ახლო აღმოსავლეთიგეოპოლიტიკადასავლეთი

ირანი – დასავლეთის სანქციების შედეგები და ჩინეთ-ირანის ურთიერთობები

დასავლეთის მხრიდან ირანის მიმართ სანქციების დაწესება ისლამური რევოლუციის შემდგომ დაიწყო და დღემდე გრძელდება, სანქციები თანდათან უფრო მწვავე სახეს იძენს. ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა ირანულმა ეკონომიკამ ტრამპის პრეზიდენტობის დროს მიიღო. ტრამპის ადმინისტრაცია აკრიტიკებდა „ბირთვულ შეთანხმებას.“ ტრამპი აცხადებდა, რომ შეთანხმება ვერ აგვარებდა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ბირთვული შეთანხმება წლების განმავლობაში იმართებოდა. მოლაპარკებები დაიწყო 2003 წელს, როდესაც დასავლეთმა ირანი დაადანაშაულა ბირთვული პროგრამების განვითარებაში. საბოლოოდ 2015 წელს შეთანხმებამ მიიღო სრულყოფილი სახე. ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც შედგა მსოფლოს წამყვან ქვეყნებსა და ირანს შორის. ირანი სანქციების მოხსნის სანაცვლოდ დათანხმდა შეთანხმებას და დაევალა გამდიდრებული ურანის ქვეყნიდან გატანა, მარაგში დაიტოვებდა მხოლოდ იმდენს, რამდენიც დადგენილების მიხედვით იყო ნებადართული. სანაცვლოდ, აშშ და ევროკავშირი ირანს სანქციებისგან ნაწილობრივ ათავისუფლებდა, რითიც ირანი შეძლებდა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაყიდვას. ტრამპი ამ შეთანხმებაში კონკრეტულ შედეგებს ვერ ხედავდა და განაცხადა, რომ დატოვებდა ბირთვულ შეთანხმებას. 2018 წელის მაისში ტრამპის ადმინისტრაციამ ოფიციალურად დატოვა საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს, 2015 წელს ამოქმედდა. აშშ-ის გარდა ბირთვული შეთანხმება არც ერთ ქვეყანას არ დაუტოვებია. საბოლოოდ, შეთანხმება კრახით დასრულდა, რადგან ირანმა კვლავ გააგრძელა ურანის გამდიდრება. ბირთვული შეთანხმების მონაწილე ქვეყნები ვაშინგტონის ჩართულობის გარეშე კვლავ ცდილობდნენ დაეცვათ შეთანხმების პირობები, მაგრამ უშედეგოდ. 120 დღის განმავლობაში აშშ-ის მთავრობამ აამოქმედა ყველა ეკონომიკური სანქცია, რომელიც მანამდე გაუქმებული ჰქონდა. ტრამპის ადმინისტრაციამ დაიწყო სანქციების დაწესება ირანის სავაჭრო და საბანკო სექტორებზე. სანქციების დროს ირანს აეკრძალა გარკვეული ლითონებით, ბუნებრივი წიაღისეულითა და სხვადასხვა ნედლეულით ვაჭრობა. და, რაც ყველაზე საგრძნობია ირანული ეკონომიკისთვის, სანქციები გამკაცრდა ნავთობზე.

დონალდ ტრამპის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც აშშ-მა ირანის ბირვული შეთანხმება დატოვა

აშშ-ის სანქციებმა შეძლო ირანის „დედოლარიზაცია.“ ირანს ჩაეხერგა გზები დოლარის მოსაპოვებლად და გამოსაყენებლად. ირანის მთავრობამ დააწესა შეზღუდვა, რომელიც დოლარის გამოყენებას საიმპორტო საქმიანობისას ზღუდავდა. შეზღუდვების გამო ირანი შეეცადა დასავლეთის მიღმა ალტერნატიული ბაზრის მოძიებას და თავისი სანავთობო ექსპორტი მიმართა აღმოსავლეთისკენ. სანქციების შემდგომ გამყარდა ირანის და ჩინეთის პარტნიორობა. სანქციებმა ეკონომიკურად დააშორა ირანი დასავლეთის ქვეყნებს და მოექცა აღმოსავლური ქვეყნების გარემოცვაში,  კიდევ უფრო დაუახლოვდა რუსეთს.  ბუნებრივია, ასეთი მწვავე სანქციები მხოლოდ ხელისუფლების საერთაშორისო ასპარეზზე გავლენების მკვეთრ შესუსტებას არ ნიშნავდა, სანქციების სერიამ მძიმე დარტყმა მიაყენა მოსახლეობასაც. დღესაც უფასურდება ირანული ფულის ერთეული „რიალი,“ მკვეთრად იწევს ფასები ყოველდღიურ, საყოფაცხოვრებო საჭიროებებზე. საბანკო სანქციებმა მკვეთრად შეამცირა უცხოური ინვესტიციები. ტრამპის დაწესებული სანქციებიდან ერთ წელიწადში რიალმა დოლართან მიმართებაში დაკარგა ღირებულების 70%. ინფლაცია შეადგენდა 35%-ს. დღეს რიალის ინფლაცია კვლავ გრძელდება. ირანული რიალი გაუფასურდა უცხოური ვალუტის შეზღუდული მარგისა და გაურკვეველი ეკონომიკური ფონის გამო. 2021 წელს ინფლაციამ 48%-საც გადააჭარბა. გასულ წელს რიალი 15%-ით გამყარდა, თუმცა ეს დროებითი აღმოჩნდა, ტენდენცია გაუფასურებისკენ კვლავ მზარდია. ირანზე განახლებულმა სანქციებმა აიძულა საერთაშორისო ბანკები და ფორუმები აიძულა, რომ მონაწილეობა არ მიეღოთ ირანთან ფინანსური გარიგებების წარმოებაში. სანქციების გამო საბანკო საქმიანობის „გაყინვამ“ დიდი დარტყმა მიაყენა ირანულ ეკონომიკას. ბანკის პოლიტიკის მთავარი მიზანია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ფასების სტაბილურობა კი გულისხმობს ინფლაციის ზომიერი და პროგნოზირებადი ტემპის არსებობას, რაც განვითარებისთვის და ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელი ფაქტორია. ამ ყველაფრის არარსებობამ შედეგი გამიღო.

ირანი დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად ახერხებს სამხედრო სფეროს განვითარებას. ქვეყანას გააჩნია ბალისტიკური რაკეტების პროგრამა. ნავთობზე დაწესებული სანქციების მიუხედავად, გაჩნდა გამონაკლისები, რომლის მიხედვითაც, დროებით რვა ქვეყანა ირანთან შეძლებდა ღიად თანამშრომლობას და სანქციების მიღმა ირანული ნავთობით თავისუფლად ვაჭრობას. ეს ქვეყნებია: საბერძნეთი, იტალია, ტაივანი, ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა. ირანული ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორები ამჟამად ჩინეთი და ინდოეთი.

აშშ 2015 წლამდე ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გასამართლებად თეირანს ბირთვული პროგრამის ამოქმედებაში სდებდა ბრალს, რაც გაეროსა და ევროკავშირის თანხმობით იმართებოდა, თუმცა ტრამპის სანქციებს, საერთაშორისო მხარდაჭერა აკლდა. ექსპერტებს მიაჩნდათ, რომ აშშ-ს გარკვეული სიძნელეები უნდა შექმნოდა სანქციების სრულად გატარებაში, მაგრამ დღეს შედეგი სხვაგვარია. აშშ-ის ცალმხრივი სანქციები საკმარისად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ირანის ეკონომიკას დიდი ზეწოლა ეგრძნო. დასავლური ქვეყნების ბევრი კომპანია აშშ-ის შიშით თავს ანებებს ირანთან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს. ამ სანქციების შედეგებთან დაკავშირებით, ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანმა განაცხადა: „აშშ-ის სანქციები ირანისთვის ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე ეკონომიკური გამოწვევაა.“

მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან თავის დასაღწევად ირანმა პრაქტიკულად დაივიწყა დასავლეთი და აქცენტი აღმოსავლეთის ქვეყნებზე გადაიტანა. 2021 წლის 27 მარტს ირანმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მომდევნო 25 წლის განმავლობაში ამ ორ ქვეყანას შორის გაღრმავდება სავაჭრო და პოლიტიკური ურთიერთობები. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა და ჩინეთის საგარეო მინისტრმა ვანგ იმ. „ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებმა ახლა სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია და ჩინეთი ცდილობს ირანთან ურთიერთობების საფუძვლიან გაუმჯობესებას,“ განაცხადა ჩინეთის საგარეო მინისტრმა ვანგ იმ.

მხარეებისთვის მისაღებია ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების წამოწყება. ასევე, გარიგების ერთ-ერთი მიზანია აშშ-ის გავლენების შესუსტება რეგიონში და დასავლური ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ამ ორ ქვეყნის შორის პარტნიორობის გაღრმავება ჩინეთსა და შტატებს შორის ურთიერთობების გაუარესებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია. შეთანხმება წარმოადგენს სერიოზულ დარტყმას ტრამპის ადმინისტრაციის დროიდან დაწყებულ ირანის მიმართ წარმოებულ აგრესიულ პოლიტიკაზე. სანქციებისგან დატვირთული და დიპლომატიურ ვაკუუმში მყოფი ირანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ჩინეთთან პარტნიორობა. რეალურად, ამ შეთანხმების შესახებ დღეს დასკვნებს ვერ გამოვიტანთ, რადგან ხელშეკრულების სრული ტექსტი ჯერ არ გასაჯაროვებულა და, სავარაუდოდ, არც გამოქვეყნდება, ცნობილია მხოლოდ გარკვეული პუნქტები და განმარტებები, ამიტომ შეგვძლია მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეთანხმების შედეგებზე. ირანისთვის სარგებელს იძლევა ჩინეთთან სტაბილური პარტნიორობა, რაც გულისხმობს სტაბილურ ბაზარს ნავთობის გასაყიდად. ჩინეთი ირანისთვის წარმოადგენს გარკვეულ საშუალებას, რომლის დახმარებითაც ირანი დიპლომატიური იზოლაციიდან, სადაც დაწესებული სანქციების შემდეგ აღმოჩნდა, თავის დაღწევას შეძლებს. თავის მხრივ ჩინეთისთვის სასარგებლო იქნება ირანთან ურთიერთობა, ქვეყანაში შეიქმნება ნავთობის შემომტანი ახალი გზა, ჩინეთი ნავთობს დაახლოებით 75%-ს იღებს უცხოეთიდან და არის მსოფლიოში ყველაზე დიდი იმპორტიორი. ასევე, ჩინური საქონლისთვის, პროდუქციისთვის ახალი და უცხო ბაზარი შეიქმნება ირანის სახით.

ირანსა და ჩინეთს შორის დადებულ ხელშეკრულებაში თავისუფალი ვაჭრობის მიღმა გამოსარჩევია „თავდაცვისა“ და „სტრატეგიულობის“ პუნქტები. ეს პუნქტები გულისხმობს ამ ორ ქვეყანას შორის ერთობლივ მილიტარისტულ წვრთნებს, დაზვერვითი სამუშაოების შედეგების გაზიარებას, საერთაშორისო დანაშაულებზე თანამშრომლობას. გარკვეულწილად საეჭვოა შეთანხმების ამ პუნქტების არსებობის ლეგიტიმურობა, რადგან ჩინეთს მსგავსი სტრატეგიული შეთანხმებები აქვს ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანასთან, საუდის არაბეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ირანის რეგიონალურ „კონკურენტებთან.“

ირანსა და ჩინეთს შორის შეთანხმების დადება არ ნიშნავს ირანის გარდაქმნას ჩინეთის პირველ პარტნიორად. მსგავსი შეთანხმებები აქვს ჩინეთს დადებული რუსეთთან, ინდოეთთან, პაკისტანთან, ყატართან. ეს შეთანხმება ირანისთვის, გარკვეულწილად, გულისხმობს სხვა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების დასტაბილურებასა და შესაბამისობაში მოყვანას, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის სტაბილური და ერთ ბირთვზე მორგებული ეკონომიკის შექმნას.

ჩინეთს, რეალურად, არ აქვს შესაძლებლობა, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ირანზე დაწესებულ სანქციებს, მაგრამ თეირანი ამ შეთანხმებით შეძლებს ახალ პოლიტიკურ ასპარეზზე გასვლას, სადაც მხოლოდ ჩინეთი არ იგულისხმება. ამ ურთიერთობებით ირანს ეძლევა შანსი, რომ შექმნას სტაბილური ეკონომიკა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი რჩება ირანის ნავთობის მთავარ იმპორტიორად, ჩინურმა კომპანიებს ჯერჯერობით არ გაუზრდიათ ინვესტიციები ირანის სანავთობო საქმიანობაში. გარიგება ძირეულად არ შეუქმნის საფრთხეს ახლო აღმოსავლეთის ძალებისა და მონოპოლიების ბალანს. ჩინეთი თავისი ნაბიჯებით ცდილობს აირჩიოს შედარებით არასტაბილური გეოსტრატეგიული სივრცე, რომელიც საბოლოოდ კონფლიქტს იწვევს. მიუხედავად მასობრივი პროპაგანდისა, ჩინეთი, ისევე, როგორც ირანი, უფრო მეტად დაინტერესებულია საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებით, ვიდრე რეგიონალური ბალანსის შექმნით.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button