ახლო აღმოსავლეთი

ვის ეკუთვნოდა ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი?

ბურუსითმოცულ ისტორიაში, თუ როგორ აღმოჩნდა ფეთქებადი ამონიუმის ნიტრატის მარაგი ბეირუთის პორტში, ერთი რამ ცხადია – საჯაროდ არავის გასჩენია პრეტენზია ქიმიური ნივთიერების მფლობელობაზე.  

ბეირუთში მომხდარი დამანგრეველი აფეთქების გარშემო უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვაა. აფეთქებული ნივთიერების მფლობელის დადგენა ერთი შეხედვით, შედარებით მარტივი ჩანს, თუმცა ძიებისას აღმოჩნდა, რომ ამ საქმიდან უამრავი დოკუმენტაციაა გამქრალი.

„საქონელი იგზავნებოდა ერთი ქვეყნიდან მეორეში და აღმოჩნდა მესამე ქვეყანაში, თანაც მფლობელის გარეშე. რატომ აღმოჩნდა მანდამაინც აქ?“ – ამბობს ღასან ჰასბანი, ლიბანის ყოფილი ვიცე პრემიერი და ახლანდელი ოპოზიციონერი.

ტრანსპორტირებაში ჩართულმა მხარეებმა ტვირთის ნამდვილი მფლობელის ვინაობა ვერ დაასახელეს, ზოგმა კი საჯაროდ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. ისინი, ვინც მფლობელის ვინაობა ვერ დაასახელეს არიან – ქართული სასუქების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები და აფრიკული ფირმა, რომელმაც ეს ტვირთი შეუკვეთა, თუმცა თანხა არ გადაუხდია.

ოფიციალური ვერსიით მოლდოვური დროშის ქვეშ მცურავ გემს – Rhosus უკავშირდება ტრაგიკული მოვლენების განვითარება ბეირუთში.

Rhosus

გადაზიდვის ჩანაწერების მიხედვით ირკვევა, რომ გემი 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატით საქართველოში, ბათუმის პორტში 2013 წლის სექტემბერში დაიტვირთა. მას ტვირთი მოზამბიკში უნდა ჩაეტანა, თუმცა კაპიტნისა და ეკიპაჟის ორი წევრის თქმით, ხმელთაშუა ზღვის დატოვებამდე, მათ რუსი ბიზნესმენი – იგორ გრეჩუშკინისგან, რომელიც გემის არაფორმალური მფლობელი იყო, მიიღეს ახალი, დაუგეგმავი დავალება, რომ გაჩერებულიყვნენ ბეირუთის პორტში, საიდანაც დამატებითი ტვირთები უნდა წაეღოთ.

Rhosus-ი ბეირუთის პორტში 2013 წლის ნოემბერში შევიდა, თუმცა გზა აღარ გაუგრძელებია, რადგან პორტის გადასახადების გადაუხდელობისა და ხომალდის დეფექტების გამო სამართლებრივ დავაში გაეხვა.

კრედიტორებმა გემის კანონიერი მფლობელი (პანამაში დარეგისტრირებული კომპანია) ხომალდის მიტოვებაში დაადანაშაულეს, მოგვიანებით კი ამონიუმის ნიტრატი გადმოტვირთეს და პორტის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საწყობში მოათავსეს.

იურიდიულმა ფირმამ Baroudi & Associates, რომელიც კრედიტორების ემსახურებოდა, მრავალი მოთხოვნა, დაესახელებინა ტვირთის იურიდიული მესაკუთრის ვინაობა, უპასუხოდ დატოვა. ასევე, არ გამოსულა კონტაქტზე გრეჩუშკინი. 

მებაჟეების ინფორმაციით, დაცარიელებული გემი 2018 წელს იქვე ჩაიძირა, სადაც გაჩერებული იყო. მისი მოძრაობის მხოლოდ გადამოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბეირუთში 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა, რასაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

პასუხგაუცემელ კითხვებს შორისაა: ვინ გადაიხადა ამონიუმის ნიტრატის ფული და შეეცადა თუ არა მფლობელი მის უკან დაბრუნებას, როდესაც გემს ტვირთი ჩამოართვეს? თუ არა, რატომ?

თეთრ ტომრებში შეფუთული ტვირთი 2013 წელს დაახლოებით $700 000 ეღირებოდა.

დაუზღვეველი გემი

საერთაშორისო საზღვაო კონვენციებისა და ზოგიერთი ქვეყნის შიდა კანონმდებლობის თანახმად, კომერციულ გემებს აუცილებლად უნდა გააჩნდეთ გარემოს დაზიანების, ჩაძირვის შედეგად ადამიანის დაღუპვისა ან დაშავების, შეჯახების და სხვა მსგავსი მოვლენების დასაფარად დაზღვევა. ცნობების თანახმად Rhosus-ი დაზღვეული არ ყოფილა. გემის რუსი კაპიტანი – ბორის პროკოშევი ამბობს, რომ თავის დროზე მან დაზღვევის სერთიფიკატი ნახა, მაგრამ მის ნამდვილობას ვერ ადასტურებს.

გემის კაპიტანი ბორის პროკოშევი და ბოცმანი ბორის მუსინჩაკი Rhosus-ზე, ამონიუმის ნიტრატის ფონზე.

მოზამბიკური ფირმა Fábrica de Explosivos Moçambique (FEM) შეკვეთის დროს ტვირთის მფლობელი არ გამხდარა, რადგან მათი სპიკერის, ანტონიო კუნა ვაზის თქმით, ისინი მწარმოებელთან ადგილზე მიტანისას გადახდაზე შეთანხმდნენ.

2013 წელს ამ სასუქის მწარმოებელი გახლდათ შპს „რუსთავი აზოტი“, რომელიც ბიზნესმენ რომან ფიფიას ეკუთვნოდა, თუმცა მან კონტროლი ქარხანაზე 2016 წელს დაკარგა და კომპანიაც დაიშალა. დიდი ბრიტანეთის სასამართლო დოკუმენტებში ნათქვამია, რომ კრედიტორმა ფირმა აიძულა აუქციონზე გაეტანა მისი აქტივები.

ქარხანას ამჟამად სს „რუსთავი აზოტი“ აკონტროლებს. ამჟამინდელმა დირექტორის პირველმა მოადგილემ – ლევან ბურდიალიძემ განაცხადა, რომ ტვირთის მფლობელის შესახებ ფირმამ არაფერი იცის.

FEM-ის თქმით, მათ ტვირთი სავაჭრო ფირმა – შპს Savaro-ს გზით შეუკვეთეს, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და უკრაინაშია რეგისტრირებული, თუმცა დღეს მათი ვებ-გვერდები გათიშულია, დიდი ბრიტანეთის მისამართზე ოფისის ნაცვლად ჩარაზული კარია, მისი დირექტორი კი, ლიტველი გრეტა ბილიენე, რომელიც კვიპროსზე ცხოვრობს, უარს ამბობს გასცეს შეკითხვებს პასუხი. თუმცა შიდა წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ Savaro მართლაც შუამდგომლობდა სასუქის გაყიდვებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებდან აფრიკის მიმართულებით.

Savaro-ს უკრაინის ფილიალის დირექტორი უკრაინაში მოღვაწე ბიზნესმენი ვლადიმერ ვერბონოლია, რომელთან დაკავშირებაც ვერ ხერხდება.

აფეთქების შემდეგ ბეირუთი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რასაც მოჰყვა არეულობა და არაერთი დაპირისპირება სამართალდამცავებთან. საბოლოოდ, ლიბანის მთავრობა გადადგა, თუმცა მანამდე, ხელისუფლებამ დადო პირობა, რომ ამ საქმის გამოძიებას სწორედ Rhosus-ისა და მისი არაფორმალური მფლობელის – გრეჩუშკინის კავშირების კვლევით დაიწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, იგორ გრეჩუშკინი ბეირუთის ინტერპოლის მოთხოვნით, კვიპროსის პოლიციმ უკვე დაკითხა საკუთარ სახლში – კვირპოსზე.

2013 წლის ივლისში, ბეირუთის პორტში შესვლამდე 4 თვით ადრე, გემი გაუმართაობის გამო 13 დღით იყო დაპატიმრებული სევილიაში, თუმცა ცურვა განაგრძო მას შემდეგ, რაც ფირმა „Maritime Lloyd”-მა მისი დათვალიერების შემდეგ უსაფრთხოების სერთიფიკატი გასცა. ამის მიუხედავად, გემის კაპიტან პროკოშევის თქმით, 2013 წლის ნოემბერში გემი ბეირუთში მნიშვნელოვანი დაზიანებებით შევიდა.

თეიმურაზ ქავთარაძე, რომელიც საქართველოში არსებულ საზღვაო ლოიდში (Maritime Lloyd) მუშაობს ინსპექტორად, ვერ ადასტურებს, მიაწოდა თუ არა 2013 წელს ქართულმა მხარემ გარკვეული დოკუმენტები გემის მდგომარეობის შესახებ სევილიის პორტის თანამშრომლებს. იგი 2013 წელსაც იყო ქართული საზღვაო ლოიდის თანამშრომელი, თუმცა ხელმძღვანელობა და თანამშრომლების უმეტესობა დღეს უკვე შეცვლილია.

მოლდოვა, სადაც Rhosus-ია რეგისტრირებული, სერთიფიკატში გემის მეპატრონედ პანამაში არსებულ კომპანია Briarwood Corp-ს ასახავს, რომელიც გაურკვეველი კომპანიაა და რთულად იძებნება.

გემის დამქირავებელი კომპანია Teto Shipping Ltd დაფუძნებული იყო მარშალის კუნძულებზე და 2014 წელს დაიშალა. მოლდოვეთის საზღვაო სააგენტოს ხელმძღვანელის, იგორ ზაჰარიას თქმით, სწორედ გრეჩუშკინი იყო Teto Shipping-ის დირექტორი. ეს ინფორმაცია დაადასტურა Rhosus-ის კაპიტანმაც, რომელიც გრეჩუშკინსა Teto Shipping-ს შორის განსხვავებას პრაქტიკულად ვერ ხედავდა.

წყარო

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ
Close
Back to top button