ახლო აღმოსავლეთიისტორია

ახლო აღმოსავლეთის ქალაქები №7 – ბეირუთი

ბეირუთის ანტიკურობაზე მისი დასახელებაც მეტყველებს, რომელიც ქანაანურ ენაზე მიწისქვეშა წყლებს ნიშავნს. სიმბოლურია, რომ ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ მიწისქვეშა წყლებს ადგილობრივები დღესაც მოიხმარენ.  

ადრეული პერიოდი

ქალაქი ეგვიპტურ ჩანაწერებში ჯერ კიდევ ძვ.წ II ათასწლეულშია მოხსენიებული, თუმცა მას განსაკუთრებული ყურადღება იქამდე არ ექცეოდა, სანამ ძვ.წ 14 საუკუნეში რომაული კოლონიის – იულია ავგუსტა ფელიქს ბერიტუსის სტატუსი არ მიენიჭა. თავდაპირველად ქალაქი ორ მთას შუა, ხეობაში მდებარეობდა. მისი გარეუბნები, ძირითადად, რომაელი დიდგვაროვნების მოდურ საცხოვრებლებს ეკავა. ახ.წ III-VI საუკუნეებში ბეირუთი განთქმული იყო სამართლის სკოლით. რომაული ქალაქი VI საუკუნეში მიწისძვრებსა და მოქცევის ტალღებს შეეწირა. როდესაც მუსლიმმა დამპყრობლებმა ბეირუთი დაიკავეს (635 წელს), ქალაქის უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ ნანგრევებში იყო მოყოლილი.

რომაული ბერიტუსის ნანგრევები

მუსლიმთა და ქრისტიანთა მმართველობა

მუსლიმებმა აღადგინეს ბეირუთი და აქციეს გალავნით შემოსაზღვრულ საგარნიზონო მცირე ქალაქად, რომელიც ბაალბექიდან იმართებოდა. IX-X საუკუნეებამდე ქალაქს კომერციული მნიშვნელობა არ შეუძენია. იგი, ძირითადად, ცნობილი იყო ორი ადგილობრივი იურისტის – ალ-ავზა’ისა და ალ-მახულის მოღვაწეობით.

X საუკუნიდან ხმელთაშუა ზღვაში საზღვაო ვაჭრობის განახლებამ ბეირუთის მნიშვნელობა გაზარდა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც 977 წელს სირია ეგვიპტელი ხალიფების – ფატიმიდების მმართველობის ქვეშ მოექცა.

1110 წელს ქალაქი პირველმა ჯვაროსნულმა ლაშქარმა დაიპყრო და სანაპიროზე მდებარე გარეუბნებთან ერთად იერუსალიმის ლათინურ ფეოდალურ სამეფოდ იქცა. ბეირუთი, როგორც ჯვაროსნების ერთ-ერთი პუნქტი, მომგებიანად ვაჭრობდა გენუასთან და სხვა იტალიურ ქალაქებთან, თუმცა მისი სტრატეგიული მნიშვნელობა კვლავ მოიკოჭლებდა, რადგან მუდმივად იდგა მომთაბარე ტომებისგან თავდასხმის საფრთხე. 1187 წელს სალადინმა ქალაქი ჯვაროსნებისგან გაათავისუფლა, თუმცა 10 წლის შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა იგი კვლავ დაკარგეს. საბოლოოდ, ბეირუთიდან ჯვაროსნები 1291 წელს გაყარეს მამლუქებმა. მათი მმართველობის ქვეშ კი ბეირუთი იქცა სირიის უმთავრეს საპორტო ქალაქად, სადაც ვენეციელ ვაჭრებს სუნელები შემოჰქონდათ.

ოსმალთა ბატონობა

ბეირუთი, ისევე, როგორც სირიისა და ეგვიპტის დანარჩენი ნაწილები ოსმალთა ხელში 1516 წელს გადავიდა, მას შემდეგ, რაც პორტუგალიელებმა რეგიონთან სავაჭრო გზები გაწყვიტეს. ამის შემდეგ ქალაქმა კომერციული მნიშვნელობა დაკარგა, თუმცა თავს ლიბანური აბრეშუმის ევროპაში, ძირითადად, საფრანგეთსა და იტალიაში გატანით ირჩენდა. ამ პერიოდში ბეირუთი დამასკოს ოსმალთა პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა.

1768-74 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს, რუსული დაბომბვების შედეგად ქალაქმა მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღო. ადგილობრივ ემირებსა და ოსმალებს შორის მძიმე ბრძოლების შედეგად, ისედაც დასუსტებული ქალაქი, საბოლოოდ, 6000 მაცხოვრებლიან სოფლად გადაიქცა.

თანამედროვე ბეირუთის ზრდა ევროპაში მომხდარმა ინდუსტრიულმა რევოლუციამ განაპირობა. დასავლური სამყაროს ქარხნულმა პროდუქციამ რეგიონის ბაზრები მთლიანად დაიპყრო, განადგურებული ბეირუთის გამოცოცხლებისთვის კი თანამედროვე ინდუსტრიული პროდუქტებით ვაჭრობა ერთადერთი გზა იყო.

მუჰამედ ალი ფაშას თაოსნობით ეგვიპტის მიერ სირიის ოკუპაციის შედეგად (1832-40) ბეირუთი შევიდა კომერციული განვითარების ახალ ფაზაში. 1848 წელს ეგვიპტის ოკუპაციის დასრულების შემდეგ ქალაქი მცირე ხნით კვლავ განიცდიდა რეგრესს, თუმცა მალევე დაიწყო კედლების აღდგენა, მოსახლეობა კი უკვე 15 000-ს შეადგენდა. მთებში მიმდინარე სამოქალაქო ომების შემდეგ, რომლის დროსაც დრუზები ქრისტიანებს ხოცავდნენ, ბეირუთის მოსახლეობა კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან მას დიდი რაოდენობით დევნილმა ქრისტიანებმა შეაფარეს თავი. 1861-1914 წლებში გარე ძალების ჩარევის წყალობით მოხერხდა კონფლიქტის დასტაბილურება. 1888 წელს ბეირუთი გახდა ერთ-ერთი პროვინციის (ვილაიეთის) დედაქალაქი, რომელიც პალესტინის ჩათვლით, მთელი სირიის სანაპირო ზოლს მოიცავდა. საუკუნის მიწურულს ქალაქში უკვე 120 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა.

ამავდროულად, ბეირუთში, განსაკუთრებით, განათლების სფეროში, გააქტიურდნენ კათოლიკე და პროტესტანტი მისიონერები დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან და ა.შ. 1866 წელს ამერიკელმა პროტესტანტმა მისიონერებმა დააარსეს სირიის პროტესტანტული კოლეჯი, რომელიც მოგვიანებით ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტად იქცა. 1881 წელს კი იეზუიტთა ორდენის წარმომადგენლებმა ქალაქში დააფუძნეს წმ. იოსების უნივერსიტეტი. კათოლიკე და პროტესტანტი მისიონერების მიერ შემოღებულმა სტამბებმა, ხელი შეუწყო ქალაქში საგამომცემლო ინდუსტრიის განვითარებას. იბეჭდებოდა, ძირითადად, არაბულად თუმცა, შიგადაშიგ ფრანგულ და ინგლისურ ენებზეც. 1900 წლისთვის ბეირუთი არაბული ჟურნალისტიკის ავანგარდს წარმოადგენდა. ინტელექტუალური კლასი ცდილობდა არაბული კულტურის გაცოცხლებასა და აღორძინებას, რამაც, საბოლოოდ, ბეირუთი ახალი არაბული ნაციონალიზმის მედროშედ აქცია.

თანამედროვე ბეირუთი

I მსოფლიო ომის დროს ბეირუთი მოკავშირეებმა დაიკავეს და 1920 წელს ქალაქში, რომელიც დიდი ლიბანის სახელმწიფოს დედაქალად აღიარეს, ფუნქციონირება დაიწყო საფრანგეთის მიერ ჩამოყალიბებულმა ხელისუფლებამ. დიდი ლიბანი 1926 წელს ლიბანის რესპუბლიკა გახდა.  ბეირუთის მუსლიმები აღშფოთდნენ, რადგან ლიბანში ქრისტიანები დომინირებდნენ, ამიტომ მათ პან-არაბიზმისკენ დაიწყეს სწრაფვა. ასე გაჩნდა შიდა დაპირისპირების პირველი ნიშნები. 1943 წელს ლიბანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საფრანგეთის ჯარებმა ქვეყნის ტერიტორია 1946 წელს დატოვეს. სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა მოსახლეობის მკვეთრი მატება, რამაც გამოიწვია დაძაბულობის გაღვივება. კიდევ უფრო გაუარესდა სიტუაცია მას შემდეგ, რაც 1948 წლის პალესტინის ომის შემდგომ, ქვეყანამ ათასობით პალესტინელი ლტოლვილი მიიღო. ბეირუთსა და ლიბანის დანარჩენ ტერიტორიაზე მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაძაბულობის შედეგად, 1958 წელს დაიწყო ღია საბრძოლო მოქმედებები. კონფლიქტმა სამოქალაქო ომის სახე მიიღო 1975-90-იან წლებში. ერთ დროს მდიდარი და კულტურული მრავალფეროვნებით განთქმული ბეირუთი კვლავ დასუსტდა და დანაწევრდა.

დასავლეთ ბეირუთი, ძირითადად, ისრაელსა და პალესტინის განმათავისუფლებელ ორგანიზაციას (პგო) შორის მიმდინარე შეტაკებების დროს განადგურდა 1982 წელს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისრაელმა სრულმასშტაბიანი სამხედრო იერიში მიიტანა ქალაქში არსებულ პგო-ის ბაზებზე. ისრაელის შენაერთებმა დაიკავეს დასავლეთ ბეირუთი, სადაც პგო-ის პარტიზანული შტაბები აგრძელებდნენ ოპერირებას. ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებების გრძელვადიანი პროცესი, რათა პგო-ს ლიდერებსა და მებრძოლებს მშვიდობიანად დაეტოვებინათ ლიბანის ტერიტორია და სხვა არაბულ ქვეყნებში გადასულიყვნენ.

სამოქალაქო ომი

ისრაელის ჯარების გაყვანის შემდეგ განხეთქილება კიდევ უფრო გაღრმავდა. ვერც სირიის ჯარების შესვლამ და ვერც კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებამ ვეღარ შეძლო სამოქალაქო ომის შეჩერება. ბეირუთში ბრძოლები გაგრძელდა, რის გამოც მოსახლეობის უმრავლესობამ ქალაქი დატოვა.

1984 წლის დასაწყისში, ლიბანის ქრისტიანულმა არმიამ ძალის გამოყენებით სცადა დაემყარებინა კონტროლი დასავლეთ ბეირუთზე, თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და ქალაქი კვლავ ორ ნაწილად დარჩა გაყოფილი. აღმოსავლეთ ბეირუთში ლიბანის არმია ქრისტიანულ სამხედრო დაჯგუფება – ლიბანურ ძალებთან თანამშრომლობით წესრიგის 1989 წლამდე ინარჩუნებდა. დასავლეთ ბეირუთში კი, მას შემდეგ, რაც მუსლიმური სამხედრო დაჯგუფებები გავლენების მოსაპოვებლად ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, სრული ანარქია სუფევდა. უსაფრთხოების სისტემა მთლიანად ჩამოიშალა: გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს აჰყავდათ მძევლები, როგორც ლიბანის, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური ქულების მისაღებად, კლავდნენ კიდეც მათ. 1986 წელს დასავლეთ ბეირუთის ლიდერები ევედრებოდნენ სირიას კვლავ შეეყვანა ჯარი და ქალაქში წესრიგის დამყარება დაეწყო. 1989 წელს ლიბანის არმიამ მრავალთვიანი საარტილერიო დაბომბვების შემდეგ, ქალაქის მუსლიმური ნაწილი, თითქოსდა გაათავისუფლა სირიის ოკუპაციისგან, თუმცა სამოქალაქო ომში მონაწილე დაჯგუფებები ხშირად იცვლიდნენ მხარეებს. დასკვნით ეტაპზე, აღმოსავლეთ ბეირუთი (ქრისტიანული ნაწილი) და მისი გარეუბნები თითქმის სრულად განადგურდა, რადგან ამჯერად, შეტაკება ყოფილ მოკავშირეებს – ლიბანის არმიასა და ქრისტიანულ ლიბანის ძალებს შორის მოხდა.

საბოლოოდ, ამავე წელს გაფორმდა ტაიფის შეთანხმება, რომლის შედეგადაც სამოქალაქო ომის დასრულება დაიწყო. 1991 წელს პარლამენტმა მიიღო ამინისტიის დადგენილება და გათავისუფლდა ყველა პოლიტიკური პატიმარი. ასევე, თითქმის ყველა სამხედრო-პოლიტიკურმა დაჯგუფებამ, ყველაზე გავლენიანი ჰეზბოლას გარდა, განიარაღება დაიწყო. 1992 წელს ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, 1972 წლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში სირიამ ლიბანში დიდი გავლენები მოიპოვა.

სამოქალაქო ომის დასრულების შემდგომ წლებში, ბეირუთი დიდი ძალისხმევით შეუდგა განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას. ქალაქმა შეიმუშავა სატრანსპოროტო საშუალებების მოდერნიზაციის, ისტორიული ნაგებობების აღდგენის, ეკონომიკური სექტორის კერძო ინვესტიციებით გაცოცხლების გეგმა. 15 წლიანი სამოქალაქო ომგამოვლილმა ბეირუთმა, 1997 წელს პან-არაბულ თამაშებს უმასპინძლა. XXI საუკუნეს იგი დიდი რეკონსტრუქციებითა და განახლებული ოპტიმიზმით შეეგება.

ბეირუთის სამოქალაქო ომის შედეგი

და მაინც, ბეირუთზე დღემდე ძლიერ მოქმედებს ახლო აღმოსავლეთსა და ლიბანში არსებული დაუსრულებელი დაძაბულობა. 2006 წლის ივლისში ქალაქმა კვლავ იხილა შეიარაღებული დაპირისპირება, ისრაელსა და ლიბანს შორის. ორი წლის შემდეგ, როდესაც მთავრობა შეეცადა ჰეზბოლას კერძო სატელეკომუნიკაციო ქსელების აკრძალვას, ამ უკანასკნელმა ძალადობრივი გზით მოახერხა ქალაქის უდიდეს ნაწილზე კონტროლის დამყარება. მორიგი დაპირისპირების განუხტვა მხოლოდ ყატარის შუამავლობით მოხერხდა.

თუ ქალაქი XXI საუკუნის პირველ ათწლეულში ძალიან სწრაფად ვითარდებოდა, სირიის სამოქალაქო ომმა ბეირუთისა და, ზოგადად, ლიბანის წინსვლა მნიშვნელოვნად შეანელა. ასევე, ნავთობის ფასების ვარდნამ, სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში უცხოური ინვესტიციების შემცირება გამოიწვია. შედარებით მშვიდი წლები 2015 წლის 12 ნოემბერს დაირღვა, როდესაც ბეირუთს „ისლამური სახელმწიფოს“ თვითკვლელი ტერორისტები დაესხნენ თავს. აფეთქებებს 40-ზე მეტი მოქალაქე შეეწირა, დაშავდა 240-მდე.

ანტისამთავრობო პროტესტი

შენელებულმა ინვესტიციებმა და ომის შემდგომი რეკონსტრუქციების გამო დაგროვილმა დავალიანებებმა, 2010 წელს ლიბანში დიდი ფინანსური კრიზისი გამოიწვიეს. 2019 წელს მუდმივად პოლიტიკურ დაპირისპირებებში ჩართულმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ბეირუთის სამხრეთით გაჩენილი მასიური ხანძრის ჩაქრობა. რამდენიმე დღის შემდეგ კი მთავრობამ ახალი საგადასახადო სისტემა შემოიღო, რაც მოსახლეობამ ვეღარ აიტანა და აგორდა პროტესტების დიდი ტალღა ბეირუთსა და ლიბანის სხვა ქალაქებში. 2020 წლის 4 აგვისტოს ქალაქში მოხდა დიდი აფეთქება, რასაც 200-მდე ადამიანი შეიწირა და განადგურდა ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი. ოფიციალური ვერსიით, აფეთქდა უყურადღებოდ დატოვებული 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი. აფეთქების შემდეგ კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა და ბეირუთის მოსახლეობა კვლავ ქუჩაში გამოვიდა. შედეგად გადადგა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მასთან ერთად მთელი მთავრობა.

 ბეირუთის მფარველ წმინდანად ლიბანელი ქრისტიანები წმინდა გიორგის მიიჩნევენ 

ბეირუთი ერთ-ერთი ყველაზე მრავალკულტურული და მრავალკონფესიური ქალაქია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მაცხოვრებლების 52%-ს მუსლიმები, შეადგენენ, ქრისტიანები 42%-ს, დრუზები 5%-ს, დანარჩენები კი 1%-ს. ქალაქი იყოფა სამ ძირითად ნაწილად – დასავლეთ ბეირუთი, სადაც უმრავლესობა მუსლიმია, აღმოსავლეთ ბეირუთი, სადაც უმეტესად ქრისტიანები ცხოვრობენ და ე.წ. სამხრეთ გარეუბანი, სადაც ცხოვრობენ ბეირუთელი შიიტები. აქვეა პალესტინელ ლტოლვილთა ცნობილი ბანაკებიც – საბრა და შატილა.

მეჩეთი და ეკლესია ბეირუთში

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button