ისტორიასაზოგადოება

ქართულ-ებრაული ურთიერთობები

საქართველო მთელი თავისი არსებობის განმავლობაში მრავალეთნიკური და მრავალკულტურული სახელმწიფო იყო და დღემდე ასეა, რაშიც, პირველ რიგში, მისი მდებარეობა უწყობს ხელს მსოფლიოს ცივილიზაციათა მიჯნაზე, თუმცა გეოგრაფიულ მდებარეობასთან ერთად აღსანიშნავია ქართული სტუმართმოყვარეობის ფენომენიც, რომელიც უკვე საქართველოს იდენტობის განუყოფელ ნაწილად იქცა. რა ხალხებს აღარ უცხოვრია საქართველოში, ქურთებს, ასურელებს, გერმანელებს, ბოშებსა თუ სომხებს, მაგრამ იშვიათად მოიძებნება მსოფლიო ისტორიაში ისეთი ჰარმონიული ურთიერთობა, როგორიც ქართველებსა და ებრაელებს შორის საუკუნეების მანძილზე არსებობს.

ებრაელები სემიტური მოდგმის ხალხთა საერთო ეთნიკური სახელია. მათი თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და ერის ფორმირებაში უდიდესი როლი იუდაიზმმა შეასრულა. ებრაელები უძველესი დროიდან თითქმის ყველა სახელმწიფოში იდევნებოდნენ. მიუხედავად ამისა, მათ საუკუნეების განმავლობაში როგორღაც მოახერხეს საკუთარი იდენტობის შენარჩუნება და 1948 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით შეიქმნა ებრაელთა სახელმწიფო – ისრაელი, რომლის ოფიციალური ენა ივრითია, რაც ებრაულ ენას ნიშნავს.

ჯერ კიდევ ძვ.წ 1230 წლით დათარიღებულ გამარჯვების ობელისკზე, რომელიც ეგვიპტის მაშინდელმა ფარაონმა, მერნეპტაჰმა აღმართა, ამოტვიფრულია შემდეგი სიტყვები: „ქანაანი და მთელი მისი უკეთური მოსახლეობა დამორჩილებულია; აშკელონი აღებულია, გეზერი ჩვენს ხელთაა; ისრაელი მთლიანად გაცამტვერებულია. მისი კვალიც აღარ დარჩა დედამიწაზე.“ მას შემდეგ დღემდე უამრავი ახალი სახელმწიფო თუ იმპერია შეიქმნა, მრავალიც გადაშენდა და საერთოდ გაქრა, თუმცა ებრაელი ხალხი და ისრაელის სახელმწიფო დღემდე განაგრძობს არსებობას. მათი სისხლიანი და ტანჯული ისტორიის გამო, ებრაელ ხალხთა ალეგორიულ სიმბოლოდ ცეცხლმოკიდებული ბუჩქი იქცა (ბიბლიის მიხედვით, ღმერთი მოსეს პირველად ხორების მთასთან, მაყვლოვანში გამოეცხადა. მაყვლოვანის ბუჩქს ცეცხლი ედებოდა, თუმცა არ იწვებოდა).

მიუხედავად იმისა, რომ 2002 წლის აღწერის მიხედვით საქართველოში სულ რაღაც 4000 ებრაელი ცხოვრობს, უძველესი დროიდან მოყოლებული დღემდე ებრაელებს საქართველოსთან საკმაოდ მჭიდრო პოლიტიკურ-კულტურული კავშირები აქვთ. ცნობილია ისიც, რომ ქართველებს ებრაელების მიმართ ყოველთვის მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდათ.  

ონელი ებრაელები

ებრაელები თითქმის ყველა რეგიონში იყვნენ დასახლებული: აღმოსავლეთ საქართველოში, სამხრეთ საქართველოში, დასავლეთ საქართველოში. სოფელ ლაილაში დგას ებრაელთა ძველი სინაგოგა. დღემდე მოქმედი სინაგოგები კი გვხვდება თბილისში, ბათუმში, გორში, ქუთაისში, ონში, ახალციხესა და სურამში.

საქართველოში ებრაელების დასახლების თარიღის გარკვევა ზუსტად შეუძლებელია. ქართლის ცხოვრება მათ ჩამოსვლას ძვ.წ 586 წელს ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დაპყრობას უკავშირებს, თუმცა ებრაელების ნაკადი საქართველოში არაერთხელ ჩამოსახლებულა (მაგ: I საუკუნეში, რომაელი კეისრის ტიტუს ვესპასიანეს მიერ იერუსალიმის ხელმეორედ აოხრების შემდეგ; ბათუმში ებრაელები რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ დასახლდნენ, სადაც ააგეს სინაგოგა და ა.შ). ისინი თავს ქართველ ებრაელებს უწოდებენ. ისტორიულად ცნობილია, რომ ისინი მალევე შეერწყვნენ ქართულ მოსახლეობას, მშობლიურივით აითვისეს ქართული ენა, მიიღეს ქართული წეს-ჩვეულებები და ტრადიციები, ამავდროულად, შეინარჩუნეს საკუთარიც. ხოლო ბოლო პერიოდში, საქართველოში გამოჩნდა ევროპიდან ჩამოსახლებულ ებრაელთა მეორე ჯგუფი, რომლებსაც აშკენაზები ეწოდებათ.

სამწუხაროდ, სოფლებში მცხოვრები ებრაელების უმეტესობამ გაჭირვების გამო საცხოვრებელი ადგილი მიატოვა და ძირითადად ქალაქებს შეაფარა თავი.

ქართველ ებრალებს საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ქართული კულტურის, პოლიტიკისა და ეკონომიკის განვითარებაში.

„არც ერთ ერს არ გამოუვლია იმდენი სატანჯველი და წამება, რამდენიც ებრაელთა ერს თავს გადაჰხდენია. ამ ოდესმე დიდებულს და სახელგანთქმულ ერს ბედმა ხელიდან გამოსტაცა სამშობლო და თვითმყოფელობა და გააბნია იგი მთელს დედამიწის ზურგზე, ჩაათესლა უცხო ქვეყნებში, სადაც ებრაელებს მოელოდა ყოველგვარი ტანჯვა და წვალება“ [ებრაელთა საკითხზე, 1986] – წერს ილია ჭავჭავაძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველო არის იმ უიშვიათეს ქვეყანათა რიგში, სადაც ებრაელები არასდროს იდევნებოდნენ. 1900-იან წლებში ევროპის ერთ-ერთ ქალაქში გამართულ ებრაელთა მსოფლიო კონგრესზე, სადაც თითოეული ქვეყნის წარმომადგენელი ყვებოდა ებრაელთა რბევისა და აწიოკების შემაძრწუნებელ ფაქტებს, საქართველოდან ჩამოსული რაბინი – დავით ბააზოვი ასე იწყებს საკუთარ გამოსვლას: „ძმებო, მე იმ ქვეყნიდან ვარ, სადაც ებრაელობა 2600 წელია ცხოვრობს და ამ ხნის მანძილზე არც ერთხელ არ განუცდია რბევა და აწიოკება…“

გაზეთი „სამშობლო“ 1914 წელს წერს, რომ ფრანკფურტში გამართულ ერთ-ერთ კონფერენციაზე გენერალმა ლიფმონმა საქართველოდან ჩამოსული რაბინი, დავით ბააზოვი ასე წარადგინა: „ძმებო, თქვენს წინაშე დგას თქვენი ძმა შორეული ქვეყნიდან. ეს ქვეყანა შორს არის ჩვენგან, მაგრამ იგი უნდა ახლოს იყოს ყველა ებრაელის გულში. ევროპა დღეს ცდილობს ადამიანის სიყვარულის განხორციელებას, ეს კი ქართველ ერს 2000 წლის წინათ ჰქონდა შეთვისებული. ამის მოწმეა მცხეთის ქალაქი და მისი პრეზიდენტი – მამასახლისი, რომელიც იერუსალიმიდან გამოსულ ებრაელებს პურ-მარილით დაუხვდა. აქ ისტუმრა დღევანდლამდე; თუმცა ბევრი ცვლილება მოხდა ამ მშვენიერ ერში, მაგრამ თავისი იდეალი ადამიანის სიყვარულისა და ძმური განწყობისა, მათში შეუცვლელია.

ქართველ ერს შეუძლია ამაყად წარმოსთქვას: „ჩვენც გვყავდა მეფეები, სამღვდელოება, მწერლობა, მაგრამ სხვა ერების დევნა ფიქრადაც არ მოგვსვლიაო, ევროპის ძალებით დაქცეულ სისხლში ჩვენი ხელი არ გასვრილაო.“ აი, ასეთია ქართველი ხალხი, საიდანაც ჩვენი სტუმარი ჩამოვიდა.“

ეგვიპტის ტყვეობიდან დახსნილი ებრაელები 40 წლის განმავლობაში მიიწევდნენ უდაბნოში, რათა საკუთარ მიწამდე მიეღწიათ, თუმცა როგორც ცნობილია, ვერც მოსემ და ვერც ერთმა ტყვეობაგამოვლილმა ებრაელმა ვერ მიაღწია წილხვედრ სამშობლოს და გზაში დაიღუპა, ამიტომ მათ „უდაბნოს თაობა“ უწოდეს. ეს ცნება მოგვიანებით თითქმის ყველა ქვეყანაში დამკვიდრდა განზოგადებული მნიშვნელობით, სადაც კი ებრაელებს ფეხი დაუდგამთ, რადგან აღნიშნავდა გარდამავალ ისტორიულ საფეხურს, როცა ერთი თაობა მსხვერპლად ეწირება შემდეგი თაობის კეთილდღეობას. მეორე მსოფლიო ომში ექვსი მილიონი ებრაელი დაიღუპა, რაც მათი მთლიანი რაოდენობის თითქმის ნახევარი იყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აქედან ყველაზე დიდი მსხვერპლი საბჭოთა კავშირის ებრაელობამ გაიღო, თუმცა დღესდღეობით ამაზე ცოტა თუ საუბრობს. ფაშისტური გერმანია ყველაზე სასტიკი მეთოდებით დევნიდა ებრაელებს. ამ პერიოდში ქართველებმა საკუთარი კავშირებით ათასობით ქართველი და უცხოელი ებრაელი გამოიხსნეს გერმანელთა ტყვეობიდან. მათ შორის იყო იოსებ ელიგულაშვილი, რომელიც პირველი რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად იყო ჩართული. იგი საქართველოს საგანძურის გადარჩენაში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად იღებდა მონაწილეობას. მოგვიანებით კი პარიზში მცხოვრებ ქართულ ემიგრაციაში მოღვაწეობდა და თავადაც მონაწილეობდა ებრაელების გამოხსნის პროცესში.

„ბატონო პრეზიდენტო!
ბატონმა იოსებ ელიგულაშვილმა მაცნობა იმ დიდსულოვანი თანადგომის ამბავი, რაც თქვენ გაუწიეთ თქვენს თანამემამულე ებრაელებს. თქვენი უანგარო მეცადინეობით, საფრანგეთის ოთხწლიანი ოკუპაციის დროს მათ არ შეხებიათ რასისტული რეჟიმის სუსხი. ჩემთვის ცნობილია ის დიდი მადლიერება, რასაც თქვენი თანამემამულე ებრაელები გამოხატავენ თქვენს მიმართ. თავს მოვალედ ვრაცხ, პარიზის ებრაული თემის სახელით, გადმოგცეთ მადლობის სიტყვები და გაგიზიაროთ ის გულითადი გრძნობები, რასაც ჩვენ განვიცდით თქვენი კეთილშობილებისა და სამართლიანობის გამო.
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენდამი ჩემს გულწრფელ პატივისცემაში.“ [პარიზი, 16 ოქტომბერი, 1944 წ] – ბატონ ჟორდანიას – საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს (ხელს აწერს პარიზის მთავარი რაბინი). 

იოსებ ელიგულაშვილი

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა საბჭოთა კავშირში, რომელმაც ებრაული კულტურის გაცოცხლება და მის შესახებ ხმამაღლა საუბარი დაიწყო. ორმაგად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს მოხდა „პერესტროიკამდე“ რამდენიმე წლით ადრე, მაშინ, როდესაც ებრაული კულტურის ხსენებაც კი ტაბუირებული იყო. 1979 წელს New York Times-ში გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით – „საქართველოს ებრაელთა განსხვავებული მდგომარეობა“, სადაც საუბარია საქართველოს ტელევიზიის ერთ-ერთ ლიტერატურულ გადაცემაზე, რომელიც შუა საუკუნეების ებრაულ პოეზიას მიეძღვნა. სტატიის ავტორი წერს: „ეს იყო 50 წუთიანი ტელეპროგრამა შუა საუკუნეების ებრაულ პოეზიაზე. საჩვენებელი დრო საგანგებოდ იყო განსაზღვრული – საღამო, როცა ყველაზე მეტი მაყურებელი უზის ტელეეკრანებს. მთელი გადაცემა გამსჭვალული იყო ებრაული კულტურის, რელიგიისა და ეროვნული ტრადიციების მიმართ უაღრესი პატივისცემითა და სიმპათიით. მაგრამ ეს ხდებოდა მხოლოდ საქართველოს ლოკალურ არხზე, რაც მიუთითებს საქართველოს ებრაელთა განსხვავებულ მდგომარეობაზე…“ 

ქართველთა და ებრაელთა მჭიდრო კულტურული კავშირის კიდევ ერთი მაგალითი ბორის გაპონოვის ივრითზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსანია“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თარგმანია შოთა რუსთაველის პოემისა. გაპონოვის თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ ისრაელში 1969 წელს გამოქვეყნდა, 1970 წელს კი მას ამ თარგმანისთვის შ. ჩერნიხოვის პრემია მიენიჭა.

ბორის გაპონოვის ძეგლი ქუთაისში

ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობები დღემდე წარმატებულად გრძელდება. საქართველოდან წასულმა უამრავმა ებრაელმა დიდ წარმატებას მიაღწია ისრაელში, მაგალითად იცხაკ დავიდმა, დავით ბააზოვმა, ჯემალ აჯიაშვილმა და ა.შ.

1998 წლის სექტემბერში საქართველოში უპრეცედენტო იუბილეც კი გაიმართა, უნიკალური თავისი შინაარსითა და მნიშვნელობით — ქართველებისა და ებრაელების 26-საუკუნოვან თანაცხოვრებას ზეიმობდა ორი სხვადასხვა აღმსარებლობის ერი. მსგავსი შემთხვევა არც ერთ სხვა ქვეყანაში არ დაფიქსირებულა, სადაც ებრაული დიასპორაა.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button