გეოპოლიტიკაკულტურა

როგორ ყალიბდება კონფლიქტური იდენტობა?

იდენტობის გამოხატვა ყველა ერისთვის დამახასიათებელია. იდენტობის ფორმირებაში გარდამტეხ როლებს თამაშობენ: საერთო, საზიარო ისტორიული და კოლექტიური მეხსიერებები, რომელებიც ძირითადად კონფლიქტების ფონზე ყალიბდებიან. განსაკუთრებით გამძაფრებული თვითიდენტიფიკაციის ნიშნები ახასიათებს ისეთ ერს, რომელსაც გამოვლილი აქვს სისხლიანი ომები, ოკუპაცია და ა.შ. კოლექტიური მეხსიერების ჩამოყალიბებას ხელს უწყობენ პოლიტიკოსებიც. ამისთვის აუცილებელია ეროვნული დღესასწაულების დაწესება, ქუჩებისთვის ეროვნული გმირების სახელების შერქმევა, გმირთა მემორიალების შექმნა და ა.შ.

გმირთა მემორიალი

საქართველოს უკვე 250 წელზე მეტია თავს არ ანებებს ჩრდილოელი დამპყრობელი. ამ ხნის განმავლობაში უდიდესი, როგორც მატერიალური, ასევე, მორალური ზიანი მიაყენა რუსეთმა საქართველოს და ეს ყველაფერი დღემდე გრძელდება. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის ქართულ საზოგადოებაში კოლექტიური, საზიარო მეხსიერება ჩამოყალიბებული დამპყრობელი რუსეთის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ გამოვიარეთ აფხაზეთისა და 2008 წლის ომები, შეიქმნა გმირთა მემორიალები, ქუჩებს დაერქვა რუსეთის წინააღმდეგ ომში დაღუპული გმირების სახელები, დაწესდა ეროვნული დღესასწაულები, ასევე, წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა “ისტორიული სამართლიანობის დამდგენი კომისია”, რომლის მიზანიც რუსული მმართველობის რეალური ზრახვებისა და დანაშაულების გამოვლენა იყო (2012 წელს ეს კომისია გაუქმდა), მაინც არ არის საზოგადოებაში ერთიანობა “ერთმორწმუნე” მტრის საკითხზე, რაც უმთავრესად სწორედ ძლიერი რუსული პროპაგანდის შედეგია. სამაგიეროდ, რუსულმა პოლიტიკამ შეძლო და ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ხელი შეუწყო კონფლიქტური იდენტობის ჩამოყალიბებას.

დევნილები აფხაზეთიდან

არსებობს კონფლიქტური იდენტობის სხვადასხვა სახეები, თუმცა, ამ შემთხვევაში, კონფლიქტურ იდენტობას განვიხილავთ, როგორც ეთნოსის თვითიდენტიფიკაციის მცდელობას სხვა ეთნოსთან დაპირისპირებისას, ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური კონფლიქტების ფონზე.

კონფლიქტური იდენტობის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია ეთნოსში არსებობდეს საზიარო ისტორიული და კოლექტიური მეხსიერებები. სწორედ მათი მიმართება, ურთიერთშერწყმა გვაძლევს კონფლიქტური იდენტობის საწყისებს. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ აფხაზებსა და ქართველებს სხვადასხვა ისტორიული მეხსიერება ჩამოგვიყალიბდა. ეს პროცესი XX საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო და ყველაზე ინტენსიური სახე 80-იან, 90-იან წლებში მიიღო, რამაც, საბოლოოდ, წარსულის გააზრების ორი სრულიად განსხვავებული აზრი წარმოშვა. ამას მოწმობს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, შამბას ინტერვიუ ქართულ ტელევიზიასთან, სადაც იგი აღნიშნავს, რომ არათუ აფხაზეთი ეკუთვნოდა საქართველოს, არამედ, პირიქით, ისტორიულად საქართველო შედიოდა აფხაზეთის შემადგენლობაში.

სწორედ პოლიტიკოსებისა და მათგან მხარდაჭერილი ისტორიკოსების გარკვეული ჯგუფები ქმნიან საზიარო ისტორიული მეხსიერების ძირითად საფუძვლებს. ეჭვგარეშეა, რომ აფხაზეთში რუსული სპეცსამსახურების გრძელვადიანი მუშაობის შედეგად წარმოიქმნა პოლიტიკოსთა ის ფენა, რომლებიც რუსი ისტორიკოსების ფსევდოსამეცნიერო ნაშრომებზე დაყრდნობით არწმუნებენ მოსახლეობას, რომ აფხაზეთი ისტორიულად დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ XXI საუკუნეში ხალხზე ზეგავლენის მოხდენა სოციალური ქსელებისა და სხვა ეფექტური საშუალებების წყალობით ბევრად მარტივი გახდა. რუსები მიმართავენ ჰიბრიდული ომის მეთოდს. მაგალითად, ე.წ ბოტებისა და ტროლების ხერხს, რომლის მეშვეობითაც სოციალურ ქსელებში ახალისებენ პრორუსული და სეპარატისტულად განწყობილი ხალხის ინტერესებს, ავრცელებენ ყალბ ამბებს და ა.შ.

კონფლიქტური იდენტობის ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვანია “წონიანი” პოლიტიკოსების საჯარო განცხადებებიც. თანამედროვე ჰიბრიდული ომის ფონზე, რომლის მთავარი მიზანიც სწორედ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების გაღვივებაა, ვლადიმერ პუტინმა გააკეთა განცხადება, სადაც მან ქართველები აფხაზებისა და ოსების გენოციდში დაადანაშაულა. მან ამ განცხადებით შემოგვთავაზა საკუთარი, სუბიექტური ფსევდოისტორია, რომელიც არანაირ წყაროს არ ეყრდნობა, თუმცა, ამ შემთხვევაში, მთავარი არის არა განცხადების დეტალები, არამედ, ზოგადად, დამოკიდებულება და აფხაზ და ოს ხალხში საქართველოს წინააღმდეგ კონფლიქტური იდენტობის განმტკიცებისკენ გადადგმული მორიგი დიდი ნაბიჯი. ასე რომ, პუტინის განცხადება შეიძლება ჩაითვალოს საზიარო ისტორიული მეხსიერების და, შესაბამისად, კონფლიქტური იდენტობის ჩამოყალიბების მორიგი მცდელობის ნათელ მაგალითად.

გადამწვარი გორი, 2008 წელი

ამ ყველაფრის შესაჩერებლად, უპირველეს ყოვლისა, უმთავრესი პრობლემის მოგვარების დაჩქარებაა საჭირო: როგორმე ქართველ ხალხში უნდა ჩამოყალიბდეს საზიარო აზრი საერთო მტრის, არა აფხაზი და ოსი ხალხის, არამედ – რუსეთის შესახებ, რადგან როგორც ვნახეთ, სწორედ რუსეთის ორგანიზებით ხდება მხარეების ხელოვნური დაპირისპირება ტერიტორიული თუ სხვა ტიპის პოლიტიკური მიზნების დასაკმაყოფილებლად. პრორუსული კოლაბორაციონისტული ძალები კი მათი ინტერესების გასატარებლად, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის კონფლიქტური იდენტობის ჩამოსაყალიბებლად ძალისხმევას არ იშურებენ.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button