გეოპოლიტიკაეკონომიკა

რა საფრთხეებს შეიცავს ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივა?

ახალი კვლევის თანახმად, „ახალი აბრეშუმის გზის“ („სარტყელსა და გზის“ ინიციატივა) ინიციატივაში ჩართული ქვეყნები საფრთხის წინაშე დგანან.

სამეცნიერო-კვლევითმა ახალმა ამერიკული თავდაცვის ცენტრმა (CNAS) დაადგინა, რომ ქვეყნები, რომლებიც ფიქრობენ „ახალი აბრეშუმის გზის“ ფარგლებში მიიღონ ჩინური ინვესტიციები (სესხები, ფინანსური ვალდებულებები), საფრთხეში აგდებენ ეროვნული ეკონომიკისა და უსაფრთხოების მდგრადობას.

„პეკინი „ახალი აბრეშუმის გზის“ ინიციატივას ამოფარებული ცდილობს ხელი შეუწყოს უფრო მეტად დაკავშირებულ სამყაროს, რომელიც ჩინურ ფიზიკური და ციფრულ ინფრასტრუქტურულ ქსელში იქნება გაერთიანებული“. – წერენ კვლევის ავტორები – „ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტის არსებობა აზიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ „სარტყელი და გზა“ არ არის უბრალოდ ეკონომიკური ინიციატივა. ეს არის ჩინეთის ძირითადი ინსტრუმენტი მისი გეოპოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად“.

ჩინეთის მთავრობისთვის საგარეო პოლიტიკა ძალიან აქტუალური გახდა, რაც ჩინეთში ეკონომიკური ზრდის გაუარესებამ გამოიწვია. ამის შესახებ გერმანული ცენტრის –  ჩინეთის კვლევების მერკატორის ინსტიტუტის მკვლევარმა, თომას ედერმა განაცხადა.

„ფაქტიურად, კლიშედ იქცა, რომ ჩინეთის მთავრობა მაშინაა ლეგიტიმური, როდესაც ქვეყანაში 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდაა, რაც აღარ ჰქონდათ.“ ამბობს თომას ედერი. „ამიტომ, ჩინეთის მთავრობა საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებების მიღწევითა და ჩინეთის ინტერესების გავრცელებით ცდილობს შექმნას ლეგიტიმურობის მეორე დასაყრდენი“.

CNAS-მა „ახალი აბრეშუმის გზის“ ინიციატივასთან დაკავშირებული 7 ძირითადი გამოწვევა წარმოადგინა:

ეროვნული სუვერენიტეტის რყევა

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ძირითადად გაჭირვებულმა და განვითარებადმა ქვეყნებმა (მაგალითად: ჯიბუტი, პაკისტანი), ინიციატივის ფარგლებში, მრავალწლიანი კონტრაქტებითა და გრძელვადიანი იჯარებით გაცემულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ჩინეთს სრული კონტროლი გადასცეს.   

არაგამჭვირვალე პროექტები

ეს პროექტები, ძირითადად, გაუმჭვირვალე ტენდერებით, ბუნდოვანი კონტრაქტებითა და ფინანსური პირობებით ხორციელდება (მშენებლობათა უმეტესობას ადგილზე ჩინური კომპანიები ახორციელებენ), რაც არ ექვემდებარება საჯარო შემოწმებას.

არამდგრადი ფინანსური ტვირთი

ჩინეთისგან აღებულმა სესხებმა გაზარდა იმის რისკი, რომ ზოგიერთმა გაჭირვებულმა ქვეყანამ, საერთოდ ვერ მოახერხოს ამ დავალიანების გადახდა, რადგან განხორციელებული პროექტების ნაწილს არ მოუტანია საკმარისი შემოსავლები ხარჯების დასაფარად.

ადგილობრივი ეკონომიკური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა

ხშირად „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტებში იგულისხმება, რომ მშენებლობა ჩინურმა კომპანიებმა უნდა განახორციელონ საკუთარი ძალებით, რაც ადგილობრივების დასაქმებისა და განვითარებისთვის ძალიან მცირე შესაძლებლობებს ქმნის. ძირითადად, მოგების განაწილების ასეთი შეთანხმებები უთანასწოროა.

გეოპოლიტიკური რისკები

ჩინეთის განხორციელებული ზოგიერთი საგარეო ინფრასტრუქტურული პროექტის თანმდევი შეთანხმებაა, რომ ჩინეთს მიეცეს მიმღები ქვეყნის სატელეკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების უფლება, ან სულაც ეს ქვეყანა ჩააყენოს პეკინსა და სხვა დიდ ძალებს შორის სტრატეგიული კონკურენციის ცენტრში. ძირითადად, იგულისხება ტექნოლოგიური კონკურენცია (5G ინტერნეტქსელებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარება).

ნეგატიური ზეგავლენა გარემოზე

არსებობს მაგალითები, როდესაც „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტები მიმდინარეობდა ადეკვატური გარემოსდაცვითი შეფასებების გარეშე, რამაც გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

კორუფციის განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი

ამ ყველაფრის ფონზე, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც კორუფციის დონე უკვე მაღალია, „ახალი აბრეშუმის გზის“ ინიციატივის პროექტების განხორციელებაში ადგილობრივი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების დაფინანსებაც ეწევიან, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. 

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button