კულტურასაზოგადოება

აფხაზეთის მეციხოვნენი

    ისტორიული მოვლენების ლოგიკურ კავშირზე ბევრი დაწერილა და მრავალი დასკვნა გაკეთებულა. წარსული, აწმყო და მომავალი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და მათი ურთიერთდამოკიდებულება ისტორიულ მოვლენათა თავისებურებებს განსაზღვრავს. მე-20 საუკუნის ბოლოს საბჭოთა იმპერიის დასუსტება და რღვევა დაიწყო, რის შედეგადაც დადგა განსხვავებული გეოპოლიტიკური რეალობა, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში, ისე თითქმის მთელს აზიაში. იწყება ახალი სახელმწიფოების წარმოქმნის და პოლიტიკურ ძალათა ხელახალი გადანაწილების შეუქცევადი პროცესი. ამ ბობოქარ ისტორიულ პერიოდში საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადება და ახალი სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობის დაწყება მოახერხა, თუმცა ეს გზა, რომელიც ბევრს მეტად მარტივად წარმოედგინა, ძალიან მძიმე და ტრაგიკული აღმოჩნდა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე ნათელი გახდა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება დიდ პოლიტიკურ გამოცდილებასა და შესაბამის ნაბიჯებს მოითხოვდა. სააშკარაოზე გამოვიდა სეპარატიზმის პრობლემა ქვეყნის ორ ისტორიულ ნაწილში – ცხინვალის რეგიონსა (ყოფილი სამხრეთ ოსეთის საბჭოთა ავტონომიური ოლქი) და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ყოფილი აფხაზეთის საბჭოთა ავტონომიური რესპუბლიკა). ორივე შემთხვევაში სეპარატისტულად განწყობილ ძალებს მხარს უჭერდნენ და მართავდნენ რუსეთის რეაქციული ძალები. ყოველივე ამან სათავე დაუდო საქართველო-რუსეთის ომის ახალ ეტაპს, რომელიც პერიოდულად შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზრდებოდა ხოლმე.  შედეგად მივიღეთ დანაწევრებული საქართველო, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი რესეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული. ამასთანავე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ცხინვალის რეგიონი რუსეთმა აღიარა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ერთეულები. სამწუხაროდ, ეს აზრი რამდენიმე სხვა სახელმწიფომაც გაიზიარა.

 

 

ბედიის ტაძარი

    

 

დიდი ხნის მანძილზე რუსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის მისაერთებლად მრავალმხრივი მიმართულებით იბრძოდა. ბუნებრივია, მის მიზანში, ამ ტერიტორიაზე არსებული ისტორიულ-კულტურული ფასეულობებიც მოექცა, რომლებზეც მათი წარმომავლობის დამადასტურებელი უძველესი ქართული წარწერები და ფრესკები იყო შემორჩენილი.

     ბიჭვინთისა და ბედიის, ილორისა და კომანის, დრანდისა და გაგრის, მოქვისა და ლიხნის… ეკლესია-მონასტრები, ბესლეთის ხიდი, ანაკოფიის ციხე, შარვაშიძეთა სასახლე… ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

ბიჭვინთის ტაძარი

   აფხაზეთი, დანარჩენი საქართველოს დარდად, მდიდარია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებით, ოდინდელი უმნიშვნელოვანესი ქართული საეკლესიო, ისტორიული და კულტურულ-საგანმანათლებლო კერებით. ხოლო მათ წარმომავლობაზე, იმაზე, რომ აფხაზეთი – საქართველოს, ეს ძეგლები კი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია, თავად „ქვები ღაღადებენ“ – ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი არქიტექტურითა და მათზე აღბეჭდილი ქართული ლაპირადული და ფრესკული წარწერებით. თუმცა, ქართული სულიერებისა და ცნობიერების დაუძინებელი მტრები ამ ჭეშმარიტებას არასოდეს ცნობდნენ და მას აშკარად თუ ფარულად ებრძოდნენ. მით უმეტეს, ებრძვიან ამჟამად, აფხაზეთის ოკუპირების ჟამს.

   ქართული ისტორიულ-კულტურული, სულიერი ფასეულობები აფხაზეთში განსაცდელშია. ცივილიზებული მსოფლიოს კულტურის თვითმყოფად ნაწილად აღიარებული ძეგლების კედლებიდან გულმოდგინედ შლიან უნიკალურ ქართულ ფრესკებსა და უძველეს ქართულ წარწერებს. რესტავრაციის საბაბით, მიზანმიმართულად ასხვაფერებენ მათ, რათა ქართული კვალი აფხაზეთში საბოლოოდ წაშალონ, ხოლო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არიან დასტურნი იმისა, რომ აფხაზეთი ქართველების სამკვიდროა.

   ამასობაში, დროც თავის დაღს ასვამს და ცვლის ეპოქათა სულით აღბეჭდილი ძეგლების იერ-სახეს. დრომ დანდობა არ იცის, მას არც დაცდა ჩვევია, თავად თუ არ იჩქარე, „არ დააყოვნე“ და მათი დიდებული წარსული და ნაცრისფერი დღევანდელობა ხშირად არ გაახსენე; ამასთანავე, სხვებსაც არ გადასდე ამ ფასდაუდებელი საგანძურით სიამაყის განცდა, და რაც მთავარია, რწმენა, რომ რასაც შენით დათმობ, ვეღარასდროს დაიბრუნებ.

  

ლიხნის ტაძარი

 

   ბედიის სამონასტრო კომპლექსს საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს უწოდებენ. ბედმა ასე ინება და საქართველოს გამაერთიანებელი მეფე ბაგრატ III აფხაზეთში, ბედიაშია დაკრძალული, საქართველოს გაერთიანების ფუძემდებელი აშოტ I დიდი კურაპალატი კი ტაო-კლარჯეთში, არტანუჯში განისვენებს. ეს მწარე რეალობა დღევანდელი საქართველოს მტკივნეული პარალელია. ღმერთმა ნუ ქნას, რომ იგი მის ფურცლებს ტრაგიკულ სიმბოლოდაც შემორჩეს.      

     საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა. როგორც ცნობილია, ქრისტიანობა საქართველოში პირველი საუკუნის 50-70-იან წლებში მოციქულებმა – ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ იქადაგეს. მოციქულები მატათა და სვიმონ კანანელი საქართველოში არიან დაკრძალულები: მატათა – აჭარაში, ხოლო სვიმონ კანანელი – აფხაზეთში.

     საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით 8000-მდე ეკლესია-მონასტერია. აფხაზეთში შემორჩენილი ქრისტიანული არქიტექტურის ძეგლები გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, მაგრამ ამავე დროს საერთოს პოულობს აღმოსვლეთ და დასავლეთ საქართველოს თანადროულ ძეგლებთან, რადგან ისინი ერთ ეთნოკულტურულ წიაღშია შექმნილი. მათი უმეტესობა შეტანილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.   

 

 

ბედიის ბარძიმი

 

     1993-2008 წლებში რუსეთის მიერ აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ 350 ათასზე მეტმა ადგილობრივმა, უმეტესად ქართველმა მოსახლეობამ დატოვა ისტორიული საცხოვრისი. შესაბამისად, აფხაზეთში ეთნიკური სურათი ხელოვნურად შეიცვალა. ყოველივე ამის შემდეგ ოკუპანტებმა განაგრძეს წინამორბედთა დაწყებული საქმე – 

ანაკოფიის ციხესიმაგრე

აფხაზეთის გეოგრაფიულ სახელწოდებათა ტრანსფორმაცია – ტოპონიმიკის ცვლა. ამასთანავე რუსულ ყაიდაზე გადაწყობის მიზნით ტაძრებისა და ეკლესიების ინტერიერისა და ექსტერიერის შეცვლა ან განადგურება. ყოველივე ეს მიმართული იყო და არის აფხაზეთში ქართველთა ისტორიული კვალის წაშლისაკენ, ისტორიის ფალსიფიკაციისაკენ, აფხაზეთში დარჩენილი ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის აფხაზების გარუსებისა და მხარის საბოლოო ასიმილაციისაკენ.

     ოკუპაციის ზონაში ვანდალური ქმედებები განხორციელდა კულტურული მემკვიდრეობების მიმართ და ახლაც გრძელდება ეკლესიებისა და ისტორიული ნაგებობების ნგრევა, ,,უკეთეს“ შემთხვევაში კი მათი გადასხვაფერება, მაგალითად, რუსმა ოკუპანტებმა აფხაზეთში, სოფელ წებელდაში სამხედრო პოლიგონის მოსაწყობად ქართული მართლმადიდებლური ტაძარი დაანგრიეს და იქ არსებული სიძველეები ბულდოზერით გადათხარეს.

     თუ აფხაზეთში არსებული მდგომარეობა შენარჩუნდა დიდი საქმე ემუქრებათ ჯერ კიდევ გადარჩენილ კულტურულ მემკვიდრეობებს, ამიტომ ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის განადგურების შეჩერება მოხერხდება, რამეთუ მიგვაჩნია რომ ეს არამარტო ქართველთა და აფხაზთა სიმდიდრეა, არამედ მას ზოგადსაკაცობრიო კულტურული მნიშვნელობა გააჩნია, რამეთუ იგი მსოფლიოს ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია.

ნატო კორსანტია

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button