ახლო აღმოსავლეთიგეოპოლიტიკა

ირანის ფაქტორი იემენის რეგიონალურ კონფლიქტში

იემენის სამოქალაქო ომი დღევანდელ დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი კონფლიქტია, რომელმაც, გაეროს შეფასებით, ქვეყანა პლანეტაზე ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დააყენა. არსებული მონაცემებით, 2015 წლიდან დღემდე იემენში 130 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 12 000 მშვიდობიანი მოქალაქე (აქედან 25% ბავშვი), 4 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა, დაახლოებით 24 მილიონ იემენელს (ქვეყნის მოსახლეობის 85%) კი ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება.

იემენის სამოქალაქო ომის ცალკეულ, ადგილობრივ მოვლენად განხილვა შეუძლებელია, რადგან იგი რეგიონალურ კონფლიქტს წარმოადგენს, რომელშიც უამრავი საგარეო აქტორი მონაწილეობს. ძირითად მხარეებს წარმოადგენენ ერთი მხრივ, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ მხარდაჭერილი საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი არაბული კოალიცია, რომელიც, თავის მხრივ მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის პრეზიდენტს – აბდ რაბუჰ მანსურ ალ-ჰადის და, მეორე მხრივ, ირანის მხარდაჭერილი ჰუსიტების დაჯგუფება, რომელიც ცდილობს ქვეყანაში კოალიციის გავლენების შესუსტებასა და ლეგიტიმური მთავრობის განდევნის გზით, იემენზე სრული კონტროლის დამყარებას.

ირან-იემენის ურთიერთობა ისტორიულ კონტექსტში

ირანის ურთიერთობა იემენთან ჯერ კიდევ უძველესი დროიდან იწყება, როდესაც ქვეყანა სპარსეთისა და ბიზანტიის იმპერიის დაპირისპირების ერთ-ერთ ეპიცენტრად იქცა. პირველი მნიშვნელოვანი კონტაქტი სასანიანთა ირანის იმპერიასა და იემენის სამეფოს შორის, რომელსაც მაშინ ჰიმიარიტების დინასტიის წარმომადგენელი, ნახევრად ლეგენდარული მეფე, სეიფ ბინ ზი იაზანი მართავდა, ჩვ.წ 575 წელს შედგა, როდესაც მან სასანიანთა იმპერიას იემენიდან ქვეყანაში გაბატონებული ეთიოპელების განდევნა სთხოვა. ამრიგად, ისლამის აღზევებამდე, იემენის ტერიტორიების ნაწილს, მათ შორის, სანას და მის შემოგარენს სპარსელები აკონტროლებდნენ.

მას შემდეგ, რაც იემენში ისლამური მმართველობა დამყარდა, სპარსეთსა და იემენს შორის დიდი ურთიერთობები აღარ შემდგარა.

1960-იან წლებში ჩრდილოეთ იემენში ზაიდიტი იმამების წინააღმდეგ დაწყებული რევოლუცია, რომლებიც ქვეყანას 897-1962 წლებში მართავდნენ, სამოქალაქო ომში გადაიზარდა, რამაც ირანის ყურადღებაც მიიქცია და შაჰმა სამეფო ძალებს რესპუბლიკელთა წინააღმდეგ ბრძოლაში გარკვეული სახის ფინანსური დახმარება გაუწია, თუმცა ომი რესპუბლიკური ძალების გამარჯვებით დასრულდა და იემენის არაბულ რესპუბლიკასა და მონარქისტულ ირანს შორის, ისედაც სუსტი პოლიტიკური კავშირები, პრაქტიკულად, გაწყდა. რაც შეეხება სამხრეთ იემენს, ირანს არც მასთან ჰქონდა ურთიერთობა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ სამხრეთ იემენი, ყოფილი სამხრეთ არაბეთის ფედერაცია, დეკოლონიზაციის შემდეგ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობით შექმნილი კომუნისტური ბანაკის წევრი გახდა, შაჰის დროინდელი ირანი კი აშშ-სთან მოკავშირეობით კაპიტალისტური დასავლეთის გზას მიუყვებოდა. გარდა ამისა, სამხრეთ იემენის კომუნისტური სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა აქტიურად უჭერდა მხარს დოფარის აჯანყებას ომანის სასულთნოს წინააღმდეგ, ირანს კი განსხვავებული შეხედულება ჰქონდა და ომანის სამთავრობო ძალებს უწევდა დახმარებას.

1962 წლის სამხედრო გადატრიალება

სიტუაცია შეიცვალა 1979 წელს ირანში მომხდარი ისლამური რევოლუციის შემდეგ და თეირანის ინტერესი იემენის მიმართ შესამჩნევად გაიზარდა. 1980-იანი წლებიდან იემენელმა სტუდენტებმა ირანის უნივერსიტეტებში სასწავლებლად სიარულიც კი დაიწყეს. ეს ის პერიოდია, როდესაც ირანის ხელისუფლება ისლამური რევოლუციის მოდელის მეზობელ ქვენებში გავრცელებასაც ცდილობდა ამ ქვეყნებში არსებული შიიტური ელიტებისა და საზოგადოების მხარდაჭერისა და წაქეზების გზით. მიუხედავად ამისა, ოფიციალურ დონეზე ჩრდილოეთ იემენსა და ირანს კარგი ურთიერთობა არ ჰქონიათ, რადგან იემენის არაბულ რესპუბლიკას და სადამ ჰუსეინის რეჟიმს შორის საკმაოდ მჭიდრო კავშირები არსებობდა. 1980-1988 წლის ირან-ერაყის ომის დროს ჩრდილოეთ იემენსა და ერაყს შორის სტრატეგიული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ ირანის წინააღმდეგ ომში იემენელები ერაყელების მხარეს იბრძოდნენ.

სამაგიეროდ, ირანმა მჭიდრო კავშირები გააბა სამხრეთ იემენში არსებულ კომუნისტური ტენდენციების მქონე რეჟიმთან, რომელიც ხმამაღლა აკრიტიკებდა დასავლეთის პოლიტიკას და სამეზობლოში არსებულ ტრადიციულ პოლიტიკურ რეჟიმებს. ირანსა და სამხრეთ იემენის ხედვები იმაშიც ემთხვეოდა, რომ, ისინი მტრობდნენ სადამ ჰუსეინის რეჟიმს და ემხრობოდნენ ირანში მომხდარი რევოლუციის მსგავს სცენარებს ყურის სხვა ისლამურ ქვეყნებშიც.

1990 წელს ჩრდილოეთ და სამხრეთ იემენი გაერთიანდა, საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარე, მოგვიანებით კი პრეზიდენტი გახდა ალი-აბდულა სალეჰი და შეიქმნა თანამედროვე იემენის რესპუბლიკა, თუმცა ერთიანობამ დიდხანს ვერ გასტანა და მალევე კვლავ გაჩაღდა სამოქალაქო ომი.

ჰუსიტების მოძრაობა

ჰუსიტების მოძრაობას საფუძველი ჯერ კიდევ ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ, 1980-იან წლებში ჩაეყარა, როდესაც შიიტურ მოძრაობებს რეგიონში ხელფეხი გაეხსნათ. თეირანი, მიუხედავად განსხვავებული რელიგიური შეხედულებისა, არაბულ ქვეყნებში შიიტური მოძრაობების, პრაქტიკულად, ყველა განშტოებას, მათ შორის ზაიდიტებსაც უჭერდა მხარს. აქედან გამომდინარე, იემენის ჩრდილოეთში დაიწყო ზაიდიტური შიიზმის აღორძინების მოძრაობა, რომლის აქტიური წევრები, ბადრ ალ-დინი ალ-ჰუსი და მისი გამოჩენილი შვილები, ჰუსეინი, იაჰია, მუჰამედი და აბდულმალიქი აღმოჩნდნენ.

იემენის გაერთიანების შემდეგ 1990-იანი წლების დასაწყისში ჰუსეინ ალ-ჰუსი დედაქალაქ სანაში ჩავიდა და პარლამენტში თავის დამკვიდრება სცადა, თუმცა, როგორც ჩანს, დიპლომატიური პროცესები არაეფექტურად მიიჩნია, მალევე დაბრუნდა საადის მუჰაფაზში და 1992 წელს მშობლიურ რეგიონში საკუთარ ოჯახთან ერთად სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობა „მორწმუნე ახალგაზრდობა“ დააარსა. ამ პერიოდში ირანი სხვადასხვა პოლიტიკურ-კულტურული აქტივობის სახით ირიბად უჭერდა მხარს ზაიდიტურ და სხვა შიიტურ მოძრაობებს, მაგალითად, ახალგაზრდებს იწვევდნენ კონფერენციებზე, აცნობდნენ საკუთარ გამოცდილებას, აღნიშნავდნენ ირანის რევოლუციის საიუბილეო თარიღს და ა.შ.

2000 წლიდან ჰუსიტების მოძრაობა კიდევ უფრო გააქტიურდა, მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად დაიწყეს იემენის საგარეო და სასაზღვრო საკითხებში ჩარევა, რაც, პირველ რიგში, საუდის არაბეთის, ისრაელისა და მათი დასავლელი მოკავშირეების წინააღმდეგ იყო მიმართული. ჰუსიტებს განსაკუთრებულად წინააღმდეგობრივი რეაქცია ჰქონდათ მეორე ინტიფადაზე, შემდეგ კი აშშ-ის შეჭრაზე ავღანეთსა და ერაყში.

2004 წლის სექტემბერში სამთავრობო ძალებმა შეტაკების დროს მოკლეს ჰუსეინ ალ-ჰუსი, რამაც კიდევ უფრო მეტად გაუთქვა სახელი ჰუსიტების ოჯახს და გააღვივა იემენის მთავრობის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა, რაც იმაში გამოიხატა, რომ ჰუსიტებს სულ უფრო მეტი ხალხი უერთდებოდა. ლიდერობა მისმა ძმამ, აბდულმალიქმა გადაიბარა და მოძრაობას ანსარ ალაჰი უწოდა.

2004-2010 წლებში ჰუსიტებმა ალი აბდულა სალეჰის მთავრობის წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლები გააჩაღეს, რომელიც ექვს ეტაპად, ექვს ომად იყოფა. აღსანიშნავია, რომ ამ ბრძოლების თითოეულ ეტაპზე ჰუსიტები უფრო და უფრო მეტ წარმატებას აღწევდნენ. კონფლიქტის მიმდინარეობის დროს ნელ-ნელა გამოიკვეთა ირანის როლიც. 2009 წლის მიწურულს, „მეექვსე ომის“ დროს ირანის სადაზვერვო გემი ჩადგა წითელ ზღვაში, ერიტრეას დაჰლაკის არქიპელაგთან ახლოს, საუდის არაბეთისა და იემენის საზღვრისა და მიდის პორტის გასწვრივ. ოქტომბერში კი მიდისა და ჰოდეიდას პორტებში დააკავეს შეიარაღებით დატვირთული ორი გემი, სადაც ჰუსიტ აგენტებთან ერთად, იემენის მთავრობის თქმით, გემზე ხუთი „ირანელი სპეციალისტიც“ იმყოფებოდა. 2009-2010 წლებში მიმდინარე ბრძოლების ბოლო ეტაპზე, როდესაც ჰუსიტების გასამხედროებულ დაჯგუფებას ბრძოლის ველზე მთელი იემენული ბრიგადა დანებდა, ნათელი გახდა, რომ მთავრობა სიტუაციას ვეღარ აკონტროლებდა. გარდა ამისა, იემენში სალეჰის 20 წლიანი მმართველობის პერიოდში არც ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესებულა. 2011 წლის დასაწყისში იემენი არაბული გაზაფხულის ტალღამ მოიცვა და მთავრობის წინააღმდეგ დაიწყო ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები, სადაც აქტიურად მონაწილეობდნენ ჰუსიტებიც. საბოლოოდ, რევოლუციის შედეგად ალი აბდულა სალეჰი გადადგა და საუდის არაბეთისა და ყურის თანამშრომლობის საბჭოს ძალისხმევით ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა აბდ რაბუჰ მანსურ ალ-ჰადის მეთაურობით.

ალი აბდულა სალეჰის მომხრე იემენელი მებრძოლი

ცვლილების მიუხედავად იემენში მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ხელისუფლებაში კვლავ ძველი სახეები რჩებოდნენ, რომლებიც წარუმატებლად ართმევდნენ თავს იემენის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს. კრიზისული ვითარებით ისარგებლა ირანმა და კიდევ უფრო გაამყარა კავშირები ჰუსიტებთან, რაც გამოიხატა პოლიტიკური, იდეოლოგიური, ფინანსური და სამხედრო დახმარებით.

2014 წლის სექტემბერში ჰუსიტებმა ყოფილ მტრებთან, ალი აბდულა სალეჰის მოკავშირე დაჯგუფებებთან ერთად მოახერხეს იემენის დედაქალაქის – სანას აღება და პრეზიდენტი ჰადი შინაპატიმრობაში მოაქციეს, თუმცა მან ადენში გაქცევა მოახერხა, საბოლოოდ კი საუდის არაბეთს შეაფარა თავი.

მალევე ჰუსიტებმა იემენის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული საპორტო ქალაქი და საუდის არაბეთის მხარდაჭერილი მთავრობის დროებითი დედაქალაქი ადენიც აიღეს.

მარიონეტული კონფლიქტი: დაპირისპირების ახალი ფაზა

2015 წლის დასაწყისში, როდესაც ჰუსიტები და მათი მოკავშირე, გადაყენებული პრეზიდენტი, ალი აბდულა სალეჰი იემენის დედაქალაქ სანაში ახალ ხელისუფლებას ჩაუდგნენ სათავეში, ირანმა მათთან გააფორმა ეკონომიკურ შეთანხმებები ნავთობის, საჰაერო მიმოსვლის, საზღვაო გადაზიდვებისა და ელექტროობის საკითხებში. მარტში თეირანმა განაცხადა საჰაერო მიმოსვლის ჩამოყალიბების შესახებ ირანსა და სანას შორის. დღეში ორი რეისის შესრულება სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ავიაკომპანიას – „მაჰანის ავიახაზებს“ ( هواپیمایی ماهان) დაევალა, რომელსაც ირანის რევოლუციური გუშაგთა კორპუსის (ირგკ) ყუდსის ძალები იყენებს კონფლიქტის ზონებში სპეციალისტების გადასაყვანად და სპეციალური ეკიპირებისა და შეიარაღების გადასაზიდად. ირანმა პირობა დადო, რომ ჰუსიტების კონტროლირებად ტერიტორიას ერთი წლის განმავლობაში მოამარაგებდა ნავთობპროდუქტებით, ასევე, ააშენებდა ელექტრომომარაგების სადგურებს ადენის, ჰოდეიდისა და ტაიზის პროვინციებში და აღადგენდა ელექტროენერგიის გადამცემ ხაზს მარიბსა და სანას შორის. ამავდროულად, ირანი აპირებდა ჰოდეიდას პორტის გაფართოვებას, საჭიროებისამებრ სხვადასხვა სახის დახმარების მიწოდებას, ინფრასტრუქტურის აღსადგენად იემენში ირანელი ექსპერტების გაგზავნას, ორ ქვეყანას შორის ყოველდღიური საჰაერო მიმოსვლის შემოღებას და ა.შ. ამ შეთანხმებებს გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ირანი ფარული მხარდამჭერიდან, პრაქტიკულად, ჰუსიტების დეკლარირებული მოკავშირე გახდა, თუმცა 2015 წლის 26 მარტს საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით შექმნილი არაბული კოალიციის (ბაჰრეინი, ეგვიპტე, იორდანია, ქუვეითი, მაროკო, ყატარი, სუდანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები) მიერ იემენში დაწყებულმა სამხედრო ოპერაციამ – „გადამწყვეტი ქარიშხალი,“ რომელიც აჯანყებული ჰუსიტების დამარცხებას და ქვეყანაში ჰადის ლეგიტიმური მთავრობის დაბრუნებას ითვალისწინებდა, მათი პრაქტიკული განხორციელება შეუძლებელი გახადა.

ოპერაციის დაწყების შემდეგ იემენი სრულ საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ბლოკადის ქვეშ მოექცა. ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანაც კი შეუძლებელი გახდა. საუდის არაბეთმა ჰუსიტების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საჰაერო კამპანია, რომელსაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე დღემდე ეწირება, თუმცა აჯანყებული იემენელების დამარცხების მცდელობა არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. მალევე იემენის სამოქალაქო ომი გადაიქცა საერთაშორისო მარიონეტულ კონფლიქტად, რომელიც ქვეყნის ფარგლებსაც კი გასცდა, რადგან ჰუსიტებმა ირანის მიერ მიწოდებული ბალისტიკური რაკეტებითა და თვითმკვლელი დრონების გამოყენებით დაიწყეს თავდასხმები საუდის არაბეთში მდებარე ნავთობსაბადოებზე, ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურასა და სამხედრო ობიექტებზე, რაც დღემდე გრძელდება.

2017 წლის 29 ნოემბერს ყოფილ მტრებს, ალი აბდულა სალეჰის მომხრეებსა და ჰუსიტებს შორის ურთიერთობა კვლავ დაიძაბა, მალევე ყოფილმა პრეზიდენტმა ორწლიანი ალიანსის გაწყვეტის შესახებ განაცხადა, 4 დეკემბერს კი სალეჰი სანასთან ახლოს მოკლეს, რამაც კიდევ უფრო დიდი არეულობა გამოიწვია.

დღევანდელ დღეს იემენის კონფლიქტში ძალიან ბევრი მხარეა ჩართული, მათ შორის, გაეროს მიერ აღიარებული მთავრობა, სამხრეთის გარდამავალი საბჭო (სგს), საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირანი, ჰუსიტები და ა.შ.

მანსურ ალ-ჰადის მომხრე იემენელი მებრძოლი

არაბთა გაერთიანებული საამიროების ინტერესები იემენში, ძირითადად, მიმართულია პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების მოსახვეჭად, ხოლო საუდის არაბეთის მთავარი მიზანი უფრო იდეოლოგიური ხასიათისაა და ირანის მხარდაჭერილი დაჯგუფების – ჰუსიტების ძალაუფლების შეზღუდვას წარმოადგენს. ამ კონფლიქტში არაბთა გაერთიანებული საამიროები ცდილობს თავი წარმოაჩინოს საუდის არაბეთის „უმცროს ძმად,“ თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არაბულ კოალიციას წარმოადგენენ, რეალურად ორივე მხარეს განსხვავებული, ხშირად ერთმანეთის საწინააღმდეგო ინტერესები და სტრატეგიაც კი გააჩნიათ.

არაბთა გაერთიანებული საამიროების მცდელობები ქალაქ ადენზე საკუთარი ზეგავლენის გასაზრდელად ჯერ კიდევ 2008 წლიდან იწყება, როდესაც მათ გააფორმეს ადენის პორტის „განვითარების“ სადავო შეთანხმება, რომელიც იემენის მთავრობამ 2013 წელს გააუქმა. არაბთა გაერთიანებული საამიროები ადენის განვითარების სტრატეგიაში ხედავს შესაძლებლობას, რომ იგი სხვა არაბული სახელმწიფოების ჰეგემონიისგან დამოუკიდებლად იქცეს თავისუფალ რეგიონალურ ძალად. 2015 წლიდან დღემდე მიმდინარე იემენის კონფლიქტში პირდაპირი ჩართულობის შედეგად, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ამჟამად, საკუთარი ზეგავლენის გავრცელებას დისტანციურად, მისი მოკავშირე, სეპარატისტული სგს-ს დახმარებით ახერხებს, რომელიც 2019 წლიდან აკონტროლებს ადენსა და სოკორტას არქიპელაგს.

საუდის არაბეთის სტრატეგია, რომ ჩრდილოეთ იემენში ჰუსიტები დაემარცხებინა უშედეგო აღმოჩნდა. უფრო მეტიც, ჩრდილოეთის ბრძოლებმა იემენში კიდევ უფრო მეტი სიცარიელე გააჩინა, რომლის ათვისებასაც ფარულად შეუდგა არაბთა გაერთიანებული საამიროები, რითიც კიდევ უფრო გაიმყარა პოზიცია ადენსა და მის შემოგარენში. ამის სანაცვლოდ, საუდის არაბეთმა მრავალმხრივი სტრატეგიის გამოყენება გადაწყვიტა: პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერა, რომელიც ადენის ყურეს და ბაბ-ელ-მანდების სრუტეს ირანის გავლენებისგან დაიცავს; რბილი ძალის გამოყენება „საუდის განვითარებისა და რეკონსტრუქციის გეგმა იემენისთვის“ მეშვეობით, რომელიც ჩრდილოეთ იემენს შეეხება და ძალისხმევა, რომ დაჩქარდეს იემენის ლეგიტიმურ მთავრობასა და სგს-ს შორის 2020 წლის ივლისში გაფორმებული რიადის შეთანხმება.

მუჰამედ ბინ სალმანი და მანსურ ალ-ჰადი

რაც შეეხება ირანს, იგი იემენის კონფლიქტში დღემდე ძალიან დიდ ინვესტიციებს დებს. გარდა ტექნიკური ცოდნის გაზიარებისა და შეიარაღების მიწოდებისა, ირანს ბოლო 6 წლის განმავლობაში იემენში პოლიტიკური ზეგავლენის მოპოვების ძალისხმევაც ძვირი უჯდება. იემენში ირანის ინტერესების ყველაზე კარგი ინდიკატორი თავად ირანული მედიაა: ისლამური რეჟიმი ჰუსიტების ყოველ თავდასხმას საუდის არაბეთზე პოზიტიურად ეხმაურება და წარმატებულს უწოდებს (სინამდვილეში საუდის არაბეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები ხშირ შემთხვევაში წარმატებით უმკლავდებიან იერიშებს), ასევე, ირანულ მედიაში ხშირად გადის ინტერვიუები ჰუსიტების ლიდერებთან, რომლებიც აშშ-სა და საუდის არაბეთს მომავალი თავდასხმების შესახებ აფრთხილებენ და ემუქრებიან. ბოლო დროს მსგავსი თავდასხმები განსაკუთრებით გახშირდა. ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ხამენეისგან კი კვლავ ისმის დამამცირებელი რიტორიკა: „საუდელებმა იემენში ომი ობამას დემოკრატების მთავრობის მწვანე შუქითა და ფართო სამხედრო მხარდაჭერით დაიწყეს, ფიქრობდნენ, რომ ისინი შეუიარაღებელ და დაუცველ იემენელ ხალხს დაბომბავდნენ და ერთ თვეში დანებებას აიძულებდნენ. 6 წელი გავიდა და ისინი არ დანებებულან. ისინი [საუდის არაბეთი და აშშ] შეცდნენ.“

„იცოდით [ამერიკელებო] რამხელა ჭაობში ითრევდით საუდელებს? ახლა მათ არც ომის დასრულება შეუძლიათ და არც გაგრძელება. თქვენ, ამერიკელებმა იცოდით, თუ რამხელა უბედურებას ქმნიდით საუდელებისთვის? თუ იცოდით, რამდენად საბრალოები არიან თქვენი მოკავშირეები ასე რომ მოექეცით! და თუ არ იცოდით, რამდენად საბრალოები არიან ისინი თქვენ რომ გენდნენ!“ – წერს ხამენეი Twitter-ზე.

ამ მესიჯებიდან ნათლად ჩანს, რომ ირანი საუდის არაბეთს უყურებს, როგორც ხაფანგში გამომწყვდეულ მხარეს. რაც საუდის არაბეთისთვის თავდაპირველად ერთი შეხედვით მარტივ სამხედრო ოპერაციად ჩანდა, იქცა დიდ „ჭაობად,“ ირანი კი დღემდე ამ მდგომარეობის შენარჩუნებას ცდილობს. ეს სიტუაცია შეიძლება 1960-იან წლებსაც შევადაროთ, როდესაც ეგვიპტე იემენში შეიჭრა საბოლოოდ კი მსგავს ჭაობში აღმოჩნდა, რამაც გარკვეულწილად ხელი შეუშალა 1967 წელს ისრაელთან ომის დროს სამხედრო ძალების სრულყოფილად მობილიზებაში.

დღევანდელი გადმოსახედიდან და პოლიტიკური განცხადებებიდან ჩანს, რომ ირანს სურს საუდის არაბეთი იემენში რაც შეიძლება დიდი ხნით შეაყოვნოს და მარიონეტულ ომში დაახარჯინოს ძირითადი ძალები, ამავდროულად კი საკუთარი დრონები და რაკეტები გამოსცადოს კოალიციურ ძალებსა და საუდის არაბეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე მიტანილი იერიშებით, რაშიც ირანი დამატებით მოგებასაც ნახულობს, რადგან Aramco-ს ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ ნავთობის ფასები იზრდება. საუდის არაბეთის იემენში შეყოვნებით კი ირანი აშშ-ის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო პარტნიორს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სხვა ქვეყნებში გავლენების გავრცელების შესაძლებლობას უზღუდავს, თავად კი ძლიერდება.

ამ ყველაფრის პარალელურად ჰუსიტები ცდილობენ შეასუსტონ, როგორც საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული იემენის მთავრობა, ასევე, არაბთა გაერთიანებული საამიროების მხარდაჭერილი სამხრეთის გარდამავალი საბჭო, რათა ხელი შეუწყონ ირანის გავლენების გავრცელებას ჰორმუზის სრუტის მიღმა, ადენის ყურესა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე.

ირანის საბოლოო და გრძელვადიანი გეგმა კი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტის, სამხრეთ იემენის ქალაქ ადენისა და მისი პორტის ხელში ჩაგდებაა, რადგან მას განსაკუთრებული გეოგრაფიული მახასიათებლები გააჩნია, რაც, პირველ რიგში, მთიანი რეგიონებით გარშემორტყმულ ბუნებრივად ჩამოყალიბებულ ღრმაწყლოვან დამცავ ბარიერს გულისხმობს. აღსანიშნავია, პორტის ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან სიახლოვეც, რომელიც მას წითელ ზღვასთან აკავშირებს, სადაც ყოველდღიურად მილიონობით ბარელი ნავთობით დატვირთული ტანკერები მოძრაობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვინც ადენსა და მის პორტს აკონტროლებს, მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, როგორც ნავთობის ფასების კონტროლზე, ასევე, რეგიონში ჩამოყალიბებულ სტრატეგიულ და გეოპოლიტიკურ ბალანსზე.

მიუხედავად მტრული განწყობებისა, თეთრ სახლში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ შესაძლოა ვითარება მკვეთრად შეიცვალოს, რადგან ბაიდენის მიერ საუდის არაბეთისა და კოალიციისთვის მხარდაჭერის შეწყვეტის გამოცხადება სრულიად სცდება იმ ღერძს, რომელიც ჯერ კიდევ ბარაკ ობამამ ჩამოაყალიბა, დონალდ ტრამპის დროს კი კიდევ უფრო გაფართოვდა. ჯერჯერობით გაურკვეველია თუ რა ბედი ელის იემენის კრიზისს თუ აშშ კოალიციისადმი დახმარებას რეალურად შეწყვეტს, თუმცა ფაქტია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარებისკენ იხრება, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ვაშინგტონმა ანსარ ალაჰი ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო. მიუხედავად ამისა, ჰუსიტების იერიშები, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეებიც ეწირებიან კვლავ გრძელდება. ის თუ რამდენად დათმობს აშშ იემენში საკუთარ პოზიციებს სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაირკვევა, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია, ობამას მსგავსად, იემენის საკითხით აპირებს ირანთან ვაჭრობას, რათა ბირთვულ შეთანხმებაში დააბრუნოს. ამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აშშ-ის მხარდაჭერის შემცირების საფრთხის გამო, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა და საუდის არაბეთმა ბაღდადში ფარული შეხვედრები გამართეს, საუდის არაბეთის პრინცმა ირანის მიმართ ტონი შეარბილა და თქვა, რომ მხარეებს შორის „კარგი“ ურთიერთობების ჩამოყალიბების მომხრეა.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button