ახლო აღმოსავლეთიისტორია

ლიბიის ახალი და უახლესი ისტორია

დამოუკიდებლობა

ოსმალთა ბატონობისა და იტალიური კოლონიების შემდეგ, 1949 წლის 21 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, როგორც იქნა, მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც ლიბია 1951 წლის 1 იანვრამდე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ უნდა გამოცხადებულიყო. ამ მოლაპარაკებების დროს ლიბიას წარმოადგენდა იდრის I, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ლიბიის პირველი და უკანასკნელი მეფე გახდა. ლიბიამ დამოუკიდებლობა 1951 წლის 4 დეკემბერს გამოაცხადა და გახდა პირველი არაბული სახელმწიფო, რომელმაც დამოუკიდებლობა გაეროს გადაწყვეტილებით მოიპოვა. ასევე, ლიბია გახდა ერთ-ერთი პირველი აფრიკული სამეფო. ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქია გამოცხადდა და მას სათავეში სუფიების ორდენი ჩაუდგა იდრის I-ის მეთაურობით.

მიუხედავად დამოუკიდებლობისა, ლიბია წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანას მთელს მსოფლიოში და დაყოფილი იყო სამ ადმინისტრაციულ ერთეულად: ტრიპოლიტანია, კირენაიკა და ფეცანი.

ნავთობის აღმოჩენა ლიბიაში

1959 წელს აღმოჩენილი ნავთობის მნიშვნელოვანი მარაგების შედეგად, ლიბია, ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი და საერთაშორისო დახმარებაზე დამოკიდებული ქვეყანა, უეცრად იქცა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარ ქვეყნად. ნავთობის ძირითადმა საბადოებმა ტრიპოლიტანიასა და კირენაიკაში მნიშვნელოვნად გაზარდა ქვეყნის შემოსავალი. ამ აღმოჩენამ განაპირობა სახელმწიფო ინსტიტუტების დახვეწა და გაფართოება, მასიური სამშენებლო პროექტების განხორციელება და ცხოვრების დონის ეკონომიკურ სტანდარტებთან შესაბამისად ზრდა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სიმდიდრით ძირითადად ხელისუფლების ვიწრო, ზედა ფენები ხეირობდნენ, რაც ხალხის უკმაყოფილებას იწვევდა.

1967 წლის ივნისის ომის დროს მეფის საერთო არაბული პოლიტიკისგან განსხვავებულმა პოზიციამ კიდევ უფრო გაზარდა მოსახლეობის უკმაყოფილება. 1969 წელის 1 სექტემბერს თურქეთში სამკურნალოდ წასულ მეფეს უსისხლო გადატრიალება მოუწყვეს ახალგაზრდა ოფიცრებმა, რომლებსაც მუამარ კადაფი ხელმძღვანელობდა. იდრის I-ის გადაგდების შემდეგ დროებით მეფე მისი ძმისწული, სამეფო ტახტის მემკვიდრე – საიდ ჰასანი გახდა, თუმცა მას შინა პატიმრობა მიუსაჯეს. რევოლუციური არმიის ოფიცრებმა გააუქმეს კონსტიტუციური მონარქია და ჩამოაყალიბეს ახალი ლიბიის არაბული რესპუბლიკა.

მუამარ კადაფი

კადაფის რეჟიმი

არაბული ერთიანობის იდეით, კადაფმა გადადგა პირველი ნაბიჯები და ფორმალურად დაიწყო ლიბიის, ეგვიპტის, სუდანისა და ტუნისის გაერთიანების თუმცა ეს პროცესი მალევე შეწყდა, რადგან ამ ქვეყნების მმართველ ძალებს შორის უთანხმოება გამოიკვეთა. ლიბიამ მხარი დაუჭირა პალესტინის განმათავისუფლებელ მოძრაობას, რის შემდეგაც კიდევ უფრო დაეძაბა ურთიერთობა ეგვიპტესთან. ასევე, კადაფმა აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში დაიწყო პარტიზანული და რევოლუციური დაჯგუფებების აქტიური დახმარება. ამ ყველაფერმა ზოგიერთი არაბული სახელმწიფო დააახლოვა დასავლეთთან. 1977 წლის ივლისი-აგვისტოში ლიბიასა და ეგვიპტეს შორის დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი, რის შედეგადაც უამრავი ლიბიაში მომუშავე ეგვიპტელი გააძევეს ქვეყნიდან. მიუხედავად იმისა, რომ კადაფი არაბული ერთიანობის დიდი გულშემატკივარი გახლდათ, მას თითქმის ყველა არაბულ სახელმწიფოსთან გაუფუჭდა ურთიერთობა.

მუამარ კადაფის იდეოლოგიური გავლენის ქვეშ მყოფი რეჟიმი აგრძელებდა ქვეყანაში სიახლეების შემოღებას: 1977 წლის 2 მარტს ხალხთა გენერალურმა კონგრესმა ოფიციალურად შემოიღო ისლამური სოციალიზმი, რაც რეჟიმის მიერ დიდი კომპანიების გაკონტროლებით გამოიხატა. 1980 წლიდან კადაფის მცდელობების გამო, მოეპოვებინა რეგიონში დიდი გავლენა, ნავთობის ფასმა მსოფლიო ბაზარზე ვარდნა დაიწყო. მისი ამბიციური ქმედებების გამო დიდი დარტყმა მიიღო ლიბიის ეკონომიკამ და ქვეყნის განვითარების ტემპი საგრძნობლად შენელდა, რამაც მოსახლეობაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ოპოზიციურმა მოძრაობებმა ნელ-ნელა დაიწყეს თავდასხმა კადაფის სამხედრო რეჟიმზე, რასაც პასუხად რეპრესიები და სიკვდილით დასჯის არაერთი შემთხვევა მოჰყვა.

ლიბიას აშშ-სთან, რომელიც მანამდე მისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი იყო, 1980-იანების დასაწყისში დაეძაბა ურთიერთობა. აშშ-ის მთავრობა მკაცრად აპროტესტებდა იმ ფაქტს, რომ ლიბია პალესტინელ გასამხედროებულ დაჯგუფებებს ეხმარებოდა. ამავდროულად, კადაფი მსოფლიოში მოქმედ სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებსაც აფინანსებდა და აქტიურად ეხმარებოდა. სავაჭრო შეზღუდვებმა და შეიარაღებული შეტაკებებმა კულმინაციას მიაღწია აშშ-ის ავიაციის რეიდისას ტრიპოლსა და ბენღაზზე: დაბომბვებს შეეწირა მუამარ კადაფის ნაშვილები ქალიშვილი. აშშ, ასევე, აცხადებს, რომ ლიბია ამ პერიოდში ქიმიურ საბრძოლო მასალებს აწარმოებდა, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა დაპირისპირება.

ლიბია 1970-80-იანი წლების განმავლობაში ცდილობდა გაეკონტროლებინა მინერალებით მდიდარი აუზუს ზოლი, რომელიც ლიბიისა და ჩადის სადავო საზღვარზე მდებარეობდა. ამ მცდელობამ გამოიწვია შეიარაღებული დაპირისპირება საფრანგეთთან და აშშ-სთან, ამჯერად, ჩადის ტერიტორიაზე. 1987 წელს ლიბიის ძალებს შეუერთდნენ ჩადის შენაერთებიც, რის შემდეგაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა აღდგა. მეტიც, 1989 წლის აპრილში ერთ-ერთი გამორჩეული გენერალი იდრის დები, განუდგა საფრანგეთისა და აშშ-ის მხარდაჭერილ ჰისენ ჰაბრეს და გაიქცა სუდანის დარფურში, საიდანაც აწყობდა თავდასხმებს ჰისენ ჰაბრეს ძალებზე. 1990 წლის დეკემბერში ლიბიის მხარდაჭერით იდრის დების შეიარაღებული ძალები შევიდნენ დედაქალაქ ნჯამენაში, თუმცა ლიბია უარყოფდა მის მხარდაჭერას. 

1996 წელს აშშ-მა და გაერომ ლიბიას დაუწესეს რიგი ეკონომიკური სანქციებისა, 1988 წელს შოტლანდიაში სამგზავრო თვითმფრინავით განხორციელებულ ტერაქტში სავარაუდო მონაწილეობის გამო. მოგვიანებით საერთაშორისო საზოგადოების დასაშოშმინებლად კადაფმა ტერაქტში მონაწილე ორი ტერორისტი გადასცა დასავლეთს და, ამავდროულად, აღიარა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება, რომლის თანახმადაც, აუზუს ზოლი ეკუთვნოდა არა ლიბიას, არამედ ჩადს. დეკადის ბოლოს, როგორც იქნა, გაერთიანებულ სამეფოსა და ლიბიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა. 2003 წელს კი გაერომ ლიბიისთვის დაწესებული სანქციები გააუქმა. იმავე წელს ლიბიამ განაცხადა, რომ შეწყვეტდა ქიმიური იარაღის წარმოებას, რის შემდეგაც აშშ-მაც მოუხსნა სანქციების გარკვეული ნაწილი, დაიწყო დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. ლიბიას ტერორისტული აქტების განხორციელების გამო, საერთაშორისო საზოგადოებაში დასაბრუნებლად, დიდი კომპენსაციების გადახდა მოუხდა (რამდენიმე მილიარდი ამერიკული დოლარი), სანაცვლოდ, 2008 წელს აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აღარ აღიარებდა ლიბიას, როგორც ტერორისტების მხარდამჭერ ქვეყანას. მალევე, ლიბიამ დაიწყო ტურიზმის განვითარებასა და დასავლური ინვესტიციების მოზიდვაზე ლაპარაკი, რითიც კიდევ უფრო მიიქცია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება.

ლიბია

2011 წლის აჯანყება

2011 წლის თებერვალში ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან წამოსულმა ანტისამთავრობო დემონსტრაციების ტალღამ ლიბიამდეც მიაღწია: ბენღაზში დაიწყო მშვიდობიანი გამოსვლები, რაც ასადის რეჟიმის მიერ ადამიანთა უფლებათა დამცველი იურისტის – ფეთი ტარბელის დაკავებამ გამოიწვია. ლიბიის თავდაცვის ძალებმა კი დემონსტრანტებს წყლის ჭავლის გამოყენებასთან ერთად ცეცხლიც გაუხსნეს, რის შედეგადაც დაიღუპა რამდენიმე და დაშავდა საკმაოდ ბევრი აქციის მონაწილე. 

2011 წლის რევოლუცია

დემონსტრაციებმა ინტენსიური სახე მიიღო, გავრცელდა ტრიპოლსა და ქვეყნის სხვა მიდამოებში. ლიბიის თავდაცვის ძალებმა და სხვა სამხედრო დაჯგუფებებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ ასადის რეჟიმს, ცეცხლი გახსნეს ხალხისკენ და დაიწყეს აქციის მონაწილეების დახოცვა. რეჟიმმა დაიწყო საკომუნიკაციო საშუალებების შეზღუდვა: ქვეყნის მასშტაბით გაითიშა ინტერნეტი და შეიზღუდა სატელეფონო სერვისები. 21 თებერვალს მოამარ კადაფის ერთ-ერთი შვილი – საიფ ალ-ისლამ კადაფი დემონსტრაციულად გამოვიდა სახელმწიფო ტელევიზიით, აქციების წარმართვაში და ქვეყანაში არეულობის შეტანაში ბრალი დასდო გარე ძალებს და აღნიშნა, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა, ქვეყანა მივიდოდა სამოქალაქო ომამდე. მან დაიფიცა, რომ რეჟიმი „უკანასკნელ სისხლის წვეთამდე“ იბრძოლებდა. მეორე დღეს კი ტელევიზიით გამოვიდა მუამარ კადაფი, რომელმაც მხარდამჭერებს ბრძოლისკენ მოუწოდა.

ლიბიის მთავრობის მიერ ძალადობრივი ხერხების გამოყენება დაგმეს სხვა სახელმწიფოს ლიდერებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა. როგორც ჩანდა, არეულობა იყო რეჟიმის შიგნითაც, რადგან პროტესტის ნიშნად ბევრმა მაღალჩინოსანმა დატოვა თანამდებობა. სხვადასხვა ქვეყანაში არსებულმა ლიბიის საელჩოებმა კი მოსახლეობის მხარდასაჭერად კადაფამდელი დროშები აღმართეს.

გარდამავალი ეროვნული საბჭოს შექმნა ბენღაზში

პროტესტის დაწყებიდან მალევე აქციის მონაწილეებმა მიტოვებულ სამთავრობო შენობებში არსებული იარაღის საცავებიდან ხელში ჩაიგდეს შეიარაღება, რაც ნიშნავდა იმას, რომ ლიბიაში დაიწყო შეიარაღებული ამბოხება კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ. თებერვლის ბოლოსკენ ამბოხებულებმა პროსამთავრობო დაჯგუფებები გაყარეს აღმოსავლეთ ლიბიის დიდი ნაწილიდან, მათ შორის, ბენღაზიდან და, ასევე, ბევრი დასავლური ქალაქიდანაც. ლიბია-ეგვიპტის საზღვარი გაიხსნა და კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ჟურნალისტებს პირველად მიეცათ ლიბიაში შესვლის საშუალება. კადაფის რეჟიმის მომხრე ძალები კი ცდილობდნენ გაემაგრებინათ ტრიპოლი, სადაც იმყოფებოდა თავად მუამარ კადაფი, მის ირგვლივ შემოკრებილ ვიწრო წრესთან ერთად.

საერთაშორისო ზეწოლაც ნელ-ნელა იზრდებოდა. 26 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაამტკიცა ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებდა სანქციებს კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ: მოგზაურობის აკრძალვას, ემბარგოს იარაღით ვაჭრობაზე და კადაფის ოჯახის ანგარიშების გაყინვას. რეჟიმს სანქციები აშშ-მა და ევროკავშირმაც დაუწესეს.

მარტის დასაწყისში ამბოხებულთა ლიდერებმა ბენღაზში ჩამოაყალიბეს გარდამავალი ეროვნული საბჭო, რომელიც მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმოქმედებდა, როგორც ამბოხებულთა სამხედრო ხელმძღვანელობის, ასევე, ლიბიის ოპოზიციის წარმომადგენლების სახით. საბჭოს მთავარი მიზანი ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის პრინციპებზე გადაყვანა იყო.

კადაფის რეჟიმის აღორძინება და საერთაშორისო ჩარევა

მიუხედავად იმისა, რომ ამბოხებულებმა საკმაო წარმატებებს მიაღწიეს, კადაფი კვლავ ინარჩუნებდა საკმარის შეიარაღებასა და ცოცხალ ძალას ტრიპოლის გასამაგრებლად. რამდენიმე კვირაში კონფლიქტი ჩიხში შევიდა. კადაფის ძალები სულ უფრო ინტენსიურ სახმელეთო და საჰაერო თავდასხმებს ახორციელებდნენ ამბოხებულების მიმართ.  შეტაკებები ძირითადად ტრიპოლის გარშემო მდებარე სოფლებში და ცენტრალური სანაპიროს რეგიონში იმართებოდა, სადაც აჯანყებულები და კადაფის მომხრეები სიდრის ყურეში მდებარე ნავთობის საექსპორტო ტერმინალების მოსაპოვებლად იბრძოდნენ.

საერთაშორისო საზოგადოება აგრძელებდა მსჯელობას ლიბიის კონფლიქტში შესაძლო ჩარევის საკითხზე. ქვეყნები ცდილობდნენ დაემყარებინათ კავშირი ლიბიის გარდამავალ ეროვნულ საბჭოსთან და მალევე აღიარეს კიდეც იგი ლიბიის ლეგიტიმურ ხელისუფლებად.

11 მარტის საგანგებო სამიტზე ევროკავშირმა ერთხმად მოუწოდა მუამარ კადაფს გადადგომისკენ. სამხედრო ჩარევასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების აზრი გაიყო. ზოგ ქვეყანას, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ჩათვლით, მიაჩნდა, რომ ლიბიის საჰარო სივრცე უნდა გადაეკეტათ, რათა დაეცვათ უბრალო მოსახლეობა და ამბოხებულები საჰაერო იერიშებისგან, თუმცა, მეორე მხარე, მათ შორის გერმანია და აშშ, ფიქრობდა, რომ სანამ ყველა არ მიაღწევდა საერთო შეთანხმებას, მანამდე სამხედრო ჩარევა არ ღირდა, რადგან არავინ იცოდა, თუ რა გაუთვალისწინებელი შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა ამას. აფრიკის კავშირმა საერთოდ უარი თქვა ნებისმიერი სახის სამხედრო ჩარევაზე, მათი აზრით, კრიზისი მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარებულიყო, მაშინ, როდესაც არაბთა ლიგამ 13 მარტს მიიღო რეზოლუცია და გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა გადაეკეტა ლიბიის საჰაერო სივრცე.

15 მარტს კადაფის მომხრეებმა აიღეს აჯდაბია, უკანასკნელი დიდი ქალაქი, რომელსაც ამბოხებულები ბენღაზისკენ მიმავალ გზაზე აკონტროლებდნენ. 17 მარტს, როდესაც კადაფის მომხრეები აღმოსავლეთით – ბენღაზსა და ტობრუკში, ხოლო დასავლეთით – მისრათაში ამბოხებულების უკანასკნელ პოზიციებს უტევდნენ, გაეროს უშიშროების საბჭომ გასცა სამხედრო ჩარევის ნებართვა, მათ შორის, საჰაერო სივრცის გადაკეტვისაც, რათა დაეცვათ მშვიდობიანი მოსახლეობა.

19 მარტს საერთაშორისო კოალიციამ, რომელსაც აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ხელმძღვანელობდა, განახორციელა პირველი სარაკეტო თავდასხმები, რათა გაენადგურებინათ ლიბიის საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაც კოალიციას მისცემდა საშუალებას, სრულად გაეკონტროლებინა ლიბიის საჰაერო სივრცე. კოალიციის რაკეტები მოხვდა კადაფის რეჟიმის სარდლობის ცენტრებსაც.

დაახლოებით ერთ კვირაში ლიბიის საჰაერო ძალები გამოეთიშნენ ბრძოლას, თუმცა მძიმე შეტაკებები მიმდინარეობდა ხმელეთზე: კადაფის მომხრეებმა დაიკავეს ქალაქი მისრათა, ასევე, ბრძოლები იყო სადავო ქალაქ აჯდაბიაში, რასაც ადგილობრივ მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. თუმცა, კოალიციის საჰაერო თავდასხმებმა მალევე დაასუსტა კადაფის მომხრეები ხმელეთზეც, რამაც საშუალება მისცა ამბოხებულებს კონტრშეტევა წამოეყოთ და კვლავ დაეკავებინათ დაკარგული ქალაქები.

საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერება

27 მარტს NATO-მ აშშ-სგან, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისგან ოფიციალურად გადაიბარა სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელობა ლიბიაში.

აპრილში, მიუხედავად დასუსტებისა, უკეთესად შეიარაღებული კადაფის მხარდამჭერები კვლავ ახერხებდნენ გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვებებს დეზორიენტირებულ და ცუდად აღჭურვილ ამბოხებულებზე. საერთაშორისო დიპლომატიური ძალისხმევა არ წყდებოდა: აფრიკის კავშირის დელეგაცია ტრიპოლშიც კი ჩავიდა, რათა ცეცხლის შეწყვეტის საკითხი დაეყენებინათ, მაგრამ შეთანხმება ორივე მხარემ მაშინვე უარყო.

30 აპრილს NATO-ს მიერ განხორციელებულმა საჰაერო დარტყმებმა, რომლებიც ტრიპოლში, კადაფის სახლზე განხორციელდა, შეიწირა მუამარ კადაფის უმცროსი შვილი – საიფ ალ-არაბი და მისი სამი შვილიშვილი. თავდასხმის დროს მუამარ კადაფი თავადაც იმყოფებოდა სახლში, მაგრამ გადარჩა. ასევე, განხორციელდა რამდენიმე საჰაერო იერიში ლიბიის სამთავრობო შენობებზე.

საერთაშორისო ზეწოლა კადაფის რეჟიმზე გრძელდებოდა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მოითხოვა მუამარ კადაფის, მისი შვილის საიფ ალ-ისლამისა და ლიბიის დაზვერვის ხელმძღვანელის – აბდულა სენუსის დაკავების ორდერები, რომლებსაც ადგილობრივ მოსახლეობაზე თავდასხმაში ედებოდათ ბრალი.

კადაფის რეჟიმის დამხობა

2011 წლის აგვისტოში ამბოხებულებმა შეუტიეს ტრიპოლის მისადგომებს და დაიკავეს სტრატეგიული ობიექტები, მათ შორის, ქალაქი ელ-ზავია, სადაც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს.

22 აგვისტოს ამბოხებულები თავს დაესხნენ ქალაქ ტრიპოლს და დაიკავეს მისი ნაწილი. მომდევნო დღეს კი კადაფის მოწინააღმდეგეებმა კონტროლი დაამყარეს ქალაქის მნიშვნელოვან  ნაწილზე, მათ შორის „ბრწყინვალე კარიბჭეზე“, სადაც კადაფის შტაბ-ბინა მდებარეობდა და აღმართეს კადაფამდელი ლიბიის დროშა. მოსახლეობა ზეიმით შეხვდა ტრიპოლის გათავისუფლებას.

სექტემბრის დასაწყისში ამბოხებულებმა სრულად დაამყარეს კონტროლი ქალაქზე და გარდამავალმა ეროვნულმა საბჭომაც უკვე დედაქალაქში დაიწყო მუშაობა.

კადაფი კვლავ იმალებოდა. ზოგჯერ მოკლე აუდიო შეტყობინებებს ავრცელებდა. მისი მხარდამჭერები რამდენიმე ქალაქსღა აკონტროლებდნენ. ამბოხებულებმა სცადეს მოლაპარაკებები გაემართათ რეჟიმის დარჩენილ ხელმღვანელებთან დანებებასთან დაკავშირებით, რათა მეტი სისხლი აღარ დაღვრილიყო, თუმცა უშედეგოდ. მათ მალევე შეუტიეს უკანასკნელ ორ ქალაქს – ბანი ვალიდსა და სირთს, სადაც კადაფის მომხრეები იყვნენ გამაგრებულები. 20 ოქტომბერს ქალაქ სირთში ამბოხებულებმა შეიპყრეს და მოკლეს მუამარ კადაფი, რითიც ლიბიაში მისი რეჟიმის მმართველობა დასრულდა.

პოსტრევოლუციური ქაოსი

საერთო ეროვნული კონგრესის ჩამოყალიბება

კადაფის რეჟიმის დამხობის მომდევნო თვეებში, გარდამავალი ეროვნული საბჭო (გეს) იბრძოდა ფუნქციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად, რომლის უფლებამოსილებაც ლეგიტიმურად გავრცელდებოდა ლიბიის მთელ ტერიტორიაზე. ადგილობრივ სამხედრო დაჯგუფებებს, რომლებიც, განსაკუთრებით დასავლეთ ლიბიაში, ავტონომიურად ებრძოდნენ რეჟიმს, არ სურდათ აღმოსავლეთ ლიბიაში ჩამოყალიბებული ხელისუფლების მორჩილება. ისინი გეს-ს ზოგიერთ მაღალჩინოსანს კადაფის რეჟიმთან თანამშრომლობაშიც კი ადანაშაულებდნენ. მათ განიარაღებაზე უარი განაცხადეს, ამიტომ გაჩნდა შეტაკებების ახალი კერები.  

მიუხედავად ადგილობრივი და რეგიონალური ძალების მიერ გამოწვეული დაძაბულობისა, 2012 წელს ჩატარდა არჩევნები, სადაც ლიბიელები ირჩევდნენ 200 კაცისგან შემდგარ ასამბლეას, რომელსაც საერთო ეროვნული კონგრესი (სეკ) ეწოდა. ადგილების უმრავლესობა პარტია ეროვნული ძალების ალიანსმა მოიპოვა, რომლის ლიდერიც გეს-ს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მაჰმუდ ჯიბრილი გახლდათ.

8 აგვისტოს გეს-მ ოფიციალურად გადასცა ძალაუფლება სეკ-ს.

ბუნებრივია, რომ სეკ-ს ძალიან გაუჭირდა ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება. მისი არჩევიდან სულ რაღაც 1 თვის შემდეგ, 2012 წლის სექტემბერში, ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფება, ანსარ ალ-შარია მოულოდნელად თავს დაესხა აშშ-ის საკონსულოს ქალაქ ბენღაზში. შედეგად დაიღუპა ოთხი ამერიკელი, მათ შორის, აშშ-ის ელჩი – კრისტოფერ სტივენსი.

სეკ-ის ფუნქციებისა და ლეგიტიმურობის შესახებ მალევე წარმოიშვა დავა. მას შემდეგ, რაც ასამბლეამ დაადასტურა, რომ იგი ვერ აკონტროლებდა სიტუაციას და ზოგიერთ არჩეულ მთავრობის წევრს, დაპირისპირება გაღრმავდა და სისხლისმღვრელ შეიარაღებულ კონფლიქტად გადაიქცა. მაგალითად, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან დაკავშირებულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ გაიტაცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ალი ზეიდანი (2013 წლის ოქტომბერში უვნებლად გაათავისუფლეს).

გარკვეული დაჯგუფებები ცდილობდნენ, ხელისუფლების ძირითადი შემოსავლის წყაროს, ნავთობპროდუქტების საწარმოთა შევიწროვებით, გარკვეულ დათმობებისკენ წაეყვანათ ლიბიის მთავრობა. უკმაყოფილო ნავთობის მუშაკების პროტესტებმა 2013 წლის დასაწყისში წარმოების შეფერხება გამოიწვია. მოგვიანებით კი სამხედრო დაჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა, იბრაჰიმ ჯადრანმა, ხელში ჩაიგდო რამდენიმე ნავთობის ტერმინალი და წამოაყენა მოთხოვნები: ავტონომია და აღმოსავლეთ ლიბიაში ნავთობპროდუქტების შემოსავლების წილი. იბრაჰიმის მცდელობები ცენტრალური მთავრობისგან დამოუკიდებლად გაეყიდა ნავთობი, 2014 წელს შეწყდა, როდესაც აშშ-ის საზღვაო ძალებმა ხელში ჩაიგდეს ერთ-ერთი ნავთობგადამზიდი ტანკერი, სხვა ტანკერებს კი დაატოვებინეს მის მიერ კონტროლირებადი პორტები. ამ ყველაფრის ფონზე, შეიარაღებული თავდასხმები ნავთობის საწარმოებზე გრძელდებოდა, რაც აფერხებდა ნავთობის წარმოებას.

მოპაექრე მთავრობები ტრიპოლსა და ტობრუკში

2014 წლის შუა თვეებში სეკი ორ დაპირისპირებულ მხარედ გაიყო. მაისში ყოფილმა გენერალმა – ხალიფა ჰაფთარმა, რომელიც ახლა თვითგამოცხადებულ ლიბიის ნაციონალურ არმიას (ლნა) ხელმძღვანელობდა, ისლამისტებისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ აღმოსავლეთ ლიბიაში დაიწყო ოპერაცია „ღირსება“. მან დაგმო ის ფაქტი, რომ სეკი ისლამისტებმა ჩაიგდეს ხელში. მისი ერთგული მებრძოლები კი უშედეგოდ ცდილობდნენ ტრიპოლის პარლამენტის შენობის აღებას. დაპირისპირების გასანეიტრალებლად ივნისში დაინიშნა არჩევნები, რათა შემდგარიყო ახალი ხელისუფლება, რომელიც ჩაანაცვლებდა სეკ-ს, თუმცა უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე, არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის მხოლოდ 20%-მა მიიღო. ისლამისტმა პარტიებმა არჩევნები არალეგიტიმურად ცნეს. მოგვიანებით კი უზენაესმა სასამართლომაც არაკონსტიტუციურად ცნო ახალი ასამბლეა. ისლამური შეიარაღებული დაჯგუფებების კოალიციამ – „ლიბიის განთიადმა“, ქალაქ ტრიპოლში აღადგინა სეკ-ის მმართველობა და დასავლეთ ლიბიაში ჩამოყალიბდა ახალი – ეროვნულ-განმათავისუფლებელი მთავრობა (ეგმ), ხოლო აღმოსავლეთ ლიბიაში, ქალაქ ტობრუკში ხალიფა ჰაფთარმა ივნისში არჩეული წარმომადგენელთა პალატა მიიწვია.  ასე ჩამოყალიბდა ორი დაპირისპირებული მთავრობა აღმოსავლეთ და დასავლეთ ლიბიაში.

მთავრობის გაყოფასთან ერთად ლიბიაში მთავარი ინსტიტუტების გაყოფაც დაიწყო. ნავთობის ეროვნულ კორპორაციას (ნეკ) ტრიპოლში ეგმ აკონტროლებდა, მაგრამ წარმომადგენელთა პალატამ წამოწყებული კამპანიით მოახერხა კომპანიის დეცენტრალიზება და აღმოსავლეთ ლიბიაში ნეკ-ის კონკურენტი შეიქმნა. ამავდროულად, შიდა დაძაბულობა იზრდებოდა ცენტრალურ ბანკშიც, სადაც ნავთობისგან მიღებული შემოსავლები გროვდებოდა. 2014 წელს ცენტრალური ბანკის მმართველის გადაყენების მცდელობა ჰქონდა მის მოადგილეს, რათა შემოსული თანხები წარმომადგენელთა პალატისთვის მიეწოდებინა. მოგვიანებით კი იგი წარმომადგენელთა პალატამ ცენტრალური ბანკის აღმოსავლეთ ფილიალის მმართველად დანიშნა.

ცენტრალური მთავრობის არარსებობამ ლიბიაში გზა გაუხსნა ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოს (ISIS). ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა სირიიდან და ერაყიდან ლიბიაში ჩასვლა 2014 წელს დაიწყეს, ხოლო 2015 წელს კონტროლი დაამყარეს ცენტრალურ სანაპირო ქალაქზე – სირთი. 2016 წელს დასავლურმა კოალიციამ აშშ-ის საჰაერო მხარდაჭერით ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები განდევნა სირთიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან, თუმცა ისინი უდაბნოში მიმოიფანტნენ და შექმნეს ბანაკები, საიდანაც პერიოდულად ახორციელებდნენ თავდასხმებს. 

გაერთიანების მცდელობა: ეროვნული თანხმობის მთავრობა

2015 წლის დეკემბერში ლიბიის კონკურენტმა ფრაქციებმა გაეროს შუამავლობით ხელი მოაწერეს ლიბიის პოლიტიკურ შეთანხმებას (ლპშ), რომელიც ძალათა გადანაწილებასა და ეროვნული თანხმობის მთავრობის (ეთმ) ჩამოყალიბებას გულისხმობდა პრემიერ-მინისტრისა და ცხრაკაციანი საპრეზიდენტო საბჭოს ხელმძღვანელობით. მათ ოლქებიდან და ფრაქციებიდან აირჩევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გაერომ ეთმ ლიბიის ლეგიტიმურ მთავრობად ცნო, მას მაინც გაუჭირდა ძალაუფლება მოეპოვებინა როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ ლიბიაში. აღმოსავლეთში წარმომადგენელთა პალატამ უარი თქვა ეთმ-ის შემოთავაზებული მინისტრების დანიშვნაზე. დასავლეთით, მართალია, ეთმ-მ და ეგმ-მ გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ 2016 წლის მიწურულს ეთმ მაინც ხვდებოდა წინააღმდეგობას ეგმ-სგან.

2017 წლის სექტემბერში გაეროს დახმარების მისიამ სცადა შეეცვალა ლპშ, იმ მიზნით, რომ მხარეებს შორის მომხდარიყო ოპერატიული შეთანხმება ძალაუფლების გადანაწილებაზე. წლის ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობდა, გენერალმა ჰაფთარმა ეთმ-ის ლეგიტიმურობა უარყო, რომლის შეთანხმებული მანდატიც დეკემბერში ამოიწურა.

მოლაპარაკებები გაერთიანებისთვის გაგრძელდა და ფრაქციებმა 2018 წლის მაისში დაამტკიცეს გეგმა, რომლის მიხედვითაც ახალი არჩევნები მომავალ ზამთარში ჩატარდებოდა. თუმცა ეს გეგმაც ჩაიშალა ზაფხულში განვითარებული არეულობის გამო.

ბრძოლა ნავთობის ეროვნული კორპორაციისა და ცენტრალური ბანკისთვის

ბრძოლა ქვეყანაში ნავთობის შემოსავლისთვის უფრო და უფრო გამწვავდა. 2018 წლის იანვარში წარმომადგენელთა პალატამ ცენტრალური ბანკის აღმოსავლეთ ფილიალში საკუთარი კანდიდატი დანიშნა, რამაც ხელი შეუწყო ბანკის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილების გაყოფას. ივნისში იბრაჰიმ ჯადრანის დაჯგუფებებმა კვლავ მიითვისეს რას-ელ-ანუფსა და სიდრის სანავთობო პორტები, რის შემდეგადაც ლიბიის ნაციონალურმა არმიამ გამოაცხადა, რომ მათ მიერ კონტროლირებად ყველა პორტს განაგებდა აღმოსავლეთში მდებარე ნავთობის ეროვნული კორპორაცია, შემოსავლები კი ცენტრალური ბანკის აღმოსავლეთ ფილიალში შევიდოდა. საერთაშორისო საზოგადოებამ მაშინვე დაადასტურა ინფორმაცია, რომ ისინი მხოლოდ ტრიპოლში არსებულ ნეკ-თან ივაჭრებდნენ, რის შემდეგაც ლნა დათანხმდა ტრიპოლში არსებულ კომპანიას ემუშავა მათ მიერ კონტროლირებად პორტებში.

ტობრუკის მთავრობა სამხრეთ-დასავლეთით ავრცელებს გავლენის სფეროს

ტრიპოლში არსებული ეთმ-ის პრემიერ-მინისტრი ფაიეზ ალ-სარაჯი და გენერალი ხალიფა ჰაფთარი 2018 წლის ნოემბერში შეხვდნენ ერთმანეთს პალერმოში, საერთაშორისო კონფერენციაზე. მიუხედავად იმისა, რომ კონფერენცია მასშტაბური არ იყო, ჩაითვალა, რომ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორი მთავრობის გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით.  მხარეები კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე და ჰაფთარმა დადო პირობა, რომ არჩევნების ჩატარებამდე არ შეეცდებოდა ალ-სარაჯის გადაყენებას.

2019 წლის იანვარში ლიბიის ნაციონალურმა არმიამ დაიწყო შეტევა სამხრეთ ფეზანის რეგიონში, რის შედეგადაც დაიკავა უმსხვილესი ნავთობსაბადო – ელ შარარა. ლნა-მ დაიკავა ქვეყნის ძირითადი ნაწილი და, ასევე, მთავარი ნავთობსაბადოები, თუმცა ტრიპოლის ნეკ-ს მიენიჭა უფლება, ემუშავა ლნა-ის მიერ მითვისებულ საბადოებსა და პორტებში.

2019 წლის აპრილში, გენერალი ჰაფთარის მეთაურობით, ლიბიის ნაციონალურმა არმიამ დაიწყო შეტევა ქალაქ ტრიპოლზე, სადაც გაეროს მხარდაჭერილი ეროვნული თანხმობის მთავრობაა გამაგრებული.

რა ხდება ლიბიაში დღეს?

მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებულმა მთავრობებმა არაერთხელ გააფორმეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ლიბიაში სამოქალაქო დაპირისპირება ეროვნული თანხმობის მთავრობასა და გენერალი ხალიფა ჰაფთარის ძალებს შორის არ შეწყვეტილა. საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის მიუხედავად, ჰაფთარის ლიბიის ნაციონალური არმია დღეს აკონტროლებს როგორც ქვეყნის უდიდეს ნაწილს, ასევე, ნავთობსაბადოებსაც.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რეჯეფ-თაიფ ერდოღანმა თურქეთის არმიის ნაწილები ლიბიაში ეთმ-ის დასახმარებლად გაგზავნა, 2020 წლის იანვრის დასაწყისში ლიბიის ნაციონალურმა არმიამ დაიკავა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი სირთი. მალევე, მოსკოვში გაიმართა შეხვედრა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, თუმცა ჰაფთარმა რუსეთი შეთანხმების გარეშე დატოვა. ბრძოლები შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის დღემდე გრძელდება.

კონტროლის ზონები ლიბიაში (BBC)

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button