გეოპოლიტიკა

სეპარატისტების საგუშაგო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სოფელ წნელისთან ახლოს, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ მიწაზე მდებარეობს, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით გაიხსნა ახალი ქართული საგუშაგო. ეს ქმედება ე.წ ოსურმა მხარემ საქართველოს მიერ მოწყობილ პროვოკაციად შეაფასა და სწრაფადვე შეუდგა საპასუხო ნაბიჯების გადადგმას: დაიკეტა ახალგორის საკონტროლო-გამშვები პუნქტი, წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ,,ჰუმანიტარული მისიის“ ფარგლებში, საგრძნობლად გაიზარდა რუსულ-სეპარატისტული სამხედრო ფორმირებების რაოდენობა და, რაც მთავარია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიხსნა სეპარატისტული საგუშაგო.

ახალგორელები შველას ითხოვენ!
დღეს მომწერეს ახალგორიდან, მთხოვეს ტექსტი არ დამეკოპირებინა, ეშინიათ ამისიც.
ამიტომ დავწერ შინაარს.
რუსოსებმა წინა კვირაში გააფრთხილეს მოსახლეობა იმის შესახებ, რომ ოკუპანტები საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაკეტავდნენ და ვისაც ენდომებოდა, შეეძლო დაეტოვებინა ოკუპირებული ახალგორი.
1500 ადამიანი კვლავ დევნილად იქცა და დატოვა ახალგორი.
ამის შემდეგ დარჩენილ მოსახლეობას შეხვდა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი და დაამშვიდა, რომ სგპ(საკონტროლო-გამშვები პუნქტი)
დაიკეტა მხოლოდ სამი დღით.
ქართულმა მოსახლეობამ დაუჯერა და დარჩა ახალგორში.
ეს დაპირება გამოდგა ტყუილი. სგპ დაკეტილია და ოკუპანტები მის გახსნას არ აპირებენ.
არაოფიციალური ვერსიით ახალგორი დაკეტილი იქნება მანამ სანამ ჩორჩანაში ჩვენი საგუშაგო იდგება.(ჩორჩანის შესახებ ახალ ამბებს მალე მოგახსენებთ)
ჩვენი მოქალაქეები პანიკაში არიან და ითხოვენ სასწრაფოდ შველას.
მოვუწოდებ ყველა შესაბამის სტრუქტურას, მას მედიის წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუს, არასამთავრობო ორგანიზაციებს სასწრაფოდ ჩაერთოთ ჩვენი მოქალაქეების დაცვაში!
საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის!

დავით ქაცარავა ახალგორის საკონტროლო-გამშვები პუნქტის დაკეტვის შესახებ
სეპარატისტები სოფელ წნელისთან

ახალი საგუშაგოს გახსნის შესახებ ინფორმაცია სეპარატისტული ხელისუფლების დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა 5 სექტემბერს გაავრცელა. მათი ინფორმაციით საგუშაგო 944.8 მეტრ სიმაღლეზე განთავსდა. საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს ადგილი ზუსტად ემთხვევა იმ წერტილს, რომელიც საბჭოთა სამხედრო ტოპოგრაფიულ რუკაზე ამ სიმაღლის ნიშნულითაა გამოსახული, წნელისში არსებულ ყველაზე ახლომდებარე სახლიდან 1,13 კმ-ითაა დაშორებული და მის სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ ჩორჩანასა და სოფელ წნელის შორისს მდებარეობს. შესაბამისად სეპარატისტული საგუშაგო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა აღმართული.

საგუშაგოების განლაგება (წყარო: დავით ქაცარავა )

„ახალი საგუშაგო, რომელიც სეპარატისტებმა “944” სიმაღლეზე აღმართეს, არასდროს შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში – არც ერთი იმ რუკის მიხედვით, რომელსაც სეპარატისტები ხშირად იშველიებენ.

მომხდარი თამამად შეიძლება შეფასდეს როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ფაქტი. საყურადღებოა, რომ სეპარატისტთა მოქმედებები მიმდინარეობს საქართველოში შიდა გარდამავალ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების პროცესი შეიძლება ერთიორად გართულდეს.
ჩვენი შეზღუდული რესურსებით, ლეგიონერების აქტიური დახმარებით შევეცდებით მომხდარის შესახებ პროაქტიული საინფორმაციო კამპანია ვაწარმოოთ. საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს უფლება შეეგუოს მომხდარს. საჭიროა დროულად მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ყველა სამიზნე აუდიტორიის პროაქტიულ რეჟიმში ინფორმირება. გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება უპირატესობის მოპოვებას საინფორმაციო სივრცეში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც. ლეგიონი ავრცელებს რუკასაც, სადაც, მათი აზრით, შესაძლოა სეპარატისტები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ“

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

მოგვიანებით, 6 სექტემბერს, ერგნეთში გამართული ტექნიკური შეხვედრის შემდეგ ირაკლი ანთაძემ ეს ინფორმაცია დაადასტურა: ,,საგუშაგო იმყოფება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.“

ვითარების განმუხტვის მიზნით ერგნეთში რეგულარულად იმართება ტექნიკური შეხვედრები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, რუსეთისა და დე ფაქტო ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე რუსულ მედიაში აქტიურად მიმდინარეობს ანტიქართული პროპაგანდის გავრცელება, რაც ხელს უწყობს სიტუაციის ესკალირებასა და შუღლის გაღვივებას.

სეპარატისტული ხელისუფლების დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეო

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ
Close
Back to top button