ისტორია

ქართული მხედრობა – რაინდული ბრძოლის სტილი

ძველ დროში კარგად გაწვრთნილი და ტაქტიკურად მომზადებული კავალერია წყვეტდა ფაქტიურად ყველა ბრძოლის ბედს. ანტიკური ხანიდან ცხენოსანი ჯარი მთელს მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდა. განსაკუთრებით კი მისი მნიშვნელობა გაიზარდა შუა საუკუნეებში, როდესაც შეიარაღებული ძალების წამყვან სახეობად ჩამოყალიბდა.

Game of Thrones-ის ერთ-ერთ ეპიზოდში კარგად ჩანს კავალერიის სიძლიერე

კავალერიის უპირატესობები

მხედრებს ქვეითებთან შედარებით დიდი უპირატესობები გააჩნდათ. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი სიმაღლე და იარაღის ბევრად უფრო ეფექტურად გამოყენების საშუალებაა (იარაღის წონისა და ცხენის სისწრაფის შერწყმით იარაღი ბევრად უფრო ეფექტური ხდება). კავალერიის მორიგი უპირატესობაა სისწრაფე და სწრაფად მანევრირების უნარი, რასაც არაერთი ბრძოლის ბედი შემოუტრიალებია. ცხენოსან ჯარს ჰქონდა არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ, ფსიქოლოგიური უპირატესობაც: ფლოქვების თქარუნი, ცხენების ჭიხვინი, აბჯრისა და იარაღის ჩხარუნი, საყვირების ხმა ყოველთვის ზარავდა მოწინააღმდეგეს, რაც „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთ ეპიზოდშიც კარგად ჩანს, როდესაც ხატაელებთან შებმულ ტარიელს დამხმარე ჯარი უახლოვდება, მტვრის ბუღი და საკრავების ხმა მტერს შეაშინებს, რაც ბრძოლის ბედს გადაწყვეტს.

„საღამო-ჟამ დაიზახნა ქედით მათმან დარაჯამან:
„ნუღარა სდგათ, წაედითო, კვლა მოგვხედნა რისხვით ცამან:
მოვა მტვერი საშინელი, შეგვაშინა ამად ამან,
ნუთუ სრულად ამოგვწყვიდნეს უთვალავმან, ბევრმან სპამან.“

ქართული მხედრობის ბრძოლის სტილი

კარგად აღჭურვილი, ტაქტიკურად დახვეწილი  და დისციპლინირებული მხედრობა შეგვიძლია მივიჩნიოთ ურიცხვ მტერთან ქართველების წარმატების საიდუმლოდ. საქართველოში, როგორც ჩანს, უძველესი დროიდან ვითარდებოდა მხედრული ტრადიციები, რასაც ადასტურებს II საუკუნეში ფარსმან ქველის ვიზიტი რომში და სამხედრო თამაშებზე მოასპარეზე ქართული მხედრობის ოსტატობით აღფრთოვანებული რომაელები, რის შემდეგაც ანტონიუს პიუსმა რომში ამხედრებული ფარსმანის ძეგლი დადგა.

 სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით საფუძვლიანად არ არის გამოკვლეული ძველი პერიოდის ქართული კავალერიის ბრძოლის სტილი, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული არმიის უმთავრეს ნაწილს სწორედ მხედრობა წარმოადგენდა. შედარებით მეტი ინფორმაცია მოგვეპოვება შუა საუკუნეების ქართულ ცხენოსან ჯარზე. შუა საუკუნეების ქართული მხედრობის ბრძოლის სტილს და უპირატესობას წარმოადგენდა მოწინააღმდეგეზე კავალერიის შოკური თავდასხმა. მხედართა ძირითად იარაღს წარმოადგენდა წაგრძელებული შუბი (ქართველები, სავარაუდოდ, წაგრძელებული შუბით ბრძოლის ტექნიკას X საუკუნეში ეზიარნენ, როდესაც ნიკიფორე ფოკას ბიზანტიური არმიის მხარდამხარ იბრძოდნენ კილიკიაში). ამგვარ შოკურ თავდასხმას წაგრძელებული შუბებითა და ფარებით ხელში სხვანაირად რაინდული ბრძოლის სტილი ეწოდება, რომელსაც XI საუკუნიდან აქტიურად იყენებდნენ ევროპელებიც. შოკური თავდასხმის მთავარი მიზანი მხედრობის სწრაფი თავდასხმა და მტრის რიგების რამდენჯერმე გარღვევაა, რაც ფსიქოლოგიურ უპირატესობასაც იწვევს. 1048 წელს ლიპარიტ ბაღვაშის ბრძოლას თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ასე აღგვიწერს მემატიანე: „ლიპარიტ… შევიდოდის და განვიდოდის… და განჰხეთქდა რაზმთა მათთა და განვლიდა.“

XI საუკუნის ქართველი დიდებული
Game of Thrones-ის ერთ-ერთ ეპიზოდში კარგად ჩანს კავალერიის შოკური თავდასხმის ეფექტი

წაგრძელებული შუბით ბრძოლის ტექნიკა საქართველოში საბოლოოდ დავით აღმაშენებლის დროს უნდა დამკვიდრებულიყო. ამ ფაქტის დამადასტურებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა, სადაც ფრანკებმა სწორედ ამ სტილის გამოყენებით მოახერხეს უდიდესი წარმატების მიღწევა. ამის შესახებ დავითს აუცილებლად აცნობებდნენ ქართველები, რომლებიც თან ახლდნენ ჯვაროსნულ ლაშქრობას, ასევე, დიდგორის ბრძოლაში მონაწილე ჯვაროსნებიც. დიდგორის ბრძოლა ამ ტაქტიკის წარმატებულობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია: როგორც ვიცით, ბრძოლა 3 საათს გაგრძელდა. პირველი 2-2.5 საათი თურქმენ ცხენოსან მოისართა ტალღები „ძლიერი ყიჟინით, ცხენისა და იარაღის ხმაურით, ზარდამცემი ბაირაღებით“ აწყდება ქართველთა ურყევად მდგომ რიგებს. დავითი ამ ხნის განმავლობაში ელოდებოდა საუკეთესო მომენტს შოკური შეტევისთვის, და როგორც კი ეს მომენტი გამოჩნდა, ქართულმა კავალერიამ რაინდული სტილით შეუტია მუსლიმურ კოალიციას, გაარღვია მტრის რიგები. შეტევის ტალღა ილ-ღაზის სადროშოსაც გადასწვდა (რასაც ადასტურებს მისი თავში დაჭრა). ქართული მხედრობის შოკური შეტევა წარმოუდგენლად წარმატებული აღმოჩნდა, რისი წყალობითაც ქართულმა არმიამ დაამარცხა რიცხობრივად უპირატესი მუსლიმთა კოალიცია.

პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა: ჯვაროსანი წაგრძელებული შუბით

XII-XIII საუკუნეების წყაროებიდან უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული მხედრობის მთავარი შეტევითი იარაღი წაგრძელებული შუბია. „…ხუთასი შუბი ხუთასსა კაცსა და ცხენსა ზედა ესუა.“

XII საუკუნის ქართველი მოყმე (მ. წურწუმია – ,,შუა საუკუნეების ქართული ლაშქარი”)

იმავე პერიოდში „ვეფხისტყაოსანი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს წაგრძელებული შუბის არსებობას:

„შუბი ვსთხოვე, ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად;
საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად;
ერთსა წავსწყდი უტევანსა, წავგრძელდი და წავე გრძელად.
მათ ურიცხვი რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად .“

1277 წელს აბულისტანის ბრძოლაში მონღოლების მხარდამხარ 3000 ქართველი მხედარი იბრძოდა, რომლებმაც დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მამლუქებს. ბრძოლაში გამარჯვებულმა მამლუქებმა ვერ შეაჩერეს ქართველთა შეტევა, რომლებმაც გაარღვიეს მამლუქთა რიგები და „მრავალი ეგვიპტელი დასცეს ძირს.“

1281 წელს ჰომსის ბრძოლაში მონღოლთა მარჯვენა ფრთამ, სადაც დემეტრე მეფის მეთაურობით 5000 ქართველიც იდგა, მამლუქთა მარცხენა ფრთა მოშალა და გააქცია.

XIII საუკუნიდან, მას შემდეგ, რაც მონღოლებმა ახალი საბრძოლო სტილი შემოიტანეს საქართველოში, ქართული აღჭურვილობა და ბრძოლის სტილი განიცდის ტრანსფორმაციას: აღჭურვილობაში მშვილდიც ჩნდება, ასევე, თუ მანამდე ქართველებს ცალ ხელში (ბარძაყის გასწვრივ) ეპყრათ შუბი, მეორეში კი ფარი, ახლა ჩნდება შუბის ჭერის ახალი მეთოდები. ამისდა მიუხედავად, ქართველებისთვის მთავარ საბრძოლო იარაღად წაგრძელებული შუბი რჩება, რომელიც აქტუალურობას მხოლოდ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში კარგავს.

XVI საუკუნეში გარისის ბრძოლაში ლუარსაბ I შუბით ეგებება მტრებს: „თათარნი დაინახა, მეაბჯრეს შუბი გამოართვა და წინ მიეგება და ცხენს დაუძრა“. მისი ვაჟი სვიმონ I 1569 წლის ფარცხისის ბრძოლაში: „შუბით მრავალი თათარნი გადმოჰყარა…“

1626 წელს ბაზალეთის ბრძოლაში გიორგი სააკაძესა და მეფედ გადაცმულ ედიშა ვაჩნაძეს შორის გამართული ბრძოლა ნამდვილ რაინდულ ტურნირს მოგაგონებს. ორივე მხედარი ფარზე ამსხვრევს შუბს ერთმანეთს.

ქართველი მხედარი XI საუკუნე (ტაძრეული)

დასკვნის სახით

ჯონ ფრანსი აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთში, თურქების წინააღმდეგ საბრძოლველად ჯვაროსნები ცხენოსანთა შოკურ შეტევას ბევრად უფრო ხშირად იყენებდნენ, ვიდრე დასავლეთ ევროპაში. მასირებული შეტევის განხორციელება მხოლოდ დისციპლინირებულ და კარგად შეწყობილ არმიას შეეძლო. ეს სიტყვები შეგვიძლია ქართულ მხედრობასაც შევუსაბამოთ. ბრძოლების უმეტესობაში მტრების რიცხვი ქართველების რიცხვს ბევრად აღემატებოდა, თუმცა როგორც ვნახეთ, ქართველთა გამარჯვებას განაპირობებდა არა მხოლოდ მათი სიმხნევე და ფიზიკური მონაცემები, არამედ პროფესიონალურად გაწვრთნილი, დისციპლინირებული, სწრაფად მანევრირებადი კავალერიის შოკური შეტევები რაინდული წესით. ქართული მხედრობა გახლდათ შუა საუკუნეების მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებული, კარგად დახელოვნებული და გაწვრთნილი პროფესიონალური არმია. ნამდვილად დასაფასებელია მათი მაღალგანვითარებული ტაქტიკურობა, წარმატებულობა და, ზოგადად, ღვაწლი საქართველოს გადახდილ ბრძოლებში.

სტატიაში გამოყენებულია მასალები მამუკა წურწუმიას წიგნიდან: ,,შუა საუკუნეების ქართული ლაშქარი”

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button