გეოპოლიტიკაეკონომიკა

რა ბედი ელის ნავთობს?

12 აპრილს, რამდენიმედღიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC+) წევრებმა და მოკავშირეებმა ისტორიულ შეთანხმებამდე მიაღწიეს: 1 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ნედლი ნავთობის საერთო რაოდენობის მოპოვებას 10%-ით, ანუ 9,7 მილიონი ბარელით შეამცირებენ (2019 წლის მონაცემებით დღეში დაახლოებით 100 მილიონ ბარელს მოიპოვებენ).

შეთანხმების თანახმად, 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, წარმოება, დღეში, დაახლოებით, 8 მილიონი, ხოლო 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის აპრილის ბოლომდე 6 მილიონი ბარელით შემცირდება. ანალიტიკოსები შიშობდნენ, რომ ამ შეთანხმების გარეშე, ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცემოდა, თუმცა, მიუხედავად შეთანხმებისა, ფასები დაღმა სვლას განაგრძობენ.

რატომ გრძელდება ნავთობის ფასების კლება?

არსებობს ოთხი ძირითადი ფაქტორი, რომელიც, სავარაუდოდ, ნავთობის ფასების კლებას დღემდე განაპირობებს:

1. 9,7 მილიონი ბარელით შემცირება არ აღმოჩნდა საკმარისი
ისტორიული შეთანხმება ნავთობის წარმოების უპრეცედენტო რაოდენობით შეზღუდვის შესახებ, COVID-19 კრიზისის ფონზე, შესაძლოა, ფასებიც დაცემის შესაჩერებლად არასაკმარისი აღმოჩნდა. ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, რუსეთისა და საუდის არაბეთის დაპირისპირებამ, კორონავირუსის ფონზე, იმხელა ზარალი მიაყენა ნავთობის ფასებს, რომ ამ შეთანხმების დადება დაგვიანებულიც კი იყო.

აღსანიშნავია დონალდ ტრამპის განცხადება ტვიტერზე, რომ OPEC+ რეალურად წარმოების 20 მილიონი ბარელით შემცირებაზე შეთანხმდა და არა 10 მილიონზე, რაც ზოგადად ითქვა.

2. ფასების დაცემას ნავთობის მოთხოვნა-მიწოდების მკვეთრი შემცირება განაპირობებს
ახალი კორონავირუსის გამო, ძირითადი გლობალური ეკონომიკები, ფაქტიურად გაჩერდნენ, რამაც ნავთობის მოთხოვნის მკვეთრ შემცირებაზე დიდი გავლენა იქონია. ამიტომ, სანამ ნავთობის მარაგების რაოდენობა არ შემცირდება და ნავთობის დეფიციტი არ გაჩნდება ბაზარზე, მანამდე, შესაძლოა ფასებმა კლება განაგრძონ. ნავთობმომპოვებლებს აღარ რჩებათ სხვა გზა, გარდა პროდუქციის იაფად გაყიდვისა.

მაგალითად, თუ Lufthansa Group-ის თვითმფრინავებს ჩვეულებრივ 36 მილიონი ლიტრი საწვავი (230 000 ბარელი) სჭირდებოდათ დღეში, კორონავირუსის გამო წარმოქმნილი კრიზისის შემდეგ, დაახლოებით 80%-ით შემცირდა ფრენების რაოდენობა, შესაბამისად შემცირდა მოთხოვნა საწვავზეც. თუმცა ეს მხოლოდ ერთი კომპანიის მაგალითია, რელური სურათი კი მსოფლიოს მასშტაბით ბევრად უფრო მძიმეა: ტურიზმის მკვეთრმა შემცირებამ, ინდუსტრიის ვარდნამ და სხვა ფაქტორებმა ნავთობის მოთხოვნა უპრეცედენტოდ შეამცირეს.

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ: „ჩვენი მოსაზრებით, ნედლი ნავთობის ფასები კიდევ შემცირდება, რადგან მომდევნო კვირებში ნავთობის მარაგები კვლავ გადავსებული იქნება“.

3. ნავთობის უკონტროლო მოპოვება შავ ბაზარზე
მიუხედავად იმისა, რომ OPEC-ის წევრებმა და ამ ორგანიზაციის გარეთ მყოფმა ნავთობმწარმოებელმა ქვეყნებმა შეთანხმებას მიაღწიეს, არსებობს იმის დიდი ალბათობაც, რომ შავ ბაზარზე (მაგ: ახლო აღმოსავლეთში, ვენესუელაში და ა.შ.) არაოფიციალურად მოპოვებული ნავთობის რაოდენობა არ შემცირებულა, რაც თავის მხრივ, მოქმედებს ფასების შემცირებაზე.

4. პოლიტიკური თამაში
ნავთობის ფასების კლება, შესაძლოა, დიდ პოლიტიკურ თამაშს უკავშირდებოდეს. ყველა ძლიერი სახელმწიფოს საბოლოო მიზანი ნებისმიერი საკითხიდან, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, მაქსიმალური სარგებლის ნახვაა.
ამ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს ორი ძირითადი სახელმწიფოს აშშ-სა და რუსეთის დაპირისპირება. ძირითადი განსხვავება ამ სახელმწიფოებს შორის ის არის, რომ რუსეთის ეკონომიკა სრულად არის დამოკიდებული ნავთობზე, ხოლო აშშ-ის დივერსიფიცირებულ ეკონომიკას ნავთობის ფასების კლებით დიდი ზარალი არ მიადგება. ამიტომ, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ შესაძლოა, მიუხედავად დონალდ ტრამპის საჯაროდ გამოხატული პოზიციისა, სწორედ აშშ-ის ძალისხმევით ხდება ნავთობის ფასების კლება მთავარი ოპონენტის დასასუსტებლად.

დიდი ალბათობით, სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს ნავთობის ფასების რეკორდულ კლებას, რის გამოც, შესაძლოა, უახლოეს მომავალში, მსოფლიოს გეოპოლიტიკურ ასპარეზზე, სრულიად ახალი დღის წესრიგი ვიხილოთ.

საყურადღებოა ისიც, თუ რამხელა ძალისხმევა და ჭიდილი დასჭირდათ OPEC+-ის წევრებს ნავთობის მოპოვების 10%-იანი შემცირების ისტორიული შეთანხმების მისაღწევად, რომელიც, როგორც ჩანს, ფასების დასაბალნასებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. საინტერესოა, რა მოხდება მაშინ, თუ დედამიწაზე ნავთობის გლობალური მოთხოვნა არ გაიზრდება და საჭირო იქნება ახალი შეთანხმება, ამჯერად 20%-იანი ან 30%-იანი შემცირების თაობაზე. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ აშშ-ის გარდა, OPEC+ წევრთაგან უმრავლესობის სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად არის დამოკიდებული ნავთობზე (რუსეთი, საუდის არაბეთი, ვენესუელა და ა.შ), რაც, სავარაუდოდ, უამრავ ახალ შეიარაღებულ კონფლიქტს წარმოშობს.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button