გეოპოლიტიკა

ცივი ომი გრძელდება?

   4 მარტს, დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერში მოწამლული იპოვეს რუსეთის ყოფილი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სკრიპალი. ასევე მოიწამლა ბრიტანეთის პოლიციის ოფიცერი, რომელიც მამა-შვილისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენას ცდილობდა. ამჟამად ისინი საავადმყოფოში სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.

სერგეი და იულია სკრიპალები
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ამ ქიმიურ შეტევაში რუსების ხელი ურევია, რადგან ის ქიმიური ნივთიერება, რომლითაც მოიწამლნენ იდენტიფიცირებულია, როგორც – რუსების მიერ დამზადებული ნერვული აგენტი “ნოვიჩოკი”. ამის გამო, ბრიტანეთის პრემიერმა მოსკოვს მისცა ორდღიანი ვადა ყველანაირი ახსნა-განმარტებისთვის, თუმცა რუსეთის მხრიდან არანაირი ახსნა-განმარტება არ გაკეთებულა. სწორედ ამიტომ, ტერეზა მეიმ 14 მარტს წარმოადგინა იმ სანქციათა სია, რომელსაც ბრიტანეთი მოსკოვს დააკისრებს და განაცხადა, რომ ეს იქნება მკაფიო გზავნილი, რომელმაც რუსეთი უნდა დააფიქროს. მეიმ ასევე გააუქმა დაგეგმილი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და დაემუქრა რუსეთს: “საერთაშორისო სამართლის თანახმად, თუ ერთმა სახელმწიფომ მეორის წინააღმდეგ ძალა არაკანონიერად გამოიყენა, აგრესიის მიმღებ ქვეყანას შესაბამისი პასუხის გაცემის უფლება აქვს.” ექსპერტების აზრით, პრემიერის ეს განცხადება ფაქტიურად ომის გამოცხადებას ნიშნავს.
ტერეზა მეის განცხადებით: “ეს ყველაფერი არ არის”


რით უპასუხა რუსეთმა?

 

რუსეთის ელჩმა გაეროში უარყო რუსეთის ჩართულობა ამ შეტევაში და ბრიტანეთს ამ ბრალდების მატერიალური მტკიცებულებით დადასტურება მოსთხოვა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა წამოყენებულ ბრალდებას პროვოკაცია უწოდა და ბრიტანეთის მთავრობა სიტუაციის გამწვავებაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი აუცილებლად მიიღებს შესაბამის, ადეკვატურ საპასუხო ზომებს ბრიტანეთის წინააღმდეგ. 15 მარტს კი სერგეი ლავროვმა მორიგი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ რუსი დიპლომატების გამოძევების საპასუხოდ რუსეთიდანაც ძალიან მალე გააძევებენ ბრიტანელ დიპლომატებს.
ბრიტანეთში რუსეთის საელჩო მომხდარს ამ Tweet-ით გამოეხმაურა

ვინ არის სკრიპალი?

 

სერგეი სკრიპალი არის რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, რომელიც 2010 წელს ჩავიდა ბრიტანეთში, მას შემდეგ, რაც რუსეთში ბრალი დასდეს ორმაგ აგენტობაში. მან საიდუმლო ინფორმაციები გადასცა MI6-ს (ბრიტანეთის დაზვერვას). რას ფიქრობენ დიდი ბრიტანეთის მოკავშირეები? ტერეზა მეი პირადად ესაუბრა ამერიკის და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ასევე გერმანიის კანცლერსაც, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს დიდ ბრიტანეთს და მოუწოდეს რუსეთს პასუხი აგოს ჩადენილ ქმედებაზე. საფრანგეთის პრეზიდენტს ამერიკისა და გერმანიისგან განსხვავებით ამ თავდასხმაში რუსეთი ღიად არ დაუდანაშაულებია, თუმცა უტყუარი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში მზადაა შეუერთდეს ბრიტანეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ტერეზა მეიმ ასევე განაცხადა, რომ ბრიტანეთზე განცხორციელებული თავდასხმა პირდაპირ ეხება ნატოსაც და შეახსენა მეხუთე მუხლი, რომლის მიხედვითაც თავდასხმა ნატოს ერთ რომელიმე წევრ სახელმწიფოზე ნიშნავს თავდასხმას ყველა მოკავშირეზე და ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას. ნიკოლაი გლუშკოვის მკვლელობა 12 მარტს ლონდონში რუსეთისგან ძებნილი 68 წლის რუსი ბიზნესმენი ნიკოლაი გულშკოვი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო, მათი განცხადებით გლუშკოვს კისრის არეში გაგუდვის კვალი აღენიშნება. მკვლელობა სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის მცდელობდან მხოლოდ 8 დღის შემდეგ მოხდა, რაც იჭვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს ორი ინციდენტი ერთმანეთს უკავშირდება.
ვინ იყო გლუშკოვი?

ნიკოლაი გლუშკოვი გახლდათ რუსეთის სახელმწიფო აეროხაზების დირექტორის ყოფილი მოადგილე და ბიზნესმენი, რომელმაც 2010 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთში თაღლითობა დააბრალეს, ინგლისში პოლიტილური თავშესაფარი მიიღო. იგი 1999 წელს ასევე თაღლითობის ბრალდებით იჯდა ციხეში 5 წლით. ლონდონში ჩასვლის შემდეგ, იგი პუტინის კრიტიკოსი გახდა. გლუშკოვს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ყოფილ რუს ბიზნესმენთან ბორის ბერეზოვსკისთან, რომელმაც პუტინთან დაპირისპირების გამო 1999 წელს დატოვა რუსეთი და პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო ბრიტანეთში, თუმცა 2013 წელს ბერეზოვსკიც გარდაცვლილი იპოვეს საკუთარი სახლის აბაზანაში. ბრიტანელმა გამომძიებლებმა ბერეზოვსკის მკვლელობა ვერ გახსნეს და დღემდე საიდუმლოებებით მოცული რჩება.

ნიკოლაი გლუშკოვი

რას უნდა ველოდოთ ბრიტანეთისგან?
ბრიტანეთში განსაკუთრებით გახშირდა თავდასხმები რუსეთიდან გამოქცეულ მოქალაქეებზე. 4 მარტს სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის მცდელობაზე პასუხისმგებლობა ბრიტანეთმა რუსეთს დააკისრა და მკაცრი სანქციებიც დაუწესა. რუსეთის მხრიდან ბრიტანეთის ბრალდებას ცინიკური უარყოფა მოჰყვა. სერგეი ლავროვი სანქციების წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღებით დაიმუქრა. 12 მარტს კი ლონდონში გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს ბერეზოვსკის მეგობარი და რუსეთისგან ძებნილი პუტინის კრიტიკოსი ბიზნესმენი ნიკოლაი გლუშკოვი. იმის ფონზე, რომ ევროპული სახელმწიფოები რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვას მათ მიერ ბევრი არასამართლიანი ქმედების ჩადენაზე თვალების დახუჭვას არჩევენ, რუსეთმა ვერ აიტანა ბრიტანეთის მკაცრი პასუხი მის უკანონო ქმედებაზე და დასაშინებლად, ავტორიტეტის აღსადგენად შუაგულ ლონდონში მოკლა ბრიტანეთის მოქალაქე, რაც პირდაპირ თავდასხმას ნიშნავს. ტერეზა მეის განცხადებით, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც თავს დაესხმება ბრიტანეთს, საკადრის პასუხს მიიღებს. სიტუაცია ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ძალიან დაძაბულია, გულშკოვის მკვლელობა კი კიდევ უფრო გაამწვავებს ურთიერთობას ამ ორ ქვეყანას შორის. ბრიტანეთისგან უნდა ველოდოთ დამატებითი სანქციების შემოღებას, რაც ბრიტანეთის მასშტაბით რუსული მაუწყებლობის გათიშვას და რუსი ოლიგარქების ანგარიშების გაყინვას გულისხმობს. უფრო მკაცრ ღონისძიებას ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ამ ეტაპზე სავარაუდოდ არ გაატარებს, რადგან შეიძლება ეს ყველაფერი სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. მსოფლიო რუს დიპლომატებს აძევებს სკრიპალის მოწამვლის შემდეგ დიდ ბრიტანეთს მხარი დაუჭირა მსოფლიოს 27-მდე ქვეყანამ და თავის მხრივ ყველა მათგანმა გააძევა რუსი დიპლომატები. ყველაზე მკაცრი სანქციები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო და 60 რუსი დიპლომატის გაძევებასთან ერთად მთლიანად დახურა სიეტლში მდებარე რუსული საკონსულო.

ქვეყნების სია და გაძევებული დიპლომატების რაოდენობა
მსოფლიო თანამეგობრობის ამდენი ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ცივი ომის შემდეგ არ გაერთიანებულა. დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის დღითიდღე მწვავდება.
რას პასუხობს რუსეთი დასავლეთის ქვეყნების გაერთიანებას? რუსეთი დასავლური სოლიდარობის წინააღმდეგ ძირითადად მწვავე განცხადებებით შემოიფარგლება. სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი აუცილებლად მკაცრ პასუხს გასცემს დასავლეთს, თუმცა კონკრეტულ ნაბიჯებზე არაფერს ამბობს.

რა პოზიცია უნდა დაიჭიროს საქართველომ? 
საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც იგი რუსეთს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემების გადასაჭრელად, სრულიად დაჩრდილა დასავლეთის მკაცრმა გადაწყვეტილებამ გაეძევებინათ საკუთარი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატები და გაეწყვიტათ რუსეთთან ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობა. 2008 წლის შემდეგ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა ისედაც გაწყვეტილი აქვს, ამიტომ დიპლომატებს ქვეყნიდან ვერ გავაძევებთ, თუმცა ერთადერთი სწორი გზა, რაც დღეს საქართველოს დარჩენია არის დასავლეთის გაერთიანების ღია და მკაფიო მხარდაჭერა. ამით საქართველო მოკავშირეებს დაანახებს, რომ ჩვენ გეზი სწორედ დასავლეთისკენ გვაქვს აღებული და არა მათი მოწინააღმდეგე რუსეთისკენ. ჩვენი სოლიდარობა დასავლეთისადმი ამ კრიტიკულ მომენტში კიდევ უფრო განამტკიცებს ურთიერთობას მათთან და დააჩქარებს NATO-ში ინტეგრაციას.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button