გეოპოლიტიკაისტორია

რაში გამოიხატება პუტინის პატივისცემა ქართველი ხალხის მიმართ?

გიორგი გაბუნიას მონოლოგს, სადაც მან ვლადიმერ პუტინი უხამსი სიტყვებით მოიხსენია, პოპულისტური გამოსვლით გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის დუმის დეპუტატებმა უკვე არაერთი სანქცია დაუწესეს საქართველოს (ფრენების გაუქმება, ფულადი გზავნილების აკრძალვა, ღვინისა და წყლის იმპორტის შეზღუდვა), პუტინმა თქვა: “რაც შეეხება საქართველოს წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის სანქციებს, ამ ნაბიჯს ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემიდან გამომდინარე არ გადავდგამთ. გამოვიდა ერთი ადამიანი, რაღაც თქვა, საკუთარი თავი წარმოაჩინა. ადრე მას არავინ იცნობდა, ახლა კი ყველა მის საქციელზე ლაპარაკობს, მან მიზანს მიაღწია. ჩამოაშორეს მუშაობას ორი თვით, დაისვენებს, დაბრუნდება და განაგრძობს მუშაობას, მაგრამ საქართველოში არსებობს ხალხი, ვინც ამას აპროტესებს”

პუტინმა მის განცხადებაში ასევე, აღნიშნა, რომ ანტირუსულ განწყობებს საქართველოში ის ხალხი ავრცელებს ვინც ისტორია არ იცის და ამით საკუთარ ქვეყანას ვნებს.

ახლა კი გადავხედოთ რეალურ ისტორიას. ცოტა ხნით დავივიწყოთ რუსეთის 200 წლოვანი მმართველობა საქართველოში და გავიხსენოთ მხოლოდ პუტინის მმართველობის ხანაში რამხელა ზიანს აყენებს იგი დღემდე საქართველოს.

2004

2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, რაც საქართველოში პრორუსულ ძალებზე პროგრესული და პროდასავლური ძალების გამარჯვებას ნიშნავდა, ვლადიმერ პუტინმა დაიწყო იმ ნაღმების ამოქმედება, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ჩადეს საქართველოში საბჭოთა რუსეთის მესვეურებმა.

• ცხინვალის რეგიონის კონფლიქტი

ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი გახდა სეპარატისტული მოძრაობების მომძლავრება ცხინვალის რეგიონში, რასაც 2004 წელს, საზაფხულო ოლიმპიადის ფონზე, მცირემასშტაბიანი კონფლიქტიც მოჰყვა, სადაც საქართველომ, მიუხედავად იმისა, რომ ნაწილობრივ მოახერხა კონტროლის შენარჩუნება ამ რეგიონზე, სეპარატისტებთან და რუსულ სპეცსამსახურებთან ბრძოლაში დაკარგა 16 მებრძოლი, ერთის საპირწონედ. ასევე, რუსებმა მოახერხეს 60-მდე ქართველი პოლიციელის უბრძოლველად მძევლად აყვანა და ტელევიზიების წინ, მთელი მსოფლიოს წინაშე დააჩოქეს ისინი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, კადრებში ამოცნობილი ყველა ოსი თუ რუსი ჯარისკაცი “საეჭვო ვითარებაში” გარდაიცვალა.

დაჩოქილი ქართველი პოლიციელები

• ასლან აბაშიძე

ასლან აბაშიძე გახლდათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფაქტობრივი ერთპიროვნული მმართველი, კოლაბორაციონისტი და სეპარატისტი, რომელიც რუსული ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა. ასლან აბაშიძემ უკანონოდ გამოსცა განკარგულება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. ამის შემდეგ, ის ფაქტობრივად აღარ ემორჩილებოდა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას. დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია 2004 წლის მაისში, როდესაც ასლან აბაშიძის ბრძანებით ააფეთქეს ხიდი მდინარე ჩოლოქზე. იმავე დღეებში დაარბიეს ოპოზიციის გამოსვლები, თუმცა საპროტესტო ტალღა არ შეწყვეტილა. აჭარაში განთავსებული საჯარისო ნაწილების შემადგენლობამ მასიურად დაიწყო ცენტრალური ხელისუფლების მხარეზე გადასვლა. 2004 წლის 6 მაისს, ასლან აბაშიძემ ფაქტობრივად დაკარგა კონტროლი აჭარაზე. ამის შედეგად ასლან აბაშიძე იძულებული გახდა გადამდგარიყო, რუსეთის მთავრობის წარმომადგენლის, იგორ ივანოვის თანხლებით დაეტოვებიანა აჭარა და გაქცეულიყო რუსეთში.

2006

• კოდორის კრიზისი

1992 წელს ჩამოყალიბდა სამხედრო დაჯგუფება “მონადირე”, რომლის მეთაურიც გახდლათ ემზარ კვიციანი. დაჯგუფება მოგვიანებით გახდა ედუარდ შევარდნაძის მხარდამჭერი და “ვარდების რევოლუციის” შემდეგ აღარ ემორჩილებოდა ცენტრალურ ხელისუფლებას. მიუხედავად გაფრთხილებისა, 350 კაციანი შეიარაღებული დაჯგუფება უკანონოდ აკონტროლებდა კოდორის ხეობას, რის გამოც 2006 წელს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა კოდორის ხეობიდან განდევნეს გასამხედროებული დაჯგუფება “მონადირე”. ემზარ კვიციანმა კი მოახერხა რუსეთში გაქცევა, რაშიც მას რუსული სპეცსამსახურები დაეხმარნენ და უსაფრთხოება აღუთქვეს, რაც მოგვიანებით თვითონ კვიციანმაც აღიარა. სამწუხაროდ, 2014 წელს კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილე 5 ქართველი სპეცრაზმელი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

• ემბარგო

რუსეთის ხელისუფლებამ 2006 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციას ემბარგო დაუწესა. ძირითადად, რუსული ბაზარი ათვისებული ჰქონდათ ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყლებს. მიუხედავად დიდი დანაკლისისა, რუსული ემბარგოს წყალობით ქართული ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 2006-2013 წლებში, რადგან მოუწია ბევრად ხარისხიანი, ევროპული ბაზრის ათვისება. მინერალურ წყლებზე რუსეთის ხელისუფლების მიერ წაყენებული პრეტენზია კი იმდენად აბსურდული იყო, რომ რუსეთის მოქალაქეებმაც კი გააპროტესტეს ეს ფაქტი. რუსული ემბარგოს მიუხედავად, 2007 წელს საქართველოს ეკონომიკა 12.6%-ით გაიზარდა, ასევე, საკმაოდ იოლად გადაიტანა 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისი (10%-იანი ეკონომიკირი ზრდა 2008 წლის პირველ ნახევარში), თუმცა, აგვისტოს ომმა საქართველოს ეკონომიკური წინსვლა დროებით შეაჩერა.

2007

• განმუხურის დაპირისპირება

30 ოქტომბერს ე.წ რუსმა სამშვიდობოებმა ბეტეერებით ალყა შემოარტყეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე განმუხურის პატრიოტთა ბანაკს და ტყვედ ჩაიგდეს 4 თუ 5 ქართველი სპეცრაზმელი, რომლებსაც უმრავლესობაში მყოფი რუსი “სამშვიდობოები” სასტიკად გაუსწორდნენ, თუმცა, სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც პრეზიდენტი სააკაშვილი სხვა მთავრობის წევრებთან ერთად პირადად ჩავიდა კონფლიქტის ადგილას და ქართულმა მხარემ უკან დაახევინა რუსებს. პუტინს მორიგი დაშინების მცდელობა წყალში ჩაეყარა.

2008

• აგვისტოს ომი

მიუხედავად იმისა, რომ პროვოკაციები რუსული მხარისგან და ოსი სეპარატისტებისგან არც წინა წლებში წყდებოდა, 2008 წელს უკვე შეუძლებელი გახდა მათ მიერ გახსნილი ცეცხლის უპასუხოდ დატოვება, რადგან აგვისტოს დასაწყისში დაიღუპა რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი, ასევე, მსხვერპლი იყო მშვიდობიან მოსახლეობაშიც. იბომბებოდა ქართული სოფლები. იყვნენ დაჭრილებიც, რომელთა გამოყვანაც საპასუხო ცეცხლის გარეშე შეუძლებელი ხდებოდა. 7 აგვისტოს საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს კარგად მომზადებულმა რუსულმა ბატალიონებმა. 6 დღიანი ომის შედეგად დაიღუპა ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე, ასევე 196 სამხედრო პირი. ცხინვალის რეგიონიდან საკუთარ მხარეს მოწყვიტეს ათი ათასობით ქართველი მოსახლე. ომს მოყვა ძალიან მძიმე შედეგები და დანაკარგები. რუსეთმა გამოიყენა ე.წ კასეტური ბომბებიც, რომლის გამოყენებაც სასტიკად იკრძალება. იბომბებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი ზონები. წამებით მოკლეს საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე. ოპერაციის მთავარი დამგეგმავი პირადად ვლადიმერ პუტინი გახლდათ, რომელმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ 2006 წლიდან ამზადებდნენ ცხინვალის რეგიონის აღების გეგმას.

2008 წლის ომი

2008 წლის შემდეგ ცხინვალის რეგიონის მახლობელი სოფლებიდან დაიწყო რეგულარული გატაცებები რუსების მხრიდან, რაც მიზნად ისახავდა მოსახლეობის დაშინებას.

2012

• ლაფანყურის სპეცოპერაცია

ლოპოტის ხეობაში შემოჭრილი უკანონო შეიარაღებული ფორმირების მორიგი პროვოკაციული ქმედება აღკვეთეს საქართველოს სპეცსამსახურებმა. უკანონო ფორმირების წევრებმა თავდაპირველად 5 ახალგაზრდა აიყვანეს მძევლად, თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს. მათი დაკითხვის შედეგად გაირკვა, რომ შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს სურდათ “მშვიდობიანად” გადაეკვეთათ რუსეთის საზღვარი. მას შემდეგ, რაც 20-მა უკანონოდ შეიარაღებულმა პირმა უარი განაცხადა დანებებაზე დაიწყო სპეცოპერაცია. სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა 11 ფორმირების წევრი და, სამწუხაროდ, 3 ქართველი. თავდაპირველად ექვსმა უკანონო ფორმირების წევრმა მოახერხა მიმალვა, თუმცა მოგვიანებით, აჰმედ ჩატაევი თავის ნებით ჩაბარდა პოლიციას. გამოიკვეთა კავშირები რუსულ სპეცსამსახურებთან. აჰმედ ჩატაევთან ბრძოლისას, 2017 წელს დაიღუპა კიდევ 1 ქართველი სპეცრაზმელი.

2012 წლიდან რუსებმა აქტიურად დაიწყეს “მცოცავი ოკუპაცია”. საოკუპაციო ზოლის უკანონოდ გადმოწევისას უამრავი საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა მტრის მხარეს.

2016

• გიგა ოთხოზორიას მკვლელობა

19 მაისს სოფელ ხურჩაში, საქართველოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსმა ე.წ მესაზღვრემ საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია მოკლა.

ოთხოზორიას ორი სამხედრო ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 ჭრილობა მიაყენეს. ერთი ტყვია მას შუბლში აქვს მოხვედრილი.

ამ მკვლელობის ვიდეოკადრებიც არსებობს, რომლებიც ქართულ საგუშაგოსთან დამონტაჟებულმა კამერამ გადაიღო. კადრები ამოიღეს ქართველმა სამართალდამცავებმა და ისინი მედიითაც გავრცელდა.

2018

• არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა

ე.წ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა „საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელი, ოსი ხალხის გენოციდთან კავშირში ეჭვმიტანილი არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც გუშინ დააკავეს ლენინგორის რაიონის ტერიტორიაზე“.

ცხინვალში გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია. მას ჰქონდა დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის მიერ გაცემული საშვიც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაადგილების უფლებას აძლევდა და არჩილ ტატუნაშვილიც უპრობლემოდ კვეთდა ახალგორთან არსებულ ე. წ. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების შემდეგ, რაც 1 თვეზე მეტ ხანს გაჭიანურდა, დადგინდა, რომ იგი წამებით მოკლეს. მას თავის არეში აღენიშნებოდა ნატყვიარი, რაც ნიშნავს, რომ არანაირი უბედური შემთხვევა არ მომხდარა, იგი გამიზნულად მოკლეს.

არჩილ ტატუნაშვილის მამას გადაეცემა საპატიო დროშა

2019

• სერგეი გავრილოვი

2019 წლის 19-23 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა უნდა გამართულიყო, რომელსაც რუსეთის დუმის დეპუტატებიც უნდა დასწრებოდნენ, თუმცა 20 ივნისის მოვლენებმა ყველაფერი შეცვალა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 20 ივნისის დილას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან ასამბლეის სესია რუსეთი დუმის კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა, სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე წაიყვანა, რასაც მალევე მოჰყვა საზოგადოების აღშფოთება და პროტესტი. სერგეი გავრილოვი გახლავთ სწორედ ის დეპუტატი, რომელიც იარაღით იბრძოდა აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ და, ასევე, ღიად აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. პროტესტმა მოიცვა ქართული საზოგადოების უმრავლესობა, პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხი გავრილოვის ინციდენტის გამო პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვდა, თუმცა ირაკლი კობახიძე იმ ღამეს არ გადადგა, რის გამოც შეიქმნა დაძაბულობა და, საბოლოოდ, ანტისაოკუპაციო აქცია შსს-მ ძალადობრივად დაარბია. დაშავდა 305 ადამიანი, მათ შორის 34 ჟურნალისტი, რეზინის ტყვიებით თვალი დაკარგა ორმა მათგანმა. ეს ყველაფერი კი მართლმადიდებლობას ამოფარებული რუსი დეპუტატის გამო მოხდა.

სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე

რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოზე ზეწოლას, რაშიც სხვადასხვა ხერხს იყენებს. გაეცანით, თუ რა გზებით ცდილობს რუსეთი საქართველოში ფესვების გადგმას:

• გავლენა საქართველოს ეკლესიაზე – ერთმორწმუნე რუსეთი

• ინფორმაციული ომი – რუსული კულტურის ცენტრი თბილისში – მორიგი პოლიტიკური იარაღი; რუსული პროპაგანდა და სტერეოტიპები; ქართველი ისტორიკოსების პასუხი ვლადიმერ პუტინს

• მცოცავი ოკუპაცია – ოკუპაციის კვალდაკვალ

• რუსეთის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე – რა გავლენა აქვს რუსეთს საქართველოს ეკონომიკაზე?

• სპეცსამსახურების აქტიური ქმედებები – რუსული სპეცსამსახურების კვალი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში; კიბერშეტევები და სხვა.

2008 წლის ომის შესახებ გაეცანით შემდეგ სტატიებს:

გზა რუსეთ-საქართველოს ომისკენ

7 აგვისტო: რუსეთ-საქართველოს ომის დაწყება

შეტაკება სამშვიდობო სტატუსის მქონე რუსულ ძალებსა და ქართულ ჯარს შორის

ბრძოლა რუსეთ­-საქართველოს ომის ალტერნატიულ ისტორიასთან

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button