ახლო აღმოსავლეთიისტორია

ახლო აღმოსავლეთის ქალაქები №1 – ბაღდადი

თუ დღეს ბაღდადი ომთან, სისასტიკესთან, ძალადობასთან და ნგრევასთან ასოცირდება, მისი დაარსება 1 250 წლის წინ მსოფლიო საქალაქო არქიტექტურის ისტორიაში უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი გახლდათ. მეტიც, ქალაქი დაარსებისთანავე იქცა კულტურულ ვარსკვლავად, რომლისკენაც მთელი მსოფლიო მიისწრაფვოდა.

ბაღდადი ძველი ქალაქია, მაგრამ არა ანტიკური. შუამდინარეთის ისეთ მნიშვნელოვან ქალაქებთან შედარებით, როგორებიც ნინუა (ძვ.წ VII ათასწლეული), ური (ძვ.წ IV ათასწლეული) და ბაბილონი (ძვ.წ III ათასწლეული) არიან, ბაღდადი ძალიან ახალგაზრდაა. იგი ხალიფა ალ-მანსურმა დააარსა 762 წელს, უწოდა „მადინათ ას-სალამი“ (მშვიდობის ქალაქი) და აბასიანთა სახალიფოს დედაქალაქად აქცია.

საბედნიეროდ, დღემდე შემორჩენილი ჩანაწერების წყალობით, შეგვიძლია აღვადგინოთ ქალაქის დეტალური გეგმა და მშენებლობის ისტორია. ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ როდესაც ხალიფა ალ-მანსური მდინარე ტიგროსზე ქალაქის ადგილმდებარეობის შესარჩევად გემით მოგზაურობდა, მას, საუკეთესო ადგილი, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ნესტორიანელმა ბერებმა ურჩიეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მუსლიმებს მტრობდნენ.

ბაღდადი – მრგვალი ქალაქი

IX საუკუნის არაბი ისტორიკოსისა და გეოგრაფის, იაქუბის მიხედვით, ქალაქის მდებარეობა ტიგროსისა და ევფრატის მდინარეების სიახლოვეს, იდეალურ სავაჭრო პირობებს ქმნიდა, რამაც ბაღდადი „სამყაროს გზაჯვარედინად“ აქცია. მის თანადროულ ბაღდადზე კი იაქუბი წერდა, რომ მშვიდობის ქალაქი უკვე მსოფლიოს ცენტრად ქცეულიყო. იგი ისლამის დიდებულ დედაქალაქს, გამოჩენილი მეცნიერების, მათემატიკოსების, ასტროლოგების, მუსიკოსების, პოეტებისა და ფილოსოფოსების სამშობლოს წარმოადგენდა.

როდესაც ხალიფა შერჩეულ ადგილს დათანხმდა, შეუდგა ქალაქის დაგეგმარებას, რაშიც თავიდან ბოლომდე თავად იყო ჩართული. იგი მკაცრად აკონტროლებდა მუშახელს, რათა მითითებები ზედმიწევნით შეესრულებინათ. მან იდეალური წრის მონიშვნის ხერხი ევკლიდესგან გადმოიღო, რომლის მეთოდებსაც ხალიფა დიდი აღფრთოვანებით სწავლობდა. როდესაც საფუძვლის ჩაყრა დასრულდა, მან მუშებს უბრძანა, რომ ქალაქის კონტურების გასწვრივ, წრეზე, ნავთით გაჟღენთილი ბამბის ბურთები დაელაგებინათ და აენთოთ. ჩამწვარი ნახშირის გაყოლებაზე კი კარგად გამაგრებული ორმაგი კედელი აეშენებინათ.  

ქალაქის გეგმა (1883 წლის ჩანახატი)

762 წლის 30 ივლისს, მას შემდეგ, რაც სახალიფოს ასტროლოგებმა ეს თარიღი მშენებლობის დასაწყებად საუკეთესო დროდ მიიჩნიეს, ალ-მანსურმა ალაჰის მიმართ ლოცვები აღავლინა, საზეიმოდ დადო პირველი აგური და შეკრებილ მუშებს ქალაქის მშენებლობის დაწყება უბრძანა. 

ბაღდადის ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული ასპექტი სწორედ ამ ქალაქის პროექტის მასშტაბურობაა: ტიგროსის ნაპირზე აღმართული 6,5 კილომეტრიანი გარშემოწერილობის უზარმაზარი აგურის კედლები, ალ-მანსურის მრგვალი ქალაქის სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა. XI საუკუნის მეცნიერის, ალ-ბაღდადის თანახმად, რომელიც ქალაქის მშენებლობის შესახებ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციებს გვაწვდის, კედლის პირველი მესამედი 162 000 აგურისგან, მეორე მესამედი 150 000, ხოლო ბოლო მონაკვეთი 140 000 აგურისგან შედგებოდა, რომლებიც ლერწმის შეკვრებით იყო ერთმანეთთან დაკავშირებული. 25 მეტრიანი ქონგურებიანი გარეთა კედელი ბასტიონებით იყო გამაგრებული. გარედან კი ღრმა ჭაობები ერტყა. 

თავად მუშახელის რაოდენობაც განმაცვიფრებელი იყო: ათასობით ხუროთმოძღვარი და ინჟინერი, იურიდიული ექსპერტი, გეოდეზისტი, დურგალი, მჭედელი და აბასიანთა იმპერიის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოყვანილი უამრავი მუშა. თავდაპირველად, შეისწავლეს და გაზომეს ადგილი, გათხარეს და მოამზადეს ქალაქის საფუძველი. შემდეგ კი მზეზე და ღუმელში გამომწვარი აგურით, რომელიც შუამდინარეთში ხშირი დატბორვების გამო ძირითად სამშენებლო მასალას წარმოადგენდა, მათ ააშენეს სასახლის მსგავსი ქალაქის კედლები. ეს ისლამური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი პროექტი გახლდათ. იაქუბის მონაცემებით, მშენებლობაში 100 000-მდე მუშა მონაწილეობდა.

ქალაქის წრიული დიზაინი გამაოგნებლად ინოვაციური იყო. „ამბობენ, რომ მსოფლიოს არც ერთ კუთხეში არ არსებობდა მსგავსი პროპორციების ქალაქი“ – აღნიშნავს ხატიბი. გალავანს ოთხი თანაბრად დაშორებული კარიბჭე ეკრა გარს, რომელთაგან შემავალი გზებიც პირდაპირ ქალაქის ცენტრში იკვეთებოდა. სამხრეთ დასავლეთით მდებარე კუფას და სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე ბასრას კარიბჭეები სარატის არხისკენ იყურებოდნენ, რომელიც, სანაოსნო ქსელის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა, რადგან სწორედ ამ არხით უკავშირდებოდა ორი უმნიშვნელოვანესი მდინარე, ევფრატი და ტიგროსი ერთმანეთს. ჩრდილო დასავლეთით მდებარე შამის (სირიის) კარიბჭიდან გამავალი მთავარი გზა ანბარამდე ჩადიოდა და, შემდეგ, უდაბნოს გავლით სირიას უკავშირდებოდა, ხოლო ჩრდილო აღმოსავლეთით, ხორასნის კარიბჭიდან გამავალი გზა ტიგროსს მიუყვებოდა და მის გასწვრივ მდებარე ნავების ხიდამდე მიდიოდა.

X საუკუნის ბაღდადი

ქალაქის არსებობის განმავლობაში, მუდმივად იცვლებოდა ხიდების რაოდენობა, რომელთა ფუნქციასაც, ძირითადად, ერთმანეთზე ბაწრებით გადახლართული პატარა ნავები ასრულებდნენ, რაც ბაღდადში ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი სანახაობა გახლდათ.

ოთხივე კარიბჭის თავზე იდგა კოშკურა, საიდანაც მოჩანდა როგორც ქალაქის ულამაზესი ხედები, ასევე, კილომეტრებით დაშორებული აყვავებული პალმის ხეები და ზურმუხტისფერი მინდვრები, საითაც მდინარე ტიგროსი მიედინებოდა. ხორასნის კარიბჭის თავზე აღმართულ სწორედ ასეთ კოშკურაზე უყვარდა ხალიფა ალ-მანსურს მოსვენება და შუადღის მწველი მზისგან თავის არიდება.

თაღებით მორთული ოთხი ძირითადი გზა, რომელიც ქალაქის ცენტრიდან კარიბჭეებისკენ მიემართებოდა, სავსე იყო მაღაზიებით, ბაზრებითა და მოვაჭრეებით. ამ ოთხი მთავარი არტერიის დამაკავშირებელ, შედარებით მცირე ქუჩებზე კი საცხოვრებელი სახლები და მოედნები იყო განლაგებული.    

ბაღდადის ცენტრი უზარმაზარი, დაახლოებით, 2000 მ დიამეტრის წრიულად შემოღობილი ადგილი იყო, რომლის გულსაც სამეფო უბანი ამშვენებდა. სულ ცენტრში მხოლოდ ორი ნაგებობა იდგა: დიდებული მეჩეთი და ხალიფას ოქროს კარიბჭის სასახლე, რაც კლასიკური ისლამური გამოხატულება იყო საერო და სასულიერო ძალაუფლებისა. აქ შესვლა მხოლოდ და მხოლოდ ხალიფას შეეძლო. ცენტრალური უბნის განაპირას კი იდგა მისი შვილების სასახლე, მოსამსახურეებისა და საჯარო მოხელეების სახლები, გამოცდილი მებრძოლებისა და მხედრების ყაზარმები და ა.შ.

ალ-მანსურის სასახლე (35 000მ2) საუცხოო ნაგებობა გახლდათ: მის გამორჩეული ნაწილს მთავარი სახალიფო პალატის თავზე, 40 მეტრიან მწვანე გუმბათზე აღმართული შუბშემართული მხედრის ფიგურა წარმოადგენდა, რომელიც კილომეტრების მოშორებიდანაც ჩანდა. ხატიბი აღნიშნავს, რომ ეს ფიგურა ქარის მაჩვენებელივით ტრიალებდა, და შუბს იქით მიმართავდა, საიდანაც ქალაქს მტრები უახლოვდებოდნენ.

ბაღდადში აშენებული პირველი მეჩეთი, სწორედ ხალიფას მეჩეთი (8000მ2) იყო. შენობა დიდებულ პატივს მიაგებდა ალაჰს და გამოხატავდა იმას, რომ აბასიანები მისი ყველაზე ძლიერი და სახელგანთქმული მსახურები იყვნენ დედამიწაზე.

მრგვალი ქალაქის მშენებლობა 766 წელს დასრულდა. საერთო შეფასებით ეს ტრიუმფს წარმოადგენდა. IX საუკუნის მწერალი ალ-ჯაჰიზი ქალაქის მიმართ ქება-დიდებას არ იშურებდა: „მე მინახავს დიდებული ქალაქები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც მათი მდგრადობითა და გამძლეობით გამოირჩევიან. მე მინახავს უდიდესი ქალაქები სირიის რეგიონში, ბიზანტიის ტერიტორიაზე და სხვა პროვინციებშიც, მაგრამ არასდროს მინახავს უფრო დიდებული, უფრო სიმეტრიული, უფრო დაცული ქალაქი ამხელა კარიბჭეებით, ვიდრე აბუ ჯაფარ ალ-მანსურის ქალაქი ბაღდადია.“ მას, განსაკუთრებით, აღაფრთოვანებდა ქალაქის სიმსუბუქე და აღნიშნავდა, რომ ქალაქის ფორმა, თითქოს, საგანგებოდ იყო ჩამოსხმული.

ბაღდადმა IX-XVI საუკუნეებში უამრავი ბრძოლა გადაიტანა, რასაც, საბოლოოდ ვეღარ გაუძლო და ძველი ქალაქი სრულად განადგურდა. განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა 1258 წლის ბაღდადის ალყა, რომლის შედეგადაც მონღოლებმა (მონღოლების მხარდამხარ ქართველებიც იბრძოდნენ) ქალაქი, ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორეს, მაცხოვრებლების უმრავლესობა უმოწყალოდ გაჟლიტეს. ალ-მანსურის მრგვალი ქალაქის უკანასკნელი კვალი, 1870-იანი წლების დასაწყისში გაქრა, როდესაც ოსმალთა იმპერიის რეფორმატორმა მმართველმა, მიდათ ფაშამ ძველი ქალაქის შემორჩენილი უკანასკნელი კედლები დაანგრია და თანამედროვე ნაგებობებით ჩაანაცვლა.

ბაღდადის ალყა 1258

ისევე, როგორც ალ-მანსურის დროს, ბაღდადის მოქალაქეებს XX საუკუნეშიც აკრძალული ჰქონდათ ქალაქის ცენტრალურ უბანში (ძველი ქალაქის ცენტრალური სამეფო უბნისგან სამხრეთით, ოდნავ მოშორებით) შესვლა, რადგან სადამ ჰუსეინმა იგი მძიმედ დაცულ ზონად გამოაცხადა, სადაც რეჟიმის შტაბ-ბინა და სხვადასხვა საიდუმლო სამსახურის შენობები განთავსდა. 2003 წელს ერაყში აშშ-ის გამოჩენის შემდეგ, ამ ტერიტორიაზე შეიქმნა კიდევ უფრო ინტენსიურად გამაგრებული მილიტარიზებული მწვანე ზონა, რომელსაც დღემდე ამერიკელი სამხედროები აკონტროლებენ. დღესდღეობით, ერაყელებისთვის მწვანე ზონაში შესვლა დაშვებულია, თუმცა იგი არა ერთხელ გამხდარა სარაკეტო თავდასხმების სამიზნე.

ბრძოლის დროს დაზიანებული ალ-მანსურის ძეგლი, ბაღდადი, 2005

არაერთგზის მიწასთან გასწორებისა თუ აღდგენის შემდეგ, ძველი დიდებული ბაღდადის ტერიტორიაზე ქალაქი დღესაც განაგრძობს არსებობას, თუმცა დღეს იქ სრულად სახეცვლილი ქალაქი დაგხვდებათ. ამ ქალაქის მკვიდრნი კი კვლავ სისხლისმღვრელ ომში არიან ჩაბმულები.

გამოყენებული მასალა

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button