გეოპოლიტიკა

თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

მას შემდეგ, რაც თურქულმა სამხედრო თვითმფრინავებმა და არტილერიამ დაბომბეს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი, სამხედრო ოპერაციაში სახმელეთო ძალებიც ჩაერთვნენ.

თურქეთის პრეზიდენტმა – რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის – “მშვიდობის წყაროს” დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება. ოპერაციის მიზანია შეიქმნას ქურთი მებრძოლებისგან გაწმენდილი “თავისუფალი ზონა”, სადაც ანკარა თურქეთში მცხოვრები 3,6 მილიონი სირიელი ლტოლვილის დასახლებას გეგმავს.

თურქების საჰაერო თავდასხმა ჩრდილოეთ სირიაში

სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) განცხადებით, რომელსაც ქურთები ხელმძღვანელობენ, დაბომბვების შედეგად დაიღუპა სულ ცოტა ორი მშვიდობიანი მოქალაქე.

ახლახანს თურქულმა სახმელეთო ჯარებმა და პროთურქულმა ნაწილებმა გადაკვეთეს სირიის საზღვარი და დაიწყო ორმხრივი შეტაკებები თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და ქურთებს შორის. ორივე მხრიდან არის მსხვერპლი, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

SDF-მა აშშ-სა და მის მოკავშირეებს სთხოვა მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიქმნას ზონა, სადაც აკრძალული იქნება ფრენები, რათა აირიდონ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა.

თურქების საჰაერო თავდასხმა ჩრდილოეთ სირიაში

ქურთები ითვლებიან აშშ-ის უმთავრეს მოკავშირედ ისლამურ სახელმწიფოსთან წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ მათი დახმარებით შეძლო აშშ-მა დაემარცხებინა ისლამური სახელმწიფო. ქურთები დღემდე იცავენ ციხეებს, სადაც ისლამური სახელმწიფოს ლიდერები, მებრძოლები და მათთან დაახლოებული პირები სხედან, თუმცა რა იქნება მომავალში ჯერ გაურკვეველია.

თურქეთმა სამხედრო ოპერაცია სირიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა – დონალდ ტრამპმა, ერდოღანთან ტელეფონზე საუბრის შემდეგ გადაწყვიტა გაეყვანა აშშ-ის ჯარები ჩრდილოეთ სირიის სასაზღვრო რეგიონებიდან. თურქეთმა კი, საჰაერო და საარტილერიო იერიშების შემდეგ, სირიის საზღვართან მობილიზებული სახმელეთო ძალებიც აამოქმედა და ჩართო ოპერაციაში.

მიუხედავად იმისა, რომ ქურთებმა აშშ-ის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ მიუტოვებია ქურთები და თუ თურქეთი ზღვარს გადააჭარბებს აშშ მათ ეკონომიკას გაანადგურებს.

დონალდ ტრამპმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე შუა აღმოსავლეთში აშშ-ის ჯარების შეყვანას ამერიკელი ჯარისკაცების დიდი მსხვერპლის გამო ცუდი გადაწყვეტილება უწოდა და აღნიშნა, რომ ყველა ამერიკელი სამხედრო სახლში დაბრუნდება.

რა ხდება სირიაში თურქეთის თავდასხმის შემდეგ?

სირიის კრიზისი

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button