კულტურასაზოგადოება

პატრიოტიზმი დღეს

ძველად პატრიოტიზმი მეფისა და სამშობლოს სიყვარულსა და მათთვის თავდაუზოგავ, გმირულ ბრძოლაში გამოიხატებოდა. პატრიოტები იყვნენ ის მამაცი და მხნე მებრძოლები, რომლებიც თავიანთი მეფისა და ქვეყნისთვის მზად იყვნენ ნებისმიერ მტერს პირისპირ შებმოდნენ და დაემარცხებინათ. ქართველი ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა პატრიოტული სულისკვეთებით. უამრავი გმირი მებრძოლი დაბადებულა ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც გაუტეხელად იბრძოდნენ მრისხანე მტრის წინააღმდეგ. მტრები ვერასდროს იმონებდნენ ქართველებს სულიერად, გმირების შეუპოვარმა ბრძოლამ კი გადაარჩინა ქართული გენი, ქართული კულტურა და სახელმწიფო. თუმცა ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში საოცრად შეიცვალა მსოფლიო, სწრაფად განვითარდა ტექნოლოგიები, ჩამოყალიბდა ახალი ღირებულებები, ხედვები და, შესაბამისად, შეიცვალა პატრიოტიზმის არსი და გამოხატვის ფორმაც.

მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და ეროვნული მოძრაობა


ახლა უნდა გავარკვიოთ ის, თუ რას ნიშნავს დღეს სამშობლოს სიყვარული. პატრიოტიზმი ადამიანის თანმდევი გრძნობაა დაბადებიდან, მისი შესწავლა შეუძლებელია. ილია წერდა: “სამშობლოს სიყვარულით მწიფდება და ყალიბდება ადამიანის სულიერი სამყარო, მისი მისწრაფებანი და ფილოსოფიური შეხედულებანი, მისი გულწრფელობა და სიყვარული სხვა ერებისადმი.” უნდა შევთანხმდეთ, რომ სამშობლოს სიყვარული მხოლოდ სუფრასთან საქართველოს სადღეგრძელოს შესმით და გულზე ხელის ბრაგუნით არ განისაზღვრება. არც მხოლოდ ისაა სამშობლოს სიყვარული, ბრძოლის ველზე საზარბაზნე ხორცად იქციო თავი. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის მებრძოლი თითოეული ადამიანი გმირია, თუმცა დღეს შეიცვალა დრო და მხოლოდ ბრძოლის ველზე ყოფნა არ განაპირობებს სამშობლოს სიყვარულს. აუცილებელია მომავალმა თაობებმა სწორად აღიქვან და გამოიყენონ პატრიოტიზმის თანმდევი გრძნობა, რადგან ხშირად არასწორი გავლენების ქვეშ მოქცეული სამშობლოს სიყვარულით აღტკინებული ახალგაზრდები თავისდაუნებურად აზარალებენ სახელმწიფო ინტერესებს. სამშობლოს ჭეშმარიტად მოყვარული ახალგაზრდისთვის თანამედროვე რეალობაში უპირველესია განათლება და შრომა. სწორედ ეს ორი რამ განაპირობებს ქვეყნის სიყვარულს, მხოლოდ საფუძვლიანი განათლებითა და თავდაუზოგავი შრომით შეძლებს ადამიანი დაეხმაროს სამშობლოს წინსვლაში. ამას გულისხმობს ილიაც, როდესაც წერს: “ეხლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლსა ჰღვრიდეს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ჰღვაროს. კიდევ ვიტყვით, ქვეყანა ეხლა იმისია, ვინც იხარჯება და ვინც იცის წესი და ხერხი გარჯისა, ვინც უფრო უფრთხილდება ნაშრომს, ვინც იზოგავს ნაღვაწს. დღეს მძლეთა-მძლეა მარტო ის, ვინც მცველია და ბეჯითი სულით და ხორცითა, ცოდნითა და მარჯვენითა.” პატიოტიზმი დღეს სახელმწიფოებრივად აზროვნებას მოითხოვს. თითოეული ადამიანის პროფესიული მისწრაფება აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს სახელმწიფო ინტერესებს, რადგან პირად კეთილდღეობას საკუთარი ქვეყნის წინსვლა განაპირობებს.

თაკო ნაცვლიშვილის სთორი ინსტაგრამიდან


ჯანსაღი პატრიოტიზმის თამაედროვე გამოხატვაა არჩეულ სფეროში თავდაუზოგავი შრომა, წარმატებულობა და, რაც მთავარია, სახელმწიფოებრივი აზროვნება, რომელიც გულისხმობს ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვას, ასევე, ამხელს მოღალატებს და ეწინააღმდეგება მტრების მიერ ჩადენილ ყველანაირ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას.


“სამშობლო ადამიანის სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია. უსამშობლო ადამიანი სულით ღატაკია და საცოდავი…” – ილია.


რუსეთის მონობაში გატარებულმა ორმა საუკუნემ საგრძნობლად დახია უკან ქართული საზოგადოების განვითარება. 1918-21 წლებში გაღებული ძალისხმევის მიუხედავად, მაინც ვერ ჩამოყალიბდა ქართველ ხალხში აზროვნება, რომელიც აუცილებელია თანამედროვე სახელმწიფოს სიმტკიცისა და ერთიანობისთვის. რუსებმა მოახერხეს ქართველი ხალხის როლის განეიტრალება თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, რაც ძალიან კარგად ჩანს 2003-2008 წლებში ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვებში, რომელთა მიხედვიდაც მოსახლეობის დიდი ნაწილი უნდობლობას უცხადებს სახელმწიფო ინსტიტუტებს.


სამწუხაროდ დღევანდელ საქართველოში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის აქტიური ჩარევის შედეგად მოქმედენენ ფსევდოპატრიოტული დაჯგუფებები, რომლებიც შეფარვით უთხრიან ძირს ქართველი ერის ჭეშმარიტ ღირებულებებს. სანამ რუსეთი საქართველოს დაიპყრობდა, მანმადე ერთი და ორი საუკუნით ადრე აგზავნიდნენ რუს “მოგზაურებს”, თანამედროვედ რომ ვთქვათ – აგენტებს, რომლებსაც ევალებოდათ მოეარათ საქართველოს თითოეული კუთხე-კუნჭული და აღეწერათ ქართველი ხალხის თვისებები და ფსიქოლოგია დეტალურად, რათა ეპოვნათ ჩვენი სისუსტეები და ადვილად დავემონებინეთ. სამწუხაროდ, რუსი აგენტები XVII საუკუნიდან მოყოლებული დღემდე, პერიოდულად ატარებენ ასეთ აღწერას, ამიტომ რუსებს ყოველთვის კარგად აქვთ შესწავლილი ქართველი ხალხის ფსიქოლოგია და მარტივად იმორჩილებენ ხალხის უმრავლესობას, ზოგს “ტკბილი ენით,” ზოგს მოსყიდვით და ზოგსაც დაშინებით. რა თქმა უნდა, რუსები თავიდანვე მიხვდნენ, რომ სამშობლოს სიყვარული – პატრიოტიზმის უმაღლესი შეგრძნება განუყოფელი ნაწილია ქართული სულისა, ამიტომ, მათ, პირველ რიგში, დაიწყეს ქართული აზროვნების მიზანმიმართული დაკნინება და მებრძოლი სულისკვეთების დაბეჩავება, რაც შემოგზავნილი ეგზარქოსებისა და მოღალატე ქართველების ცრუ ქადაგებით გარკვეულწილად შეძლეს, თუმცა როგორც ყოველთვის, საქართველოში მრავლად რჩებოდნენ გულანთებული პატრიოტები, რომლებიც მზად იყვნენ თავი გაეწირათ სამშობლოსთვის. სწორედ ამ დროს, ვერაფერს რომ გახდნენ, გაწბილებულმა რუსებმა შეიმუშავეს ქართველების დამორჩილების ახალი და მომაკვდინებელი, ყველაზე ცბიერი სტრატეგია: მათ ჩვენივე იარაღი დაგვიპირისპირეს, დაიწყეს საქართველოში ფსევდოპატრიოტული ჯგუფების შექმნა და მათი მატერიალურად წახალისება, რომელთა წინამძღოლებიც “საქართველოს სიყვარულის” სახელით ავრცელებდნენ ანტიქართულ ინფორმაციებს და მიზანმიმართულად დგამდნენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ძირს უთხრიდა ქართული საზოგადოების ერთობად და ქართულ სახელმწიფოს. შემოგზავნილი ფარისევლები ამ ყველაფერს ისე ოსტატურად ახერხებდნენ, რომ ადვილად იგებდნენ გაუნათლებელი, ან დაბრმავებული ქართველების გულებს და ნებსით თუ უნებლიედ თანამონაწილედ ხდინენ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი განადგურებაში “პატრიოტიზმის” სახელით. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, იგივე გრძელდება დღესაც: საქართველოში დღეს აღარ არსებობს ჭეშმარიტი ეროვნული ძალა, რომელიც სწორად განჭვრეტს მომავალს და წარსულის გამოცდილებას შეუსაბამებს თანამედროვეობას. მხოლოდ ყალბი, მტრების მიერ დაფინანსებული პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან დღეს “პატრიოტული” ლოზუნგებით და სამშობლოს სიყვარულს ამოფარებულები მანიპულირებენ სხვადასხვა მეორეხარისხოვანი თემებით, მაგალითად: ნარკოტიკების ლეგალიზაციია მოთხოვნა, ლგბტ საზოგადოების აქტიურობა და ა.შ. ამ საკითხებზე ჩვენდაუნებურად ყურადღებას გვამახვილებინებენ მათი მოწინააღმდეგე “ნაციონალისტებიც”, რომლებიც რეალურ პრობლემებზე თვალს ხუჭავენ და მსგავსი, უმნიშვნელო თემების წინააღმდეგ მხედრდებიან. ეს კი მაშინ, როდესაც საქართველო უფსკრულის პირას დგას, ერთი ნაბიჯიღა აკლია გადასავარდნად და ჩრდილოელი მეზობელი კი უკნიდან ხელის კვრას აპირებს, მაშინ, როდესაც ქვეყნის ტერიტორიების 20% დღემდე ოკუპირებულია, დღესაც გრძელდება გატაცებები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან, მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და ა.შ.

ქართული მარში


ჯანსაღი პატრიოტიზმის ყველაზე ნათელი მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ტერმინი პატრიოტიზმი სახელმწიფოებრივ აზროვნებასთანაა გაიგივებული. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ერია, მათში ჯანსაღი პატრიოტიზმის უდიდესი კულტურაა დამკვიდრებული. როდესაც ამერიკის კულტურის ისტორიაზე ვსაუბრობთ, რომელიც არც ისე მდიდარია, პირველ რიგში მაინც სახელმწიფოებრივ აზროვნებასთან მივდივართ. პატრიოტიზმი მათი კულტურის განუყოფელი ნაწილია და თითოეულ ამერიკელს შესისხლხორცებული აქვს. ეს გამოიხატება თითოეული მოქალაქის წარმატებულობასა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების ნებისმიერ ფასად დაცვაში. კოლონალისტები, რომლებმაც გადაწყვიტეს ამერიკის ტერიტორიაზე პირველი კოლონიები დაეარსებინათ, გაურბოდნენ ძველი მსოფლიოს წესებს, და გადაწვიტეს შეექმნათ სრულიად ახალი, ევროპულისგან სრულიად განსხვავებული თავისუფალი კოლონიები, რომელიც მოგვიანებით შტატებად იქცა და გაერთიანების შემდეგ აშშ თანამედროვე მსოფლიოს უპირებო ლიდერად იქცა. სწორედ ეს კოლონიები წარმოადგენდა თავდაპირველად “ახალი მსოფლიოს”, თავისუფალალ ქვეყანას ულევი შესაძლებლობებით. ევროპის მრავალი ქვეყნისგან განსხვავებით, სადაც ჯერ კიდევ მონარქები მართავდნენ ქვეყანას, ამერიკული სახელმწიფო პირდაპირ თავისუფლად მოაზროვნე ხალხის მიერ აშენდა. სწორედ ამიტომ ეფუძნება ამერიკული პატრიოტიზმი თავისუფლებისა და საერთო მშვიდობის პრინციპებს. ორმაგად დასაფასებელია ამ ხალხის მაღალგანვითარებული პატრიოტიზმის კულტურა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ არ წარმოადგენს უძველს ერს მდიდარი კულტურით, მოსახლეობა მაინც გამალებით იცავს და ავრცელებს საკუთარი ქვეყნის ახალშექმნილ კულტურასა და ინტერესებს. იმის მიუხედავად, რომ ამერიკაში არსებობს რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, ამერიკული საზოგადოების უმრავლესობა აზროვნებს სახელმწიფოებრივად, აკეთებს იმას, რაც არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სახელმწიფოსაც არგებს, რათა უკეთესი მომავალი შეუქმნას შთამომავლობას. ასევე სამშობლოს კულტურის გასავრცელებლად ხშირად მოიხმარს ქვეყნის სიმბოლიკას, სტატისტიკის თანახმად მოსახლეობის 70%-ზე მეტი აქტიურად იყენებს აშშ-ის დროშას, ცდილობს მაქსიმალურად შეიძინოს ამერიკული პროდუქტი, ასევე თითოეულ ამერიკელს გაცნობიერებული აქვს, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის თავდაცვას, ამიტომ სამხედრო სამსახური დიდი პოპულარობით სარგებლობს. სამხედრო მოსამსახურეები და ვეტერანები ძალიან დაფასებულები არიან.

95 წლის ამერიკელი ყოფილი სენატორი ემშვიდობება ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ ჯორჯ ჰ. უ. ბუშს


ჩვენ კი, ქართველები, რომლებსაც ამხელა ისტორიის და კულტურის მატარებელი ერი ვართ, საერთოდ არ ვუფრთხილდებით ჩვენს კულტურასა და ისტორიას, უფლებას ვაძლებთ მტრებს ქართულ “პატრიოტიზმს” ამოფარებულმა გვებრძოლონ და გამოუთხარონ ძირი ჩვენს სახელმწიფოებრიობას.

საყდრისის უძველესი ოქროს საბადოს განადგურების პროცესი


ქართული კულტურის გავრცელებით, ჩვენი ქვეყნის სიმბოლოების პატივისცემით, მოღალატეების მხილებით და კულტურული მემკვიდრეობების დაცვით, ჩვენ შევძლებთ მივაღწიოთ და ჩამოვაყალიბოთ თანამედროვე ეროვნული ხედვა, რომელიც უნდა ემყარებოდეს იმ უდიადეს ღირებულებებს, რომლებიც დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა: შოთა რუსთაველმა, გრიგოლ ხანცთელმა, ილია ჭავჭავაძემ და სხვებმა… ამ ღირებულებებიდან უმთავრესია განათლება, შრომა, თავისუფლებისაკენ სწრაფვა და სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებების შეცნობა. რა თქმა უნდა, აშშ-ის მსგავსად, ჭეშმარიტი ქართული პატრიოტიზმიც საერთო მშვიდობას უნდა ემყარებოდეს, ამას წერდა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ყველაზე ეროვნული პოეტი ვაჟა-ფშაველაც: “ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე – რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავისი სამშობლო აამაღლოს ქონებრივ და ზნეობრივ, ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას.”
ერთადერთი ჭეშმარიტი გზა, რომელიც საქართველოს გადარჩენაში და შემდეგ განვითარებაში დაეხმარება, იმ კულტურასთან ერთად რომელიც ჩვენს წინაპრებს შეუქმნიათ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, ანუ ჯანსაღი პატრიოტიზმი. ამის ახსნას ცდილობდა ილია ჭავჭავაძეც გათითოკაცებულ საქართველოში, რომ პატრიოტიზმი გულის მაგივრად გონებაში გაეაზრებინათ. როდესაც ქართველი საზოგადოების შეგნება იქამდე მივა, რომ კეთილდღეობისთვის სამშობლოს გასაჭირისგან დახსნაა საჭირო, მაშინ დაიწყებს საქართველო წინსვლას და დაიბრუნებს ძველ დიდებას.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button