ახლო აღმოსავლეთიისტორია

ახლო აღმოსავლეთის ქალაქები №4 – დამასკო

დამასკო ცნობილია, როგორც ანტიკური ქალაქი, თუმცა ამ ოაზისის დაარსების თარიღი ჯერჯერობით გაურკვეველია. 1950 წელს ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენა, რომ ურბანული ცენტრი დამასკოს სამხრეთ-აღმოსავლეთით ძვ.წ IV ათასწლეულში არსებობდა. ძველ ქალაქში აღმოაჩინეს ძვ.წ III ათასწლეულის ჭურჭელი და თიხის ფილა, რომელზეც გვხვდება ქალაქის დასახელების უძველესი წარწერა: „დამასკი“. პირველი წერილობითი ცნობა ქალაქის შესახებ გვხვდება ელ-ამარნაში, ფილაზე, რომელზეც დამასკო ეგვიპტური იეროგლიფებით მოხსენიებულია თუტმოს III-ის დაპყრობილ ქალაქებს შორის (ძვ.წ 1490).

ძვ.წ I ათასწლეულში დამასკო გახდა არამეული სამთავროს დედაქალაქი, რომელზეც ისტორიულ ცნობებს ძირითადად ბიბლიასა და ასირიული ჩანაწერებში ვხვდებით. ამ პერიოდის მნიშვნელოვან მატერიალურ კვალს წარმოადგენს ქვის ფილაზე გამოსახული ფრთოსანი სფინქსი. ის დიდი მეჩეთის გათხრების დროს აღმოაჩინეს. არამეელებმა დატოვეს მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა სარწყავი სისტემების, ადგილებისა და ქალაქების სახელწოდებებისა და არამეული ენის სახით, რომელიც ისლამის შემოსვლამდე რეგიონში ძირითად ენას წარმოადგენდა. წარმატებული წლების შემდეგ დამასკო, სხვა ქალაქების მსგავსად, უცხოელ დამპყრობლებთან ბრძოლაში არაერთხელ დაეცა – ასურელებთან (ძვ.წ VIII ს), ბაბილონელებთან (ძვ.წ VII ს), სპარსელებთან (ძვ.წ VI ს), ბერძნებთან (ძვ.წ IV ს) და რომაელებთან (ძვ.წ I ს).

დამასკო

ძვ.წ 333 წელს, ალექსანდრე მაკედონელის მიერ დამასკოს დაპყრობის შემდეგ, თითქმის 1000 წლის განმავლობაში, ქალაქი იქცა ელინისტური სამყაროს ნაწილად. არამეული დასახლება თანაარსებობდა ბერძნულ ახალშენთან ერთად. ელინისტური კულტურის ინტეგრაცია გაგრძელდა რომაელების ბატონობის პერიოდშიც, დამასკო რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ქალაქი იყო.

ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ციტადელი რომაულ საძირკველს ეყრდნობა. მისგან აღმოსავლეთით, დაახლოებით 200 მეტრის მოშორებით, აღმართულია დიდი მეჩეთი, რომელიც ომაიანებმა ააშენეს იმავე ადგილას, სადაც მანამდე ადადის არამეული ტაძარი, იუპიტერის რომაული ტაძარი და წმინდა იოანეს ბიზანტიური ეკლესია ფუნქციონირებდა.

სირიის დანარჩენი ნაწილის მსგავსად, დამასკოც IV საუკუნეში გაქრისტიანდა. რომის იმპერიის გაყოფასთან ერთად, ქალაქი იქცა ბიზანტიის იმპერიის მნიშვნელოვან სამხედრო პუნქტად. მიუხედავად ამისა, სასულიერო, პოლიტიკური და დოქტრინული განსხვავებები სირიელებსა და კონსტანტინეპოლს შორის სულ უფრო იზრდებოდა. გარდა ამისა, VII საუკუნის სპარსული ომების დიდი ნაწილი 635 წელს სირიის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, რამაც ქვეყნის ეკონომიკა გაანადგურა. ამ ყველაფრის შედეგად, დამასკოელებმა საკუთარი ნებით გაუღეს ქალაქის კარები მუსლიმურ არმიებს.

ისლამური ქალაქი

მუსლიმებმა ადგილობრივებისგან განსხვავებული მსოფლმხედველობა შეიტანეს ქალაქში, თუმცა, ამასთან ერთად მათ წვლილი შეიტანეს ქალაქის არქიტექტურულ ცვლილებაში. 661 წელს ომაიანთა პირველმა ხალიფამ, მუავია I-მა სირიის დედაქალაში დააარსა სასამართლო, სადაც გადმოიტანა მთავრობის ცენტრი. ამის შემდეგ, თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში დამასკო წარმოადგენდა არაბთა იმპერიის (ისლამურ ისტორიაში ყველაზე ვრცელი იმპერია) დედაქალაქს, რომელიც გადაჭიმული იყო დღევანდელი ესპანეთიდან ჩინეთამდე. ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი, დამასკოს დიდი მეჩეთი, ხალიფა ვალიდ I-მა ააშენა 706-715 წლებში. მიუხედავად იმისა, რომ მეჩეთი არაერთხელ დაზიანებულა, დამწვარა და აღდგენილა, კვლავ ისლამური არქიტექტურის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია. ერთ დროს მისი კედლების ზედაპირს მოოქროვილი მოზაიკა ამშვენებდა, რომლისგანაც მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. სხვადასხვა მოსაზრებებით კედლებზე გამოსახული იყო სხვადასხვა მცენარე და ულამაზესი პეიზაჟები, რაც ძალიან ჰგავდა სამოთხის სცენებს.

ომაიანთა დიდი მეჩეთი

ომაიანთა დაცემის შემდეგ, 750 წელს აბასიანებმა დედაქალაქი ბაღდადში გადაიტანეს. დამასკო აჯანყებების გამო არაერთხელ დასაჯეს ახალი დინასტიის წარმომადგენლებმა და მას პროვინციული ქალაქის სტატუსი დაუბრუნდა. ომაიანთა აშენებული შენობები და ქალაქის სიმაგრეები დაანგრიეს. სავაჭრო გზის მარშრუტის შეცვლის შედეგად დამასკომ ეკონომიკური მნიშვნელობაც დაკარგა. სიტუაცია არ გაუმჯობესებულა არც IX საუკუნეში, როდესაც დედაქალაქი ბაღდადიდან კაიროში გადავიდა, არც მაშინ, როდესაც დამასკოს მმართველობა ხელში თურქ-სელჩუკებმა ჩაიგდეს. XI საუკუნის ბოლოს ჯვაროსნები დიდ საფრთხეს უქმნიდნენ დამასკოს და, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქმა მათგან თავი დაიძვრინა, უამრავი ალყისა და იერიშის შედეგად ძალიან დასუსტდა.

ამ ქაოტურ პერიოდში ქალაქის კედლები გაძლიერებული კარიბჭეებით აღადგინეს. ასევე, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით აშენდა ციტადელი. ამავე პერიოდში შეიქმნა ცალ-ცალკე გამოყოფილი, თვითმმართველი კვარტლები. XII საუკუნეში ქალაქი დაიყო ცალკეულ საზოგადოებებად, საკუთარი მეჩეთებით, აბანოებით, მცირე ბაზრებით, წყლის მარაგებითა და ა.შ, ხოლო დამასკოს დიდი მეჩეთი და ცენტრალური ბაზარი გამაერთიანებელ ადგილებს წარმოადგენდა.

ახალი ერა დაიწყო მას შემდეგ, რაც ძლიერმა თურქმა ემირმა – ნურ ად-დინმა 1154 წელს დამასკო დაიპყრო და კიდევ ერთხელ აქცია ძლიერი სამეფოს დედაქალაქად. ამავდროულად, მან შექმნა ბაზა, საიდანაც ჯვაროსნების წინააღმდეგ ლაშქრობდა. ქალაქი გამოცოცხლდა: აღმართეს რელიგიური და სამოქალაქო ნაგებობები, ძველების აღდგენასთან ერთად გამოჩნდა ახალი არქიტექტურული ფორმები.

მიუხედავად სამხედრო და ეკონომიკური სირთულეებისა, დამასკო სალადინისა და აიუბიდების მმართველობის პერიოდშიც განაგრძობდა აღორძინებას. ქალაქი იქცა საგანმანათლებლო და რელიგიურ ცენტრად, სადაც არაერთი სასწავლებელი აშენდა. აიუბიდები ნათესაური კავშირების გამო მფარველობდნენ ქურთებსაც, რომლებიც ძირითადად ჯარში მსახურობდნენ.

სალადინის ძეგლი დამასკოში

1260 წელს მონღოლთა დამანგრეველი შემოსევების შემდეგ სირიის დიდი ნაწილი ეგვიპტის ახალ მმართველებს – მამლუქებს ემორჩილებოდა. დამასკოში სულთნის მარჯვენა ხელი დაჯდა. მონღოლთა წასვლის შემდეგ ქალაქის ეკონომიკა სწრაფად აღორძინდა და პიკს XIV საუკუნეში, ტანკიზის მმართველობის დროს მიაღწია.

150 წელზე მეტი დამასკო მუსლიმთა ერთ-ერთი ძირითადი კერა იყო ჯვაროსნების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ ბრძოლების ოთხი გამორჩეული მუსლიმი ლიდერი დამასკოს დიდი მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან დაკრძალულნი: ნურ ად-დინი, სალადინი, ალ-ადილი (სალადინის ძმა) და მამლუქთა სულთანი ბეიბარს I. მათი სამარხები ქალაქის შუასაუკუნოვანი ნაგებობების თვალსაჩინო ნიმუშებია, რომლებიც 1990-იან წლებში აღადგინეს.

წარმატებასთან ახლოს მყოფმა დამასკომ ორი დიდი უბედურება გამოიარა მამლუქთა მმართველობის ხანაში: პირველი იყო 1348–49 წლებში გავრცელებული შავი ჭირი, რომლის გამოც, ქალაქის მაცხოვრებელთა თითქმის ნახევარი დაიღუპა. მეორე კი – 1401 წელს თემურ ლენგის მიერ ქალაქის აოხრება, რომელმაც ყველა გამოცდილი ხელოსანი სამარყანდში გადაასახლა. მოგვიანებით, ამ უბედურებებმა, მამლუქთა უმეცარ მმართველობასთან ერთად, გამოიწვიეს ქალაქის ეკონომიკისა და სტრუქტურის მოშლა. მიუხედავად იმისა, რომ XV საუკუნეში ურბანიზაციის დონე იზრდებოდა, ეს ძირითადად განპირობებული იყო სასოფლო რეგიონებიდან მიგრირებული ხალხის ჩამოსახლებით. გაუდაბნოებული სოფლები იყო იმის დასტური, რომ ოსმალთა სულთანის – სელიმ I-ის დაპყრობის წინ, დამასკოს ეკონომიკა და ურბანული სტრუქტურა განადგურებულიყო.

ოსმალთა ბატონობა

ოსმალთა დაპყრობით დამასკომ დაკარგა პოლიტიკური, თუმცა მოიპოვა კომერციული მნიშვნელობა. ახლო აღმოსავლეთისა და ბალკანეთის ერთ იმპერიაში გაერთიანებამ ხელი შეუწყო შიდა ვაჭრობის განვითარებას, მაგრამ იმის გამო, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში ევროპული ქალაქებმა მოიპოვეს უპირატესობა, სირიული ქალაქების როლი საკმაოდ დაკნინდა.

ოსმალთა ბატონობის პერიოდში დამასკოს ეკონომიკის მთავარი მასტიმულირებელი ჰაჯის (პილიგრიმების) სეზონი იყო. ოსმალთა სულთნებმა, რომლებმაც ორი წმინდა ქალაქის (მექასა და მედინას) დამცველთა პრესტიჟული ტიტული მოიპოვეს, მოინდომეს ამ ქალაქებში ჰაჯის ორგანიზება და უსაფრთხოება.

დამასკო, როგორც უკანასკნელი ურბანული ცენტრი ანატოლიიდან მექის გზაზე, გახდა ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან მომავალ პილიგრიმთა ოფიციალური შეხვედრის ცენტრი. შედეგად, ჰაჯის პერიოდში პილიგრიმთა გამასპინძლება გახდა დამასკოს უმთავრესი კომერციული საქმიანობა.

ჰაჯთან დაკავშირებული ურბანიზაცია ბუნებრივად იყო მიმართული მექისკენ. ალ-მაიდანი, მთელი უბანი, რომელიც რამდენიმე კვარტალსა და სოფელს მოიცავდა, გალავნიანი ქალაქის სამხრეთით განვითარდა. მომგებიანი ვაჭრობის განვითარების შედეგად ქალაქის ცენტრში იმატა ქარვასლების შენებამ. კულმინაცია იყო ორი მონუმენტური ქარვასლის აშენება დიდი მეჩეთის სამხრეთით, რომლებიც სულეიმან და ასად ფაშებმა ააგეს. ისინი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები იყვნენ XVIII საუკუნეში.

XIX საუკუნეში დაიწყო ახალი ერა, როდესაც ევროპელების გლობალურ ჰეგემონიას ვესტერნიზაციისა და მოდერნიზაციის ტალღა მოჰყვა. დამასკოს, ისევე როგორც სირიის სხვა ქალაქთა ეკონომიკა ევროპულ ბაზარზე გახდა დამოკიდებული, თუმცა მალევე სისტემური მოდერნიზაციის პროცესი შენელდა. 1860 წლის ძალადობრივი რელიგიური გამოსვლების გამო ევროპას პირდაპირ მოუწია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა, განსაკუთრებით თანამედროვე ლიბანის ტერიტორიაზე.

1878 წელს დამასკოს გუბერნატორი მიდატ ფაშა გახდა. მან გააფართოვა ქუჩები გააუმჯობესა საცხოვრებელი პირობები და სანიტარული სისტემა. XX საუკუნის დასაწყისში გერმანელმა ინჟინრებმა ააშენეს დამასკო-მედინას სარკინიგზო ხაზი, რაც პილიგრიმებისთვის გზას 5 დღით ამცირებდა. პირველი მსოფლიო ომის დროს კი დამასკო იყო გერმანიისა და თურქეთის საერთო შტაბ-ბინა.

იმავე პერიოდში დაიწყო არაბული ნაციონალიზმის აღზევება, რამაც დამასკოშიც მოიკიდა ფეხი. 1916 წელს დაიწყო ანტიოსმალური არაბული აჯანყება, რის პასუხადაც ქემალ ფაშამ 6 მაისს 21 არაბი ნაციონალისტი ჩამოახრჩო. ამ დღეს დღემდე მოწამეთა დღეს უწოდებენ.

საბოლოოდ ოსმალები არაბებისა და ბრიტანელების ორმაგი თავდასხმის შედეგად დამარცხნენ და ქალაქი 1918 წელს დატოვეს. 1919 წელს სირია გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, მისი დედაქალაქი კი დამასკო გახდა.

თანამედროვე ეპოქა

სირიის სამეფოს დამოუკიდებლობა დიდი ხნით არ გაგრძელებულა. პირველი მსოფლიო ომის დროს ევროპულმა სახელმწიფოებმა საიდუმლოდ მოილაპარაკეს ოსმალეთის პროვინციების ერთმანეთს შორის გადანაწილების შესახებ. სირია საფრანგეთის მანდატს დაექვემდებარა. 1920 წელს დამასკო დაეცა, თუმცა წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებდა, რის გამოც 1925 წელს ფრანგებმა ქალაქი დაბომბეს.

დაუყოვნებლივ შეიქმნა ახალი ურბანული გეგმა და ძველი ქალაქის გარშემო აშენდა თანამედროვე საცხოვრებელი კორდონი. თანამედროვე შენობების სტილი დაუპირისპირდა ტრადიციულს და დროთა განმავლობაში სრულად ჩაანაცვლა.

დიდი იდეოლოგიური ბრძოლების შედეგად, 1946 წელს საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირია დატოვეს და დამასკო კიდევ ერთხელ გახდა დამოუკიდებელი სირიის დედაქალაქი.

მიუხედავად ამისა, სირიის რესპუბლიკა არ აღმოჩნდა საკმარისად ძლიერი, რათა გაეძლო რეგიონში მძვინვარე აჯანყებებისა და ომებისთვის (პალესტინის დაყოფა 1948 წელს; ისრაელ-არაბების ომები). 1949-1970 წლების გადატრიალებათა სირიამ უამრავი სხვადასხვა ლიდერი მოიყვანა ძალაუფლებაში, ქალაქის ქუჩებში მუდმივად ტანკები დაგრიალებდნენ.

1970 წელს იმდროინდელმა თავდაცვის მინისტრმა, ჰაფიზ ალ-ასადმა მოაწყო შიდა გადატრიალება და სახელმწიფოს 30 წლით ჩაუდგა სათავეში. 2000 წელს კი ძალაუფლება მის შვილს – ბაშარ ალ-ასადს გადაეცა. დამასკომ კვლავ განაგრძო ცხოვრება, როგორც პოლიტიკური ძალებისთვის საინტერესო და ინვესტიციებისთვის მიმზიდველმა ქალაქმა.

დღეს დამასკო თანამედროვე მეტროპოლისია უამრავი პრობლემით, რომელიც მსოფლიოს სხვა ქალაქებსაც გააჩნიათ. ქალაქის ცენტრს ესაჭიროება კონსერვაციის პროგრამები, რათა შენარჩუნდეს დამასკოს დინამიური განვითარების სახე. დღემდე შემორჩენილია ძველი და შუა საუკუნეების ძეგლები.  რომის ბატონობის პერიოდიდან შემორჩენილია ქალაქის გალავანი, ჭიშკარი, მონუმენტური თაღის ნანგრევები და მაღალი კორინთული კოლონადით შემკული დამასკოს იუპიტერის საკურთხევლის ნაშთი. შუა საუკუნეების ძეგლებიდან კი ომაიანთა მეჩეთი, ნურ-ალ-დინის ჰოსპიტალი და მედრესე ალ-ნურია, სალადინის მავზოლეუმი, ციხესიმაგრის კოშკები და ჭიშკარი, აზემის სასახლე და ა.შ.

ასად ფაშას ქარვასლა

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button