ისტორიაკულტურა

ტაო-კლარჯეთი VIII-X საუკუნეებში

ტაო-კლარჯეთი (ზემო ქართლი / მესხეთი) არის მხარე ისტორიული საქართველოს სამხრეთით. მისი უდიდესი ნაწილი დღევანდელ დღეს თურქეთის შემადგენლობაში შედის. „ტაო-კლარჯეთი“ არის ხელოვნურად შემუშავებული ტერმინი, რომელსაც საფუძვლად უდევს ორი გამორჩეული პროვინციის – ტაოსა და კლარჯეთის სახელწოდებები. ტერმინის შექმნის აუცილებლობა იმან გამოიწვია, რომ ამ მხარეს ძველად ზემო ქართლი და/ან მესხეთი ეწოდებოდა, თუმცა ზემო ქართლიც და მესხეთიც მოიცავდნენ როგორც დღევანდელი ტაო-კლარჯეთის ტერიტორიებს, ასევე გურიას, აჭარას, სამცხესა და ჯავახეთს, რომლებიც დღეს საქართველოს შემადგენლობაში არიან. ამრიგად, თურქეთის შემადგენლობაში დარჩენილ მესხეთის მხარეს ტაო-კლარჯეთი ეწოდა.

ისტორია

VII საუკუნის შუა წლებიდან საქართველოში დაიწყო არაბობა, რის შედეგადაც ტაო-კლარჯეთი სრულიად განადგურდა. არაბებმა დაიპყრეს ქართლიც, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ქართველები. აშოტ ბაგრატიონმა სცადა წინააღმდეგობა გაეწია არაბებისთვის, თუმცა მან შედეგს ვერ მიაღწია, დამარცხდა და მოუწია ოჯახთან და თანამოაზრეებთან ერთად განადგურებულ ტაო-კლარჯეთში გადასულიყო და იქიდან განეახლებინა ბრძოლა. პირველ რიგში, მან აღადგინა ციხე-ქალაქი არტანუჯი. მის სახელს უკავშირდება „ქართველთა სამეფოს“ განახლება. პავლე ინგოროყვას აზრით, სწორედ აშოტმა აღადგინა ქართლში მეფობა.

აშოტ I დიდი

VIII-IX საუკუნეებში საქართველოს პოლიტიკურ-კულტურული ცენტრი მთლიანად ტაო-კლარჯეთში ინაცვლებს. ბაგრატიონებთან და სხვა საერო პიროვნებებთან ერთად, ამ პერიოდში ტაო-კლარჯეთში მოღვაწეობდა გრიგოლ ხანცთელი. არაბობისგან გაუდაბნოებულ ტაო-კლარჯეთში VIII საუკუნის მიწურულს, თანამოძმეებთან ერთად, ქართლიდან გაიპარა სასულიერო პირი გრიგოლ ხანცთელი, რომელმაც დაიწყო ქართული ეკლესიის აღორძინება. მისი გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგ გიორგი მერჩულემ დაწერა „ცხოვრება გრიგოლ ხანცთელისა“, სადაც გადმოცემულია გრიგოლ ხანცთელის უმნიშვნელოვანესი დამსახურებები და ტაო-კლარჯეთის სამეფოს ჩამოყალიბების ისტორია. სწორედ მის მიერ წამოწყებულმა აღმშენებლობამ ჩაუყარა საფუძველი ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნას. თხზულება იმითაც გამოირჩევა, რომ აქ ვხვდებით ერთიანი საქართველოს პირველ კონცეფციას: „ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“. ამ პერიოდში წირვა-ლოცვა ქართულად არა მხოლოდ ქართლში, არამედ დასავლეთ საქართველოშიც აღესრულებოდა.

აშოტ დიდის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლება მის მემკვიდრეებს შორის ნაწილდება და იქმნება ორი მმართველი შტო: ტაოსა და კლარჯეთის. მემკვიდრეობით ტაოს ხელისუფლები იყვნენ უპირატესნი. დავით III კურაპალატი, რომელსაც ასევე, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს გაერთიანებაში, სწორედ ტაოელი ბაგრატიონი გახლდათ. დავითმა იშვილა ბაგრატ III, რომელიც იყო თავის მხრივ საქართველოს სამი სახელისუფლებო ტახტის მემკვიდრე. მამამისი იყო ქართლის ერისმთავარი გურგენი, დედამისი აფხაზთა უსინათლო მეფის, თეოდოსის და, ხოლო თვითონ ბაგრატი, ტაო-კლარჯეთის მეფის, დავითის შვილობილი. დავით კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ ბაგრატ III გახდა ერთიანი საქართველოს პირველი მეფე.

კულტურა

გრიოგოლ ხანცთელის მოღვაწეობამ საფუძველი ჩაუყარა ტაო-კლარჯეთში კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ძეგლების შექმნას. მან საერო პირებისა და ადგილობრივი ბერების დახმარებით ააშენა ხანცთის მონასტერი, სადაც დაიწყო ერთგული და ღირსეული ხალხის შემოკრება. მას მალე ბევრი ღირსეული ქართველი ამოუდგა მხარში და ტაო-კლარჯეთში დაიწყო კულტურული აღმშენებლობა. IX-X საუკუნეები მიჩნეულია ქართული კულტურის აღორძინების პერიოდად.

ტაო-კლარჯეთში შექმნილი ხუროთმოძღვრების ძეგლები უნიკალურია შენების სტილითა და დახვეწილობით. აქ აშენებულ ეკლესიებზე გვხვდება მრავალფეროვანი და, ასევე, უნიკალური ჩუქურთმები და ფრესკები, რომელთა უმეტესობაც მხოლოდ საქართველოშია გავრცელებული. ტაო-კლარჯეთის არქიტექტურამ გარდატეხა შეიტანა ქართულ ხუროთმოძღვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიების უმეტესობა სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაინც აღიქმება საერთო სტილი, რომელიც გავრცელდა როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში. ეკლესია-მონასტრებში არა მხოლოდ წირვა-ლოცვა აღევლინებოდა, არამედ თითქმის ყველგან იყო საგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც ისწავლებოდა წერა-კითხვა, სასულიერო ღვთისმეტყველება, ფილოსოფია, ასტროლოგია და ა.შ. არსებობდა საგადამწერო ცენტრებიც, სადაც აქტიურად გადაწერდნენ სხვადასხვა წიგნებს.

ქართული ხუროთმოძღვრების ყველაზე თვალსაჩინო და გამორჩეული ოშკის ტაძარია, რომელიც იმდენად დახვეწილი და დიადია, რომ ითვლება ქართული ხუროთმოძღვრების უმაღლეს მწვერვალად. მას ქართული ხუროთმოძღვრების „ვეფხისტყაოსანსაც“ უწოდებენ.

ოშკი

ასევე, გამორჩეულია ბანას საკათედრო ტაძარი, რომელსაც ყველასაგან განსხვავებული, მრგვალი გეგმა გააჩნდა და გამოირჩეოდა სიდიდით.

ბანა

აღსანიშნავია, ხახულის ტაძარზე დღემდე შემორჩენილი უნიკალური არწივის ბარელიეფი, რომელიც ძლიერების სიმბოლოდაა მიჩნეული.

ხახულის არწივი

როგორც ვნახეთ, ტაო-კლარჯეთი (ზემო ქართლი) არის მხარე, საიდანაც დაიწყო საქართველოს გაერთიანების პროცესი. სწორედ ამ მხარეში ჩამოყალიბდა ქართული პოლიტიკური ერთეულების ერთიანობის იდეა, რომელიც ვითარდებოდა უდიდესი კულტურული შემოქმედების აღმავლობის ფონზე. აქ იქმნებოდა ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლები: ოშკი, ბანა, ხახული და მრავალი სხვა. ეს ტერიტორია დღემდე არაა სრულიად შესწავლილი და ყოველწლიურად მიმდინარეობს ახალ-ახალი ძეგლების აღმოჩენა. დღემდე, რაც აღრიცხულია ტაო-კლარჯეთში აღმოჩენილია 1000-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი (500 ეკლესია-მონასტერი, 500 საფორტიფიკაციო ნაგებობა).

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button