გეოპოლიტიკა

რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში რუსეთისგან?

რუსულ ტურიზმზე დამოკიდებულების საფრთხეზე განცხადებას საკუთარ ტვიტერის გვერდზე ავრცელებს აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე და ექსპერტი რუსული პოლიტიკის მიმართულებით მაიკლ კარპენტერი: “საქართველოში სამი დღე გავატარე. არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლებას ესმის რუსეთის ფედერაციასთან არსებული “ღია კარის” პოლიტიკის შედეგი. საქართელოში ბევრი რუსი ტურისტია (ძირითადად “ფსბ”). ქართული მიწის დიდ ნაწილს რუსი ბიზნესმენები ყიდულობენ. ერთ დღეს შესაძლოა ქართველებმა გაიღვიძონ და ქვეყანა 20%-ის ნაცვლად, 100%-ით ოკუპირებული დახვდეთ.”

გთავაზობთ მაიკლ კარპენტერის მოსაზრებებს უახლოეს მომავალში რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ:

#1 უკრაინა

რუსეთი გამართავს სამხედრო წვრთნებს უკრაინაში. სავარაუდოდ, მთავარი სამიზნე იქნება არხი, რომელიც მდინარე დნეპრიდან სუფთა წყლით მოამარაგებს ყირიმს. ამის გარეშე ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სექტორს გაუჭირდება არსებობა. ასევე, რუსეთი შეეცდება მოიპოვოს სრული დომინირება აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში.

#2 სომხეთი

რუსეთი სამხედრო ჩარევით გაამწვავებს ვითარებას მთიანი ყარაბახის რეგიონში, თუ პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი არ გააგრძელებს რუსული ინტერესებისა და კორუფციის გაზიარებას სომხეთში.

#3 ბელარუსი

რუსეთი გაამწვავებს ზეწოლას პრეზიდენტ ლუკაშენკოზე, რათა ბელარუსიაში განთავსდეს რუსული სამხედრო ბაზა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აშშ მწვანე შუქს აუნთებს პოლონეთში ამერიკული თავდაცვის სისტემის (“Fort Trump”) განთავსებას. თუ მინსკი შეეწინააღმდეგება, მოსკოვი მზადაა დაიწყოს სამხედრო ოპერაცია ბელარუსიის წინააღმდეგ.

#4 ისლამური სახელმწიფო

მას შემდეგ, რაც აშშ-მა დათმო პოზიციები და თურქეთმა დაიწყო სამხედრო ოპერაციები ქურთების წინააღმდეგ, რუსეთი და ირანი აკონტროლებენ აღმოსავლეთ სირიას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უუფლებო სუნიტი არაბები ჩამოაყალიბებენ ახალ – მეორე ისლამურ სახელმწიფოს.

#5 ლიბია

მზარდი რუსული სამხედრო ძალა ლიბიაში ხელს უწყობს გენერალ ჰაფთარს გაიმყაროს პოზიციები და შეიყვანოს ქვეყანა რუსეთის მფარველობის ქვეშ.

#6 ავღანეთი

მოსკოვი თალიბანს უფრო და უფრო დახვეწილი იარაღით ამარაგებს, იმის ფონზე, რომ აშშ-ს გაჰყავს ჯარები და ნატოს ISAF-ის მისია შეწყვეტის პირასაა. მოსკოვი ავღანეთში ნელ-ნელა ანაცვლებს აშშ-ს და იძენს მთავარი ძალის სტატუსს, ასევე, მათი მხარდაჭერით თალიბანი სწრაფად იკრებს ძალას და ბრუნდება.

#7 ბოსნია და ჰერცეგოვინა

რუსეთი მხარს უჭერს ბოსნიის პრეზიდენტის – მილორად დოდიკის ძალისხმევას, გამოეყოს სერბთა რესპუბლიკა (სრპსკა) ბოსნია და ჰერცეგოვინას, რამაც შეიძლება ბალკანეთში ახალი ეთნიკური კონფლიქტი წარმოშვას.

#8 საუდის არაბეთი

ურთიერთობა ღრმავდება რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის, იმის ფონზე, რომ რუსეთი სულ უფრო მეტ იარაღს აგზავნის საუდის არაბეთში და, ასევე, კოორდინაციას უწევს ნავთობის მოპოვების შემცირებას.

#9 ევროკავშირი

ევროკავშირის სანქციები ჩავარდება, რადგან ზოგიერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანასა და რუსეთს შორის შედგა კოსესუსი. სანქციების ჩავარდნის სანაცვლოდ რუსეთსა და ამ ქვეყნებს შორის შედგა გაურკვეველი ენერგეტიკული გარიგება. სავარაუდოდ, გარიგებაში მონაწილე ქვეყნებია: ავსტრია, იტალია, უნგრეთი.

#10 რუსული დეზინფორმაცია

კრემლი ატარებს აქტიურ ღონისძიებებს აშშ-ში, რათა როგორმე გავლენა მოახდინოს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ე.წ შავი ფული, რასაც რუსეთი საკუთარი გავლენების გასავრცელებლად იყენებს, გახდა მათი მთავარი იარაღი, რადგან კრემლში მიხვდნენ, რომ ოფშორულ ოფისებზე ეფექტური ორგანიზებული და დაფინანსებული დეზინფორმაციის გავრცელებაა.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button