გეოპოლიტიკა

რუსული სპეცსამსახურების კვალი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში

23 აგვისტოს ბერლინის ცენტრალურ პარკში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი. პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქე. მალევე იპოვეს პისტოლეტი (მაყუჩიანი Glock 26) და ველოსიპედი, რომლებსაც ბრალდებული მკვლელობის დროს იყენებდა.

მკვლელობა

თვითმხილველთა თქმით, მკვლელი ხანგოშვილს ველოსიპედით უკნიდან დაესხა თავს, ორჯერ ესროლა თავში და გაიქცა. მკვლელმა მდინარეში ჩაყარა იარაღი, ველოსიპედი და სხვა მტკიცებულებები, რა დროსაც იგი მოქალაქეებმა შეამჩნიეს და შეატყტობინეს პოლიციას. პოლიციამ იგი მალევე დააკავა.

მკვლელი 49 წლის რუსეთის მოქალაქე – ვლადიმერ სოკოლოვი აღმოჩნდა, რომელიც ბერლინში მოსკოვიდან, პარიზის გავლით ჩასულა, ყალბი საბუთების გამოყენებით. მას მოსკოვში დასაბრუნებელი ბილეთიც ჰქონია აღებული.

მკვლელი: ვლადიმერ სოკოლოვი

ვინ იყო ზელიმხან ხანგოშვილი?

ზელიმხან ხანგოშვილი იყო საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ქისტი, პანკისის ხეობის მკვიდრი. პირველად მისი სახელი 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გაჟღერდა: სწორედ იგი იყო შუამავალი ქართულ სამართალდამცავებსა და უკანონოდ შემოჭრილ ჩეჩნურ შეიარაღებულ ფორმირებას შორის.

ზელიმხან ხანგოშვილი

როგორც ცნობილია, ზელიმხანი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს აქტიურად იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ. იგი იყო საველე მეთაური და ჩეჩნეთის პრეზიდენტის – ასლან მასხადოვის ახლო მოკავშირე. რუსული მედია მას ხშირად მოიხსენიებდა როგორც „დოკუ უმაროვის წარმომადგენელს საქართველოში“. სწორედ ამის გამო, რუსული სპეცსამსახურების ინტერესი მის მიმართ ძალიან მაღალი იყო. ცნობილია ისიც, რომ ზელიმხანის რამდენიმე თანამებრძოლი ომის დასრულების შემდეგ მოკლეს.

მარცხნივ: ჩეჩნეთის პრეზიდენტი – ასლან მასხადოვი | მარჯვნივ: ზელიმხან ხანგოშვილი

ბერლინის თავდასხმა არ ყოფილა პირველი: 2015 წლის 28 თებერვალს ხანგოშვილს თბილისშიც დაესხნენ თავს. უცნობმა შეიარაღებულმა თავდასხმელმა მას მანქანაში 8 ტყვია ესროლა და მიიმალა, თუმცა ხელსა და მხარში დაჭრილმა ზელიმხანმა თავადვე მოახერხა საავადმყოფომდე მისვლა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამ შემთხვევის შემდეგ ზელიმხანი საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობდა და სწორედ ამიტომ გადაწვიტა გერმანიაში ოჯახთან ერთად გადასვლა.

მკვლელობის ადგილი

რუსული კვალი

გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ზელიმხანის მკვლელობა პირდაპირ რუსულ სპეცსამსახურების უკავშირდება, რადგან რუსები უკვე დიდი ხანია ნადირობენ მათ წინააღმდეგ მებრძოლ ჩეჩნებზე. კიდევ ერთ არგუმენტად მოჰყავთ 2012 წელს ჩატარებული ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ხანგოშვილის თანამშრომლობა ქართულ ანტიტერორისტულ სამსახურებთან, რომლებმაც აღკვეთეს საქართველოში რუსული პროვოკაცია.

დაქირავებული მკვლელების მეშვეობით არასასურველი პიროვნებების მოშორების არაერთი ფაქტი თუ მცდელობა არსებობს რუსეთის მხრიდან, მათ შორის, ალექსანდრე ლიტვინენკოსა და სერგეი სკრიპალის გახმაურებული საქმეები.

აქცია გერმანიის საელჩოსთან | ფოტო: Netgazeti.ge

აშშ-მაც რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე. The Wall Street Journal ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ რუსეთს მიიჩნევს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ორგანიზატორად. გამოცემა წერს, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ყალბი რუსული პასპორტი მხოლოდ ხელისუფლების დახმარებით ექნებოდა. სტატიაში აღნიშნულია ის ფაქტიც, რომ რუსეთი აძლიერებს საზღვარგარეთ მყოფი არასასურველი პიროვნებების მკვლელობის კამპანიას.

ოფიციალურმა მოსკოვმა ყველა ეს ბრალდება უარყო, თუმცა გამოძიება ამ დრომდე გრძელდება და ზელიმხანის მკვლელობაში რუსული კვალის დადასტურების შემთხვევაში, რისი ალბათობაც დიდია, რუსეთს მორიგი სანქციები ემუქრება.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button