ახლო აღმოსავლეთი

ირანი: სტრატეგიული მოთმინება თუ შურისძიება?

ირანის „ბირთვული პროგრამის მამად“ წოდებულ მეცნიერ – მოჰსენ ფახრიზადეს გარდაცვალებამდე მასზე ძალიან ცოტა რამ იყო ცნობილი. მის მკვლელობაში ირანის ოფიციალურმა პირებმა მაშინვე დაადანაშაულეს ისრაელი, რადგან სწორედ ისრაელის მტკიცებით, წარმოადგენდა ფახრიზადე ძალიან მნიშვნელოვან ფიგურას ირანის ბირთვული პროგრამის განვითარების მიმართულებით. მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნებული სურათების მიხედვით ირკვევა, რომ მეცნიერს ირანის სხვა გავლენიან პირებთან ერთად, ახლო კავშირი ჰქონდა ირანის სასულიერო, სამხედრო და სახელმწიფო ლიდერ – აიათოლა ხამენეისთანაც. სიკვდილის შემდეგ ირანის თავდაცვის მინისტრმა, ამირ ჰატამმა ფახრიზადე მოიხსენია, როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე და თავდაცვითი ინოვაციებისა და კვლევების ორგანიზაციის (SPND) ხელმძღვანელი. მისივე თქმით, მოჰსენი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ირანის თავდაცვითი ინოვაციების განვითარებაში, განსაკუთრებით კი ბირთვული უსაფრთხოების სფეროში.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 2018 წლის აპრილში ირანის ბირთვულ პროგრამაზე გამართულ პრეზენტაციაზე ფახრიზადეს სახელზე განსაკუთრებულად გაამახვილა ყურადღება და გაასაჯაროვა მისი პირველი ფოტოსურათიც. ამ პრეზენტაციას წინ უძღვოდა იმავე წელს მოსადის ჩატარებული სპეცოპერაცია ირანში, რომლის შედეგადაც ისრაელის დაზვერვამ არქივიდან მოიპოვა გასაიდუმლოებული დოკუმენტები ირანის ფარული ატომური პროგრამის შესახებ. მეცნიერის სახელი ფიგურირებს 2015 წელს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გამოქვეყნებულ დოკუმენტშიც სადაც, მას ბრალი ედება 2000-იან წლებში „ირანის ბირთვული პროგრამის მხარდასაჭერ მოქმედებებში“, რომელშიც ფახრიზადე 1980-იან წლებში ჩაერთო. მოხსენებაში ნათქვამია, რომ სწორედ მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა პროექტი სახელწოდებით – “AMAD”, სანამ იგი 2003 წლის ბოლოს არ გაუქმდებოდა.

ნეთანიაჰუს პრეზენტაცია 2018 წელს, სადაც იგი მოჰსენ ფახრიზადეზე საუბრობს.

2007 წლის მარტში მოჰსენ ფახრიზადე აღმოჩნდა გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების ქვეშ, როგორც „პირი, რომელიც მონაწილეობდა ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების განვითარებაში“. უშიშროების საბჭოს 1747-ე რეზოლუციის თანახმად, მისი სტატუსი თავდაცვის სამინისტროს „უფროსი მეცნიერი“ და „ფიზიკის კვლევითი ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი“ გახლდათ.

ეს სანქციები მას 2015 წელს მოეხსნა, მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა „ბირთვული შეთანხმება“ ირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ექვს ქვეყანას (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი და გერმანია) შორის, თუმცა 2018 წლიდან დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების საფუძველზე, აშშ-მა შეთანხმება დატოვა და ირანელი მეცნიერის წინააღმდეგ კვლავ ამოქმედდა, ამჯერად, აშშ-ის ცალმხრივი სანქციები.

სპეცოპერაცია ირანის შუაგულში: მკვლელობის ორი ვერსია

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ მოკლა გავლენიანი მეცნიერი, თუმცა ძირითადი ეჭვები ისრაელისკენაა მიმართული. გამოიკვეთა თეირანის მახლობლად ჩატარებული სპეცოპერაციის ორი ძირითადი ვერსია:

პირველი ვერსიის თანახმად, რომელიც უფრო სარწმუნო ჩანს, ფახრიზადეს მკვლელობაში მონაწილე ყველა პირს ჰქონდა გავლილი როგორც სპეციალური საწვრთნელი კურსები, ასევე, სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურები საზღვარგარეთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფახრიზადეს ლიკვიდაციის ოპერაციაში 62 კაციანი ჯგუფი მონაწილეობდა, მათ შორის, 12 მათგანი საველე ოპერაციებს ასრულებდა, ჯგუფის დანარჩენი 50 წევრი კი საველე გუნდს ლოჯისტიკურ დახმარებას უწევდა.

ირანის პირველადი საგამოძიებო მონაცემებიდან ირკვევა, რომ მკვლელების გუნდი საველე ოპერაციის დროს, რომელიც მიზნად ფახრიზადეს ლიკვიდაციას ისახვდა, Hyundai Santa Fe-ს, Nissan-სა და 4 მოტოციკლს იყენებდა. გუნდს დაწვრილებით ჰქონდა შესწავლილი ფახრიზადეს და მისი ესკორტის გადაადგილების მიმართულება. დოკუმენტირებული ინფორმაციის საფუძველზე იცოდნენ, რომ მეცნიერი 27 ნოემბრის კონკრეტულ საათზე კურორტ აბსარდში გაემგზავრებოდა, სადაც მისი კერძო ვილა მდებარეობდა.

გუნდის წევრებმა თავდასხმის მიმდებარე ტერიტორიაზე ფახრიზადეს კოლონის გამოჩენამდე ნახევარი საათით ადრე ელექტროენერგია გათიშეს. მკვლელების გუნდი შედგებოდა ჰიუნდაიში მსხდომი 4 მგზავრისგან, 4 მოტოციკლისგან, 2 სნაიპერისა და ე.წ ბობის ხაფანგიანი დანაღმული ნისანის მანქანისგან.

თავის მხრივ, ფახრიზადეს კოლონა 3 ტყვიაგაუმტარი მანქანისგან შედგებოდა. ოპერაციის დაწყებისას გუნდმა პირველი მანქანა კურორტის შესასვლელისკენ გაატარა და ცეცხლი გაუხსნა მეორეს, რომელსაც თვითონ ფახრიზადე მართავდა, ამ დროს კი ნისანი მესამე მანქანას შეეჯახა და აფეთქდა. აფეთქების შემდეგ, მკვლელებმა პირველი და მეორე მანქანებისკენ სროლა განაგრძეს. არსებული ინფორმაცით, მკვლელების გუნდის ლიდერმა ფახრიზადე მანქანიდან გადმოათრია და რამდენჯერმე განახორციელა საკონტროლო გასროლა, რათა მის სიკვდილში საბოლოოდ დარწმუნებულიყო.

როდესაც გადაუდებელი დახმარების სამსახურებმა ფახრიზადეს დაჭრილი დაცვის წევრები თავდასხმის ადგილთან ახლოს მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, ელექტროენერგია გათიშული დახვდათ, რის გამოც, მათი გადაფრენა თეირანში მოუწიათ.

ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, ოპერაციის შესრულებისას მკვლელების გუნდის არც ერთი წევრი არ დაშავებულა და თორმეტივე მათგანმა მოახერხა მიმალვა.

თავდასხმის ადგილი და სავარაუდო პოზიციები

მკვლელობის ეს ვერსია, რომელიც სიმართლესთან ახლოს დგას, გაავრცელა ლონდონში მცხოვრებმა ირანელმა ჟურნალისტმა, რომელმაც ინფორმაციას თავი ირანის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული განცხადებებისა და ირანის ხელისუფლებასთან დაახლოვებული წყაროების მიერ მოპოვებული ცნობების საფუძველზე მოუყარა.

მალევე, ერთ-ერთმა წამყვანმა ირანულმა საინფორმაციო საიტმა გამოაქვეყნა მკვლელობის ალტერნატიული ვერსია, სადაც ნათქვამია, რომ თავდასხმა განხორციელდა შორიდან, ნისანზე დამონტაჟებული დისტანციური მართვის ტყვიამფრქვევის გამოყენებით და ცოცხალ ძალას საერთოდ არ მიუღია ოპერაციაში მონაწილეობა.

„ნახევრად-ოფიციალური“ სპარსული საიტის ვერსიით, თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც ფახრიზადე მის ცოლთან ერთად აბსარდის კურორტისკენ მიემგზავრებოდა, რომელიც თეირანის აღმოსავლეთით მდებარეობს და სულ 3 წუთის მანძილზე გაგრძელდა.

ოპერაცია მაშინ დაიწყო, როდესაც ფახრიზადეს წინ მიმავალი უსაფრთხოების მანქანა წინ გაიჭრა, დანიშნულების ადგილის შესამოწმებლად. ამ დროს მის დაჯავშნულ მანქანას რამდენიმე ტყვია მოხვდა, თუმცა მეცნიერს ეგონა, რომ მანქანას ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, რის გამოც გააჩერა და გადმოვიდა. მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, დაახლოებით, 150 მეტრის მოშორებით მდგარი ნისანიდან დისტანციურად მართვადმა ტყვიამფრქვევმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ფახრიზადეს სამი ტყვია მოხვდა, დაუზიანდა ზურგის ტვინი და მოგვიანებით დაიღუპა. ირანული მედიის ცნობით თავდასხმას ემსხვერპლა მეცნიერის ცოლიც, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა მისი პირადი დაცვა, რომელიც მისი ძმის თქმით წარმატებული ოპერაციის შემდეგ გადარჩა.

ინტერნეტში გავრცელებულ სურათებზე ასახულია ფახრიზადეს სედანი, რომლის საქარე მინაზე და უკანა ფანჯარაზე ნატყვიარებია, ასევე, ჩანს სისხლი ასფალტზე და მანქანის მიმოფანტული ნარჩენები.

მკვლელობის მეორე ვერსიას არ ეთანხმება ბევრი ანალიტიკოსი, რადგან სურათებიდან გამომდინარე აშკარად იკვეთება რამდენიმე თავდამსხმელის კვალი. პირველ ვერსიას ამყარებს ის ფაქტიც, რომ ლონდონში მცხოვრებმა ირანელმა ჟურნალისტმა გამოაქვეყნა ოთხი სავარაუდო თავდამსხმელის სურათი. მისი თქმით, ირანის დაზვერვის წარმომადგენლები სწორედ ამ სურათებს ავრცელებენ სასტუმროებში და მათ შესახებ მფლობელებისგან დამატებით ინფორმაციებს ითხოვენ.

ირანის ოფიციალური პირები ფახრიზადეს მკვლელობაში აქტიურად სდებენ ბრალს ისრაელს და მწარე შურისძიებით იმუქრებიან. მთავარი სახელმწიფო მედიის თქმით, მათ ორშაბათს წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თავდასხმის დროს გამოყენებული იარაღის ნარჩენებზე დატანილია ისრაელის სამხედრო ინდუსტრიის ლოგო და აქვს ებრაული სპეციფიკები. ამავდროულად კი ირანის დაზვერვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოპოვებული „ახალი ცნობების“ საფუძველზე ინფორმაცია დამნაშავეების ვინაობის შესახებ მალე გასაჯაროვდება.

ისრაელი ოფიციალურად არ აღიარებს ფახრიზადეს მკვლელობაში მონაწილეობას, თუმცა ბოლომდე არც უარყოფს. „მკვლელობა ირანში, ვისაც არ უნდა ჩაედინა ის, ემსახურება არა მხოლოდ ისრაელის, არამედ მთელი რეგიონის ინტერესებს.“ – შეაქო სპეცოპერაცია ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ფაქტია, რომ ისრაელი უკვე წლებია წარმატებულად მოქმედებს ირანის საზღვრებს შიგნით. მოსადის მიერ დახვეწილად ჩატარებული არაერთი ურთულესი და სპეცოპერაცია ცხადყოფს, რომ ირანის სპეცსამსახურებს ძალიან დიდი ხარვეზები აქვთ შიდა უსაფრთხოების საკითხებში. ფახრიზადეს მკვლელობაც ამის ერთ-ერთი მაგალითია.

როგორ იძიებს შურს ირანი?

ირანი დიდი ხანია იმუქრება შურისძიებით, თუმცა ჯერჯერობით უცნობია შესწევს თუ არა მას ძალა საპასუხო დარტყმა მიაყენოს აშშ-სა და ისრაელს. მხოლოდ 2020 წელს ორი გავლენიანი ირანელის მკვლელობისა და ნეთენზის აფეთქების გარდა, აშშ-სა და ისრაელის სპეცსამსახურებმა თეირანში სიცოცხლეს გამოასალმეს ალ-ქაიდას რიგით მეორე ლიდერი, აბუ მუჰამად ალ-მასრი.

აღნიშნული ქმედებების გამო ირანს მოწინააღმდეგისთვის მნიშვნელოვანი საპასუხო დარტყმა ჯერჯერობით არ მიუყენებია, იანვარში გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ დაცარიელებული აშშ-ის ბაზის დაბომბვისა და შეცდომით უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გარდა.”

ირანი ნამდვილად რთულ მდგომარეობაშია და უწევს ორი წინააღმდეგობრივი მიზნის დაბალანსების შედეგად მიიღოს მძიმე გადაწყვეტილება: ერთი მხრივ, მსგავსი ქმედებების უპასუხოდ დატოვება სუვერენული სახელმწიფოს მხრიდან ფაქტიურად წარმოუდგენელია, მეორე მხრივ კი შურისძიებას შესაძლოა მოჰყვეს სიტუაციის უფრო მეტად გამწვავება და ირანის წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი სამხედრო მოქმედებების წამოწყება აშშ-სა და ისრაელის მხრიდან, რაც კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება მთლიანად რეგიონისთვის.

ირანის სარაკეტო არსენალი

მიუხედავად ირანის ოფიციალური პირების მკაცრი განცხადებებისა, ირანი ამ დრომდე ინარჩუნებდა სტრატეგიულ მოთმინებას, თუმცა ფახრიზადეს მკვლელობის შემდეგ საპასუხო ქმედებების განხორციელების მთელი მსოფლიო მოელის. ირანს აქვს მოკლევადიანი შურისძიების რამდენიმე ვარიანტი, მაგალითად, ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით პირდაპირი თავდასხმა ისრაელზე (ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ საპორტო ქალაქი ჰაიფა მიიჩნევა), ან მარიონეტული დაჯგუფებების (ჰეზბოლა, ჰუსიტები, ჰამასი და ა.შ) ხელით განხორციელებული იერიში მოწინააღმდეგის სტრატეგიულ ობიექტებზე, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან დიდ რისკებს შეიცავს, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ირანი. უცნობია ისიც, რამდენად მომგებიანი იქნება ირანისთვის მოწინააღმდეგეზე თავდასხმის შესახებ ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ისეთ ძლიერ მოწინააღმდეგეებს, როგორებიც აშშ და ისრაელი (მათ შორის, აშშ-ის მოკავშირე საუდის არაბეთი, რომელიც მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს რეგიონში) არიან.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გამორიცხული არაფერია, თუმცა, სავარაუდოდ, აშშ-ის ბაზებით გარშემორტყმული ირანი მოწინააღმდეგეს ამ ეტაპზე სერიოზულ დარტყმას არ მიაყენებს და აქცენტს გრძელვადიან გეგმაზე გააკეთებს, რაც ბირთვული პროგრამის განვითარების დაჩქარებასა და უშიშროების სამსახურის გაძლიერებას გულისხმობს. თუმცა საკითხავია, თუ რამდენად სწრაფად მოახერხებენ ირანელი მეცნიერები ატომური იარაღის შექმნას მათი ხელმძღვანელისა და უფროსი მეცნიერის – მოჰსან ფახრიზადეს გარდაცვალების შემდეგ.

მოჰსან ფახრიზადეს დაკრძალვის ცერემონია

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button