გეოპოლიტიკა

7 აგვისტო: რუსეთ-საქართველოს ომის დაწყება

რატომ 7 და არა 8 აგვისტო?

7 აგვისტოს სამხედრო მოვლენები შეიძლება ორ კატეგორიად დავყოთ: ერთი – ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საცეცხლე შეტაკებების დამატებითი ესკალაცია, ხოლო მეორე – რუსული ჯარის საქართველოში დადასტურებული შემოჭრა და საპასუხო ქართული სამხედრო ოპერაციის დაწყება.
ცხინვალის რეგიონში ცეცხლი, არტილერიის გამოყენების ჩათვლით, გაგრძელდა 7 აგვისტოს დილას და შუადღეს. 14:00 საათზე ქართველ მშვიდობისმყოფელთა პოსტი სოფელ ავნევში მოექცა ძლიერი საარტილერიო დარტყმის ქვეშ, რის შედეგადაც დაიღუპა ორი, ხოლო დაიჭრა ხუთი ქართველი მშვიდობისმყოფელი. საღამოს საარტილერიო ცეცხლი კიდევ უფრო ინტენსიური გახდა, რის შედეგადაც ცხინვალის მახლობლად მდებარე ქართული პოზიციების უმეტესობა დაბომბვის ქვეშ აღმოჩნდა.


7 აგვისტოს საკვანძო მოვლენა იყო საქართველოში რუსეთის რეგულარული არასამშვიდობო სამხედრო ძალების შემოჭრა. საქართ ველოს მიერ მოპოვებული სატელეფონო ზარების ჩანაწერები, ომის შემდგომი ინფორმაცია რუსულ მედიაში, რომელიც გადაურჩა კრემლის ოფიციალური პოზიციის (რომლის მიხედვითაც რუსული ჯარი საქართველოში მხოლოდ 8 აგვისტოს შემოვიდა) ფილტრს, რუსული სისხლის სამართლის ოფიციალური გამოძიება, რომელიც გაასაჯაროვა ფონდმა „დედის უფლება“ (ადამიანის უფლებათა დამცველი რუსული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ჯარში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებს), და სოხუმის რეჟიმის ლიდერი სერგეი ბაღაფში – ყველა ეს წყარო ადასტურებს, რომ საქართველოზე რუსული თავდასხმა 7 აგვისტოს უკვე დაწყებული იყო.


სატელეფონო ჩანაწერები

ქართული მხარის მიერ ჩაწერილი სატელეფონო ზარები ეკუთვნით ცხინვალის რეჟიმის „მესაზღვრეებს“ როკის გვირაბთან 7 აგვისტოს, 03:41 და 03:52 საათზე. ამ სატელეფონო საუბრებში როკის გვირაბთან მყოფი „მესაზღვრე“, გვარად გასიევი, ატყობინებს თავის უფროსს რუსული სამხედრო მანქანების, მათ შორის მძიმე ტექნიკის, შესახებ, რომელთაც „გაავსეს“ გვირაბი. მეორე საუბარში გასიევი ეუბნება უფროსს, რომ რუსულმა სამხედრო კოლონამ როკის გვირაბი უკვე გამოიარა. გასიევმა ასევე თქვა, რომ ამ რუსულ კოლონას მეთაუ-
რობდა რუსი პოლკოვნიკი გვარად კაზაჩენკო ცნობილია, რომ პოლკოვნიკი ანდრეი კაზაჩენკო ომის დროს იყო მე-19 დივიზიის 693-ე მოტომსროლელთა პოლკის მეთაური, რომელიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას რუსულ შეტევით ოპერაციაში და იბრძოდა ქართული ჯარის წინააღმდეგ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „თქვა, რომ ქართული სადაზვერვო სატელეფონო ჩანაწერების შესახებ მას შეატყობინეს მათი ჩაწერიდან საათების შემდეგ. მისი თქმით, მან გადასცა ეს ინფორმაცია [საქართველოს პრეზიდენტ] სააკაშვილს, რომელმაც მიიღო ის, როგორც რუსული შემოჭრის ნიშანი“ .

ინფორმაცია რუსულ მედიაში


2008 წლის 3 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა გაზეთმა „კრასნაია ზვეზდამ“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც 135-ე პოლკის კაპიტანმა დენის სიდრისტიმ განაცხადა, რომ 7 აგვისტოს მისმა დანაყოფმა მიიღო ბრძანება გადასულიყო ცხინვალში. სიდრისტიმ ასევე თქვა, რომ იმ მომენტში, როდესაც მისმა დანაყოფმა მიიღო ცხინვალში გადასვლის ბრძანება, ეს დანაყოფი იმყოფებოდა ბანაკში, რომელიც გაშლილი იყო ნიჟნი ზარამაგში _ საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და როკის გვირაბის უშუალო სიახლოვეს.


2008 წლის 10 აგვისტოს ახალგაზრდა რუსმა ჯარისკაცმა წარმოშობით პერმის მხარიდან, რომელიც მსახურობდა 58-ე არმიის მე-19 დივიზიაში, დაურეკა დედამისს და უთხრა: „დედა, მე ახლახან ჩამოვედი ცხინვალიდან. ძალიან ცოტა დრო მაქვს. მომისმინე: ჩვენ იქ 7 აგვისტოდან ვართ. მთელი ჩვენი 58-ე არმია. შენ ალბათ ტელევიზორში უყურებ მანდ რაც ხდება? დღეს ჩამოვაღწიეთ ცხინვალიდან ვლადიკავკაზში, შეიარაღების წამოსაღებად. ახლა უკან ვბრუნდებით“. ჯარისკაცი ახალწვეული იყო. მისმა მშობლებმა მისგან მიღებული ინფორმაცია მიაწოდეს პერმის მხრიდან სხვა გაწვეულთა მშობლებს, რომლებმაც თქვეს, რომ მათი შვილების მობილური ტელეფონები გათიშული იყო 7 აგვისტოდან.


2008 წლის აგვისტოში პერმის მხარის ადამიანის უფლებათა კომისარმა ტატიანა მარგოლინამ მიიღო წერილები სამი ახალწვეულის დედებისგან, რომლებიც შეშფოთებული იყვნენ საკუთარი შვილების შესაძლო გაგზავნით „სამხრეთ ოსეთში“, საბრძოლო მოქმედებების ზონაში. ერთ-ერთ წერილში წერია: „მაისში ჩემი შვილი წვევამდელთა შეკრების პუნქტიდან გაუშვეს სამსახურის გასავლელად ქ. ვლადიკავკაზში. ივნისში მან ფიცი დადო, ხოლო „ახალგაზრდა მებრძოლის“ კურსი ერთი თვე გაგრძელდა. 9 აგვისტოს მან ტელეფონით შეგვატყობინა, რომ ჯერ კიდევ 7 აგვისტოს, საღამოს, ისინი კოლონის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთში გაგზავნეს“.


2008 წლის აგვისტოს ბოლოს ადგილობრივმა გაზეთმა მორდოვიის რეგიონის დედაქალაქ სარანსკში დაბეჭდა სტატია ამ ქალაქის მკვიდრ იუნირ ბიკინიაევის შესახებ, რომელიც იყო რიგითი ჯარისკაცი 58-ე არმიაში. როგორც გაზეთში დაიწერა ბიკინიაევის ოჯახის წევრებთან ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ, „7 აგვისტოს მშობ ლები შეშფოთდნენ – იუნირი აღარ პასუხობდა ზარებს. როგორც მან მოგვიანებით თავად აღიარა, მას უბრალოდ არ სურდა ოჯახის წევრების შეშინება. თუმცა, მისი მშობლების ყველაზე ცუდი ვარაუდი გამართლდა – 135-ე პოლკი, რომელშიც ჩვენებური მსახურობდა, სასწრაფოდ გადაისროლეს სამხრეთ ოსეთში“.


2009 წლის მაისში რუსეთის მთავრობის ოფიციალურმა გაზეთმა „როსიისკაია გაზეტამ“ გააშუქა 2008 წლის აგვისტოში ქართველებთან ბრძოლაში დაღუპული მაიორის დენის ვეტჩინოვის ბრინჯაოს ბიუსტის გახსნის ცერემონია. ამ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია: „რუსეთის გმირის, მაიორ დენის ვეტჩინოვის ძეგლი გაიხსნა მე-19 მოტომსროლელთა დივიზიის დისლოკაციის ტერიტორიაზე. აქედან, გასული წლის 7 აგვისტოს, ადრე დილით, 32 წლის მაიორი გაემგზავრა საბრძოლო მივლინებაში – ცხინვალში“ .


მედიაში გამოქვეყნებული კიდევ ერთი ინფორმაცია მიუთითებს რუსული ჯარის უკანონო ყოფნაზე ცხინვალის რეგიონში ჯერ კიდევ 7 აგვისტომდე. ლეიტენანტმა ქალაქ ყაზანიდან, ალექსანდრე პოპოვმა, დაამთავრა სატანკო აკადემია 2007 წელს და მსახურობდა ვლადიკავკაზში. მან იბრძოლა და დაიჭრა რუსეთსაქართველოს ომში. 12 აგვისტოს დედამისმა უთხრა ჟურნალისტებს: „მე მას ტელეფონით ვესაუბრე ორშაბათს [11 აგვისტო], შუადღეს. მას უკვე ჩაუტარეს ოპერაცია და ბუდიონოვსკში გადაჰყავთ. სამხრეთ ოსეთი მათ ჯერ კიდევ სამშაბათ-ოთხშაბათს [5-6 აგვისტო] უნდა დაეტოვებინათ: მათ იქ გეგმიური სწავლება ჰქონდათ. მაგრამ, როგორც ჩანს, დარჩნენ. ის ხომ ჯერ კიდევ საომარი მოქმედებების დაწყებამდე ერთ კვირით ადრე მეუბნებოდა: „მე ვხედავ როგორ ესვრიან ცხინვალს“. ისინი იყვნენ სწავლებაზე სადღაც მთებში და ჩემი შვილის თქმით, ცხინვალს იგი იქიდან მშვე ნივრად ხედავდა“. 9 აგვისტოს პოპოვმა დაურეკა დედამისს და უთხრა, რომ იგი იყო „დაჭრილი, მაგრამ ცოცხალი“ და რომ მისი დანაყოფი იყო „პირველი, ვინც ცხინვალში შევიდა“. როგორც რუსეთ-საქართველოს ომის გამოჩენილი მკვლევარი და ბილ კლინტონის მეორე ადმინისტრაციის დროს ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე რონალდ ასმუსი წერს თავის 2010 წელს გამოცემულ წიგნში, „წყაროები და ინფრომაცია ომის დროს და ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთში მყოფი ჟურნალისტებისგან ასევე მიუთითებს, რომ 58-ე არმიის 135-ე და 693-ე პოლკებისა და 22-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის ნაწილები ისევე, როგორც რამდენიმე სატანკო დანაყოფი, შევიდნენ სამხრეთ ოსეთში 2 და 7 აგვისტოს შორის“.

რუსული სისხლის სამართლის გამოძიება


მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის გარდა, 7 აგვისტოს
საქართველოში რუსული ჯარი შემოჭრის შესახებ კიდევ ერთი წყაროა ოფიციალური რუსული სისხლის სამართლის გამოძიება, რომელიც გაასაჯაროვა ფონდმა „დედის უფლება“ – ადამიანის უფლებათა დამცველმა რუსულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ.


2014 წლის 12 მარტს ფონდმა „დედის უფლება“ გამოაქვეყნა პრესრელიზი ვლადიმირ სელიპეტოვის საქმის შესახებ. სელიპეტოვი იყო ჯარისკაცი, რომელიც მსახურობდა 693-ე პოლკის მე-3 მოტომსროლელთა ბატალიონში. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამავე პოლკის მეთაურს, პოლკოვნიკ კაზაჩენკოს ახსენებს ცხინვალის რეჟიმის „მესაზღვრე“, როგორც საქართველოში შემომავალი რუსული სამხედრო კოლონის მეთაურს, 7 აგვისტოს დილით ადრე საუბარში, რომელიც ჩაწერა ქართულმა მხარემ. სელიპეტოვი დაიღუპა 7 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე, როკის გვირაბის მახლობლად. ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა. თუმცა მისმა მშობლებმა ეს არ დაიჯერეს და ხანგრძლივი იურიდიული ბრძოლა გამართეს შვილის ბედის შესახებ სიმართლის გასარკვევად. 2009 წლის ივლისში მათ დახმარებისთვის მიმართეს ფონდს „დედის უფლება“, რომელმაც მათ მხარი დაუჭირა.


ამ ფონდის 2014 წლის 12 მარტის პრესრელიზში ვკითხულობთ: „ვლადიმირ სელიპეტოვი (დაბ. 1986 წ.) ჯარში გაიწვიეს 2007 წლის 20 ივნისს. იგი მსახურობდა სამხედრო ნაწილში 66431 [693ე მოტომსროლელთა პოლკის ნომერი], რესპუბლიკაში ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ვლადიმირ სელიპეტოვი გარდაიცვალა 2008 წლის 7 აგვისტოს, დაახლოებით 04:00 საათზე, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ჯავის რაიონის ტერიტორიაზე, როკის გვირაბის „სამხრეთული პორტალის შესასვლელიდან სამხრეთ­აღმოსავლეთით, 155 მეტრში“. იგი გარდაიცვალა „თავში ერთი ტყვიით მიყენებული ჭრილობის“ შედეგად, გასროლა მოხდა აკს-74-დან.“ იმავე დღეს, „7 აგვისტოს, რუსეთის პროკურატურასთან არსებულმა ვლადიკავკაზის გარნიზონის სამხედრო-საგამოძებო დანაყოფმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მიერ გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების გამო“. სელიპეტოვის მშობლებისთვის ერთ-ერთი პრობლემა იყო
კომპენსაციის საკითხი: „სამხრეთ ოსეთში საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებმა რუსული სახელმწიფოსგან მიიღეს ფინანსური კომპენსაცია,“ სელიპეტოვის ოჯახს კი ეს კომპენსაცია არ მიუღია, რადგან „ოფიციალურად მათი შვილი დაიღუპა გაურკვეველ ვითარებაში, სამხრეთ ოსეთში საბრძოლო ოპერაციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე“. რუსეთის ხელისუფლების უარი რუსეთ-საქართველოს ომის დროს სხვა დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების მსგავსად კომპენსაცია გადაეხადათ სელიპეტოვის მშობლებისთვის, განპირობებული იყო მოსკოვის ოფიციალური პოზიციით, რომ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო შეტევა მან დაიწყო მხოლოდ 8 აგვისტოს, ნაცვლად ნამდვილი თარიღისა – 7 აგვისტოსი.

როგორც ფონდი „დედის უფლება“ წერს, სელიპეტოვის
საქმის ხელახლა გახსნაზე ბოლო ოფიციალური უარიდან „გამოდის, რომ სელიპეტოვი და მისი ოცეულის სამხედრო მოსამსახურეები აღმოჩნდნენ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, საბრძოლო იარაღით და ჯავშანჟილეტებში, და იქ სანგრების თხრა დაიწყეს თითქოსდა შემთხვევით.“ როგორც შეჯამებულია ფონდის პრესრელიზში, „ვლადიმირ სელიპეტოვის დაღუპვის ისტორია ნათლად აჩვენებს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე წვევამდელის დაღუპვის ვითარებას იქ სამხედრო ოპერაციის ოფიციალურ დაწყებამდე ერთი დღით ადრე (ყველა შესაბამისი შედეგით დაღუპულის ოჯახისათვის)“ . სერგეი ბაღაფშის აღიარება დამატებითი ინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებაზე მოგვაწოდა სოხუმის რეჟიმის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა. 2008 წლის 7 აგვისტოს მან ტელეკამერების წინ განაცხადა, რომ საქართველოში რუსული ჯარი შემოვიდა. იმავე დღეს მისი ეს განცხადება ტელევიზიამ აჩვენა. ბაღაფშმა თქვა: „მე ვესაუბრე სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს. ახლა [ვითარება] მეტნაკლებად დასტაბილურდა. იქ შევიდა ჩრდილოეთ კავკასიის ოკრუგის ბატალიონი“.

კიბერომის დაწყება


7 აგვისტოს, საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ჯარის შემოჭრის პარალელურად, საქართველოს წინააღმდეგ ასევე დაიწყო რუსული კიბერშეტევა, როდესაც „რამდენიმე ქართული სერვერი და ინტერნეტტრაფიკი იყო აყვანილი გარე კონტროლის ქვეშ“ . მანამდე, ცალკეული კიბერშეტევა განხორციელდა 20 ივლისს, როდესაც 24 საათით გაითიშა პრეზიდენტ სააკაშვილის ვებსაიტი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი კიბერ შეტევის დროს


რუსული კიბეროპერაცია, რომელიც 7 აგვისტოს დაიწყო,
აგრესიულად გაგრძელდა ომის შემდგომ დღეებში და გახდა ისტორიაში პირველი ფართო და კოორდინირებული კიბერშეტევა სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც მიმდინარეობდა ამავე სახელმ წიფოს წინააღმდეგ ჩვეულებრივი სამხედრო შეტევის პარალე ლურად. კიბერშეტევის სამიზნეები იყო ქართული სახელისუფლებო და მედიის ვებსაიტები, ასევე ფინანსური, კომერციული და სხვა ინსტიტუტები.


„კიბერკამპანიის ძირითადი მიზანი იყო საქართველოში რუსული სამხედრო შეჭრის მხარდაჭერა და კიბერშეტევები კარგად ჩაჯდა შეჭრის გეგმაში“. ამ რუსულმა ძალისხმევამ კიდევაც გამოიღო შედეგი: „კიბერშეტევამ მნიშვნელოვნად შეაფერხა საქართველოს ხელისუფლების უნარი გაეწია წინააღმდეგობა რუსეთის თავდასხმისთვის, რადგან ის ხელს უშლიდა მთავრობასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციას, შეაჩერა ბევრი გადარიცხვა და ფინანსური ტრანსაქცია და იწვევდა დაბნეულობას იმასთან დაკავშრებით, თუ რა ხდებოდა“. კიბერშეტევამ „შეაფერხა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა გაევრცელებინა ინფორმაცია თავდასხმის შესა ხებ და დაუბლოკა მთავრობას ინფორმაციის მრავალი წყარო. მან უფრო ძნელი გახადა გარე სამყაროს ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა, რითაც ამცირებდა გარედან დახმარების მიღების შანსებს“.

ქართული ოპერაციის დაწყება


7 აგვისტოს განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი იღებდა სადაზვერვო მონაცემებს რუსული ჯარების შესახებ, რომლებიც იკრიბებოდნენ როგორც საქართველოს ჯავის რაიონში, ისე როკის გვირაბის რუსულ მხარესაც.
13:00 საათზე სააკაშვილმა „გამართა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რათა განეხილათ არსებული ვითარება, რომელიც სწრაფად უარესდებოდა“. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სხდომის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ქართული მხარის მიერ ჩაწერილი სატელეფონო ზარების შესახებ, რომლებიც მიუთითებდა იმაზე, რომ „რუსებმა დაამყარეს კონტროლი როკის გვირაბზე და შემდეგ გაატარეს მასში თავისი ძალები“. ქართველებს არ ჰქონდათ ზუსტი მონაცემები საქართველოში შემოჭრილი რუსული ძალების რაოდენობის შესახებ, თუმცა, მათი შეფასებით, იმ მომენტში ეს დაახლოებით ბატალიონი იყო“.

58-ე არმიის კოლონა საქართველოში


7 აგვისტოს, 23:00 და 23:30 საათს შორის (სხვადასხვა მკვლე ვარი განსხვავებულ დროს მიუთითებს), სააკაშვილმა მიიღო ახალი სადაზვერვო მონაცემები იმის შესახებ, რომ რუსებს როკის გვირაბის გავლით საქართველოში დამატებითი სამხედრო ძალები შემოჰყავდათ, ხოლო ის რუსული ძალები, რომლებიც უკვე იყვნენ საქართველოში შემოჭრილი, სამხრეთისკენ დაიძრნენ.


სვანტე კორნელის, იოჰანა პოპიანევსკის და ნიკლას ნილსო-
ნის მიხედვით, „დაახლოებით საღამოს 11 საათზე [7 აგვისტოს] საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო ინფორმაცია, რომ 100-ზე მეტი რუსული სამხედრო მანქანისგან შემდგარი კოლონა მოძრაობდა როკის გვირაბის გავლით“. რონალდ ასმუსი გვაწვდის დამატებით დეტალებს იმ დროს სააკაშვილთან მისულ ინფორმაციაზე: „არა მხოლოდ იყო მონაცემები ქართული სოფლების და პოზიციების განახლებული დაბომბვის შესახებ, არამედ თბილისს ასევე ჰქონდა მანამდე, დღისით, მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაცია, რომ დამატებითი რუსული ძალები შევიდნენ როკის გვირაბში და ჰქონდათ ბრძანება ის საღამოს გაევლოთ. ხოლო ქართველი საველე მზვერავები იტყობინებოდნენ, რომ ისინი ხედავდნენ, მათი აზრით, რუსულ კოლონას, რომელიც ჯავიდან სამხრეთით, ცხინვალის მიმართულებით მოძრაობდა“. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ მოგვიანებით თქვა, რომ „ამ მოვლენების დროს, როდესაც მე ტელეფონით ვესაუბრებოდი ქართველ თანამდებობის პირებს, ისინი ნამდვილად ჩანდნენ სრულიად დარწმუნებული იმაში, რომ რუსულმა მძიმე ტექნიკამ გამოიარა როკის გვირაბი [7 აგვისტოს]. ქართული სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე ბრაიზა ესაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ეკა ტყეშელაშვილს. ბრაიზას თქმით, „იგი ჩანდა სრულიად დარწმუნებული, ადამიანურ დონეზე, რომ რუსები იქ შესულები იყვნენ“. ტყეშელაშვილმა უთხრა ბრაიზას, რომ რუსები „შემოდიოდნენ სამხრეთ ოსეთში ტანკებით და 1000-ზე მეტი ჯარისკაცით“. ბრაიზამ, „ინსტრუქციების მიხედვით,“ ურჩია ქართველებს „არ შესულიყვნენ ამ რუსებთან პირდაპირ დაპირისპირებაში“. თუმცა საქართველოში შემოსული რუსული ჯარისა და მძიმე ტექნიკას შესახებ 7 აგვისტოს, გვიან მიღებული მონაცემების შემდეგ, ქართულმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მას უნდა ემოქმედა. საქართველოს ხელისუფლებამ შეატყობინა ბრაიზას, რომ მას „არ ჰქონდა არჩევანი გარდა [როკის] გვირაბის მიმართულებით წინსვლისა, რათა ეცადათ უკუეგდოთ რუსული ჯარი“.


„ბოლო წვეთი იყო ქართული სადაზვერვო დანაყოფის მიერ ჯავიდან ცხინვალის მიმართულებით სამხედრო კოლონის მოძრაობის ვიზუალური დადასტურება. კოლონაში შემავალი შეიარაღების – ტანკების, ჯავშანტრანსპორტიორების და არტილერიის – რაოდენობისა და სახეობების საფუძველზე ქართველებმა დაასკვნეს, რომ ეს ძალები არ იყო არც სამხრეთოსური და არც ჩრდილოკავკასიელი „მოხალისეების“. ეს იყო რუსული ჯარი. ამან დაადასტურა სააკაშვილის ეჭვები, რომ მოსკოვი მის ქვეყანაში შეიჭრა და განაპირობა მისი გვიან საღამოს მიღებული გადაწყვეტილება დაეწყო წინააღმდეგობის გაწევა“.

ქართული ჯარი


7 აგვისტოს, 23:35 საათზე, სააკაშვილმა „დაურეკა საქართველოს გენშტაბის უფროსს, ზაზა გოგავას, და მისცა ორი ბრძანება: შეეჩერებინა ცხინვალის მიმართულებით მოძრავი და როკის გვირაბიდან გამომავალი რუსული კოლონები და ჩაეხშო ქართული პოზიციებისა და სოფლების ოსური დაბომბვა. ზარის დასრულების შემდეგ იგი შეყოვნდა, შემდეგ კვლავ აიღო ტელეფონი და დაამატა მესამე ბრძანება: „სამოქალაქო მსხვერპლის მინიმუმამდე დაყვანა“.
ამ ბრძანებების მიღების შემდეგ ქართულმა შეიარაღე ბულმა ძალებმა დაიწყეს სამხედრო ოპერაცია. შემდგომში ისინი დამარცხდნენ ბრძოლაში რუსულ შეიარაღებულ ძალებთან, რომლებიც მთელი ომის (7-12 აგვისტო) განმავლობაში შემოდიოდნენ საქართველოში როკის გვირაბითა და აფხაზეთის გზით. რუსეთის სახმელეთო ძალებს აქტიურად უჭერდა მხარს მისივე ავიაცია, რომელიც ბომბავდა საქართველოს, და სამხედრო ფლოტი, რომელმაც საქართველოს სანაპიროს ბლოკადა მოახდინა.

© საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button