გეოპოლიტიკა

ოკუპაციის კვალდაკვალ

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოფიციალურმა თბილისმა დაკარგა კონტროლი ცხინვალის რეგიონზე. რუსებმა 103 ქართული სოფელი (3800კმ2) მიიტაცეს, თუმცა, რასაკვირველია,  ეს არ იკმარეს და მალევე დაიწყეს მორიგი პროვოკაციები მოსახლეობისა და ხელისუფლების დასაშინებლად: ე.წ საზღვრის „უკანონოდ დარღვევისთვის“ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში დღემდე აპატიმრებენ საქართველოს მოქალაქეებს, დღემდე გრძელდება მცოცავი ოკუპაცია, რომლის პირველი შემთხვევაც 2011 წელს ხურვალეთსა და ქვემო ნიქოზში დაფიქსირდა. ე.წ ბორდერიზაციის შედეგად, ომის შემდეგ ოკუპანტების მხარეს კიდევ 32 ქართული სოფელი მოექცა.

სამწუხაროდ, დღეს რუსების თავხედურ ქმედებებს არაფერს უპირისპირებს ქართული სახელმწიფო, რის გამოც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მოსახლეობა სრულიად დაუცველია. რუსი აგრესორები თავის ნებაზე გადაადგილდებიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, იტაცებენ მოსახლეობას, წევენ საოკუპაციო ხაზს. მიმდინარე წელს ლაგოდეხიდან ორი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელიც კი გაიტაცეს რუსმა „მესაზღვრეებმა“, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, არც ერთი პროვოკაციული ქმედებისთვის არ უგიათ პასუხი არც ქართველების წინაშე და არც საერთაშორისო ასპარეზზე. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ზედმეტ თავშეკავებულობას და სუსტ საგარეო პოლიტიკას უნდა მივაწეროთ.

ომის შემდეგ რუსების მიტაცებული მიწები სოფლების მიხედვით (ქრონოლოგიურად)

რაში სჭირდება რუსეთს პროვოკაციული ქმედებები?

დღევანდელ დღეს რუსეთის ეკონომიკა მთლიანად დამოკიდებულია ნავთობზე, ნავთობის ფასები კი რეკორდულად დაბალია, რაც კატასტროფულად დიდ ზიანს აყენებს რუსეთის სახელმწიფოს. ამიტომ, რუსეთს ერთიღა დარჩენია – სხვადასხვა წერტილში ჰქონდეს კონფლიქტური ზონები, რათა მსოფლიო მუდმივად ახალი შეიარაღებული დაპირისპირების შიშში ამყოფოს. ეს რუსეთის სახელმწიფოს მოკლევადიანი შენარჩუნების გეგმაა, თუმცა რუს ერს იმპერიალისტური მისწრაფებები ისტორიულადაც ყოველთვის ახასიათებდა: რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი ტერიტორიის 80% ჯერ კიდევ არ აუთვისებია, სამაგიეროდ, მასიურად აწარმოებს დაპყრობით ბრძოლებს: მთელი ჩრდილოეთ კავკასია დაპყრობილი, საქართველოს 20% ოკუპირებული და უკრაინის 7% ანექსირებული აქვს, რომ არაფერი ვთქვათ მოლდოვასა და სხვა ქვეყნებზე… დამპყრობელი ქვეყანა ყოველთვის გამოირჩევა დიდი აგრესიით. ასეთ დროს კი, საქართველოს მსგავსად, განსაკუთრებით იჩაგრებიან მცირე ერები. საქართველო 2008 წელს შეეწინააღმდეგა უზარმაზარ რუსეთის არმიას, რაც რუსებმა თავხედობად და თავგასულობად აღიქვეს. ფაქტია, საქართველო აღარ იყო რუსული გავლენების ქვეშ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ცხინვალში ჯერ კიდევ 2004 წლიდან წამოეწყოთ პროვოკაციული მოქმედებები, რის შედეგადაც საქართველოს უნდა შეშინებოდა, შეეცვალა დასავლეთისკენ მკვეთრად მიმართული გეზი და კვლავ ჩრდილოეთისკენ გაეხედა, თუმცა საქართველო აგრძელებდა განვითარებასა და დასავლეთისკენ სწრაფვას, რაც ვეღარ აიტანა რუსეთმა და 2008 წელს ცხინვალის რეგიონზე მიიტანა იერიში. იხოცებოდა ქართული მოსახლეობა, ვერ ხერხდებოდა დაჭრილების გამოყვანა, ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობის დასაცავად გადაწყვიტა ცხინვალის რუსებისგან გათავისუფლება. ბრძოლის პირველ დღეებში დიდ წარმატებებს მიაღწია ქართულმა არმიამ, შეაჩერა რუსების მასობრივი შეტევები და გადავიდა კონტრშეტევაზე. დიდი დანაკარგი ჰქონდათ რუსებს, ამიტომ გამწარებულ პუტინს სრული სამხედრო მობილიზების გამოცხადება დასჭირდა და დაიწყო საქართველოზე სრულმასშტაბიანი შეტევა, რასაც, ბუნებრივია, პატარა ქვეყანა ვერ გაუძლებდა. სამაგიეროდ, ომის პერიოდში წარმატებებს მივაღწიეთ საერთაშორისო ასპარეზზე, თბილისისკენ დაძრული რუსული კოლონა რუსთაველის გამზირზე მდგარმა 7 ევროპული ქვეყნის პრეზიდენტმა და შავ ზღვაში შემოსულმა ამერიკულმა სამხედრო ფლოტმა შეაჩერა.

რუსი სამხედრო საოკუპაციო ხაზთან

მორიგი დაუმორჩილებლობის აღსაკვეთად, გავლენების გასაძლიერებლად, ხალხში შიშის დასანერგად რუსებმა 2008 წლის ომის შემდეგ რეგულარულად დაიწყეს ხალხის გატაცება და 2011 წლიდან უკვე საზღვრების გადმოწევა. ბრძოლისგან შეშინებული ხელისუფლება კი წინააღმდეგობას ვერ უწევს რუსების თავგასულობას. სახელმწიფოს უმოქმედობა და დუმილი კიდევ უფრო ზრდის მოსახლეობაში შიშს რუსეთის მიმართ და ერის ბრძოლისუნარიანობაც მინიმუმამდე დაჰყავს, რადგან საზოგადოება დაუცველად, უსუსურად გრძნობს თავს და აღარ სჯერა გამარჯვების.  ეს ყველაფერი კი აყალიბებს ნიჰილისტურ დამოკიდებულებას, რაც ნებისმიერი ქვეყნისთვის დამღუპველია.

რუსების მიზანიც ესაა, დემორალიზებული ხალხის დამორჩილება და მართვა ყველაზე მარტივია.

ქართველი გლეხი, რომლის სახლიც საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა

რას აკეთებს დღეს საქართველო რუსეთის შესაჩერებლად?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უამრავი ბერკეტი აქვს „მცოცავი ოკუპაციისა“ და გატაცებების აღსაკვეთად, შიშის ფაქტორი დღესაც თავშეკავების ყველაზე დიდი მიზეზია. დღეს ფაქტიურად უმოქმედოა ქართული ხელისუფლება, მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რასაც რეალური შედეგი არასდროს მოჰყოლია. საოკუპაციო ხაზთან, ასევე, მუშაობს ევროკავშირის სადამკვირებლო მისიაც, რომელიც შორიდან აკვირდება მავთულხლართების გადმოწევის და გატაცების ფაქტებს, თუმცა მას იმხელა წონა არ გააჩნია, რომ დასავლეთს რეალურად გადაადგმევინოს ნაბიჯი მკაცრი ზომების მისაღებად.

რუსები სოფელ ატოცთან, 2018 წლის ნოემბერი

რაც შეეხება სამოქალაქო სექტორს, დავით ქაცარავამ ჩამოაყალიბა ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშია“. გუნდში გაწევრიანება ნებისმიერ მოხალისეს შეუძლია. მათი მიზანია, დაიცვან ქართული მიწა და აღკვეთონ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედება რუსების მხრიდან, რის გამოც 24 საათი მორიგეობით პატრულირებენ საოკუპაციო ხაზთან. პატრულირება რომ უაზრო დროის კარგვა არ არის, ძალიან კარგად გამოჩნდა სოფელ ატოცში, სადაც რუსებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიწყეს კილომეტრიანი ღობის დამონტაჟება, თუმცა „ძალა ერთობაშიას“ აქტიურობის შედეგად, ჯერჯერობით მხოლოდ ბოძებია ჩასმული და, შეიძლება ითქვას, ქართველები დაძაბულობის გარეშე აკონტროლებენ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიას.

მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ ძალიან ცოტა ადამიანია ჩართული ანტიოკუპაციურ მოძრაობაში და, აქედან გამომდინარე, „ძალა ერთობაშია“ მთლიანად ვერ აკონტროლებს საოკუპაციო ხაზს. ასევე, მათ სახელმწიფოსგან შეზღუდული აქვთ გარკვეული უფლებამოსილებები, რაც ხელს უშლის მათი მიზნების ეფექტურად განხორციელებას.

ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშია”

რა შეუძლია საქართველოს რუსეთის შესაჩერებლად?

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების გაძლიერებაზე. სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს გარკვეული მეთოდი, რომელიც აღკვეთს ხალხის გატაცებებსა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევას. არსებობს სხვადასხვა ხერხი, მაგალითად: ტერიტორიის დანაღმვა, საგუშაგო პუნქტების საოკუპაციო ხაზთან სისტემურად განლაგება, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების განვითარება და ა.შ.
დღეს საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური აშკარად არაეფექტურად მუშაობს, რაც რუსებს შესაძლებლობას აძლევს, ნებისმიერი ქმედება განახორციელონ ჩვენს ტერიტორიაზე. ქართული სპეცსამსახურების შიში საერთოდ არ იგრძნობა არც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში და არც აფხაზეთში. ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას მკვლელები კვლავ უსაფრთხოდ დადიან ქუჩაში. სწორედ ამიტომ, საჭიროა ქართული სპეცსამსახურების ამოქმედება, მტრის ზურგში სპეცოპერაციების ჩატარება, იქნება ეს ქართველი გმირების მკვლელების ლიკვიდაცია, დაშინება თუ საიდუმლო ინფორმაციების მოძიება.

ქართველი პოლიციელი საოკუპაციო ხაზთან

რა შეუძლია სახელმწიფოს:

  • პირველ რიგში, უნდა გააქტიურდეს დაზვერვა, გაძლიერდეს წვდომა ოკუპირებულ რეგიონებთან და იქ მომხდარ თითოეულ დეტალს უნდა იცნობდნენ საქართველოს მთავრობაში, საჭიროების შემთხვევაში რომ შეძლონ საკუთარი მოქალაქეების დაცვა და მტკიცებულებების წარდგენა.
  • საგუშაგო პუნქტების სისტემური განლაგება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ინფორმაციის მიღების და გაცემის უსწრაფესი საშუალებაა, ასევე, რუსები ვეღარ გაბედავენ მარტივად საზღვრის გადმოწევას, რადგან მოუწევთ ქართული საგუშაგოების გადაკვეთა.
  • ადგილზე ნებისმიერი ქმედების აღკვეთაში ჩართული უნდა იყოს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც არ მისცემს რუს ჯარისკაცებს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცონ ქართველები. უნდა შეეძლოთ მათი დახსნა. ეს დააშინებს რუს სამხედროებს და მაქსიმალურად შემცირდება გატაცებათა რიცხვი, რუსები თავს დაანებებენ ქართველებზე მასიურად ნადირობას.
  • ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ლობი მაღალი რეპუტაციით სარგებლობდეს საერთაშორისო აპსარეზზე, რათა მსგავსი შემთხვევები დაუყოვნებლივ ეცნობოს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც რეალურ ზომებს მიიღებენ მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად და ქართულ მხარესთან ერთად შეიმუშავებენ სანქციებს, რომლებიც ამუშავდება დამნაშავე მხარის წინააღმდეგ.
  • შეფარვით ღონისძიებებში იგულისხმება სპეცსამსახურების ჩართვა. ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის შემთხვევაში, მითუმეტეს, როდესაც მკვლელების სახელები და გვარები ცნობილია, უნდა მოხდეს კონკრეტულად იმ ხალხის ლიკვიდაცია, რომლებიც თვითონ მონაწილეობდნენ მკვლელობაში. სპეცსამსახურები იმისთვის არსებობენ ქვეყანაში, რომ მსგავსი დავალებები უხმაუროდ შეასრულონ. ამას ის შედეგი მოაქვს, რომ პირდაპირ ვერ დააბრალებენ ქართულ მხარეს დივერსიის მოწყობას და, ამავდროულად, აღგვიდგება დაკარგული რეპუტაცია, დაშინებული მტრები ასე მარტივად ვეღარ შეძლებენ საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და დახოცვას.
  • ქვეყანაში, რომ მსგავსი დავალებები უხმაუროდ შეასრულონ. ამას ის შედეგი მოაქვს, რომ პირდაპირ ვერ დააბრალებენ ქართულ მხარეს დივერსიის მოწყობას და, ამავდროულად, აღგვიდგება დაკარგული რეპუტაცია, დაშინებული მტრები ასე მარტივად ვეღარ შეძლებენ საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და დახოცვას.
  • საქართველოს მთავრობას შეუძლია პროვოკაციული ქმედებებისთვის სანქციები დაუწესოს საქართველოში მოქმედ რუსულ კომპანიებს. მაგალითად მაუწყებლობიდან გათიშონ რუსული არხები, გაუზარდონ გადასახადები სხვადასხვა რუსულ კომპანიებს (მაგ: Yandex Taxi, Maxime Taxi და ა.შ).
  • ძალიან მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების განვითარებაც. სოფლები უნდა იქცეს საერთაშორისო ინვესტორების ინტერესის სფეროდ, ხაზთან მდებარე სოფლები უნდა გადაიქცნენ განვითარებულ საგანმანათლებლო, სამედიცინო ცენტრებად. ათვისებულ და განვითარებულ ტერიტორიაზე კი ვეღარაფერს შეძლებენ ოკუპანტები.

რა შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას:

ქართული საზოგადოება ნაკლებადაა მიჩვეული ლიდერის გარეშე საკუთარი აზრის გამოსახატად ქუჩაში გამოსვლას, რის გამოც, სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც მტრების მიერ მოსყიდული ე.წ ლიდერები გამოდიან ფუჭი იდეებით და გამოჰყავთ ხალხი ისეთი იდეების დასაცავად, რომელიც არაპრიორიტეტულია და ამ ეტაპზე ძირს უთხრის საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ამისგან დასაცავად უნდა მივიღოთ შემდეგი ზომები:

  • განათლება არის უმთავრესი რამ, რაც ეხმარება ადამიანს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებასა და მტერ-მოყვარის გარჩევაში. საჭიროა ახალგაზრდებმა მიიღონ სიღრმისეული განათლება ადრეული ასაკიდანვე, რათა არ გახდნენ მსხვერპლნი ანტიქართული პროპაგანდისა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფოს ჩამოშლას.
  • უნდა გაიზარდოს ზეწოლა მთავრობაზე მშვიდობიანი აქციების გზით, რათა გამოიჩინოს მაქსიმალური ძალისხმევა ამ პრობლემის გადასაჭრელად. საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა გარკვეულ პიროვნებებს! ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავძლიოთ რუსეთის შიში, თუ არ გვინდა მონობაში და განუვითარებელ სახელმწიფოში ცხოვრება.
  • საჭიროა საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა ანტიოკუპაციურ მოძრაობაში. მოხალისეები უნდა შეუერთდნენ „ძალა ერთობაშიას“, ფიზიკურად და მატერიალურად. სამოქალაქო სექტორის ჩართულობა ხელისუფლებასთან ერთად ხალხს მოტივაციას აუმაღლებს.
  • უნდა გაიზარდოს აქციების რაოდენობა და მასშტაბი ოკუპაციის წინააღმდეგ, არამარტო სხვადასხვა ქალაქში, არამედ საოკუპაციო ზოლთანაც. თითოეული მოქალაქე უნდა თვლიდეს თავს მოვალედ, იაროს ასეთ აქციებზე, რადგან ის ამით, პირველ რიგში, სამშობლოს ღირსებას დაიცავს და შემდეგ მთელს მსოფლიოს გააგებინებს ჩვენს ქვეყანაში არსებული უმთავრესი პრობლემის შესახებ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button