხელ და სამუდამოდ განადგურება იქცა. ამ დაუნდობელ კამპანიას ტერორიზმის წინააღმდეგ მოჰყვა დრონებით განხორციელებული არაერთი საჰაერო იერიში. 2011 წელს ამერიკელი კომანდოსების რეიდს აბოტაბადში ემსხვერპლა ალ-ქაიდას ლიდერი ოსამა ბინ ლადენი. მისი სიკვდილის შემდეგ კი თანდათანობით განადგურდა ამ მოძრაობის ძირითადი ბირთვიც.  

2014 წლის სექტემბერში ზავაჰირმა დაგეგმა მორიგი მასშტაბური საერთაშორისო ტერაქტი. მას სურდა გაეტაცებინა პაკისტანის საზღვაო ძალების ფრეგატი და ინდოეთის ოკეანეში ჩაეძირა აშშ-ის სამხედრო ხომალდი, რაც წაახალისებდა ომს აშშ-სა და პაკისტანს შორის, თუმცა ეს ჩანაფიქრი ბოლო მომენტში ჩაიშალა. განხორციელების შემთხვევაში, ამ ტერაქტს, შესაძლოა, 9/11-ის თავდასხმების შემდეგ მსოფლიო წესრიგი კიდევ უფრო მეტად შეეცვალა.

ბინ ლადენის მარჯვენა ხელი – ზავაჰირი დღესაც ცოცხალია და განაგრძობს განცხადებების გავრცელებას მისი სამალავიდან, რომელიც პაკისტანში მდებარეობს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ალ-ქაიდას ძირითადი ბირთვი მთლიანად განადგურებულია. ბინ ლადენის შვილი და მოძრაობის პოტენციური ლიდერი – ჰამზა, 2019 წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ხელშეწყობით საიდუმლო ვითარებაში დაიღპა. ალ-ქაიდას მემკვიდრე ორგანიზაცია – ისლამური სახელმწიფო, რომელიც თავის დროზე ერაყსა და სირიაში აღმოცენდა, ასევე დამარცხებულად ითვლება, რადგან მათ დაკარგეს კონტროლი ტერიტორიათა უმრავლესობაზე. მიუხედავად ამისა, დღესდღეობით ყველაზე საშიშ ტერორისტულ საფრთხედ მაინც ისლამური სახელმწიფო რჩება. ის განაგრძობს არსებობას ავღანეთში, ლიბიაში და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში.

აიმან ზავაჰირმა

ბინ ლადენისა და ზავაჰირის იდეოლოგიას დიდი გავლენა არ ჰქონია არაბულ გაზაფხულზე, არც 2019 წელს სუდანსა და ალჟირში მომხდარ რევოლუციებზე. ისლამური სახელმწიფო მას აკრიტიკებდა და ძალიან ფრთხილ იდეოლოგიას უწოდებდა, თუმცა საბოლოოდ, ალ-ქაიდას სტრატეგია უფრო მომგებიანი აღმოჩნდა, ვიდრე ისლამური სახელმწიფოს ბრძოლის მეთოდები, მათ შორის, ხალიფატის არ გამოცხადება.

აშშ-ის წარმატებულმა ბრძოლამ ალ-ქაიდას წინააღდმეგ შესაძლებელი გახადა სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმათვა თალიბანთან, რის შედეგადაც, გაჩნდა იმედი, რომ აშშ-ის ჯარების გაყვანის შემდეგ, ავღანეთი მშვიდობიანად განაგრძობს განვითარებას და აღარ გახდება ტერორისტების მთავარი დასაყრდენი. მიუხედავად ამისა, კვლავ მნიშვნელოვანია სიფხიზლე და რეგიონში მდებარე ქვეყნებთან მჭიდრო კონტრტერორისტული თანამშრომლობა.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button