ისტორიაკულტურა

პროტოქართული ცივილიზაცია და ბერძნული მითოლოგია

ნაწყვეტი ზვიად გამსახურდიას ლექციიდან: „საქართველოს სულიერი მისსია“ 

კოლხური, პელაზგური, ტროული, მინოსური სამყაროები მონათესავე სამყაროებია, უფრო სწორად, ერთ სამყაროს წარმოადგენენ და ეს ყოველივე აირეკლა ჰომეროსის დიად ეპოსში და ამის შესახებ უკვე ძალზე სერიოზული გამოკვლევებია თანამედროვე მეცნიერებაში, რომელსაც რატომღაც სათანადო პოპულარიზებას არ უწევენ. დასავლეთში ამ მიმართულებით მოღვაწეობს ცნობილი მეცნიერი ფურნეე, რომელსაც ეკუთვნის მნიშვნელოვანი გამოკვლევა წინა ბერძნულის, ანუ პულაზგურის და ქართველურის შესახებ. საქართველოში ნაყოფიერად მოღვაწეობს ამ მიმართულებით პროფესორი რისმაგ გორდეზიანი, რომელსაც აქვს აგრეთვე მნიშვნელოვანი მიგნებები „ილიადაში“ მოხსენებულ ტომთა ეთნოგენეზისის გამოკვლევისა, თუ როგორ იყო როლი ქართველური, პროტოქართული ტომებისა ტროას ომში,
„ილიადაში“, და გამოვლენილია გენეტიური ნათესაობა ქართული ენისა ეტრუსკულთან, ქართველური ტომებისა ლიკიელებთან, კარიელებთან და მცირე აზიისა და ეგეოსის მთელ სამყაროსთან და, უპირველეს ყოვლისა –ტროასთან. ტროა უფრო ძველი კულტურული სამყაროა, ვიდრე ელინური სამყარო, ვინაიდან ელინები ლაშქრობენ ტროაში საკრალური, მისტერიული სიბრძნისა, ანუ პალადიუმის მოპოვებისათვის. ტროა არის იგივე კოლხური სამყარო, ვინაიდან ტროელებთან აქაელების დავის დროს ტროელები ხსნიან ელენეს მოტაცებას, როგორც ერთგვარ შურისძიებას ადრე მათ მიერ მედეას მოტაცებისათვის.

ტროელები უხსნიან აქაველებს, რომ ისევე როგორც ადრე მათ მოიტაცეს ქალი, ე.ი. მედეა, ამჟამად მათ მოიტაცეს ელენე, რომელიც ამდენად კოლხების მიერ არის მოტაცებული. ტროელები და კოლხები ერთი და იმავე მოდგმის ხალხია და მთელი ხმელთაშუა ზღვის აუზი, მცირე აზიის მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკუთვნის ამ მოდგმას. აი, ასეთი შორს მიმავალი დასკვნები აქვს თანამედროვე მეცნიერებას, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, ხდება ყოველივე ამის ტაბუირება და ხდება ინდოევროპელების როლის წინ წამოწევა იმ არქაულ, პრეისტორიულ ეპოქაში, არადა ჩვენ ვიცით, რომ ინდოევროპული მოდგმა ძირითადად აღზევდა მეორე ათასწლეულიდან. და ტროას ომი, „ილიადა“ ფაქტიურად არის პერიოდი, როდესაც ინდოევროპული მოდგმა უკვე მძლავრობს მცირე აზიაშიც და საბერძნეთშიც და პელაზგურ მოდგმას უკვე დეკადანსი ემუქრება, თუმც ტროას ომის უდიდესი გმირი – აქილევსი წარმოშობით პელაზგია, ე.ი. ქართველური მოდგმის წარმომადგენელია, ხოლო აგამენონი და მენელაოსი არიან წმინდა ელინური წარმოშობის ადამიანები და ელინური სამყაროს წარმომადგენლები. აქ არის აშკარა კონფლიქტი ელინურ სამყაროსა და პროტოქართულ სამყაროს შორის. ტროა ეს არის პროტოქართული სამყარო, ელინური სამყარო კი აქაველებია. ამ კონფლიქტში იკვეთება ერთი რამ, რომ ამ ლაშქრობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი არის პალადიუსის მოტაცება, რომელიც სიმბოლურად ტროასეული ცხენის მეშვეობით ხორციელდება. მართალია, სიმბოლურად აქ არის ქალის მოტაცების მოტივი, მაგრამ ელენე, ანუ სელენე არის სიმბოლო ძველი წარმართული სოფიისა (სიბრძნის, სოფიას მოტაცება და შემდეგ მისი კვლავ გამოხსნა გავრცელებული მოტივია ანტიურ პოემებში), ხოლო ცხენი, როგორც მოგეხსენებათ, ინტელექტის სიმბოლოა ძველ ეპიურ პოეზიასა და მითოსში. აქაველთა, ელინთა მისსია – ინტელექტის განვითარება – არის უკვე ახალი ეტაპი ცნობიერებისა, ხოლო ძველკოლხური, ტროიანული, პელაზგური კულტურა ეს არის ნათელმხილველური კულტურა, რომელიც უსწრებს წინ ინტელექტისმიერ, აზროვნებით კულტურას. ძველბერძნული მითოსი კი სინამდვილეში არის არა ძველბერძნული, არამედ პელაზგური მითოსი. ამას აღნიშნავდა დიდი გერმანელი ფილოსოფოსი შელინგი და პელაზგურ ეპოქას საბერძნეთის განვითარებაში იგი განმარტავდა როგორც საიზმს, ე.ი. ნათელხილვითი სიბრძნის ეპოქას. შემდგომდროინდელი ბერძნული მითოლოგიიდან ჩვენ ვიცით, რომ პერსევსმა და სხვა გმირებმა ნათელხილველური, პელაზგური კულტურა გადაიყვანეს აზროვნებით კულტურაზე, კერძოდ, ინტელექტისმიერ ელინურ კულტურაზე. ყოველივე ამასთან არის დაკავშირებული აგრეთვე პრომეთეს მითი. ვინ არის პრომეთე? საერთოდ უნდა მოგახსენოთ, რომ მითოსი და მითოლოგია არ არის იდენტური ცნებები. მითოსი არის მითების სამყარო, ხოლო მითოლოგია არის ამ მითების სამყაროს განმარტება, მნიშვნელობა, ანუ ლოგოსი, მითოსის ლოგოსი. ასე რომ, ძველბერძნული მითების სინამდვილე შექმნილია პელაზგების მიერ, ხოლო ელინების მიერ იგი არის სისტემატიზებული და ინტერპრეტირებული. ჰომეროსი და ჰესიოდე არ არიან შემოქმედნი ძველბერძნული მითებისა, ისინი არიან პელაზგური ეპოქის მითოსის სისტემატიზატორები, განმმარტებელნი. ისინი არიან მითოლოგოსები, ხოლო პელაზგური ეპოქის მითოსის შემოქმედთა, მითოგრაფოსთა სახელებმა ჩვენამდე არ მოაღწია, მაგრამ მოაღწიეს ღვთაებებმა, მითოსის პერსონაჟებმა. ძირითადი ღვთაებები ძველბერძნული პანთეონისა წარმოშობით პელაზგურნი არიან. მათ შორისაა ზევსი. არსებობს პელაზგური ქტონური ზევსი, რომლის კულტიც მუხასთან არის დაკავშირებული; ჰერა ანუ ჰაერა, რომელიც არის უძველესი პელაზგურ-იბერიული ქალღმერთი; აგრეთვე დემეტრე, რომლის ფუძის განმარტებისას აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი მიანიშნებდა იმაზე, რომ „დე“ ფუძე სავსებით უცხოა ძველბერძნული ენისათვის. „მეტერ“ მართალია დედას ნიშნავს, მაგრამ „დე“ არის სუფთა იბერიული წარმოშობის ფუძე, „დე“, ანუ „დედა“, დედა-ქალღმერთის აღმნიშვნელი. ამრიგად დემეტრე არის ის სახე, რომელშიც უძველესი კოლხური, პელაზგური დედა-ქალღმერთის აღმნიშვნელი. ამრიგად, დემეტრე არის ის სხე, რომელშიც უძველესი კოლხური, პელაზგური დედა-ქალღმერთი შეერწყა ძველბერძნულ ქალღმერთს. ეს არის ძველბერძნული პანთეონი, თუ შეიძლება ითქვას, დამყნილი პროტოქართულ, პროტოიბერიულ, ანუ პელაზგურ პანთეონზე.

ტროას ცხენი

ახლა რაც შეეხება პრომეთეს. პრომეთეს მითი უმნიშვნელოვანესია კაცობრიობის ევოლუციის თვალსაზრისით და, ამავე დროს, ქართველთა ეთნოგენეზისის თვალსაზრისით, ვინაიდან პრომეთეს მითი, როგორც მოგეხსენებათ, დაკავშირებულია კავკასიასთან და შემთხვევითი არ არის, რომ კავკასიასთან დაკავშირებულია ბერძნული მითოსის უმთავრესი მომენტები. გაიხსენეთ არგონავტების ლაშქრობა, გაიხსენეთ პრომეთეს მიჯაჭვა კავკასიის ქედზე, რაც უმთავრესი მომენტია ბერძნულ მითოლოგიაში. მითოსის პერსონაჟთა მისსია, მათი სულიერი რაობა ყოველთვის მათი სახელების მიხედვით განიმარტებოდა. სახელები მითოსის პერსონაჟებისა (როგორც მოგეხსენებათ, მითები იქმნებოდა ძველ მისტერიებში ქურუმების, ხელდასხმულების, ადეპტების მიერ) ღმერთების, ნახევრადღმერთების, ტიტიანების, გმირების სახელები იქმნებოდა მათი არსობრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე. კერძოდ, „პრო-მეთელ“ ძველბერძნულად ნიშნავს წინასწარმეტყველურ აზროვნებას, წინასწარგანჭვრეტას, ეპიმეთე – მისი ძმა – ნიშნავს თანადროულ, განსჯისმიერ აზროვნებას. რა არის პრომეთე? პრომეთე არის იმ კაცობრიობის წარმომადგენელი, რომელმაც უნდა განავითაროს წინასწარმეტყველური, ანუ ინტუიტიური აზროვნება, ხოლო ეპიმეთე, რომელმაც უნდა განავითაროს განსჯითი, ანუ ინტელექტუალური აზროვნება. ვისი ძეა პრომეთე? იგი არის ძე იაპეტოსისა. იაპეტოსის სახელი ზენონ ელეელის მიერ განიმარტება როგორც ზენა სამყარო, სულიერი სამყარო. იაპეტოს, ე.ი. ის, რაც მიისწრაფვის ზევით, სულიერი სამყაროსაკენ. ე.ი. პრომეთე არის ზენა სამყაროს, სულიერი სამყაროს ძე, ანუ წინასწარმეტყველური აზროვნება. როგორც პლუტარქე აღნიშნავს, ძველბერძნული და საერთოდ მითები შეიძლებოდა განემარტათ თორმეტ სხვადასხვა დონეზე. ე. ი. თითოეულ მითს შეიძლება ჰქონდეს 12 სხვადასხვა ახსნა. ერთ-ერთი მთავარი ახსნა პრომეთეს მითისა კაცობრიობის ევოლუციაში, აზროვნების ევოლუციაში არის ის ეტაპი, როდესაც აზროვნება მიეჯაჭვება ადამიანის ფიზიკურ სხეულს ადამიანის სულის ფიზიკურ სხეულში ჩამოსვლასთან ერთად და არის დატყვევებული ამ ფიზიკურ სხეულში. ხოლო განთავისუფლება პრომეთესი, რომელიც მიჯაჭვულია კავკასიის ქედზე, არის დატყვევებული ამ აზროვნებისა სხეულებრივი საწყისისაგან. განთავისუფლებული პრომეთე არის განთავისუფლებული წინასწარმეტყველური აზროვნება, ხოლო მიჯაჭვული პრომეთე ადამიანის ფიზიკურ სხეულზე მიჯაჭვული აზროვნებაა. ეს არის ეტაპი კაცობრიობის ევოლუციაში, რომელიც ცნობილია ადამიანური არსების, სულის ჩაძირვად ფიზიკურ სხეულში, ხოლო შემდეგ ხდება მატერიისაგან სულის განთავისუფლება. ეს არის ერთი ასპექტი პრომეთეს მითისა, მისი სპირიტუალური, ფილოსოფიური ასპექტი.

პრომეთე

მეორე ასპექტი არის ეთნოლოგიური ასპექტი. კერძოდ, პრომეთე არის სიმბოლო იმ მოდგმისა, იმ ხალხისა, რომელმაც უნდა განავითაროს მისტერიათა კულტურა, რომელიც არის შემქმნელი მისტერიათა კულტურისა და ყოველივე იმისა, რაც მოდის ამ მისტერიათა კულტურიდან. სახელდობრ, სულიერი განვითარებისა, ინიციაციისა და სულიერი აზროვნებისა. ასეთია ეს მოდგმა. ხოლო ზევსი, ამ თვალსაზრისით, განასახიერებს იმ მოდგმას, რომელიც უფრო გვიან არის მოსული საბერძნეთში და რომელიც ძალადობით ამკვიდრებს თავის კულტს და მიაჯაჭვავს პრომეთეს კავკასიის კლდეზე. რა იყო მიზეზი პრომეთეს მიჯაჭვისა კავკასიის ქედზე? მიზეზი იყო ის, რომ კორინთოში ურთიერთს შეხვდნენ ორი კულტურის, ორი რასსის წარმომადგენელნი–ერთნი პრომეთესთან, ხოლო მეორენი ზევსთან დაკავშირებულნი. ე.ი. აქ სიმბოლურად აირეკლა შეხვედრა ორ კულტურას შორის, ორ რასსას შორის; ერთი იყო მკვიდრი, პირველადი მოსახლეობა იმჟამინდელი საბერძნეთისა, ხოლო მეორე–მოსული, ანუ ინდოევროპული, ელინური. პრომეთე და მისი მიმდევარი ქურუმები ამ შეხვედრის დროს მოატყუებენ ზევსს და მის ქურუმებს სამსხვერპლო ხარის დანაწილებისას. მოატყუებენ იმ გაგებით, რომ მათი ინტელექტი, მათი აზროვნება იყო უფრო წინ წასული, ამიტომ მათ შესძლეს ზევსის ქურუმთა მოტყუება. ეს მოტყუება სიმბოლოა იმისა, რომ მათი ინტელექტი უფრო განვითარებულია, რომ ის კულტურა, რომელიც მოსულ ინდოევროპელებს დახვდათ – პელაზგური კულტურა – უფრო მაღლა იდგა მათზე. უფრო მაღლა იდგა შესაბამისად აზროვნებითი კულტურაც. შემდეგ კი ინდოევროპელებმა ელინური აზროვნებითი კულტურა უმაღლეს საფეხურამდე განავითარეს, მაგრამ ჯერ ის პერიოდია, როდესაც პირველად შეხვდა ეს ორი რასსა, ორი მოდგმა ერთმანეთს და პრომეთეს ქურუმები დაანაწილებენ ხარს იმგვარად, რომ ზევსის ქურუმებს და ზევსს შეხვდებათ ძვლები და ქონი, ხოლო მათ ხარის საუკეთესო ნაწილები. ესეც სიმბოლურია. სიმბოლურია, ვინაიდან აქ მსხვერპლის ორგვარ გაგებასთან გვაქვს საქმე და ამ დროს ზევსის ქურუმები ისე წარმოსახავენ საქმეს, თითქოს მათ შეგნებულად მოიტყუეს თავი. შემდეგ ზევსი მიმართავს პრომეთეს:

– იაპეტოსის ძეო, უკეთილშობილესო ყველა მეუფეთა შორის, ყველაზე დიდო მცნობო მომავლისა, მეგობარო, რად დაანაწილე ხარი ამდაგვარად?

ზევსი გვიან ხვდება იმას, რაც პრომეთემ ქმნა. აქედან გამომდინარე, განსაზღვრულია პრომეთეს რაობა და შემდგომ ამისა ზევსი აღარ აძლევს ცეცხლს კაცობრიობას და პრომეთეს მიაჯაჭვავს კავკასიის ქედზე, ვინაიდან მან კაცობრიობას მისცა ის ცეცხლი. ცეცხლი ამ შემთხვევაში არის სიმბოლო ადამიანის „მე“-სი. თქვენ იცით, რომ ოთხ ელემენტს შორის – ცეცხლი, წყალი, მიწა, ჰაერი – ადამიანის „მე“-ს, თვისებას, მეობას შეესაბამება ცეცხლი. ის, რომ ზევსი აღარ აძლევს მეობას კაცობრიობას, რომ კაცობრიობა მოკლებულია „მე“-ს, ხოლო პრომეთე აძლევს ცეცხლს კაცობრიობას, ე.ი. მეობას, ასახავს მისტერიალური კულტურის განვითარების გარკვეულ საფეხურს, როდესაც ადამიანებმა მიიღეს „მე“ ფიზიკურ სხეულში ჩამოსვლით და პრომეთეს მიჯაჭვა არის სწორედ ის ეტაპი (სხვათა შორის, ამას ნიშნავს აგრეთვე ტიტანების დამარხვაც ტარტაროსში ღმერთებისა და ტიტანების ბრძოლის შემდეგ), როდესაც ადამიანის სული და მისი „მე“ ჩამოდის სულიერი სამყაროდან ფიზიკურ სხეულში და ადამიანს ებადება „მე“ ცნობიერება. აი, ეს არის პრომეთეს მიერ კაცობრიობისათვის ცეცხლის მიცემა, ვინაიდან „მე“-სგან მოდის ყოველგვარი კულტურა, ისევე როგორც ცივილიზაცია მოდის ცეცხლის გამოყენების სწავლისაგან და ამგვარი სიმბოლოებით ჩვენ ვხვდებით, რომ პრომეთე ასახავს მისტერიათა კულტურას, რომელიც იყო პირველადი ძველ საბერძნეთში და შემდეგ ლოკალიზებული კავკასიაში, რაც სიმბოლურად ასახულია პრომეთეს მიჯაჭვით კავკასიის ქედზე. პრომეთეს აწამებს ზევსის არწივი. არწივი, ერთი მხრივ, სიმბოლოა სულიერი აღმაფრენისა და შემეცნებისა და ძალმომრეობისა, რომელიც აწამებს პრომეთეს. კლდეზე მიჯაჭვული პრომეთე, ანუ ფიზიკურზე მიჯაჭვული აზროვნება გაანთავისუფლა ჰერაკლემ.

ჰერაკლე ანთავისუფლებს პრომეთეს

რა არის ჰერაკლე? ეს არის ინიციაციის ახალი კულტურა, ნებელობითი ინიციაცია, ჰეროიკული ინიციაცია, რომელიც არის წინასახე ქრისტიანული ინიციაციისა. საერთოდ, ძველბერძნული მისტერიები თავისი ხასიათით პროფეტური იყო. ძველი საბერძნეთის ცენტრალური მისტერიები „ელოიზისის“ მისტერიები იყო. სიტყვა „ელიოზის“ ძველბერძნული სიტყვაა, ნიშნავს მოწევნადს, მოვლინებადს, წინასწარ განჭვრეტას მომავლისას. ჰერაკლეს სახე არის წინასახე ქრისტიანული ინიციაციისა, რომელიც დაკავშირებულია ნელეოლობასთან, სულის აქტივობასთან და კერძოდ იმასთან, რასაც ქრისტიანობაში სასუფევლის ძალით აღება ჰქვია, ვინაიდან ქრისტიანული ინიციაციის არსი იესო ქრისტემ განმარტა როგორც სასუფევლის აღექა ძალისხმევით („სასუფეველი იიძულების“). ამრიგად, ჰერაკლეს გმირობანი სიმბოლურად უნდა გავიგოთ როგორც ინიციაციის სხვადასხვა საფეხურები, სულიერი განვითარების სხვადასხვა დონეები, რომლის კულმინაციაც არის პრომეთეს განთავისუფლება, ანუ აზრის განთავისუფლება ფიზიკური სხეულის ტყვეობისაგან და კაცობრიობის გამოხსნა. ეთნოლოგიური თვალსზრისით, როგორც მოგახსენეთ, მითებს აქვს ასეთი განმარტებაც და მითოლოგია და ეთნოლოგია უაღრესად მჭიდრო კაშირშია. ეს არის განთავისუფლება იმ მოდგმისა, რომელიც ზევსის, ანუ ინდოევროპული მოდგმის მიერ იქნა მიჯაჭვული, ანუ ლოკალიზებული კავკასიაზე. ე.ი. პრომეთეს მითში აირეკლა აგრეთვე პროტოქართული მოდგმის, პროტოიბერიული მოდგმის წარსული და მომავალიც. ჰერაკლე, როგორც მოგახსენეთ, არის სიმბოლური გამოხატულება ახალი ინიციაციური კულტურისა, კერძოდ, ქრისტიანული კულტურისა და, სხვათა შორის, ეს არა მხოლოდ თანამედროვე სულიერ მეცნიერებაში არის ასე, არამედ შუასაუკუნოებრივ ღვთისმეტყველებაშიც. ბიზანტიურ ღვთისმეტყველებაშიც კი ვხვდებით ჩვენ ისეთ ძეგლებს, სადაც მინიშნებულია, რომ ჰერაკლე არის წინასახე ქრისტესი. კერძოდ, მის მიერ კვერთხით კლდიდან წყლის აღმოცენება ითვლება ქრისტიანობის წინასახედ. აგრეთვე არგონავტების ლაშქრობა არის წინასახე ქრისტიანული ინიციაციისა და შემთხვევითი არ არის, რომ ოქროს საწმისს სულიერ მეცნიერებაში ეწოდება კლასიკური გრაალი. ოქროს საწმისი კლასიკურ პერიოდში, ანტიურ პერიოდში არის იგივე, რაც შუა საუკუნეებში გრაალი და ფილოსოფიური ქვა. ფილოსოფიური ქვა და გრაალი არის აგრეთვე იდენტური ცნებები. ფილოსოფიური ქვის ძიება არის არა მარტო ფიზიკური ოქროს ძიება, არამედ სულიერი ინიციაციის ძიება, ღვთის ძიება, სულიერი ცნობიერების განვითარების გარკვეული დონის ძიება, რომელიც ანტიურ მისტერიებში, ძველბერძნულ მისტერიებში გადმოცემული იყო როგორც ოქროს საწმისის ძიება. ხოლო ოქროს საწმისი, როგოც მოგეხსენებათ, იყო კოლხეთში. თავდაპირველად ოქროს ვერძი საბერძნეთიდან არის წასული კოლხეთში, მაგრამ ეს იმ პერიოდის საბერძნეთია, როდესაც იქ ყვავის პელაზგური კულტურა, კერძოდ, პელაზგური არგოსის კულტურა. შემთხვევითი არ არის, რომ ხომალდსაც „არგო“ ჰქვია და „არგო“ თავისი ძირით კოლხეთიდან მომდინარეობს – არგო, არგვეთი, ეგრისი, „გრ“ – ფუძე; ესეც კოლხეთია. ლაშქრობა კოლხეთში სიმბოლურად, იმაგინატიურად არის ლაშქრობა სულიერი სიბრძნის, მისტერიალური სიბრძნის მოსაპოვებლად, რომელიც იმჟამად შემონახული იყო მხოლოდ კოლხეთში და აღარ არსებობდა უკვე საბერძნეთის ტერიტორიაზე, აღარც ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში. ისევე როგორც კრეტაზე წასვლა თეზეოსის არის აგრეთვე იმ სიბრძნის მოპოვება, რომელიც ელინურ საბერძნეთში იმჟამად აღარ არსებობდა. აი, დავუკვირდეთ, უდიდესი გმირები საბერძნეთისა – თეზეოსი, ჰერაკლე და იაზონი (სხვათა შორის, ჰერაკლეც ახლავს არგონავტების ხომალდს) იმ ქვეყნებში ლაშქრობენ სულიერი სიბრძნის მოსაპოვებლად, რომელნიც წარმოშობით პროტოქართული, პროტოიბერიული იყო. ასეთი არის მისონური კრეტა (სხვათა შორის, „მინოს“ ნიშნავს აზრის მატარებელს, მოაზროვნეს) და თეზეოსის ჩასვლა მინოსში, მის მიერ მინოტავრის მოკვლა, ლაბირინთოსში შესვლა და მისი ლაბირინთოსიდან გამოსვლა არის სწორედ იმ მისონურ კულტურასთან ზიარება, რომელიც უფრო ძველია, ვიდრე ძველბერძნული კულტურა, უფრო ამაღლებულია მასზე. ასევეა ძველკოლხური კულტურა, რომელიც რომელიც იმჟამად უფრო მაღალ დონეზე იყო, ვიდრე საბერძნეთის კულტურა. (შემთხვევითი როდია, რომ მინოსს ცოლად ჰყავდა აეტესის დაი, პასიფაე). ასე რომ ამ გმირების ლაშქრობები მუდამ ქართველურ ქვეყნებთანაა დაკავშირებული. ჰერაკლეც ასევე მიდის პირინეის იბერიაში ჰესპერიდების ბაღნარში ვაშლების მოსაპოვებლად. ამავე დროს, ორფეოსის შესახებ მითიც მოგვითხრობს, რომ ორფეოსის მთავარი მიზანი იყო პელაზგი წინაპრების კულტის აღორძინება. ორფეოსი წარმოშობით პელაზგია, ძე ვაგრისი (ორფეოსის მამის სახელი, სხვათაშორის, პირდაპირ ემთხვევა კოლხეთის სახელს: ეგრისი – ეგრი). მისი მიზანი იყო აღორძინება იმ პელაზგური კულტურისა, რომელიც ელინურ პერიოდში გადაგვარდა და დაკნინდა.“

ხომალდი “არგო”

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button