ახლო აღმოსავლეთიისტორია

ახლო აღმოსავლეთის ქალაქები №6 – პეტრა

წითელ, ვარდისფერ, თეთრ ქვიშაქვის კლდეებს შორის ნაკვეთი პრეისტორიული ქალაქი პეტრა დასავლური სამყაროსთვის ასობით წლის მანძილზე იყო დაკარგული.

პეტრა ერთ დროს (ძვ.წ 400 – ახ. წ 126) ნაბატეველთა სამეფოს აყვავებულ სავაჭრო ქალაქს წარმოადგენდა, დღეს კი მისი ნანგრევების ხილვა სამხრეთ-დასავლეთ იორდანიაშია შესაძლებელი. საუკუნეების განმავლობაში დაცარიელებული იდუმალი ქალაქის ნანგრევებში შეღწევა პირველად ბედუინის სამოსით შენიღბულმა ევროპელმა მოგზაურმა 1800-იანი წლების დასაწყისში მოახერხა.

პეტრას მონასტერი

სახელმა პეტრამ, რაც ბერძნულად ქვას ნიშნავს, სავარაუდოდ, ჩაანაცვლა მისი უფრო ძველი, ბიბლიური სახელი – სელა. ქალაქის გარშემო აღმოჩენილია პალეოლითური და ნეოლითური პერიოდით დათარიღებული ნაშთები. ცნობილია, რომ დაახლოებით ძვ.წ 1200 წელს, ეს ტერიტორია ედომის სახელმწიფომ დაიკავა, თუმცა საუკუნეების შემდეგ, არაბული წარმოშობის ნაბატეველებმა ჩაიგდეს ხელში და საკუთარი სამეფოს დედაქალაქად გამოაცხადეს.

ძვ.წ 312 წელს რეგიონს თავს დაესხნენ სელევკიდები, თუმცა ქალაქის აღება ვერ მოახერხეს. ნაბატეველთა მმართველობის დროს პეტრა საერთაშორისო სავაჭრო ქალაქად იქცა, სადაც იკვეთებოდა ისეთი განსხვავებული სახელმწიფოების სავაჭრო ინტერესები, როგორებიც ჩინეთი, ინდოეთი, ეგვიპტე და საბერძნეთი არიან. ამ პერიოდში ქალაქის მოსახლეობა 10 000-დან 30 000-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ დღემდე შემორჩენილია ძველი საცავების, ინოვაციური წყლის სატრანსპორტო და სარწყავი სისტემების ნაშთები.

ახ.წ 106 წელს რომაელებმა ნაბატეველები დაამარცხეს და პეტრა არაბეთის რომაული პროვინციის ნაწილი გახდა, თუმცა განვითარებას მაინც განაგრძობდა, მანამ, სანამ სავაჭრო გზების ცვლილებამ მისი კომერციული მნიშვნელობის დაკარგვა არ გამოიწვია. 551 წელს ძლიერმა მიწისძვრამ ქალაქი მნიშვნელოვნად დააზიანა, რის შემდეგაც, როგორც ჩანს, მის უდიდეს ნაწილში ცხოვრება შეწყდა. VII საუკუნეში რეგიონში შეიჭრნენ მუსლიმები. ჯვაროსნების საგუშაგო კი მოწმობს, რომ XII საუკუნეში ამ ტერიტორიაზე კვლავ შეინიშნებოდა გარკვეული აქტივობა.  

პეტრა – რომაელი ჯარისკაცის აკლდამის რეკონსტრუქცია

ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ პეტრა დასავლური სამყაროსთვის დაკარგულად ითვლებოდა, სანამ 1812 წელს შვეიცარელმა მოგზაურმა – იოჰან ლუდვიგ ბურქჰარდთმა კვლავ არ აღმოაჩინა ანტიკური ქალაქი. 1958 წელს იერუსალიმში არქეოლოგიის ბრიტანული სკოლისა და ამერიკული აღმოსავლეთის კვლევითი ცენტრის გათხრებმა პეტრას შესწავლას დიდად შეუწყვეს ხელი. აქ შემორჩენილი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობა კლდეში ნაკვეთი „მონასტერია“ (الدير). დაუსრულებელი აკლდამის ფასადს ბიზანტიელები ეკლესიად იყენებდნენ. პეტრას საკმაოდ ბევრ აკლდამას დახვეწილი ფასადი აქვს და დღესდღეობით საცხოვრებელ სახლებად გამოიყენება. მსხვერპლშეწირვის უმაღლესი ადგილი კარგადაა შემონახული. ეს საკულტო საკურთხეველი ბიბლიური ეპოქით თარიღდება. ქალაქის მაცხოვრებლები ინარჩუნებდნენ ჰიდროლოგიურ სისტემებს, მათ შორის, კაშხლებს, ცისტერნებს, ქვაში ნაკვეთ წყლის არხებს და კერამიკულ მილებს. 1993 წლის გათხრების შემდეგ გამოვლინდა კიდევ რამდენიმე ტაძარი და ძეგლი, რომელიც ძველი ქალაქის პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიურ ტრადიციებს შეესაბამება.

კლდეში ნაგები ქალაქი პეტრა

მიუხედავად იმისა, რომ პეტრას 1985 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობათა ძეგლის სტატუსი მიანიჭა, მისი ნანგრევები დღესაც დაუცველია წყალდიდობისა და სხვა ბუნებრივი მოვლენებისგან. ქალაქი მნიშვნელოვნად დააზიანა ტურისტების გაზრდილმა მიმოსვლამაც.

მკვლევართა აზრით, ჯერჯერობით ქალაქის მხოლოდ 15%-ია აღმოჩენილი, დანარჩენი 85% კი კვლავ მიწის ქვეშაა ჩამარხული.

დღეს პეტრას მონახულებით ტურისტებს ეძლევათ საშუალება, რომ იხილონ ნაბატეური და ბერძნულ-რომაული შერწყმული არქიტექტურული სტილით ნაგები აკლდამები და ტაძრები.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button