ახლო აღმოსავლეთიგეოპოლიტიკა

ჩრდილოეთ სირიის მოვლენების ქრონოლოგია

22 ოქტომბერი

პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა

აშშ-თურქეთის შეთანხმების ვადის ამოწურვის ბოლო დღეს ერთმანეთს შეხვდნენ თურქეთის პრეზიდენტი – რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი – ვლადიმერ პუტინი. მათ მიაღწიეს ახალ შეთანხმებას, რომელიც 10 პუნქტისგან შედგება.

ორი მხარე:

  1. აღიარებს სირიის ტერიტორიულ მთლიანობას და პატივს ცემს თურქეთის უსაფრთხოების ინტერესებს.
  2. აგრძელებს ბრძოლას სირიაში ტერორიზმის წინააღმდეგ.
  3. YPG/SDF (პროქურთული ძალები) სირია-თურქეთის საზღვრიდან 32 კმ-ით უკან დაიხევენ + მოხდება მათი განიარაღება.
  4. პატივს სცემს და იმოქმედებს 1998 წლის ადანას შეთანხმების თანახმად.
  5. სირიის შეიარაღებული ძალები და რუსული პოლიცია თურქეთ-სირიის საზღვრის სამხრეთით, რათა უზრუნველყონ ქურთების უკანდახევა. ვადა: 150 საათი. ათვლა იწყება 23 ოქტომბრიდან.
  6. ჩამოყალიბდება თურქულ-სირიული პატრული, რომლებსაც შეეძლებათ სირიის ტერიტორიაზე შესვლა 10 კმ-ის სიღრმემდე შეეძლებათ.
  7. ყველა YPG/SDF-ს ძალა დატოვეს მანბიჯსა და ტელ-რიფატს.
  8. სირიელი ლტოლვილები დაბრუნდებიან “თავისუფალ ზონაში”.
  9. ამ შეთანხმებისთვის შეიქმნება შერეული სადამკვირვებლო მექანიზმი.
  10. შეთანხმდა მხარი დაუჭიროს და აღმოფხვრას სირიის კრიზისი და პოლიტიკური პრობლემები.
10 პუნქტიანი შეთანხმება

ცეცხლის შეწყვეტის 5 დღიანი ვადა…

17 ოქტომბერი

დღეს სირიის საკითხთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ – რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ – მაიკ პენსს შორის.

მაიკ პენსის განცხადებით, ერდოღანი დათანხმდა დროებით შეწვიტოს ოპერაცია ჩრდილოეთ სირიაში. თურქეთი ქურთულ ძალებს 120 საათს აძლევს, რათა დატოვონ “თავისუფალი ზონა”. პენსმა, ასევე, აღნიშნა, რომ აშშ ხელს შეუწყობს ქურთული ძალების “მწყობრ უკანდახევას”.

16 ოქტომბერი

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აპირებენ შეხვედრას თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას სირიის საკითხთან დაკავშირებით. აშშ-ის პოზიცია უცვლელია – თურქეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ოპერაცია ჩრდილოეთ სირიაში, თუმცა ერდოღანის განცხადებით თურქეთი მანამ არ შეწყვეტს ოპერაციას, სანამ საბოლოო მიზანს არ მიაღწევს. ერდოღანმა, ასევე, განაცხადა, რომ მაიკ პენსსა და მაიკ პომპეოს არ შეხვდება, რადგან ისინი არ არიან მისი თანამდებობის შესაბამისი პირები. ერდოღანი მხოლოდ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზეა თანახმა.

რამდენიმე წყარომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ თურქეთის მოკავშირე სირიის თავისუფალი არმიის ჯარისკაცებმა გზა გადაუკეტეს და ზედმეტად მიუახლოვდნენ ჩრდილოეთ სირიაში დარჩენილ აშშ-ის სპეცდანიშნულების ძალებს, რის გამოც, ძალის დემონსტრირებისა და სიტუაციის განმუხტვის მიზნით, საქმეში ჩაერთო აშშ-ის ავიაცია. ორმა ამერიკელმა პილოტმა F-15E-ით ზებგერითი სიჩქარით დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინა პროთურქულ ძალებს. მათ უკან დახევადა გზის გახსნა მოუწიათ.

ბრძოლები გრძელდება

ბრძოლები სირია-თურქეთის საზღვრის გასწვრივ კვლავ გრძელდება. ქალაქ მანბიჯის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია შედარებით ჩაწყნარდა, თუმცა ბრძოლები გრძელდება იმ ადგილებში, სადაც ჯერ რუსები არ შესულან.

ასადის რეჟიმის სირიული არმია ქალაქ რაქასთან ბრძოლებს მართავს თურქულ არმიასთან და პროთურქულ დაჯგუფებებთან. შესაძლებელია, რომ რუსულმა ავიაციამ მხარი დაუჭიროს რეჟიმის ძალებს და დაბომბოს მოწინააღმდეგის პოზიციები.

5 წლის შემდეგ პირველად ასადის რეჟიმის ძალები ქალაქ კობანში შევიდნენ

ასადის რეჟიმის ძალებმა რუსულ სამხედრო პოლიციასთან ერთად ქალაქი კობანი დაიკავეს.

კობანი არის ქალაქი, რომელშიც 5 წლის წინ, აშშ-მა და ქურთებმა ერთობლივი ძალებით პირველად დაამარცხეს ისლამური სახელმწიფო. მას შემდეგ ქალაქს ქურთები აკონტროლებდნენ.

15 ოქტომბერი

მძიმე შეტაკებები გრძელდება ქურთებს, ასადის რეჟიმის არმიასა და თურქეთ-პროთურქულ ძალებს შორის. ორივე მხარე ავრცელებს უამრავ ინფორმაციას, ამიტომ დანაკარგების შესახებ რეალური ინფორმაციის გაგება, ფაქტიურად, შეუძლებელია.

ვინ ვის წინააღმდეგ იბრძვის

აშშ-ის სანქციები თურქეთის წინააღმდეგ

აშშ-ის მოწოდების მიუხედავად, თურქეთი აგრძელებს სამხედრო ოპერაციას ჩრდილოეთ სირიაში. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის რეგიონი დატოვეს, დონალდ ტრამპმა თურქეთს დაუწესა სანქციები და ოპერაციის არ შეწყვეტის შემთხვევაში სანქციების დამძიმებით დაემუქრა.

• თურქეთის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრებს დაებლოკათ აშშ-ის საბანკო ანგარიშები.

• აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროებთან ურთიერთობა აუკრძალა ამერიკულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ გეგმავს, თურქეთიდან შემოსულ ფოლადზე ტარიფი 50%-მდე გაზარდოს. ასევე, შეწყდება თურქეთთან სავაჭრო მოლაპარაკებები. მომავალში შეზღუდვები შესაძლოა ფინანსურ სექტორსა და ვიზის გაცემასაც შეეხოს.

რუსმა სამხედროებმა აშშ-ის მიტოვებული ბაზა დაიკავეს

ქალაქ მანბიჯის თავზე რუსული დროშა ფრიალებს

რუსეთის თქმით, ქალაქ მანბიჯზე და მის ირგვლივ განლაგებულ სოფლებზე სირიის არმიამ სრული კონტროლი დაამყარა. მანბიჯში უკვე შევიდნენ რუსი ჯარისკაცებიც და დაიკავეს მასთან მდებარე მიტოვებული ამერიკული სამხედრო ბაზა. ინფორმაციას რუსი ჟურნალისტი ავრცელებს:

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქალაქ მანბიჯთან რუსმა სამხედროებმა დაიწყეს პატრულირება ქურთების, ასადის რეჟიმისა და თურქ-პროთურქული ძალების შორის, რათა თავიდან აირიდონ შეტაკებები.

რუსეთმა თურქეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა

თურქულმა ავიაციამ მანბიჯსა და სხვა ქალაქებში ქურთებისა და ასადის რეჟიმის ძალები ვერ დაბომბა, რადგან რუსულმა SU-35S-მა გადაუღობა გზა. საჰაერო მხარდაჭერის გარეშე თურქეთის ოპერაცია ძალიან შენელდა.

14 ოქტომბერი

შეტაკებები გრძელდება ქურთებსა და პროთურქულ შენაერთებს შორის.

სირიის რეგულარული არმიის ნაწილები მიიწევენ ჩრდილოეთისკენ და ნელ-ნელა იკავებენ ქურთების პოზიციებს.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასადის რეჟიმის ძალების განლაგებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. მან თქვა: “ჩვენ ვთანამშრომლობთ რუსეთთან და არამგონია რაიმე სახის პრობლემა შეგვექმნას მემბიჯთან და კობანთან დაკავშირებით.”

ერდოღანმა აშშ-ის გადაწყვეტილებას ჩრდილოეთ სირიიდან ჯარების გაყვანის შესახებ პოზიტიური უწოდა. მან ასევე, აღნიშნა: “ინგლისის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას მივხვდი, რომ ისინი შეცდომაში იყვნენ შეყვანილნი და არ იცოდნენ ბევრი ფაქტი. თურქეთს ახლა თავს ესხმის ტერორისტული დაჯგუფება და ნატოს მე-5 მუხლის თანახმად, ნატოს ყველა ქვეყანა თურქეთთან ერთად უნდა იბრძოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ იმ შეკითხვაზეც არ შეუძლიათ პასუხის გაცემა თუ რომელ მხარეს დგანან – ნატოს წევრი ქვეყნის თუ ტერორისტების…”

ბრძოლები გაიმართა ქალაქ მანბიჯის სიახლოვეს, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქურთების, ასადის რეჟიმისა და თურქეთ-პროთურქული ძალები. შედეგად დაიღუპა 3 რეჟიმის ჯარისკაცი.

დონალდ ტრამპმა დააანონსა “დიდი სანქციები” თურქეთის წინააღმდეგ.

13 ოქტომბერი

ორივე მხარე აქტიურად არის ჩაბმული საინფორმაციო ომში. ვრცელდება უამრავი ინფორმაცია დანაკარგების შესახებ, ამიტომ რეალური რიცხვების დასახელება შეუძლებელია. ქურთებმა განაცხადეს, რომ მათ უკვე გაანეირალეს 75 თურქი მებრძოლი, თუმცა ოფიციალურად თურქეთი მხოლოდ 6 მათგანის გარდაცვალებას ადასტურებს. თავის მხრივ, თურქეთის თქმით მათ 500-მდე ქურთი მებრძოლი გაანადგურეს, თუმცა ქურთები ამ რიცხვს ზედმეტად გადაჭარბებულს უწოდებენ.

ქურთების ახალი ალიანსი რუსეთთან?

როგორც ჩანს, თურქული მხარე დანაკარგების მიუხედავად, წარმატებით მიიწევს წინ, რამაც გამოიწვია ის, რომ აშშ ჩრდილოეთ სირიის სამხრეთში დარჩენილი 1000 ჯარისკაცის ევაკუაცია გადაწყვიტა, რაც ნიშნავს იმას, რომ თურქებს არანაირი წინააღმდეგობა აღარ შეხვდებათ და სრული სვლით წავლენ წინ. ამ ყველაფრის ფონზე ქურთებმა უკვე ოფიციალურად დაადასტურეს ინფორმაცია, რომ მათ სასწრაფო წესით გამართეს მოლაპარაკებები ასადის რეჟიმთან და მის მთავარ მოკავშირე – რუსეთთან. სირიის არმია გაემართება “თურქული აგრესიის” შესაჩერებლად.

ქურთებმა გახსნეს საზღვარი და სირიის არმიის წარმომადგენლები უკვე იკავებენ იმ ქალაქებს, რომლებიც თურქებს უნდა აეღოთ.

დაძაბულობის ფონზე კი ჩრდილოეთ სირიის ციხეებიდან დაახლოებით 800-მა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლმა ტერორისტმა მოახერხა გაქცევა.

12 ოქტომბერი

200 000-მდე ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი. დევნილთა რიცხვი დროდადრო იზრდება. მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში 50-ზე მეტია. სირიის ადამიანთა უფლებების სადამკვირებლო მისიის გადმოცემით, სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) მხარეს 74 ჯარისკაცია მოკლული, ხოლო პროთურქულმა სირიელი აჯანყებულების მხარემ 49 მებრძოლი დაკარგა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით კი 277 ქურთი ტერორისტია განადგურებული.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც ფიქსირდება ქურთი ტყვეების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ასევე, ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ხვრეტენ უბრალო მოქალაქეს პროთურქი სირიელი აჯანყებულები.

ასევე, ადგილობრივი მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიის მომავლის პარტიის თავმჯდომარე ჰერვინ ხალეფი სასტიკად მოკლეს პროთურქმა სირიელმა აჯანყებულებმა.

ჰერვინ ხალეფი

ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს დაძაბულობა ერთ-ერთ ციხეში, სადაც ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები არიან მოთავსებულები. ისინი გაქცევას ცდილობენ. ამ თემასთან დაკავშირებით სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) გენერალურმა შტაბმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ქურთებისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს იმ ციხეების დაცვა, სადაც ისლამური სახელმწიფოს წევრები არიან მოთავსებულები. ახლა მათი მთავარი ამოცანაა წინააღმდეგობა გაუწიონ თურქეთს და დაიცვან საკუთარი მოსახლეობა.

ერთ-ერთმა ქურთულმა შეიარაღებულმა ფორმირებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ გაანადგურეს 2 თურქული სამხედრო მანქანა და 7 ტანკი. ამასთანავე, მათი მტკიცებით მოკლეს 58 თურქი სამხედრო და ტყვედ ჩაიგდეს 19 მათგანი. სოციალურ ქსელში გაავრცელეს შეტაკების ამსახველი ვიდეოკადრები.

გერმანიამ, საფრანგეთმა, ნორვეგიამ და ჰოლანდიამ თურქეთში იარაღის ექსპორტი შეაჩერეს. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს თურქეთს შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია.

11 ოქტომბერი

ბრძოლებს სულ ცოტა 11 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. ამჟამინდელი მონაცემებით 64 000-მა ადამიანმა უკვე მიატოვა საცხოვრებელი. არის საშიშროება, რომ კიდევ 450 000 ადამიანს მოუწიოს იძულებით გააადგილება.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს განცხადების მიხედვით, თურქეთის დაბომბვებმა გაანადგურა საცხოვრებლად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაც, მათ შორის წყლის სატუმბი სადგურები, კაშხალი, ელექტროენერგიის სადგური, ნავთობის საბადოები და ა.შ. ელ-ჰასაქას რეგიონში ათასობით ადამიანმა შეიძლება დაკარგოს წვდომა სუფთა წყალთან.

სირიის ადამიანთა უფლებების სადამკვირებლო მისიის გადმოცემით, სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) მხარეს 27 ჯარისკაცია მოკლული, ხოლო პროთურქულმა სირიელი აჯანყებულების მხარემ 17 მებრძოლი დაკარგა.

სულ უფრო რთულდება იმ ციხეების დაცვის შენარჩუნება, სადაც ისლამური სახელმწიფოს წევრები არიან მოთავსებული.

რა ხდება სირიაში თურქეთის თავდასხმის შემდეგ?

ღამით, სირიაში დარჩენილი ამერიკელი სამხედროების სადგურთან ახლოს ჩამოვარდა თურქული არტილერიის მიერ გასროლილი ჭუვრები. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. პენტაგონმა ეს დაადასტურა და კიდევ ერთხელ მოუწოდა თურქეთს შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია და ნუ შეუქმნის საფრთხეს სირიაში მყოფ 1000 ამერიკელ ჯარისკაცს, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ს მოუწევს სასწრაფოდ მიიღოს თავდაცვითი ზომები.

10 ოქტომბერი

მიმდინარეობს ინტენსიური ბრძოლები თურქებსა და ქურთებს შორის.

ვრცელდება პირველი ინფორმაციები დანაკარგების შესახებ.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობს, რომ 109 ქურთი “ტერორისტი” განადგურებულია. ასევე, დასტურდება ინფორმაცია 1 თურქი მებრძოლის გარდაცვალების შესახებ.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღუპულია 10-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 2 ბავშვი. მოსახლეობა ტოვებს საცხოვრებლებს.

ევროპის ქვეყნებმა გაეროს უშიშროების საბჭოზე გამართული შეხვედრის შემდეგ მოუწოდეს თურქეთს შეეწყვიტა შეიარაღებული თავდასხმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილზე, თუმცა ამაზე პასუხად რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროკავშირს გამოფხიზლებისკენ მოუწოდა და დაემუქრა კიდეც.

9 ოქტომბერი

თურქეთმა სამხედრო ოპერაცია ,,მშვიდობის წყარო“ დაიწყო. თავდაპირველად ავიაციამ და არტილერიამ მიიტანა დარტყმები ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ტერიტორიაზე, სადაც განლაგებულები არიან ქურთი ჯარისკაცები. მოგვიანებით კი ოპერაციას სახმელეთო ძალებიც შეუერთდნენ.

 თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

7 ოქტომბერი

აშშ-ის პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-ის ძირითადი სამხედრო ძალები ტოვებენ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ნაწილს, რითაც, ფაქტიურად, თურქეთს ეხსნება გზა დაიწყოს სამხედრო ინტერვენცია სირიაში ქურთების წინააღმდეგ.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button