ახლო აღმოსავლეთიგეოპოლიტიკა

გაამართლებს თუ არა იემენის კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიური გზა?

გასულ კვირას პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ აპირებს შეწყვიტოს საუდის არაბეთის „შეტევითი ოპერაციების“ მხარდაჭერა ომისგან განადგურებულ იემენში. ამავდროულად ბაიდენის ადმინისტრაციამ დროებით შეაჩერა შეიარაღების მიყიდვის გადაწყვეტილება საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე.

ამ ნაბიჯებმა გამოაჩინეს იემენის კონფლიქტისადმი ვაშინგტონის მიდგომის მკაფიო ცვლილება და კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება მრავალწლიანი ომის დასრულების დიპლომატიურ გზაზე.

2015 წლის დასაწყისში საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დაიწყეს სამხედრო ოპერაცია იემენში, პრეზიდენტ – აბდ რაბუჰ მანსურ ალ-ჰადის მხადასაჭერად, რომელიც ირანის მხარდაჭერილმა ამბოხებულებმა, ჰუსიტებმა დაამხეს. აშშ-მა კი იმავე წლის მარტში დაიწყო საუდელების ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიციის „ლოგისტიკური და სადაზვერვო“ მხარდაჭერა.

ვითარება იემენში

ეს მხარდაჭერა მოიცავდა აშშ-სა და საუდის არაბეთის ერთობლივი დამგეგმავი სექციის შექმნას სამხედრო და სადაზვერვო დახმარების კოორდინაციის მიზნით, ასევე, საუდელების მიერ შეძენილი ამერიკული ავიაციის ტექნიკურ დახმარებას და საუდის საბრძოლო თვითმფრინავების საწვავით შევსებას ჰაერში.

ომის დაწყების შემდეგ საუდის არაბეთი იქცა აშშ-ის შეიარაღების უდიდეს იმპორტიორად: 2015-2019 წლებში შეიარაღების ძირითადი იმპორტი 130%-ით გაიზარდა წინა ხუთწლიან პერიოდთან შედარებით. ამავე პერიოდში საუდის არაბეთში იარაღის იმპორტის 73% აშშ-დან შედიოდა.

საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ფარული დაპირისპირება იემენში

2021 წლის 5 თებერვალს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აშშ კოალიციისთვის სადაზვერვო დახმარების აღმოჩენას შეწყვეტს, რაც, ძირითადად, საჰაერო თავდასხმებს უკავშირდებოდა. ამავდროულად კი, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის  თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია გაივლის „უწყებათაშორის პროცესს“, რათა განისაზღვროს, თუ რას მოიცავს კოალიციისთვის „შეტევითი ოპერაციების“ შემდგომი მხარდაჭერა, ასევე, შეფასდეს მათთვის შეიარაღების მიყიდვის პროგრამები.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, კვლავ ბევრი კრიტიკული კითხვა რჩება, მათ შორის, ისეთებიც, რომლებიც იემენში ჰუმანიტარული კრიზისის განმუხტვას უკავშირდება. გასარკვევია ისიც, ნიშნავს თუ არა რეალურად აშშ-ის ეს განცხადებები სადაზვერვო ან რაიმე სხვა სახის მხარდაჭერის შეჩერებას რიადის ბლოკადაზე იემენში. ბლოკადის შედეგად, რომელიც 2015 წელსვე დაწესდა, დაიხურა იემენის საჰაერო და საზღვაო პორტები, მაგრამ ქვეყანაში წარმოქმნილი ჰუმანიტარული კრიზისის გამო შექმნილი ზეწოლის შედეგად, დროდადრო, ბლოკადის შემსუბუქება დაიწყო.

კოალიციის ძალები აეროპორტში

აშშ-ის ხანგრძლივი მხარდაჭერა

ბაიდენის მიერ საუდის არაბეთისა და კოალიციისთვის მხარდაჭერის შეწყვეტის გამოცხადება სრულიად სცდება იმ ღერძს, რომელიც ჯერ კიდევ ბარაკ ობამამ ჩამოაყალიბა, დონალდ ტრამპის დროს კი კიდევ უფრო გაფართოვდა (იგულისხმება აშშ-ის მიერ კოალიციისადმი სრული მხარდაჭერა ჰუსიტების წინააღმდეგ ბრძოლაში).

ჰუსიტები

ექსპერტების აზრით, აშშ-ის მხარდაჭერა ობამამ ირანთან ბირთვული შეთანხმებისთვის სავაჭროდ გამოიყენა.

2015 წელს ობამას ადმინისტრაცია, ძირითადად, დუმდა იემენში საუდის არაბეთის აგრესიული ქმედებების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებისა და გაეროს წარმომადგენლობისდმი დამუქრების შესახებ. მისი ვადის მიწურულს, საუდის არაბეთის მიერ საჰაერო იერიშის გამო, რომელმაც სანაში დაკრძალვაზე 140-მდე ადამიანი იმსხვერპლა, ობამას ადმინისტრაციამ მცირე ხნით შეაჩერა შეიარაღების შესყიდვის ზოგიერთი გარიგება რიადთან, თუმცა ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, აშშ-ის მხარდაჭერა იემენში საუდელების კამპანიისადმი კვლავ გაიზარდა, რადგან დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის ტრამპის მემკვიდრის მუჰამედ ბინ სალმანის უახლოესი მოკავშირე აღმოჩნდა. მან პირველი სამი წლის განმავლობაში დაამტკიცა $27 მილიარდიანი გარიგება, რომელიც ორი ძირითადი პუნქტს: რიადისთვის მართვადი ბომბებსა მიყიდვასა და აშშ-ის მიწოდებული F-15 საბრძოლო თვითმფრინავების მოდერნიზებას მოიცავდა.

2018 წელს, ომის დასრულების მიზნით, საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, აშშ-ის იმდროინდელმა თავდაცვის მინისტრმა, ჯეიმს მატისმა განაცხადა, რომ აშშ აღარ განახორციელებდა საუდის საბრძოლო თვითმფრინავების საწვავის შევსების მისიებს, რადგან საუდელების თქმით, მათ საკუთარი შესაძლებლობები და აღარ სჭირდებოდათ ვაშინგტონის დახმარება. მიუხედავად ამისა, ტრამპი აქტიურად აგრძელებდა რიადის მხარდაჭერას. 2019 წელს მან ვეტო დაადო კონგრესისა და სენატის რეზოლუციებს, რომელთა თანახმადაც იემენში აშშ-ის მიერ კოალიციისადმი სამხედრო დახმარება უნდა შეწყვეტილიყო. 2020 წლის ივნისში კი ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს შეატყობინა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა იემენში „განაგრძეს სამხედრო რჩევებისა და შეზღუდული ინფორმაციის მიწოდება, ასევე, ლოგისტიკური და სხვა სახის დახმარების აღმოჩენა რეგიონალური ძალებისთვის ჰუსიტების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდასაჭერად.“

იემენის კონფლიქტის შედეგად დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ჰუმანიტარულმა კატასტროფამ კი 13.5 მილიონი იემენელი შიმშილის ზღვარზე მიიყვანა. კოალიცია და ჰუსიტები არაერთ სამხედრო დანაშაულის ჩადენაში არიან ბრალდებულები.

ჯერჯერობით გაურკვეველია თუ რა ბედი ელის იემენის კრიზისს თუ აშშ კოალიციისადმი დახმარებას რეალურად შეაჩერებს, თუმცა ფაქტია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარებისკენ იხრება, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ ჰუსიტების ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღებასაც აპირებს. მიუხედავად ამისა, ჰუსიტების იერიშები, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეებიც ეწირებიან კვლავ გრძელდება. ის თუ რამდენად დათმობს აშშ იემენში საკუთარ პოზიციებს სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაირკვევა, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ობამას მსგავსად იემენის საკითხით აპირებს ირანთან ვაჭრობას, რათა დააბრუნოს ბირთვულ შეთანხმებაში.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button