ისტორიასაზოგადოება

9 აპრილი – ინტერვიუ ბეჟან ჯავახიასთან

  • როგორ მოახერხეს ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა მიძინებული ქართველი ერის სულიერი გამოფხიზლება და ერთ მუჭად შეკვრა? 
  • საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფუძველი და მისი მარადიულობის ნიშანი სწორედაც ისაა, რომ არასოდეს არ ყოფილა მიძინებული ქართული ეროვნული იდენტობა. ქართული სახელმწიფოებრიობა ათასწლეულების მანძილზე მარადიულად არსებობდა, თუნდაც რაღაც სახელწიფო ერთეულის სახით, უფრო მეტად შეზღუდული სუვერენიტეტით. ეს იყო მაინც რაღაც საყრდენი, რაც ასულდგმულებდა ქართულ სახელმწიფოებრიობას. განსაკუთრებით ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას აღმოაჩნდათ სიმამაცე, რომ ღიად და გარკვევით ეთქვათ ის, რომ  ე.წ. ქართული სახელმწიფო, რომელიც მაშინ არსებობდა, იყო მხოლოდ ფარსი. ეს იყო ღირსებააყრილი რაღაც გაერთიანება, რომელსაც არ გააჩნდა არც საკუთარი ქვეყნის საზღვრები და არც წარმომადგენლობები სხვა ქვეყნებში.   ის არ იყო თანასწორად წარდგენილი მსოფლიო ხალხთა თანამეგობრობაში. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ  თვალი აეხილათ ქართველი ხალხისთვის, რომ  ჩვენი ქვეყნის ისტორია გაყალბებული იყო, რომ კომუნისტური პარტია, რომელიც წარმოადგენდა მაშინ მმართველ ძალას, იყო დამნაშავე კრიმინალური გაერთიანება, რომლის კისერზე იყო ცოდვა: ასი ათასობით საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა დახვრეტა, გადასახლება და ქართული ეროვნული სულის ჩაკვლა. დიახ, ნელ-ნელა დაიწყო ე. წ. იატაკქვეშა გამოცემებით მხილება საბჭოთა კავშირისა, რომელიც იყო სასაფლაო დამოუკიდებელი ერებისა და არა რაიმე ნებაყოფლობითი გაერთიანება, როგორც მას უწოდებდნენ. მართლაც და ძალიან რთული აღმოჩნდა გაყალბებული ისტორიის თუ ათეიზმისაგა
    ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, 9 აპრილი

    ნ განადგურებული ეკლესიის და სარწმუნოების აღდგენა. ხალხის კონსოლიდაცია ამ იდეების ირგვლივ, როდესაც ამას ყველაფერს უპირისპირდებოდა მთელი სახელმწიფო მანქანა, გამძვინვარებული წითელი ვეშაპი, რომელიც უკვე სისხლით იყო გარყვნილი და მილიონობით მოქალაქის სისხლი ემართა. ამას ემატებოდა შეშინებული მოსახლეობა, რომელთაც რამდენიმე სისხლიანი წელი ახსოვდა  მასობრივი დახვრეტებისა და დაპატიმრებების, ეს იყო 20-იანი წლები, რამაც შეიწირა ქართული სახელმწიფოს შემოქმედთა, პირველი რესპუბლიკის დამაარსებელთა ძირითადი ნაწილი, ნაღები ქართული საზოგადოებისა, ასევე, უკვე ოცდაათიანი წლების ტერორი, როდესაც ბოლშევიკებმა უკვე თავიანთი რიგების წმენდა დაიწყეს, ომის წლები, 50-იანი წლების სხვადასხვა საქმეები, რასაც ეწირებოდა ერის საუკეთესო ნაწილი. უნდა ვთქვათ, ასევე, რომ ეროვნულმა მოძრაობამ ერთმუჭად შეკვრა ვერ მოახერხა, პრობლემა იყო თვით მოძრაობის შიგნით, სადაც ხელს აფათურებდა საბჭოთა უშიშროება.  ასევე ე.წ. ქართული ინტელექტუალური ელიტა. ეს ის ხალხი იყო, რომელიც სპეციალურად ჩამოყალიბდა საბჭოთა იდეოლოგიის საფუძველზე. ბოლშევიკებმა, როდესაც ძირითადი ნაწილი ქართული ინტელექტუალური საზოგადოებისა გაანადგურეს, მათ შექმნეს თავისი იდეების ერთგული ე.წ. ინტელიგენცია (ლენინი ამბობდა: „ჩვენ კი არ ვებრძვით ინტელიგენციას, არამედ ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ინტელიგენციის შესაქმნელადო“) . ეს ერთერთი საინტერესო პრობლემაა, დღემდე სერიოზულად დასაფიქრებელი ქართული საზოგადოებისათვის. ეს ინტელიგენცია არანაკლებ სახიფათო აღმოჩნდა ჩვენთვის, ვიდრე ბოლშევიკური პარტიის ნომენკლატურა, რადგანაც საბჭოთა პერიოდშივე ჩამოყალიბდა საკმაოდ ანგარიშგასაწევი საბჭოთა ნაციონალური ინტელიგენცია, რომელიც, როგორც კომუნისტური პარტია, თავად ქადაგებდა, უფრო ფორმით იყო ნაციონალური, შინაარსით კი ბოლშევიკური და ერთიანი საბჭოეთის სამსახურში იდგა. ეს ყველაფერი აძლევდა საბჭოთა კავშირს, უფრო სწორად, რუსეთის მოდერნიზირებულ იმპერიას მანიპულაციის საშუალებას.

 

 

  • რა მნიშვნელობა ჰქონდა ეროვნული მოძრაობისთვის 9 აპრილს?
  • 9 აპრილი აღმოჩნდა მართლაც გარდამტეხი თარიღი ეროვნულ მოძრაობის ისტორიაში. ეს იყო პირდაპირი ბრძოლა რუსეთის იმპერიასთან. დიახ, ამ დღეს რუსთაველი იყო ბრძოლის ხაზი რუსეთის მოდერნიზებულ იმპერიასა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ საქართველოს შორის. ამ დღემ, ამ შეუპოვრობამ, უდანაშაულო ქართველთა დაღვრილმა სისხლმა მართლაც შეკრა ქართული საზოგადოება. ეს ის ამაღლებული წუთები იყო, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნე არ შემდგარა. მერაბ კოსტავამ იმ დღესვე თქვა, რომ ეს იყო ყველაზე ამაღლებული წუთები ერის ისტორიის, მისი შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო. უკვე თვალნათელი გახდა ბოლშევიკების ფარისევლური სიყვარული საქართველოს და ქართველი ხალხისა. ამ დღიდან მათ ვერ შეძლეს უკვე დაეცვათ კომუნისტური რეჟიმის სისხლიანი სახე. თუმცა იყო მცდელობა, მაშინდელი კომუნისტური ელიტისგან, ცკ-ს მდივნებისაგან, პარტკომებისაგან, ეს სისხლი ეროვნული მოძრაობისათვის დაებრალებინათ. მეტად ნათელი გახდა უკვე წარსული ისტორიის ის ფურცლები, რომელსაც არც იცნობდა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. ფართოდ გავრცელდა ხელნაწერი ტექსტები კომუნისტების ჯალათობის შესახებ ე.წ. ლაგერებში,  გადასახლების ადგილებში, გარკვეული კოორდინაცია დაიწყო საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების  განმათავისუფლებელ მოძრაობასა და რუს დისიდენტებს შორის. ამ დღეს უკვე ახალი ეპოქა დაიბადა,  საქართველოში არსებული მცირე პროტესტი უკვე ძლიერი გახდა. დიდი ტალღა წამოვიდა ქართული ახალგაზრდობისა, რომელიც პირდაპირ ჩაერთო ომში რუსეთის ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ. ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა დიდი მხარდაჭერა მოიპოვეს მასებისაგან. გაჩნდა სხვადასხვა ფორმა საბჭოთა რეჟიმისადმი დაუმორჩილებისა: ეს იყო შიმშილობის აქციები, თუ გაფიცვები სხვადსხვა ქარხნებსა თუ ფაბრიკებში…. ამდენად ეს სისხლი დაღვრილი შიშველი ხელებით მებრძოლი ადამიანებისა იყო უკვე სრულიად ახალი ეტაპი, უკვე კომუნისტებს მკაცრი რეპრესიებისთვის არავითარი იარაღი არ გააჩნდათ…
    [rara_spacing spacing_height=”10px”]
  •  ვინ იდგა 9 აპრილის ღამეს რუსთაველზე?
  • არც ვიცი, იმ დღეების ადამიანებზე თუ ვისაუბრებთ, ეს იყო ყველაზე ამაღლებული ეტაპი ჩვენი ისტორიის უკანასკნელი პერიოდისა. ასეთი მშვენიერი, ამაყი და უკომპრომისო ახალგაზრდობა მე არც მახსოვს ჩვენს ისტორიაში. ეს პროცესი დიდი ხანი მზადდებოდა. ჩვენში სტუდენტებში უკვე არ იყო პოპულარული არც კომუნისტები და კომკავშირლები. პირიქით, ამ პერიოდში ღიად დაიბადა ახალი საზოგადოება, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება მიმართული ჰქონდა საკუთარი ქვეყნის წარსულის ახლებურად გააზრებისაკენ. აშკარა იყო განუზომელი ინტერესი კულტურის ძეგლებისადმი, ეკლესიებმა ახალი სიცოცხლე შეიძინეს, ისინი გაათავისუფლეს ბოლშევიკური ნაგავისაგან, ძირითადად ეკლესიები იყო საკოლმეურნეო საწყობებად ქცეული, სადაც მომწამლავ ნივთიერებებს ინახავდნენ, ასევე, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტებად იყო ქცეული. ასპარეზზე გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომელთა სახელებს ბოლშევიკური რეჟიმი ან დამნაშავეებად აცხადებდნენ, ან საერთოდ იყო მიჩქმალული. ასეთი იყო ქაქუცა  ჩოლოყაშვილის, გრიგოლ რობაქიძის, კოტე აფხაზის, გენერალ მაზნიაშვილის და სხვათა სახელები. რაც შეეხება ძველ ბიჭებს და ნარკომანებს, ისინი ყველა დროს არსებობდნენ და, სამწუხაროდ, იარსებებდნენ. რასაკვირველია, საბჭოთა უშიშროება ცდილობდა მათ გამოყენებას, მათ ჩანერგვას ეროვნული მოძრაობის რიგებში. ეს სახეები პირდაპირ კავშირში იყვნენ რეჟიმთან. დღევანდელი გადასახედიდან, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს , როგორი კრიმინალური იყო კომუნისტური პარტია და როგორი იყო მათი მეთოდები თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანების წინააღმდეგ. ეს ნათლად გამოჩნდა 1992 წლის გადატრიალების შემდეგ, როდესაც ეს კრიმინალური ნაწილი ხელისუფლებაში მოვიდა კომუნისტებთან ერთად. მაგალითად 1992 წლის იანვარში რეჟიმი შექმნეს კრიმინალებმა ჯაბა იოსელიანმა, თენგიზ კიტოვანმა, კომუნისტ ელიტასთან ერთად, რაც დადასტურდა იმით, რომ მარტში მათ შეუერთდა მათი იდეოლოგიური ხელმძღვანელი, საქართველოს კომპარტიის ცკ-ს ყოფილი პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე.
    აქცია
  • რა რეაქცია მოჰყვა პატრიარქის გამოსვლას ხალხის მხრიდან და თქვენ როგორ შეაფასებდით პატრიარქის ქმედებას?
  • რასაკვირველია, იქ ვიყავი ჩემს სტუდენტებთან ერთად. რაც შეეხება პატრიარქის გამოსვლას, არავითარი განსაკუთრებული გავლენა მას არ მოუხდენია იქ შეკრებილ ადამიანებზე. უბრალოდ შეუძლებელი იყო ამ ადამიანების შეჩერება. არც ვიცი, რა ვთქვა, მაგრამ ფაქტი ასეთია, იმ დღეს უკანდახევა არ იქნებოდა. ეს იმას ჰგავდა, ვინმეს რომ ეთქვა კონსტანტინოპოლის დამცველთათვის, რომ მათ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა და უკან დაეხიათ. ან კიდევ ჩვენი ისტორიიდან სხვადასხვა ბრძოლებს. აქ უკან დახევა ჩვენს ხანგრძლივ გატეხვას ნიშნავდა. მე ვფიქრობ, რომ ეს პატრიარქისთვისაც ნათელი იყო. ამდენად, მისი სიტყვები არც ყოფილა შთამბეჭდავი. მით უფრო ამაში კიდევ იმ ფაქტმა დამარწმუნა, რაც სულ ახლახან, ტელევიზია „მაესტროს“ სტუდიაში თქვა იმდროინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა შოთა გორგოძემ. მისი მონათხრობის მიხედვით, პ
    საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II

    ატრიარქი იქ მოვიდა მაშინდელი საქართველოს ხელისუფლების თხოვნით. ამდენად, ეს თემა არც უნდა განიხილებოდეს. ჩვენს ეკლესიას ჰყავს წმინდანები, რომლებიც სარწმუნეობისა და სამშობლოსათვის სრულიად უთანასწორო ბრძოლაში აღესრულნენ. და სულაც ასიათასი ქართველი წმინდანი, რომელთაც ხატზე არ გაიარეს. ან რას ფიქრობთ სამას არაგველზე, რომლებიც მაშინ  ჩაერთვნენ ბრძოლაში, როდესაც  დამარცხება  გარდაუვალი იყო. ასე რომ  შეეჩერებინათ ეს ადამიანები, ალბათ, ჩვენი ისტორიაც შეჩერებული იქნებოდა უკვე დიდი ხანი….

    [rara_spacing spacing_height=”10px”]
  • როგორ დაიწყო ხალხის რბევა და რა რეაქცია ჰქონდა ხალხს
  • იმ დღეს, უფრო სწორად იმ ღამეს რომ მოსალოდნელი იყო მომიტინგეთა დასაშლელად რაღაც ღონისძიება, აშკარა იყო. ამდენად, ამან უფრო მეტად გააძლიერა ეს ადამიანები და უფრო და უფრო იმატა ადამინების რიცხვმა. მახსოვს უკვე წინადღეებში საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებმაც კი მიიღეს გადაწყვეტილება ღია განცხადებით შეერთებოდნენ მიტინგს. ასევე უკვე ღამის 12 საათიდან კოლმეურნეობის მოედანზე უკვე გამოჩნდა ტანკები, ისინი ნელ-ნელა ზემოთ მოიწევდნენ. მე ამ დღეს აქ არც პანიკა, არც შეშინებული ადამიანი არ მინახავს, ეს იყო მართლაც და აღლუმი ღირსეული ადამიანებისა, რომელთა შესახებ ისტორია ილაპარაკებს და ბევრ მითსაც შექმნის. თუმცა ის, რაც მოხდა სისასტიკის თვალსაზრისით, მაინც წარმოუდგენელი იყო. რუსი ჯარისკაცები იყვნენ შეიარაღებული ე.წ. დუბინკებითა და ბარებით, ასევე, გაუშვეს მომწამლავი გაზი. თავდაპირველად ტანკები შემოვიდა მომიტინგეთა შუაში და გვერდებში დაიწყეს ადამიანების რბევა. კიდევ ერთხელ, აქვე მინდა ვთქვა, განსაკუთრებით გარდაცვლილი ადამინების გასახსენებლად, მათთვის პატივის მისაგებად, ეს იყო თავგანწირვა ღირსეული ადამიანებისა და, ამდენად, ხშირად არ მესმის, როდესაც ყვებიან, რომ ჩვენ თავისუფლებისთვის არ გვიბრძოლიაო და თავისუფლება გვიბოძეს, არა, ამ ადამიანებმა მოიპოვეს თავიანთი ბრძოლით და თავიანთი სისხლით….  კიდევ ერთხელ გავიხსენებ ერთი ჩვენი თანამედროვე ინგლისელი ისტორიკოსის სიტყვებს კონსტანტინოპოლის დამცველთა შესახებ. ის წერს კონსტანტინოპოლის დაცემის შესახებ, რომ საოცრად ამაღელვებელი იყო იმ მებრძოლი ბერძენის სახე, რომელიც უიარაღოდ დახვდა და შეებრძოლა თურქეთის სულთანს და რა ამაზრზენნი იყვნენ ის ბერძნები, რომლებიც რამდენიმე დღის შემდეგ თურქეთის სულთნის კარზე იდგნენ დავთრებით ხელში სულთნისაგან წყალობისა და სამსახურის მოლოდინში.[rara_spacing spacing_height=”10px”]
  • რამდენად საჭირო იყო რუსეთის მხრიდან ასეთი სისასტიკის გამოვლენა და ელოდა თუ არა ხალხი ამას?
  • რუსეთისაგან ეს იყო დამსჯელი ოპერაცია. ის იყო დარწმუნებული, თუ დასჯიდა ქართველ ხალხს , ისე როგორც ეს მოხდა 1921 და 1924 წელებში და ამით გატეხდა დამოუკიდებლობისათვის მოძრაობას. მსგავსი ქმედებები მაშინ ჩაიდინა იმავე წელს რიგაში და მოგვიანებით ბაქოში. მაგრამ, როგორც ჩანს, უკვე ბოლშევიკებს არ შეეძლოთ ძველებურად მართვა, რადგანაც ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში განვითარებულმა მოვლენებმა შეასუსტეს რუსული პოზიცია. უსამართლობამ, ძალადობამ და კორუფციამ შეჭამა საბჭოთა სახელმწიფო. ის უკვე ეკონომიურადაც ღაფავდა სულს. რასაკვირველია, ეს პროცესი გამოიყენეს და ისარგებლეს ნაციონალურმა მოძრაობებმა ყველგან, როგორც საბჭოთა კავშირის შიგნით, ასევე, დიდი ხანია რყევები უკვე დაწყებული იყო ე.წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში: ჩეხეთი, პოლონეთი
    რუსული ტანკები რუსთაველის გამზირზე

 

  • 9 აპრილის დღესასწაულად გამოცხადებად საპატრიარქოს მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. რას იტყვით ამაზე?
  • 9 აპრილის, როგორც დღესასწაულის წინააღმდეგ წასვლა წარმოუდგენელია, მით უფრო ეკლესიის მხრიდან. ეკლესიამ ყველაზე კარგად უწყის, რას ნიშნავს ეს დღე საქართველოსთვის. 9 აპრილი, ასევე, არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ზვიად გამსახურდიამ სპეციალურად ამ დღეს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ძალიან მოკლე დროში ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოში, რომელიც იყო პასუხი იმ რეფერენდუმისა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ატარებდა. საბჭოთა რეფერენდუმში საქართველოს არ მიუღია მონაწილეობა. ასევე, მთავარი ისაა, რაც ბატონმა ზვიადმა თქვა 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების დღეს: „სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს. ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი, 9 აპრილს წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა.“ ამ სიტყვებით ყველაფერია ნათქვამი. უბრალოდ ერთს დავძენ, რადგანაც ხშირია ქართულ საზოგადებაში არასწორი ინტერპრეტაცია ამ დღის. ხშირად მას გლოვის  დღედ აცხადებენ, რადგანაც ამ დღეს დაიღუპნენ ადამიანები. უფრო გასაგები რომ იყოს ქრისტიანებისათვის. როდესაც ადამიანები ასე აღესრულებიან სარწმუნეობისა და სამშობლოსათვის, მათი გარდაცვალების დღე არის მათი ახლად დაბადების დღე და მას ზეიმით აღვნიშნავთ. განა ასეთი არ არის საეკლესიო დღესასწაულები. განა დღესასწაული არ არის ღვთისმშობლის მიძინების დღე, ასევ სხვა წმინდანთა : წმინდა ნიკოლოზის, ნინოს, ბასილის და სხვათა ხსენება და დღესასწაული მათი გარდაცვალების დღეები არ არის? ასე რომ, სრულიად ნათელია ის, რომ 9 აპრილი არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე. 
    9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ შავი დროშებით

 

  • შეიძლება ითქვას, რომ 9 აპრილი მე-20 საუკუნის დიდგორია?
  • მე ასე არ ვიტყოდი და არ შევადარებდი ამ დღეებს. ეს ჩვენი ისტორიაა და მისი ყოველი დღე ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ყველა წინა დღე განაპირობებს შემდეგს. აქაც ასეა, დიდგორი არის ჩვენი ძლიერების გამომხატველი დღე. დღე, რომელმაც განაპირობა ის ოქროს ხანა საქართველოში, რომელიც გვქონდა მომდევნო საუკუნეებში. ასევე, ვფიქრობ, რომ 9 აპრილი არის ქართველი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლის ამაღლებული დღე და ის ასეთად დარჩება ჩვენს ისტორიაში. ამ დღეს ვერავინ წაშლის. დღესასწაულებს და დღეებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ერის მეხსიერებისათვის, რაც მის აწმყოს განაპირობებს. ასეთი გადმოცემა არსებობს: მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც პარიზში მყოფმა ფაშისტებმა, იმისათვის, რომ ფრანგებს ჟანა დარკის ხსენების დღეს პატივი არ მიეგოთ მისი ხსოვნისათვის  (ჟანა დარკი არის საფრანგეთის სახელმწიფოს მფარველი წმინდანი), ჟანა დარკის ძეგლი კორდონში მოაქციეს. მაგრამ მეორე დილით მათ ნახეს, რომ ვიღაცას მაინც მიეტანა თეთრი ვარდები ჟანას ძეგლთან, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფაშისტები ფრანგებს ვერ დაამარცხებდნენ.
  •  იყო თუ არა 9 აპრილი საბჭოთა კავშირის დანგრევის პირველი ბიძგი? 
  • რასაკვირველია, 9 აპრილი არის ის დღე, როდესაც კომუნისტებს აეხადათ ნიღაბი, უკვე ნათელი იყო ყველასათვის, თვით ახალგაზრდა კომკავშირლებისა და უბრალო მშრომელი ადამიანებისათვის, რომ რუსეთი ჩვენი უფროსი ძმა კი არ იყო, არამედ დამპყრობელი, რომელმაც რუსთაველის გამზირზე თავისუფლებისათვის მებრძოლი ახლაგაზრდების სისხლი დაღვარა.  უკვე კომუნისტების სისხლიანი კალთა გამოჩნდა და კიდევ უფრო მეტი – სულ ცოტა ხანში საქართველოს მაშინდელი უზენაესი საბჭო იძულებული გახდა , რომ ეღიარებინა, 1921 წელს მოხდა საქართველოს ანექსია რუსეთის მიერ. ამის შემოქმედები კი იყვნენ კომუნისტები. დაიწყო კომუნისტი ლიდერების ლენინის, ორჯონიკიძის ძეგლების დემონტაჟი. ასე რომ, ეს დღე იყო იმ ერთობის დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა უარი თქვა საბოლოოდ ღიად და გამოკვეთილად საბჭოთა რეჟიმზე, კომუნისტური პარტიის ერთპიროვნულ მმართველობაზე და ის, რომ მას არ შეუძლია და არც დარჩება რუსეთის მოდერნიზირებულ იმპერიაში.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button