გეოპოლიტიკა

განსხვავება მაჟორიტარულ და პროპორციულ საარჩევნო სისტემებს შორის

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა (majorite – უმრავლესობა) ადგილების განაწილების ისეთი სისტემაა, რომლის დროსაც კანდიდანტს არჩევნებში გამარჯვებისთვის ესაჭიროება ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერა.

მისთვის დამახასიათებელია დისკრიმინაციული მიდგომა მცირე პარტიების მიმართ, მაგრამ ხელს უყობს ორპარტიული სისტემის განვითარებას.

დადებითი მხარეები

  • გასაგებად მარტივია საარჩევნო პროცესში ჩართული ნებისმიერი სუბიექტისთვის. ამომრჩეველი ხმას კონკრეტულ პირს აძლევს და შედეგსაც ნათლად ხედავს – მანდატის მფლობელი ხდება უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი;
  • ხელს უწყობს ამომრჩეველსა და კანდიდატს, მოგვიანებით კი დეპუტატს, შორის მყარ და პირდაპირ კავშირს;
  • უზრუნველყოფს გამარჯვებული პარტიის უმრავლესობას პარლამენტში. დიდწილად, გამორიცხავს არჩეული ორგანოს არაადეკვატურ ,,სიჭრელეს“;
  • უზრუნველყოფს მდგრადი მთავრობის ფორმირებას. ეფექტურია ამომრჩევლის წინაშე აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ნაწილში;
  • ახდენს დიდი პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების ფორმირებას, რაც ხელს უწყობს სახელმწიფოს პოლიტიკური ცხოვრების სტაბილიზაციას;

ხარვეზები

  • მნიშვნელოვნად მაღალია დაკარგული ხმების რაოდენობა – იმ ამომრჩეველთა ხმები, რომლებიც არ ეკუთვნოდა გამარჯვებულ კანდიდატს, არავის ეთვლება, რაც, გარკვეულწილად, საყოველთაო საარჩევნო უფლებასაც კი ეწინააღმდეგება. შესაძლებელია მხარდაჭერთა რაოდენობით მეორე პარტიამ უმნიშვნელო განსხვავების შემთხვევაშიც კი, ვერც ერთი მანდატი ვერ მიიღოს;
  • ხელისუფლების ლეგიტიმურობის შემცირებისა და არსებული სისტემის უნდობლობის რისკი, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს, ერთი მხრივ, იმ ამომრჩეველთა სიმრავლით, რომელთა ხმებიც დაიკარგა, ხოლო მეორე მხრივ, დამარცხებული პარტიების დიდი რაოდენობით, რომელთა წარმომადგენლებიც ვერ მოხვდნენ დეპუტატთა კორპუსში;
  • რეალური სოციალური და პოლიტიკური სურათი, როგორც წესი, დამახინჯებულია გამარჯვებული პარტიის სასარგებლოდ;
  • მიუხედავად თავისუფალი მანდატის მოქმედებისა, არსებობს დეპუტატების პირდაპირი ინტერესები კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში, რაც ადგილობრივი პრიორიტეტების ფონზე, ქვეყნის ინტერესებს უქმნის საფრთხეს;
  • არსებობს მეორე ტურის დიდი ალბათობა, რაც დამატებითი ხარჯია სახელმწიფო ბიუჯეტისთვის;
  • გამარჯვების შანსი აქვს დიდი ფინანსური შესაძლებლობების მქონე, თუმცა გაურკვეველი პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირებს და სხვ.

პროპორციული საარჩევნო სისტემა

პროპორციული საარჩევნო სისტემა კენჭისყრის შედეგების განსაზღვრის ისეთი სისტემაა, რომლის დროსაც მანდატების განაწილება პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებს შორის ხდება ამომრჩეველთაგან მიღებული ხმების პროპორციულად. მასში პარტიული არჩევნები იგულისხმება, რომლის დროსაც მანდატი მხოლოდ პარტიულ სიაში დასახელებული კანდიდატებისთვის არის ხელმისაწვდომი.

დადებითი მხარეები

  • მცირეა დაკარგული ხმების რაოდენობა;
  • საშუალებას იძლევა შეიქმნას ხელისუფლება, რომლის შემადგენლობა უფრო ზუსტად ასახავს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ძალათა ფაქტობრივ თანაფარდობას, უკეთ იძლევა სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გათვალისწინების შესაძლებლობას;
  • უზრუნველყოფილია სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მოსახლეობის სამართლიანი წარმომადგენლობა. პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა მიღებულ ხმათა პროპორციულია;
  • ახდენს მრავალპარტიულობის სტიმულირებას. თუ სისტემა დამახინჯებული არაა დამატებითი წესებით, ქმნის ხელსაყრელ პირობებს მცირე პოლიტიკური პარტიების საქმიანობისთვის და პარტლამენტში მათი წარმომადგენლობისთვის. ანუ, ხელს უწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს;
  • პარტიული სიის მეშვეობით, შესაძლებელია სათანადო გამოცდილებისა და უნარის მქონე, მაგრამ ამომრჩევლებისთვის ნაკლებად ცნობილი პირის არჩევის უზრუნველყოფა;
  • არსებობს ეფექტური ხელისუფლების ჩამოყალიბების საფუძველი, მაღალია კოალიციური მთავრობის არსებობის შანსი და ა.შ.

ხარვეზები

  • ახასიათებს დეპუტატებსა და ამომრჩევლებს შორის სუსტი კავშირი, რადგან ხალხი ხმას აძლევს პარტიას და არა კანდიდატს;
  • გამოირჩევა კანდიდატების ზედმეტად ძლიერი დამოკიდებულებით პარტიულ აპარატზე, რომელთა უფლებამოსილებაა პარტიული სიების შედგენა, მათ შორის საკანონმდებლო საქმიანობაშიც. არსებობს პარტიული სიების სუბიექტურად შედგენის რისკიც;
  • სირთულით გამოირჩევა მთავრობის ფორმირება. მრავალპარტიულობის პირობებში, დომინანტი პოლიტიკური პარტიის არარსებობის დროს, გარდაუვალია კოალიციური მთავრობის შექმნა იმ პარტიებისგან, რომელთაც აქვთ განსხვავებული პროგრამები, მიზნები და ამოცანები. მთავრობის პოლიტიკა, რომელიც ეფუძნება პარტიათაშორის კოალიციას, გამოირჩევა ნაკლები თანმიმდევრულობითა და სტაბილურობით, ზოგჯერ კი კრიზისებით. ითვლება, რომ აღნიშნული ასუსტებს დემოკრატიის სტაბილურობას;

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button