გეოპოლიტიკა

ბრძოლა რუსეთ­-საქართველოს ომის ალტერნატიულ ისტორიასთან

კრემლის საინფორმაციო ომის მეთოდები დასავლურმა სამყარომ სრულად მხოლოდ ბოლო დროს გააცნობიერა, მას მერე, რაც რუსეთმა დასავლური ქვეყნების პოლიტიკურ სისტემებს შეუტია. მანამდე, 2014 წელს, უკრაინის მოვლენებმა აჩვენა, თუ როგორ გამოიყენება აგრესიული დეზინფორმაცია სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის გასამართლებლად.


ამგვარი მეთოდების არსენალს რუსეთი იყენებდა დიდი
ხნით ადრე, ვიდრე დასავლურ საზოგადოებებში ამის შესახებ ცოდნა გავრცელდებოდა. ეს არის უკანასკნელი სტადია იმ პრაქტიკის ევოლუციაში, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გამოიყენებოდა და რაც რუსეთმა სსრკ-ის დაშლის შემდეგაც შეინარჩუნა. მას მერე, რაც რუსეთის მმართველი გახდა პუტინი, ამ არსენალს უფრო თამამად და დიდი რესურსებით იყენებენ.
2008 წლის ომის დროს და ომის შემდგომ პერიოდში რუსეთმა საქართველოს ამ იარაღით ძლიერი დარტყმა მიაყენა. მისი მძლავრი პროპაგანდისტული და დიპლომატიური რესურსები მიმართული იყო იმაზე, რომ აგრესიის მსხვერპლ საქართველოს დაბრალებოდა მოსკოვის მიერ განხორციელებული სამხედრო თავდასხმა და რუსულ-ქართული ომი, რომელიც თავიდან ბოლომდე საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

რუსების მიერ გორის ცენტრში ნასროლი ბომბი


რუსეთმა ვერ მიაღწია ამაში სრულ წარმატებას, მაგრამ მან შეძლო მნიშვნელოვანი გაურკვევლობის შემოტანა. ბევრის თვალში ომის შესახებ დამკვიდრდა ნარატივი, თითქოს რუსული პროვოკაციების შემდეგ საქართველომ დაიწყო სამხედრო შეტევა ცხინვალის რეგიონში, ხოლო რუსეთმა ამის პასუხად ჩაატარა დისპროპორციულად მასშტაბური და აგრესიული სამხედრო ოპერაცია. ეს ნარატივი არ ასახავს რეალურ ფაქტებს, რასაც 2008 წლის აგვისტოში ჰქონდა ადგილი. ამის მიუხედავად, ის გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოს ომისთვის პასუხისმგებლობის გარკვეული ნაწილი დაეკისროს.

განადგურებული რუსული კოლონა


ამ ფენომენის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინება იყო 2009 წელს გამოქვეყნებული „ტალიავინის კომისიის“ ანგარიში. მიუხედავად ყველა იმ ფაქტისა, რომელიც მიუთითებს რუსული არასამშვიდობო სამხედრო ძალების რუსეთ-საქართველოს საზღვრის ქართულ მხარეს ყოფნაზე 7 აგვისტოსთვის, ანგარიშში უბრალოდ წერია, რომ ეს ყოფნა ვერ დასტურდება და რომ, შესაბამისად, საქართველოს იმ დროს ჯერ არ ჰქონდა თავდაცვის უფლება.
ფაქტების ამგვარი უგულებელყოფა მიუღებელია. ერთი მხრივ, ეს არის ისტორიასთან უსამართლო და დამაკნინებელი მოპყრობა. მეორე მხრივ კი, ეს ხელს უწყობს რუსეთის პროპაგანდისტულ და დიპლომატიურ ომს, რომელსაც იგი მუდმივად აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ.


მრავალი ფაქტი, ამ სტატიაში მოყვანილი თუ სხვა, რომელთა ხსენებასაც აქ აღარ შევუდექი ნაშრომის შეზღუდული სიდიდის გამო, ცხადად აჩვენებს, რომ:


• რუსეთის თანმიმდევრული სამხედრო და დიპლომატიურო საომარი მზადების შემდეგ, 7 აგვისტოსთვის რეგულარული რუსული სამხედრო ძალები, რომლებიც არ იყვნენ მშვიდობისმყოფელები, შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ზოგი წყარო მიუთითებს საქართველოში ამ რუსული ძალების ყოფნაზე ჯერ კიდევ წინა რამდენიმე დღის განმავლობაში, ხოლო კონკრეტულად 7 აგვისტოს მათი აქ ყოფნა მრავალი წყაროთი დასტურდება.
• 7 აგვისტოს მომხდარი ეს რუსული შემოჭრა წარმოადგენდა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის აქტს. გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 3314 („აგრესიის განმარტება”), სტატია 3(ა) ცხადად განმარტავს, რომ ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების შეჭრა მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე არის აგრესიის აქტი.115
• საქართველომ დაიწყო თავისი სამხედრო ოპერაცია მხოლოდ 7 აგვისტოს 23:35 საათიდან, დიდი ხნის შემდეგ მას მერე, რაც რუსული ჯარი მის ტერიტორიაზე შემოიჭრა და იმის შემდეგ, რაც თბილისმა არაერთხელ მიიღო სადაზვერვო მონაცემები საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი რუსული სამხედრო ძალების გადაადგილების შესახებ. შესაბამისად, საქართველო იყენებდა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ უფლებას თავდაცვაზე.
• 8 აგვისტოს დილის შეტაკება ქართულ ძალებსა და მშვიდობისმყოფელთა სტატუსის მქონე რუსულ ძალებს (და მათთან ომამდე მიმაგრებულ რუსულ სპეცდანიშნულების ძალებს) შორის მოხდა მას შემდეგ, რაც მშვიდობისმყოფელებმა მიიღეს ბრძანება შეეჩერებინათ ქართველების წინსვლა ცხინვალში, რომელიც მიმდინარეობდა 7 აგვისტოს 23:35 საათიდან დაწყებული ქართული ოპერაციის ფარგლებში. სამშვიდობო ძალების ბაზაზე მყოფ რუს ჯარისკაცებს ნებართვა მისცეს ქართველებისათვის ლეტალური ცეცხლი გაეხსნათ, რაც მათ გააკეთეს კიდევაც.

ქართველი მებრძოლები, 2008


დღეს ბევრი რამ არის შეცვლილი 2008 წლის აგვისტოსა და
უშუალოდ ომის შემდგომ პერიოდთან შედარებით. გამოჩნდა ახალი ფაქტები, მაგალითად, 7 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცის გარდაცვალების ზემოხსენებული რუსული გამოძიება, ან პუტინის 2012 წლის აღიარება, რომ რუსულმა გენშტაბმა წინასწარ მოამზადა საქართველოსთან ომის გეგმა და რომ რუსი სამხედრო ინსტრუქტორები წვრთნიდნენ ცხინვალის რეჟიმის მებრძოლებს 2008 წლის ომამდე. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დროს დასავლეთმა გაიაზრა კრემლის გეოპოლიტიკური მიზნები და ამ მიზნების მიღწევის მეთოდები.

პუტინის აღიარება


2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან ათი წლის შემდეგ ქართველები იმსახურებენ ახლებურ ხედვას ამ ომის შესახებ, რომელიც თავისუფალი იქნება დეზინფორმაციით და ფაქტების დამახინჯებით გამოწვეული გაურკვევლობისგან.

დაჭრილი ქართველი სამხედრო, 2008

© საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ
Close
Back to top button