გეოპოლიტიკა

გზა რუსეთ-საქართველოს ომისკენ

1990-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა და შემდეგ რუსულმა უშიშროებამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაახლოებით ისევე იმოქმედა, როგორც 2014 წელს უკრაინის დონბასის რეგიონში. ადგილობრივი სეპარატისტები გამოზარდეს, მხარი დაუჭირეს, შემდეგ კი მათ ქმედებებს მიმართულება მისცეს. როდესაც დასახული მიზნის მისაღწევად ეს არ კმაროდა, რუსეთი უფრო პირდაპირ ერთვებოდა კონფლიქტში.


საბოლოო ჯამში, თითქმის მთელი აფხაზეთი და ცხინვალის
რეგიონის დიდი ნაწილი მოექცა რუსული არაპირდაპირი კონტროლის ქვეშ მოსკოვის მხარდაჭერილი სეპარატისტების მეშვეობით, ხოლო აფხაზეთის მრავალრიცხოვანი ქართული მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სასტიკი ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნეს მშობლიური რეგიონიდან.
ადრეული 1990-იანი წლების საქართველო დიპლომატიურად ბევრად უფრო იზოლირებული იყო, ვიდრე დღევანდელი უკრაინაა. ამის შედეგად რუსეთმა შეძლო მისი იძულება დათანხმებულიყო ორი ვე რეგიონში რუს მშვიდობისმყოფელთა ყოფნას. აფხაზეთში მთე ლი სამშვიდობო კონტინგენტი რუსი ჯარისკაცებისგან შედგებო და. ცხინვალის რეგიონში შემოიღეს უფრო თავისებური სამშვიდობო ფორმატი, სადაც სამი ბატალიონი შედიოდა: ერთი – რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალებიდან, მეორე – ფორმალურად ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რეგიონს წარმოადგენდა, ხოლო მესამე – საქართველოს შეიარაღებულ ძალებს.


რუსეთის შემდგომი პოლიტიკა საქართველოს მიმართ საკმაოდ არასახარბიელო იყო ბორის ელცინის ადმინისტრაციის დროსაც, მაგრამ მას შემდეგ, რაც 1999 წლის აგვისტოში ვლადიმირ პუტინი გახდა რუსეთის პრემიერ-მინისტრი, ხოლო შემდეგ, 2000 წლის გაზაფხულზე, პრეზიდენტი, საქართველოს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.


პუტინის მმართველობის დროს რუსეთ-საქართველოს ურთი ერთობები თანმიმდევრულად უარესდებოდა. 2008 წლის თებერ ვლამდე წლების მანძილზე პუტინის რუსეთის გადადგმული ნაბიჯები, ბევრ სხვა რამესთან ერთად, მოიცავდა: თბილისის მიერ არაკონტროლირებად საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების მშენებლობასა და განვითარებას; რუსეთის გენშტაბის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის გეგმის მომზადებას; სეპარატისტთა გასამხედროებული ჯგუფების შეიარაღებას, ორგანიზებასა და წვრთნას; რუსული სამხედრო ავიაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვას; რუსეთის ოფიციალური პირების, მათ
შორის პირადად პუტინის, შეხვედრებს სეპარატისტების ლიდერებთან; საქართელოს ორი რეგიონის „დამოუკიდებლობის“ აღიარების პოლიტიკურ მომზადებას; რუსეთის სამხედრო და უშიშროების ოფიცრების და რუსეთის სხვა მოქალაქეების დანიშვნას წამყვან პოზიციებზე სეპარატისტულ რეჟიმებში, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით – ცხინვალში; აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაში რუსული პასპორტების დარიგებას.

საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები 2008 წლის ომამდე

დიპლომატიური ესკალაცია 2008 წელს


2008 წელს მოვლენების მკვეთრი ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 17 თებერვალს კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დასავლეთის სახელმწიფოთა დიდმა ნაწილმა ეს აღიარა. ეს თითქოს იყო სიგნალი რუსეთისთვის საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებებში ახალ ეტაპზე გადასასვლელად. შემდგომი ნაბიჯები მოსკოვმა სწრაფად, ერთმანეთის მიყოლებით გადადგა.


6 მარტს რუსეთი გამოვიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) 1996 წლის შეთანხმებიდან, რომელიც კრძალავდა დსთ-ის წევრ სახელმწიფოთა სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს აფხაზეთის სეპარატისტებთან. 21 მარტს რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებდა მთავრობას აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებისკენ და ამ რეგიონებში რუსეთის „მოქალაქეების“ დაცვისკენ. 3 აპრილს პუტინმა სეპარატისტთა ლიდერებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მათ „არა დეკლარაციულ, არამედ პრაქტიკულ“ მხარდაჭერას დაჰპირდა. რუსები არც მალავდნენ კავშირს საქართველოში თავიანთ ქმედებებსა და კოსოვოს დამოუკიდებლობას შორის. ჯერ კიდევ კოსოვოს აღიარებამდე რუსეთის გენშტაბის უფროსმა იური ბალუევსკიმ განაცხადა, რომ ამ აღიარებას ექნებოდა გამოხმაურება „სხვა რეგიონებშიც, მათ შორის რუსეთის საზღვრებთან ახლოს“ და დააზუსტა, რომ გულისხმობდა კონკრეტულად „აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს და დნესტრისპირეთს“. იგივე გზავნილი ჰქონდა კრემლს დახურულ კარს მიღმაც, რაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიტყო პუტინთან შეხვედრის დროს, 2008 წლის თებერვალში. რუსეთის პრეზიდენტმა თავის ქართველ კოლეგას განუცხადა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის პასუხად რუსეთი გადადგამდა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ახალ ნაბიჯებს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“. რუსეთის აქტიურობის კიდევ ერთი საბაბი იყო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა. 11 მარტს ნატოში რუსეთის წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა: „როგორც კი საქართველო ვაშინგტონისგან მიიღებს ნატოს წევრობის რაიმე პერსპექტივას, მეორე დღესვე დაიწყება საქართველოსგან ამ ორი ტერიტორიის [აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის] რეალური სეცესიის პროცესი“. მას შემდეგ, რაც 2008 წლის 4 აპრილს გამოქვეყნდა ნატოს ბუქარესტის სამიტის კომუნიკე, რომელიც პირდებო და საქართველოს ნატოს სამომავლო წევრობას, გამოქვეყნდა რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსეთი გაუწევდა ქმედით დახმარებას აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“. 8 აპრილს კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი გააკეთებდა „ყველაფერს, რომ არ დაუშვას უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანება“.


2008 წლის 16 აპრილს მოსკოვმა გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს წინააღმდეგ – პუტინიმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც დაავალა რუსეთის სახელმწიფო უწყებებს პირდაპირი ოფიციალური ურთიერთობები დაემყარებინათ საქართველოს ორი რეგიონის სეპარატისტულ რეჟიმებთან. პასუხად საქართ ველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთი აპირებდა ამ რეგიონების ანექსიას. ევროკავშირმა, ნატომ, ეუთომ და ძირითადმა დასავლურმა სახელმწიფოებმა ასევე დაგმეს პუტინის ეს გადაწყვეტილება.

სამხედრო ესკალაცია 2008 წელს – პირველი ნაბიჯები


17 აპრილს, პუტინის ბრძანებიდან მეორე დღეს, აფხაზეთში ჩავიდა და ოჩამჩირეში განთავსდა 300-მდე რუსი ჯარისკაცი.17 ასე დაიწყო ომის წინა სამხედრო ესკალაცია, რომელიც კულმინაციამდე მივიდა 7 აგვისტოს, საქართველოს წინააღმდეგ რუსული სამხედრო ოპერაციის დაწყების სახით.
20 აპრილს რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ჩამოაგდო უიარაღო ქართული დრონი, რომელიც აფხაზეთში რუსული სამხედრო ძალების ზრდას აკვირდებოდა. საქართელოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის გამოძიებამ დაადასტურა, რომ თვითმფრინავი რუსული იყო. მაისში რუსეთმა კიდევ რამდენიმე ქართული დრონი ჩამოაგდო.

აპრილის ბოლოს მოსკოვმა განაცხადა, რომ ის აფხაზეთში გზავნიდა ნოვოროსიისკში ბაზირებული მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზიის 400 ჯარისკაცს. ეს ნაბიჯი წარმოადგენდა სამშვიდობო ოპერაციების შესახებ დსთ-ის შეთანხმების დარღვევას. 2008 წლის აპრილში აფხაზეთში გაგზავნილი რუსული ძალები ეკუთვნოდა მე-7 დივიზიის 108-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკს. ამის გარდა, აფხაზეთში ასევე გაიგზავნა რუსული სპეცდანიშნულების ძალების ორი ასეული1 ხოლო სხვა სპეცდანიშნულების ძალები გაიგზავნა ცხინვალის რეგიონში. რუსი სამხედროების ამ გადაადგილებებს თან სდევდა რუსეთიდან შეიარაღების გაგზავნა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. „ქართველების მონაცემებით, გვიანი გაზაფხულიდან მათ დააფიქსირეს რუსული სამხედრო აღჭურვილობის, სულ მცირე, 26 მსხვილი კონტეინერი, რომელიც შევიდა აფხაზეთში. ეს უკანონო გადაზიდვები შეიცავდა ბმპ/ბტრ ტიპის ჯავშნიან მანქანებს, დ-30 ტიპის ჰაუბიცებს, სა-11 ბუკის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, ბმ-21 გრადის სარაკეტო სისტემებს და ზსუ-23-4 შილკას ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარებს. შეიარაღების ამავე სისტემების უფრო მცირე რაოდენობა შევიდა სამხრეთ ოსეთში და განთავსდა ჯავის რაიონში“.

2008 წლის 31 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა აფხაზეთში რუსეთის სარკინიგზო ჯარების გაგზავნის შესახებ. ამ ჯარების 400 სამხედროს დაევალა სოხუმსა და ოჩამჩირეს შორის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია. ამ ნაბიჯით რუსეთმა დაარღვია სამშვიდობო ფორმატი. ქართულმა მხარემ ეს აქტიურად გააპროტესტა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ არავის სჭირდება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სარკინიგზო ჯარების გაგზავნა, თუ ის იქ სამხედრო ინტერვენციას არ გეგმავს. რუსეთის ეს ქმედება ასევე გააკრიტიკა საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის, ევროპის პარლამენტმა. 5 ივნისის რეზოლუციაში მან განაცხადა, რომ „არსებული სამშვიდობო ფორმატი უნდა გადაიხედოს, რადგან რუსეთის ჯარებმა დაკარგეს ნეიტრალურ და მიუკერძოებელ მშვიდობისმყოფელთა როლი“ . ნატოს გენერალური მდივნის იაპ დე ჰოოპ სხეფერის თქმით, რუსული სარკინიგზო ჯარების აფხაზეთში გაგზავნა „ცალსახად არღვევდა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ და წარმოადგენდა „ესკალაციისკენ მიმართულ რუსეთის ქმედებას“ . რუსმა ჯარისკაცებმა სოხუმ-ოჩამჩირის სარკინიგზო ხაზის შეკეთება დაასრულეს 30 ივლისს – საქართველოში რუსული სამხედ რო კამპანიის დაწყებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე. მოგვიანებით, ომის დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ რუსული სარკინიგზო ჯარების შესახებ განაცხადა: „ახლა ჩვენ უკვე ვიცით სიმართლე იმის შესახებ, თუ რატომ იყვნენ იქ ეს ძალები. მათი მიზანი იყო რკინიგზის აღდგენა იმისთვის, რომ გაეგზავნათ ამუნიცია და სხვა სამხედრო ტვირთები რუსული შემოჭრის ,,დასახმარებლად“. საქართველოსთან ომისთვის რუსეთის მიზანმიმართული მზადება მოგვიანებით დაადასტურა იური ბალუევსკიმ, რომელიც 2008 წლის 3 ივნისამდე იყო რუსული გენშტაბის უფროსი, შემდეგ დაინიშნა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ და ამ თანამდებობაზე იყო რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც. 2012 წლის რუსულ დოკუმენტურ ფილმში „დაკარგული დღე“ ბალუევსკიმ განაცხადა, რომ საქართველოში სამხედრო ოპერაციის ჩატარება პუტინმა გადაწყვიტა ჯერ კიდევ დიმიტრი მედვედევის საპრეზიდენტო ინაუგურაციამდე (2008 წლის მაისი). მომზადდა ოპერაციის დეტალური გეგმა, ხოლო სამხედრო შენაერთების მეთაურებს წინასწარ გაეგზავნათ კონკრეტული ბრძანებები.


ზოგმა დასავლურმა სადაზვერვო სამსახურმა სწორი პროგნოზი გააკეთა მოსალოდნელ ომთან დაკავშირებით. აშშ-ის დაზვერვის ერთ-ერთი თანამდებობის პირის თქმით, ბუშის ადმინისტრაცია გააფრთხილეს საქართველოს მიმართ რუსეთის მტრული განზარხვების შესახებ. 2008 წლის მარტში ბალტიის ერთ-ერთი სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურს ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთი იმავე წელს საქართველოსთან ომს აპირებდა. მან ასევე სწორად ივარაუდა, რომ ამ ომში ჩართული იქნებოდა 58-ე არმია და 76-ე სადესანტო-მოიერიშე დივიზია. შვედეთის ერთ-ერთმა სადაზვერვო უწყებამ – ეროვნული თავდაცვის რადიო დაწესებულებამ – ასევე გააკეთა პროგნოზი, რომ რუსეთი საქართველოს თავს დაესხმებოდა. თუმცა, სხვადასხვა მზვერავთა ეს მონაცემები ვერ იქცა დასავლეთის ძირითადი სახელმწიფოების პოლიტიკური ხელმძღვანელობის რეალურ ცოდნად რუსული გეგმების შესახებ და ვერც მათ დიპლომატიურ პოლიტიკაზე იქონია გავლენა.

საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ცხინვალის რეგიონში ომამდე


სამხედრო ესკალაცია 2008 წელს – ომის მომზადების საბოლოო ეტაპი


2008 წლის ივნისის შუა რიცხვებში იყო აფეთქებები და ნაღმებთან დაკავშირებული ინციდენტები „ქართული კონტროლის ქვეშ მყოფი სოფლების – კეხვი, ერგნეთი და თამარაშენი და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მილიციის კოხათის პოსტის სიახლოვეს“, ხოლო ცეცხლი გაიხსნა „ქართული კონტროლის ქვეშ არსებული სოფლებს – სვერსა და ფრისს და სამხრეთოსური კონტროლის ქვეშ არსებულ სოფლებს – ანძისსა და ზემო ფრისს შორის“, ასევე – „ცხინვალის სამხრეთ მიდამოებსა და ახლოს მდებარე ქართულ სოფლებში“.


3 ივლისს მოხდა ცხინვალის რეგიონის თბილისის მიერ კონტროლირებადი ნაწილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის წინააღმდეგ მიმართული აფეთქება, რომლის შედეგადაც დაიჭრა რამდენიმე ქართველი პოლიციელი, სხვა აფეთქების შედეგად კი დაიღუპა ცხინვალის შეიარაღებული დაჯგუფებების ერთ-ერთი მეთაური. ამ ინციდენტებს 3-4 ივლისის ღამეს მოჰყვა საცეცხლე შეტაკებები.


8 ივლისს ოთხი რუსული სამხედრო თვითმფრინავი შემოიჭრა საქართველოს საჰაერო სივრცეში. ამგვარი დარღვევების წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად ეს ფაქტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად აღიარა. აღსანიშნავია, რომ ეს მოხდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის, 9 ივლისს საქართველოში ვიზიტის წინა დღეს.
10 ივლისს ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა სერგეი მაკაროვმა განაცხადა, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი ძალები ემზადებოდნენ აფხაზეთსა ან/და „სამხრეთ ოსეთში“ შესაძლო ინტერვენციისთვის, თუკი იქ დაიწყებოდა საბრძოლო მოქმედებები.
15 ივლისს რუსულმა ჯარმა დაიწყო მასშტაბური სამხედრო სწავლება „კავკაზ-2008“. სწავლების დროს რუს ჯარისკაცებში ვრცელ დებოდა საინფორმაციო ფურცელი სახელწოდებით „მეომარო, იცოდე სავარაუდო მოწინააღმდეგე“. ფურცელი შეიცავდა ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ. სწავლება „კავკაზ-2008“ დასრულდა 2 აგვისტოს – საქართველოში რუსული ჯარის შემოჭრამდე ხუთი დღით ადრე.


კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული შეიარაღებული ძალების სპეციალისტის დეილ ჰერსპრინგის თქმით, „ეს სწავლება იყო ზუსტად ის, რაც მათ [რუსებმა] საქართველოში რამდენიმე კვირის შემდეგ განახორციელეს“. მისი აზრით, ეს იყო „გენერალური რეპეტიცია“. 76-ე სადესანტო-მოიერიშე დივიზიის პოლკოვნიკმა ანდრეი კრასოვმა მოგვიანებით ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ სწავლების დროს 76-ე დივიზიის ჯარისკაცებმა „ზედმიწევნით შეისწავლეს როკის გვირაბისკენ მიმავალი ყველა გზა“. აღსანიშნავია, რომ რუსული აგრესიის დროს 76-ე დივიზიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო ოპერაციაში.


2 აგვისტოს, სწავლების დასრულების შემდეგ, ზოგი რუსული სამხედრო დანაყოფი არ დაუბრუნდა თავის მუდმივ ბაზას და საქართველოს საზღვრის სიახლოვეს დარჩა. შედეგად, „მათ შეეძლოთ სამხრეთ ოსეთში სწრაფად შესვლა როკის გვირაბის გავლით, შესაბამისი ბრძანების მიღების შემთხვევაში“. მოგვიანებით ეს ფაქტი დაადასტურა ანატოლი ხრულიოვმა, 58-ე არმიის მეთაურმა, რომელიც დაიჭრა ქართველ ჯარისკაცებთან 9 აგვისტოს მომხდარ შეტაკებაში. 2012 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ხრულიოვმა თქვა, რომ სწავლების შემდეგ „არმიის ზოგი შენაერთი და დანაყოფი არ დაბრუნდა თავის ყაზარმებში, არამედ დარჩა მთებში, როკის გვირაბის მისადგომებთან“. რუსებმა ასევე განაგრძეს აფხაზეთში მყოფი თავისი ჯარების გაძლიერება. 2008 წლის ივლისის ბოლოს გამოცემულ ნომერში რუსულმა ჟურნალმა „ოგონიოკმა“ გამოაქვეყნა მასალა რუსეთიდან აფხაზეთში შესული მძიმე ტექნიკის და საწვავით დატვირთული მანქანების შესახებ. ჟურნალისტმა პაველ შერემეტმა მოიწერა რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთიდან: „ათიოდე სამხედრო სატვირთო მანქანა კვეთს საზღვარს შეჩერების გარეშე. ამჟამად მათ ძირითადად მიაქვთ საწვავი სამხედრო ტექნიკისთვის, თუმცა ორიოდე კვირის წინ აფხაზეთში თვითონ ტექნიკა შედიოდა. სამხედრო კოლონები და ტანკებით და ჯავშანტრანსპორტიორებით დატვირთული ეშელონები დღე და ღამე მოძრაობდნენ“ .
24-28 ივლისს მოხდა „რამდენიმე აფეთქება ცხინვალის სამხრეთ მიდამოებსა და ქართული კონტროლის ქვეშ არსებულ სოფელ ავნევში, ქართული სამშვიდობო ძალების ბატალიონის პოსტთან ახლოს“. 29-31 ივლისს მიდიოდა საცეცხლე შეტაკებები „ქართული კონტროლის ქვეშ არსებულ სოფელ სვერსა და სამხრეთოსური კონტროლის ქვეშ არსებულ სოფელ ანძისს“, ასევე „ხეთაგუროვოს მახლობლად სამხრეთოსური მილიციის პოსტსა და ავნევი-ზემო ნიქოზის შემოვლით გზაზე ქართული პოლიციის პოსტს“ შორის.


„1 აგვისტოს, ერედვი-ხეითის ქართულ შემოვლით გზაზე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაიჭრა ხუთი ქართველი პოლიციელი. 1-2 აგვისტოს საღამოსა და ღამის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში ადგილი ჰქონდა სნაიპერული და ნაღმტყორცნების ცეცხლის ინტენსიურ და ფართო გაცვლას“. 2-3 და 3-4 აგვისტოს ღამესაც მიმდინარეობდა საცეცხლე შეტაკებები. ომის წინა დღეებში რუსეთიდან საქართველოში შეიარაღებული მებრძოლების ჯგუფები შემოდიოდნენ. 4 აგვისტოს ცხინვალის რეჟიმის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ოსეთიდან შემოვიდა 300 „მოხალისე“ და იგი ელოდა მათი რაოდენობის 2000-მდე გაზრდას. მომდევნო დღეს კოკოითის რეჟიმის წარმომადგენელმა დიმიტრი მედოევმა დაადასტურა, რომ ცხინვალის რეგიონში რუსეთიდან შემოვიდნენ „მოხალისეები“.

რუსი მებრძოლები საქართველოში


5 აგვისტოს რუს კაზაკთა სახელმწიფოსთან აფილირებული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვიქტორ ვოდოლაცკიმ, რომელიც ასევე იყო რუსეთის დუმის დეპუტატი მმართველი პარტიიდან და როსტოვის ოლქის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე, განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია მზად იყო „სამხრეთ ოსეთში“ საქართველოსთან საომრად მებრძოლთა გასაგზავნად. რუს კაზაკთა სხვა ჯგუფების ლიდერებმაც გამოთქვეს ამისთვის მზადყოფნა. ომის შემდეგ ვოდოლაცკიმ განაცხადა, რომ „მოხალისეთა“ მობილიზება იყო ცენტრალურად დაგეგმილი და ხორციელდებოდა ოფიციალურად, ჩრდილოეთ კავკასიაში რეგიონული და რაიონული სამხედრო კომისარიატების მეშვეობით, და რომ „მოხალისეთა“ უმრავლესობა მიამაგრეს რუსული რეგულარული ჯარის მე-19 დივიზიას. 6 აგვისტოს რუსულმა გაზეთმა „იზვესტიამ“ დაწერა, რომ „სამხრეთ ოსეთში მოხალისეები მოსკოვიდანაც კი ჩადიოდნენ“.


6 აგვისტოს შუადღიდან „საცეცხლე შეტაკებები მიდიოდა ქართულ და სამხრეთოსურ მხარეებს შორის კონტაქტის თითქმის მთელ ხაზზე, ხოლო განსაკუთრებით ცხელი წერტილები იყო ავნევი-ნული-ხეთაგუროვოს (ცხინვალიდან დასავლეთით) და დმენისიფრისის (ცხინვალიდან აღმოსავლეთით) არეალებში“. ქართული სამშვიდობო ძალების პოსტი სარაბუკის სიმაღლეებზე ასევე მოექცა ცეცხლის ქვეშ, რის შედეგადაც დაიჭრა სამი ქართველი მშვიდობისმყოფელი. რუსული მედიის მონაცემებით, 6 აგვისტოს დიდი რაოდენობის რუსული სამხედრო ძალები მოძრაობდნენ როკის გვირაბის მიმართულებით. საქართველოს საზღვრისკენ მიმავალი გზა სავსე იყო რუსულ მძიმე ტექნიკისა და სატვირთო მანქანებისგან შემდგარი სამხედრო კოლონებით.

© საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button