გეოპოლიტიკა

რა მოხდება კიმ ჩენ ინის სიკვდილის შემთხვევაში?

არაერთმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი – კიმ ჩენ ინი გულზე გადატანილი ოპერაციის შედეგად უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, ან სულაც გარდაიცვალა. არსებობს უამრავი გარემოებითი მტკიცებულება, რომ კიმის თავს აშკარად რაღაც ხდება. ამავდროულად, სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ოფიციალური პირები ტყუილს უწოდებენ ამ ინფორმაციებს. სრულიად შესაძლებელია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი უბრალოდ კორონავირუსისგან თავის დასაცავად სოციალური დისტანცირების უმკაცრეს ზომებს მიმართავს, რითიც აიხსნება მისი გაქრობა, თუმცა მედიაში სპეკულაციები კიმ ჩენ ინის შესახებ არ წყდება, რადგან იგი საჯარო სივრცეში 11 აპრილის შემდეგ არ გამოჩენილა.

არავინ იცის რა მოხდება თუ კიმ ჩენ ინი მოკვდება – სწორედ ეს წარმოადგენს მთავარ პრობლემას. ჩრდილოეთ კორეას 72 წლიანი არსებობის განმავლობაში მეორედ მოუწევს დაუგეგმავად ძალაუფლების მემკვიდრის შეცვლა. თუ კიმ ჩენ ილი მამამისის, კიმ ილ სუნის ჩასანაცვლებლად ორი დეკადის განმავლობაში ემზადებოდა, ახალგაზრდა კიმ ჩენ ინს მხოლოდ რამდენიმე წელი ჰქონდა მემკვიდრეობის გადასაბარებლად და საბოლოოდ 2011 წელს გადაიბარა. თუ კიმი მოკვდება, ბუნდოვანია, თუ ვინ იქნება ჩრდილოეთ კორეის „სამეფო კარის თამაშების“ გამარჯვებული.

კიმების ოჯახითან სერიოზულ კანდიდატებს მხოლოდ კიმ ჩენ ინის და, კიმ იო-ჩენი და მისი ნახევარბიძა, კიმ პენ-ილი არიან, რადგან ჩრდილოეთ კორეის დღევანდელმა ლიდერმა უკვე მოასწრო მისი ნახევარძმისა და ბიძის სიკვდილით დასჯა, ხოლო მისი უფროსი ძმა, ჯერ კიდევ მამამისის მმართველობის პერიოდში მოიშორეს იმ არგუმენტით, რომ სუსტი იყო.

კიმ ჩენ ინი დასთან ერთად

დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ, ძალაუფლებას ხელში სწორედ კიმ იო-ჩენი ჩაიგდებს, რადგან კიმების ოჯახს ჯერ კიდევ საკმაოდ მყარი პოზიცია უჭირავს ჩრდილოეთ კორეაში, კიმ პენ-ილი კი მისი მრჩეველი გახდება. აღსანიშნავია რომ, იო-ჩენი კიმის ყველაზე სანდო მრჩეველია, ამასთან, იგი გახლავთ ერთადერთი ქალი, რომელსაც პოლიტბიუროში მამაკაცები ენდობიან.

თუმცა, ოპონენტების აზრით, გამარჯვებული კიმების ოჯახიდან არ იქნება. ამ ცნობილი სისხლიანი საგვარეულოს წევრები უკვე დიდი ხანია აღარ წარმოადგენენ ჩრდილო კორეული ელიტის პატივსაცემ ფიგურებს, რომლებიც მართვის სადავეების საკუთარ ხელში ჩაგდებისთვის აუცილებლად იხელთებენ დროს. უფრო მეტიც, ჩრდილოთ კორეა უაღრესად პატრიარქალურ სახელმწიფოს წარმოადგენს, რაც იო-ჩინის შანსებს ძალიან ამცირებს, რაც შეეხება პენ-ილს, იგი 41 წლის განმავლობაში დიპლომატიურ პოსტებს ხელმძღვანელობდა, თუმცა ფხენიანის გავლენიან მოხელეებს შორის მაინც ვერ მოახერხა თავის დამკვიდრება.

თუ კიმის ოჯახი დროულად ვერ ჩაიგდებს მართვის სადავეებს ხელში, ბრძოლაში ჩაერთვებიან სხვებიც, მათ შორის, ჩო რინ-ჰვი, რომელიც უზენაესი სახალხო ასამბლეის ხელმძღვანელი და არაფორმალურად ქვეყნის რიგით მეორე პირია. მიუხედავად იმისა, რომ იგი კიმების ოჯახთან საკმაოდ დაახლოებული პირია, ჩოს მოუწევს ძალაუფლებისთვის ბრძოლა, რადგან, მომდევნო ლიდერი, თუნდაც კიმ ჩენ ინის და, ქვეყნის მეორე პირს აუცილებლად დასჯის სიკვდილით (კიმ ჩენ ინიც ასე მოიქცა, როდესაც ძალაუფლების სათავეში მოექცა).

ჩო რინ-ჰვი

ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ შესაძლოა, ყველაფერი კატასტროფული შედეგებით განვითარდეს. თუ კიმის მემკვიდრე არ გამოჩნდა და მოხდა პოლიტიკოსების მკვეთრი დაყოფა, დაიწყება შიდა დაპირისპირება, როგორც პოლიტიკოსებს, ასევე, შეიარაღებულ ძალებში მყოფ გენერლებს შორის. ასეთ შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეა გახდება არასტაბილური ქვეყანა და, შესაძლოა, დაკარგოს ბირთვულ იარაღზე კონტროლიც.

აშშ-ს, სამხრეთ კორეასა და ჩინეთს, მსგავს სიტუაციაში ჩარევის გეგმა უკვე შემუშავებული ექნებათ. სავარაუდოდ, პირველი სწორედ ჩინეთი იქნება, ვინც შეეცდება მისთვის სასურველ ძალას გამარჯვებაში მაქსიმალურად შეუწყოს ხელი. ჩინეთი ბევრად კმაყოფილი დარჩება, თუ ფხენიანს არ ეყოლება დომინანტი ლიდერი, რადგან აქამდე, კიმ ლი-სუნმა პროჩინური პარტია გააქრო, კიმ ჩენ ინმა კი ბიძამისი სიკვდილით დასაჯა, რომელიც პეკინთან მოლაპარაკებების პირველი ინიციატორი იყო.

მოკვდება თუ გადარჩება კიმ ჩენ ინი, ორივე შემთხვევაში, აუცილებელია აშშ-მა და ჩინეთმა მოილაპარაკონ და შეთანხმდნენ ჩრდილოეთ კორეის მომავალზე, რათა თავიდან აირიდონ ყველაზე ცუდი სცენარის განვითარება. ჩინეთს აუცილებლად ენდომება მხარი დაუჭიროს ძალას, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში ისეთ რეფორმებს გაატარებს, როგორიცაა ეკონომიკის ლიბერალიზაცია ჩინურ სტილში. თუ ჩინეთმა სწრაფად იმოქმედა და ჩრდილოეთ კორეის ტერიტორია ერთგვარ ბუფერულ ზონად აქცია, რომელსაც მათი ზეგავლენის ქვეშ მყოფი ჩრდილოეთ კორეელი ელიტები მართავენ, სამხრეთ კორეას კვლავ გაუჩნდება კორეის გაერთიანების სურვილი. სირთულეების მიუხედავად, შესაძლოა სამხრეთ კორეიდან აშშ-ის შეიარაღებული ჯარების გაყვანის ფასად ჩინეთი დათანხმდეს კორეის გაერთიანებას. სავარაუდოდ, აშშ-ც მხარს დაუჭერს კორეის გარკვეული პირობებით გაერთიანების იდეას, თუმცა თუ ეს არ მოხდა, ამერიკელი პოლიტიკოსები ფხილზად უნდა იყვნენ, რათა ჩრდილოეთ კორეის სახით არ მიიღონ სახელმწიფო მზარდი ბირთვული იარაღითა და გაათმაგებული ჩინური გავლენებით, რაც მნიშვნელოვნად შეასუსტებს რეგიონში აშშ-ის პოზიციებს.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button