გეოპოლიტიკაისტორია

ქართველი ისტორიკოსების პასუხი ვლადიმერ პუტინს

ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ისტორიის, კერძოდ კი აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში შესვლის საკუთარი ვერსია გააჟღერა, რომელიც არც ერთი ისტორიული წყაროს ნატატივს არ ემთხვევა. საქართველოს მთავრობის წევრები პოლიტკორექტული განცხადებებით შემოიფარგლენ, სამაგიეროდ, ვლადიმერ პუტინს ფაქტობრივი, არგუმენტირებული პასუხი გასცეს ქართველმა ისტორიკოსებმა, რითიც პუტინის პროპაგანდისტულ და გაყალბებულ ისტორიულ მიმოხილვას შეეწინააღმდეგნენ.

ბუბა კუდავა

რამდენი ტყუილი ჩაატია პუტინმა „ისტორიული ექსკურსისას“?

რამდენ მნიშვნელოვან ფაქტს აუარა გვერდი?

რამდენი რამ გაგვახსენა ამ 3 წუთში?

ძალიან მოკლედ და ძალიან მარტივად:

• ისტორიას XVIII საუკუნით იწყებს. თითქოს მანამდე კავკასიაში და მისთვის საინტერესო რეგიონებში არაფერი ხდებოდა. ამიერკავკასიაში, სხვადასხვა ეპოქაში, ერთიანი საქართველოს სამეფო ან სხვადასხვა ქართული სამეფო-სამთავროები არსებობდა, მაგრამ პუტინმაც კი ვერ მოახერხა იქ სადმე რაიმეს ჩასჭიდებოდა.

• კარგი, დავიწყოთ XVIII საუკუნით. „სამხრეთ ოსეთი“, როგორც ასეთი, საერთოდ არ არსებობდა მაგ დროს. არ არსებობდა არამცთუ სახელმწიფო, ან ადმინისტრაციული ერთეული, ან სახელმწიფოს ნაწილი, მხარე… არამედ არ არსებობდა ისტორიულ-გეოგრაფიული ცნება „სამხრეთ ოსეთი“, არ არსებობდა ასეთი ტერმინი.

• 1774 წელს დღევანდელი ცხინვალის რეგიონი გეოგრაფიულად ქართლის, პოლიტიკურად კი ქართლ-კახეთის სამეფოს ნაწილი იყო. ის ერთიანი რეგიონიც კი არ ყოფილა, რაიმე ნიშნით გაერთიანებული (არამცთუ „ერთიანი ოსეთის“ ნაწილი). ცხინვალის რეგიონის ცალკეული ნაწილები ჩვეულებრივი ქართული სათავადოების შემადგენლობაში იყო მოქცეული.

• ქართლ-კახეთის სამეფო (თითქმის მთელი აღმოსავლეთ საქართველო), თავის „ცხინვალის რეგიონიანად“ (ისევ ვიმეორებ: თანამედროვე ტერმინია), სწორედ პუტინის პოლიტიკურმა წინაპრებმა დაიპყრეს 1801 წელს. სამეფო გააუქმეს და მმართველი დინასტიის წარმომადგენლები რუსეთში გადაასახლეს.

• დაპყრობილი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთმა ტფილისის გუბერნია შექმნა. სწორედ ის გუბერნია, აბა საქართველო სად იყოო, თავს რომ იკატუნებს. იმ გუბერნიაშიც კი არ არსებობდა ტერიტორიული ერთეული „სამხრეთ ოსეთი“, არც რამე მსგავსი.

• ყველა ქართული პოლიტიკური ერთეული (ქართლ-კახეთის სამეფო, იმერეთის სამეფო, გურიის სამთავრო, სამეგრელოს სამთავრო, აფხაზეთის სამთავრო, სვანეთის სამთავრო) XIX ს-ის სხვადასხვა პერიოდებში რუსეთის იმპერიამ ძალით, მოტყუებითა და მოსყიდვით შეიერთა. ამ პატარ-პატარა ქართული სახელმწიფოების არცერთ მმართველ საგვარეულოს სუვერენიტეტი საკუთარი ნებით არ დაუთმია.

• ტერმინების – „აფხაზეთისა“ და „საქართველოს“ პარალელურად გამოყენება რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის ერთ-ერთი ხრიკია. ერთმანეთის პარალელურად მხოლოდ „ქართლის“, „კახეთის“, „იმერეთის“, „სამეგრელოს“, „აფხაზეთისა“ და ამგვარი ტერმინების ხმარებაა ლოგიკური. პოლიტიკურ-გეოგრაფიული ცნება „საქართველო“ ყოველთვის გულისხმობდა და მოიცავდა აფხაზეთსაც.

• 1918 წელს, როცა საქართველომ, რუსეთისდა სამწუხაროდ, დამოუკიდებლობა აღიდგინა, ცხადია, შეეცადა პოლიტიკური, დიპლომატიური თუ სამხედრო რესურსების გამოყენებით სახელმწიფო კონტროლი დაემყარებინა საქართველოს ყველა ისტორიულ რეგიონში. სადღაც ეს გამოვიდა, სადღაც ვერა. მაგალითად, ვერ გამოვიდა მესხეთის მნიშვნელოვან ნაწილში. უპირველესად სწორედ ეთნიკური აფხაზების დამსახურებაა, რომ გამოვიდა აფხაზეთში.

• როდესაც ეს უბადლო ისტორიკოსი საქართველოს სახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე საუბრობს, იქ ტერმინ „დაპყრობას“ ხმარობს („აფხაზეთი დაიპყროო საქართველომ“), რუსეთის იმპერიულ ინტერესებზე ლაპარაკისას კი „შევიდა რუსეთის შემადგენლობაშიო“, გვიმტკიცებს. ტერმინებით ბრძოლაში ბადალი არ ჰყავთ, ვაღიაროთ!

• 1920 წელს რუსეთმა ცნო არა მარტო საქართველოს დამოუკიდებლობა, არამედ მისი ტერიტორიული მთლიანობაც. ერთი წელიც კი ვერ გაძლო დაეცვა დადებული პირობები და მალევე დაიპყრო პატარა, ახალშექმნილი დემოკრატიული რესპუბლიკა.

• აქეთ კი გვაბრალებს, თუმცა ვინ არ იცის, რომ ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით კავკასიის ხალხთა ხოცვა-აყრა-გადასახლებები რუსეთის იმპერიული პოლიტიკაა აგერ უკვე 2 საუკუნის მანძილზე: ჩრდილოკავკასიელები, აფხაზები, მუსლიმი ქართველები (იმპერიის პერიოდი), ინგუშები (საბჭოთა პერიოდი), ჩეჩნეთი (აგერ სულ ახლახან). დამოუკიდებელი საქართველო კი 1918-1920 წლებში მხოლოდ თავს იცავდა – რუსი აგრესორებისა თუ მათ მიერ მართული შინაური ექსტრემისტებისგან (სხვათა შორის, ქართველებისგანაც). თუ ჩახშობებზეა საუბარი, იქნებ XIX-XX საუკუნეებში ქართველთა არაერთი ამბოხებება და მათი სასტიკად ჩახშობებიც გაგვეხსენებინა.

• საბჭოთა პერიოდში პირიქით, აფხაზეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა საქართველოო. ეს პასაჟი ისეთი ტოპ-აბსურდების რიცხვშია, პასუხის გაცემაც რომ გერიდება. შემდეგ ინტერვიუში ალბათ ეს იქნება: „საქართველო შევიდა სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში“.

• საბჭოთა კავშირი ახალი იმპერია გახლდათ, სწორედ რუსეთის ძალისხმევით შექმნილი. მისი შემოქმედნი რუსეთის მორიგ იმპერიას აშენებდნენ და განამტკიცებდნენ. ამიტომაც, წმინდა რუსული პოლიტიკური ტიპაჟების – სტალინისა და ბერიას წარმოჩენა ლამის ქართველ ნაციონალისტებად („აფხაზეთი საქართველოს შეუერთეს“, „აფხაზები ხოცეს“) კიდევ ერთი პოლიტიკური და ისტორიული თავხედობაა. იქნებ გაგვეხსენებინა, რომელი სახელმწიფო იყო „ვა ვრემია სტალინა“ და დღეს რომელი სახელმწიფოა მისი მემკვიდრე?

• ბერიამ აფხაზეთში საშინელებები დაატრიალაო. როგორ, დანარჩენი საქართველო დაინდო ამ რუსეთის იმპერიის (დიახ, რუსეთის!) ჯალათმა? ან სხვა, ეთნიკურად რუსმა თუ არარუსმა ჯალათმა დაინდო ვინმე, ვინც კი იმპერიას (დიახ, რუსეთის იმპერიას!) რაიმეთი გადაეღობა?

• ერთ-ერთმა პირველმა პრეზიდენტმაო (გამსახურდია იგულისხმა) ყველა ავტონომია გააუქმაო! მორიგი უტიფარი ტყუილი! მეტი დამაჯერებლობისთვის დაამატა – აჭარისა და აფხაზეთისაო! ტყუილი! ეს ავტონომიები შექმნის შემდეგ არც არავის გაუუქმებია.

დიმიტრი სილაქაძე


ერთ პატარა კომენტარში მან მოახერხა ცარისტული , საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიოგრაფიის, მეცნიერულად არასერიოზული, მაგრამ პროპაგანდისტული ნაწილის ერთად გადმოცემა. ისტორიოგრაფიის ეს ნაწილი არასერიოზულია იმდენად რამდენადაც ფაქტებს საერთოდ ცვლის ან ამახინჯებს, მაგრამ ამავდროულად საშიშია, რადგანაც იარაღს წარმოადგენს მოწინააღმდეგის ხელში.


ძალიან მოკლედ თუ რა დაამახინჯა პუტინმა:

1. სამხრეთ ოსეთი 1774 წელს შევიდა რუსეთის შემადგნელობაშიო. სამხრეთ ოსეთი ამ დროს, უბრალოდ, არ არსებობდა და რასაც ახლა სამხრეთ ოსეთს ეძახიან ქართლ-კახეთის სამეფოს ნაწილი იყო. ეს ტერიტორია კი რუსეთის მიერ 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ შევიდა იმპერიის შემადგენლობაში.

2. აფხაზეთის სამთავრო მართლაც 1810 წელს შეუერთდა რუსეთს, უფრო სწორად ფორმალური ვასალი გახდა. მანამდე კი მე-15 საუკუნეში საქართველოს დაშლის შემდეგ სამთავრო ჯერ იმერეთის სამეფოს დაქვემდებარებაში იყო მცირე ხანს, ხოლო შემდეგ კი ოსმალეთის ვასალი იყო, მაგრამ არ არის სიმართლე თითქოს 1918 წელს დავიპყარით აფხაზეთი, მით უმეტეს გერმანელთა დახმარებით. სინამდვილეში საქართველოს და აფხაზეთის გაერთიანება მოხდა 1918 წლის 11 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოსა და აფხაზთა სახალხო საბჭოს ხელშეკრულებით. სწორედ აფხაზეთის სახალხო საბჭოს თხოვნით იდგა ქართული ჯარი მანამდეც და მერეც აფხაზეთში, რომელიც ჯერ ბოლშევიკებს ხოლო შემდეგ კი დენიკინს ებრძოდა. აფხაზეთში ჩატარდა საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები, 1920 წლის 7 მაისს თავად რუსეთმაც აღიარა აფხაზეთი საქართველოს ნაწილად, ეს ყველაფერი დაფიქსირდა 1921 წლის კონსტიტუციაში და აფხაზეთს ავტონომია მიეცა. 

3. 1918-1920 წლებში ოსეთში ქართველებმა ფაქტობრივად გენოციდი მოაწყვესო. რა ხდებოდა სინამდვილეში? ბოლშევიკური აჯანყება სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელშიც ქართველი ბოლშევიკებიც იყვნენ ჩაბმულნი, დადასტურებულია მათი კოორდინაცია საბჭოთა რუსეთთან. სახელმწიფომ რამდენჯერმე ჩაახშო ეს აჯანყება, ბოლოს ცოტა მკაცრად, მაგრამ ეს სიმკაცრე იმის ერთ პროცენტს არ წარმოადგენდა, როგორც ახშობდნენ აჯანყებებს და სხვადასხვა ტიპის გამოსვლებს თავად ბოლშევიკები რუსეთში.

4. 1921 წელს შექმნილ აფხაზეთის სოციალისტურ რესპუბლიკას რაც შეეხება, ეს იყო საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური ერთეული, რომელიც მოსკოვმა როგორც გამოყო ცალკე 1921 წელს (მიუხედავად ფორმალური დამოუკიდებლობისა, ბევრ საკითხში მაინც თბილისს ექვემდებარებოდა). ისევე გააუქმა 1936 წელს.

რაც შეეხება 30-იანი წლების პერიოდის რეპრესიებს აფხაზეთში, ამას ისევ საბჭოთა სახელმწიფო ახორციელებდა და ვერ ვიტყვით, რომ ან აფხაზს ინდობდა და ან ქართველს. სამაგიეროდ, პუტინი არაფერს ამბობს მე-19 საუკუნის მუჰაჯირობის იძულებით ტალღებზე, რომელმაც გაანახევრა აფხაზების რაოდენობა აფხაზეთის ტერიტორიაზე. 

90-იანი წლების და 2008 წლის ამბებს აღარ გავაგრძელებ, ყველაფერმა ჩვენ თვალწინ ჩაიარა და ისტორიის დიდ ცოდნას არ საჭიროებს მისი გაანალიზება”

გიორგი ასტამაძე

ვლადიმერ პუტინის ხუთი ტყუილი საქართველოს შესახებ:

ტყუილი N1. “1774 წელს სამხრეთ ოსეთი ცალკე შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში.”

ტყუილია წინადადების თითოეული სიტყვა თარიღიანად. სამხრეთ ოსეთი ტერმინადაც კი არ არსებობდა იმ დროს, როდესაც 1783 წელს ერეკლე მეორემ გეორგიევსკის ტრაქტატი გააფორმა რუსეთის იმპერიასთან და 1801 წელს რუსეთის იმპერიამ შეიერთა აღმოსავლეთ ქართული ქართლ-კახეთის სამეფო. რასაც დღეს სამხრეთ ოსეთს უწოდებენ, ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორია იყო. ტერმინი „სამხრეთი ოსეთი“ ჩნდება რუსეთის იმპერიის დროს მე-19 საუკუნის 30-იან წლებში. 1843 წელს თავად რუსებმა შექმნეს ოსეთის ოკრუგი ტფილისის გუბერნიაში და 1859 წელს ისევ გააუქმეს. დღევანდელი ფორმით სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი კი 1922 წლის აპრილში შექმნეს ბოლშევიკებმა დაპყრობილ საქართველოში.

ტყუილი N2. “აფხაზეთი 1810 წელს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო შევიდა რუსეთის შემადგენლობაში. რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, 1918 წელს საქართველომ გერმანიის დახმარებით დაიპყრო აფხაზეთი და სასტიკად ექცეოდა მას.”

აფხაზეთის სამთავრო ნამდვილად ცალკე, თავად შერვაშიძეების მეთაურობით შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, თუმცა ეს მოხდა იმიტომ, რომ საქართველოს ერთიანი სახელმწიფო იყო დაშლილი. აფხაზეთის მაგვარად ცალკე შევიდნენ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველოს სხვა რეგიონები – ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, სვანეთი. მანამდე, აფხაზეთი, მთელი შუა საუკუნეების მანძილზე უწყვეტად იყო დაკავშირებული ქართულ კულტურულ და პოლიტიკურ სივრცესთან.
რაც შეეხება 1918 წელს, გერმანიის და საქართველოს გაერთიანებულმა შენაერთებმა კი არ დაიპყრეს აფხაზეთი, არამედ ჩაახშეს ბოლშევიკური აჯანყება, ხოლო იმავე წლის 11 ივნისს აფხაზეთის ეროვნული საბჭოს თანხმობით აფხაზეთი შევიდა საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სახით. ეს ფაქტი საბჭოთა რუსეთმა ოფიციალურად ცნო 1920 წლის 7 მაისს საქართველოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

ტყუილი N3. “1919-1920 წლებში საქართველო უსასტიკესად ექცეოდა სამხრეთ ოსეთს, რაც დღევანდელი ტერმინოლოგიით გენოციდად შეიძლება შეფასდეს.”

საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ოსურ მოსახლეობაში ბოლშევიკებს ჰქონდათ სერიოზული გავლენა და არაერთი აჯანყება მოაწყეს თბილისის წინააღმდეგ. რეაგირება იყო ისეთი, როგორც ნებისმიერი ქვეყანა მოიქცეოდა შეიარაღებული აჯანყების დროს – მკაცრი, მაგრამ არაფერი საერთო გენოციდთან ამას არ ჰქონდა. მთავრობის ექსპედიციები რეგიონში მიმართული იყო ბოლშევიკური გამოსვლების ჩასახშობად და არა ეთნიკური ოსების წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლება ერთნაირი სიმკაცრით ებრძოდა ბოლშევიკურ გამოსვლებს განურჩევლად ეროვნებისა – იქნებოდა ის ოსების, აფხაზების, ქართველების თუ ნებისმიერი სხვის მიერ ორგანიზებული. იმ დროს ქართველების ოსების გენოციდში დადანაშაულება ძალიან ჰგავს 2008 წლის ომის რუსულ პროპაგანდას, როდესაც რუსეთის სახელმწიფო არხები ასევე გენოციდსა და ათასობით ოსის განადგურებაში ადანაშაულებდნენ ქართველებს, მაშინ როდესაც მოგვიანებით, მათივე ოფიციალური მონაცემებით, დაღუპული ოსების რაოდენობა ასს არ აღემატებოდა.

ტყუილი N4. “აფხაზეთი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო შევიდა საბჭოთა კავშირში და სტალინმა დაუბრუნა ის საქართველოს. სტალინი და ბერია უმკაცრეს ზომებს ატარებდნენ ეთნიკური აფხაზების წინააღმდეგ.”

საქართველოს დაპყრობის შემდეგ, 1921 წლის მარტიდან 1931 წლის თებერვლამდე, საბჭოთა ხელისუფლებამ აფხაზეთი ჩამოაცილა საქართველოს რესპუბლიკას და ფორმალურად, ცალკე რესპუბლიკის სახით შეიყვანა სსრკ-ს შემადგენლობაში. თუმცა იმ პერიოდის დოკუმენტებიდან ჩანს, რომ თავად ბოლშევიკურ წრეებში აფხაზეთი ვითომდამოუკიდებლობის წლებშიც საქართველოს ავტონომიურ რეგიონად მოიაზრებოდა და გადაწყვეტილებები ძირითადად თბილისთან თანხმდებოდა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია თავად საბჭოთა კავშირის 1924 წლის კონსტიტუცია, სადაც აფხაზეთი და აჭარა საქართველოს ავტონომიურ რეგიონებად არიან მოხსენიებული. აფხაზეთის დამოუკიდებელ სტატუსს 1931 წელს მოეღო ბოლო, როდესაც ოფიციალურადაც, თავის ბუნებრივ, ავტონომიურ ფორმას დაუბრუნდა საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში.
რაც შეეხება აფხაზების წინააღმდეგ წარმოებულ რეპრესიებს, აფხაზეთში ლავრენტი ბერიას მიერ გატარებული რეპრესიები არაფრით იყო უკეთესი ან უარესი საქართველოს სხვა კუთხეებში ჩატარებულ რეპრესიებზე. ვერავინ იტყვის, რომ ბერიამ მუსრი გაავლო აფხაზებს და დაინდო ქართველები. სტალინური ტერორის დროს ეროვნებას არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა და პრეზიდენტ პუტინის მიერ სტალინის და ბერიას ქართულ წარმომავლობაზე მინიშნება არასამართლიანია. ორივე მათგანი იყო საბჭოთა რუსი პოლიტიკოსი და ძალიან არასწორია, სადაც რუსეთს სჭირდება მათი რუსებად წარმოჩენა (მაგალითად ნაციზმის დამარცხებაში), ხოლო სადაც არა (დიდი ტერორი), მათი ქართველებად გასაღება.

ტყუილი N5. “ზვიად გამსახურდიამ გააუქმა ყველა ავტონომია საქართველოში, მათ შორის აჭარის და აფხაზეთის.”

ეს ყველაზე მარტივი ტყუილია პრეზიდენტ პუტინის ტყუილებს შორის. არც ზვიად გამსახურდიას და არც სხვა რომელიმე ქართველ პოლიტიკოსს ხელი არ უხლია არც აფხაზეთის და არც აჭარის ავტონომიებისთვის. ქართული კანონმდებლობით ორივე რეგიონი არის ავტონომიური რესპუბლიკა დღესაც.
რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ სტატუსს, 1989 წლის 10 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საბჭომ მიიღო კანონი ავტონომიური ოლქის ავტონომიურ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ, ხოლო 1990 წლის 20 სექტემბერს, იმავე სახალხო დეპუტატთა საბჭომ, შიშით რომ საქართველო დატოვებდა საბჭოთა კავშირს, მიიღო კანონი სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის სსრკ-ის შემადგენლობაში დარჩენის და მის ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შეჩერების შესახებ, რაც უკანონო ქმედება იყო. ამის პასუხად, საქართველოს უმაღლესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, მთლიანად გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში 1990 წლის 11 დეკემბერს.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button