ენათმეცნიერებაკულტურა

ენა თუ დიალექტი?

2018 წლის მონაცემებით მსოფლიოში დაახლოებით 6500 ენა არსებობს. ზუსტად ამ ციფრის დადგენა შეუძლებელია, რადგან ძალიან რთული და საკამათოა იმ კრიტერიუმის დადგენა, რომელიც განასხვავებს ენასა დიალექტს.

XIX საუკუნეში, მას შემდეგ, რაც დაქუცმაცებული საქართველო რუსეთის იმპერიამ დაიპყრო, ბუნებრივია, აღდგა ურთიერთობები დახლეჩილ კუთხეებს შორის, რამაც კვლავ გააერთიანა ქართველი ხალხი და კვლავ გაღვივდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის იდეა. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში ენა იყო უმთავრესი გამაერთიანებელი ქართველი ხალხისა, რის გამოც, რუსეთმა მაშინვე დაიწყო ზრუნვა ქართველების კვლავ დასაყოფად (Divide et impera) და ყველაზე მზაკვრულ ხერხსაც მიაგნო: ეთნიკური დაპირისპირების შექმნისთვის პეტერბურგის უნივერსიტეტში შეიმუშავეს ფსევდომეცნიერული იდეოლოგემა ე.წ ოთხი ქართველური ენის შესახებ (ქართული, მეგრული, ჭანური/ლაზური, სვანური). მათ “ჩაატარეს” მეცნიერული კვლევა, რის მიხედვითაც დაადგინეს, რომ მეგრული, ჭანური და სვანური არა ქართული ენის დიალექტები, არამედ დამოუკიდებელი ენებია და დაცვა სჭირდება, რის გამოც აუცილებელი იყო საქმისწარმოება და ღვთისმსახურებაც კი ამ ენებზე შესრულებულიყო.

ცხადია, რუსული პოლიტიკა დღემდე არ შეცვლილა, თუმცა XX საუკუნეში საბჭოთა რუსეთის ადგილობრივი მესვეურების წყალობით იდეოლოგემა ოთხი ქართველური ენის შესახებ ფართოდ გავრცელდა მთელს მსოფლიოში, რის გამოც დღემდე უამრავ აკადემიურ ველში მცდარი ინფორმაციებია შენახული ქართული ენის შესახებ.

რუსები ოფიციალურ დოკუმენტებში ქართველებს დღემდე ასე მოიხსენიებენ: ქართველი, მეგრელი, სვანი, აჭარელი, გურული და ა.შ… ეს თვალსაჩინოდ წარმოაჩენს მათ ვერაგულ პოლიტიკას და კიდევ ერთხელ ჰფენს ნათელს იმ გრძელვადიან პროექტს, რომელიც ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიწყეს და, რომლის მიხედვითაც ცდილობენ მაქსიმალურად გაუწიონ პროვოცირება საქართველოში ეთნიკურ დაპირისპირებას. ეთნიკური დაპირისპირების პირველი ეტაპი კი ენობრივი დახლეჩვაა, რასაც ოთხი ქართველური ენის თეორიის დამტკიცებით ცდილობენ.

ქართული ენა – დედაენა

საერთო ქართული ენა, რომელიც ჯერ კიდევ ძვ. წ I-II ათასწლეულში ყალიბდებოდა კოლხეთის ტერიტორიაზე (კოლხური კულტურა ვრცელდებოდა თითქმის მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, რაც არქეოლოგიურად დადასტურებულია), საუკუნეების განმავლობაში ყველა ქართველური ტომისთვის ჩამოყალიბდა ძირითად ენად. სწორედ ამიტომ ითამაშა ენამ საქართველოს გაერთიანებაში უდიდესი როლი. ქართული ენა წარმოადგენდა სამწიგნობრო ენას როგორც კოლხურ-იბერიულ სამეფოებში, ასევე, გაერთიანებულ საქართველოშიც. რა თქმა უნდა, ჩამოყალიბდა და შემდეგ განვითარდა ქართული ენის დიალექტებიც, რომელთაგანაც ქვეყანაში არსებული არასტაბილური დროებიდან გამომდინარე, დროთა განმავლობაში, ზოგი (ზანური, სვანური) ძალიან დაშორდა საერთო ენას, ამასობაში კი ქართულიც ვითარდებოდა, იცვლებოდა, ერგებოდა დროებას და მიიკვლევდა გზას მიუხედავად უამრავი დამპყრობლისა. თავის მხრივ, ქართულზე დიდი გავლენა იქონიეს დამპყრობლებმაც, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქართული ენა ყოველთვის რჩებოდა ქართველურ ტომებში ძირითად სოციალურ-პოლიტიკურ ენად.

ათასწლეულებისა და საუკუნეების გავლის შემდეგ, დღევანდელ საქართველოში ლინგვისტიკურად ასეთი მდგომარეობაა: გვაქვს ერთადერთი ენა – ქართული, რომელიც პირველი ქართველური სამეფოების გამოჩენიდან ვითარდება და წარმოადგენს ერთადერთ სამწიგნობრო ენას საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე, გვაქვს ქართული ენის უამრავი დიალექტი, ზოგი ახლო (ქართლური, კახური, გურული, იმერული და ა.შ), ზოგიც საკმაოდ დაშორებული (ზანური, სვანური), რომელთა გაგებაც ქართულის მცოდნისთვის შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, აგრძელებს რუსეთი ზეწოლას და საინფორმაციო ომში ცდილობს ოთხი ქართველური ენის თეორიის დასაბუთებას, თუმცა როგორც ვნახეთ, ყველა ე.წ ქართველური ენა მომდინარეობს ერთი, საერთო ქართულისგან, რომელმაც დროთა განმავლობაში სახე იცვალა.

ენათმეცნიერ არნოლდ ჩიქობავას კვლევებით დგინდება, რომ სვანური არის ნარევი ძველი ქართული სამწერლობო ენის ერთ-ერთი დიალექტის, ზანურისა და ადიღეურის, ხოლო ზანურის ამოსავალია უკვე ჩამოყალიბებული მეტყველება იბერიული წყების ერთ-ერთი დიალექტისა, რომელიც დალექილია ძველი ქართული სამწერლობო ენის შედგენილობაში. ეროვნულად მოაზროვნე ყველა მეცნიერმა გაიზიარა ეს პოზიცია, და, ასევე, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს – ლავრენტი ბერიამაც. სწორედ ამ პოზიციის განმტკიცებით გადაურჩა სამეგრელო ენობრივ-ეთნიკური კონფლიქტის ერთ-ერთ მთავარ ეპიცენტრად გადაქცევას, რადგან სტალინისა და მისი მესვეურების გეგმა სწორედ ეს გახლდათ.

არნოლდ ჩიქობავა

XX საუკუნის 20-იან წლებში ჩატარდა ფსიქოლოგიური კვლევაც, რომელმაც დაადგინა, რომ სვანი და მეგრელი ბავშვებისთვის ქართულად სწავლა ისეთივე აუცილებელი და ბუნებრივია, როგორც ხევსურისთვის ან, თუნდაც გურულისთვის.

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი ქართველური სამეფოების გამოჩენიდან დღემდე, ჩვენ ვხვდებით ერთ ენას მრავალი დიალექტით, რომელიც დროთა განმავლობაში ვითარდება, რის შედეგადაც ყალიბდება თანამედროვე ქართული. საქართველოში სოციალურ-პოლიტიკური ენა იყო, არის და იქნება ქართული ენა, რომელმაც განვლო განვითარების სხვადასხვა ეტაპები და, ამასთანავე, ყოველთვის წარმოადგენდა ქართველთა იდენტობისა და თვითგამორკვევის ერთ-ერთ უმთავრეს ნიშანს.

ტ.ფუტკარაძის “ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევების” მიხედვით

გიორგი სვიმონიშვილი

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button