გეოპოლიტიკაეკონომიკა

ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივა

აბრეშუმის გზა ისტორიულად ყოველთვის მნიშვნელოვან სავაჭრო დერეფანს წარმოადგენდა ევროპასა და აზიას შორის. ვაჭრობის განვითარებასთან ერთად, ქმნიდა შესაძლებლობას, რომ ძველი მსოფლიოს ერები და კულტურები ერთმანეთს დაკავშირებოდნენ და გაცნობოდნენ, აეთვისებინათ ახალი სამეურნეო თუ საბრძოლო ტექნოლოგიები და ა.შ. თუმცა დროთა განმავლობაში აბრეშუმის გზა უფრო და უფრო სახიფათო ხდებოდა, რადგან მისი გაკონტროლება სხვადასხვა მომთაბარე ტომებმა დაიწყეს. ყაჩაღობისა და ძარცვების გამო გადაადგილება აღარ იყო უსაფრთხო, რის გამოც, ნელ-ნელა აბრეშუმის გზამ დაკარგა მისი ფუნქცია. ასევე, განვითარდა სხვა სახის სავაჭრო-კულტურული ურთიერთობები, დაიწყო დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები, განვითარდა ნაოსნობა.

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში განვითარდა ენერგეტიკის სფერო და გაჩნდა ნავთობის საბადოები, განვითარდა ჰიდროენერგეტიკა და დაიწყო სხვა ბუნებრივი რესურსების მოპოვება, დღის წესრიგში დადგა აბრეშუმის გზის აღორძინების იდეა. პირველად ამ იდეის განხორციელებას ევროპა შეეცადა, რათა ახლო აღმოსავლეთთან შეექმნა ენერგეტიკული და სავაჭრო დერეფანი. 1990 წლიდან საფუძველი ჩაეყარა ორ მნიშვნელოვან პროექტს – TRACECA და INOGATE, რომელთა მიზანიც სწორედ ამ ენერგეტიკულ დერეფნებზე მუშაობა იყო. 1997 წლიდან TRACECA-ს პროექტში აქტიურად ჩაერთვნენ საქართველო და აზერბაიჯანიც. პროექტი ისტორიული აბრეშუმის გზის აღორძინების სახელით მოიხსენიებოდა, და დღემდე არსებობს, თუმცა იმის გამო, რომ არ არსებობდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და თავის დროზე არ დაიხარჯა საჭირო ფინანსები, დიდად წარმატებული და მიმზიდველი არ აღმოჩნდა.

ჩინეთის ინიციატივა

2013 წელს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გაახმოვანა „ახალი აბრეშუმის გზის“ ინიციატივა, ასევე, ცნობილი, როგორც „სარტყელისა და გზის“ ინიციატივა (BRI), რომლის მიზანიც სამი კონტინენტის: აზიის, აფრიკისა და ევროპის ერთმანეთთან დაკავშირებაა.

სამხრეთ-აზიიდან ცენტრალურ ევროპამდე და აფრიკამდე გადაჭიმული პროექტი მოიცავს 100-ზე მეტ სახელმწიფოს, რაც მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს და გლობალური მშპ-ის მეოთხედს შეადგენს.

რამდენი ფული იხარჯება პროექტის განსახორციელებლად

სავარაუდოდ, „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტი, დაახლოებით, $1 ტრილიონი დაჯდება. ზუსტად ცნობილი არ არის, თუ რამდენია დახარჯული დღემდე, თუმცა ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ჩინეთმა უკვე $210 მილიარდზე მეტის ინვესტიციები განახორციელა ამ პროექტის ფარგლებში, ძირითადად აზიაში. 

მაგრამ ჩინეთის ძალისხმევა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება: პროექტის ნაწილია ისიც, რომ ჩინური კომპანიები უპრეცედენტო მასშტაბით არიან ჩართული მთელი მსოფლიოს  სამშენებლო სამუშაოებში (მათ შორის, საქართველოშიც ჩინური კომპანია აშენებს ახალ მაგისტრალს).

კონკრეტულად რას გულისხმობს ინიციატივა

„სარტყელისა და გზის“ ინიციატივა გულისხმობს მასშტაბურ კონტინენტთაშორის სახმელეთო და საზღვაო სავაჭრო კავშირს. პროექტის განსახორციელებლად მთავარი, აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნაა, მათ შორის: რკინიგზების, ენერგეტიკული მილსადენების, პორტების, მაგისტრალებისა და გამარტივებული საბაჟო პუნქტების უზარმაზარი ქსელის ჩამოყალიბება. „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტი ევრაზიისა და აფრიკის კონტინენტების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობაა, რამაც მსოფლიოში არსებული ძალათა თანაფარდობა უნდა დააბალანსოს.

პროექტის წარმატებით დაინტერესებულია ევროკავშირის ნაწილიც, თუმცა, მიუხედავად ამისა, აშშ ჩინეთის ამ ინიციატივას „ტროას ცხენს“ უწოდებს, რომლის მიზანიც საკუთარი ინტერესების გავრცელება და ტოტალიტარული რეჟიმის ლეგიტიმაციის განმტკიცების გზით, დემოკრატიისა და თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაა.

რა საფრთხეები არსებობს?

იმის გათვალისწინებით, რომ პროექტში ჩართული აზიური და აფრიკული ქვეყნების უმრავლესობა ღარიბია, ჩინეთს ამ ქვეყნებში უწევს ძალიან დიდი ინვესტიციების ჩადება სესხების გაცემისა თუ კერძო ინვესტორების მოძიების გზით. არსებობს რისკები, რომ ღარიბ ქვეყნებს (ჯიბუტი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, პაკისტანი და სხვები), რომლებსაც საგარეო დავალიანების ნახევარზე მეტი ამ პროექტის გამო სწორედ ჩინეთთან აქვთ გასასტუმრებელი, პოლიტიკურ დათმობებზე წასვლა მოუწიოთ დავალიანების გადაუხდელობის სანაცვლოდ.

ასევე, „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტების განხორციელების ფარგლებში, ჩინეთი აქტიურად ნერგავს საკუთარ ტექნოლოგიებს, სხვადასხვა ქვეყნებში ეწევა ქალაქების გაციფრულებას. იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთის სადაზვერვო სამსახურები ტექნოლოგიებს აქტიურად იყენებენ მოქალაქეებზე არაკანონიერი თვალთვალისთვის, რაშიც ჩინური კერძო კომპანიებიც არიან ჩართული (მაგ: „ჰუავეი“), სერიოზულ კიბერუსაფრთხოების საფრთხეებს აჩენს.

ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის განვითარება და ბუნდოვანი გახადა მისი მომავალი. პანდემიის დასრულების შემდეგ გამოჩნდება, შესაძლებელი იქნება თუ არა პოსტკორონავირუსულ მსოფლიოში ამ გრანდიოზული პროექტის განხორციელება.

ვრცლად: რა საფრთხეებს შეიცავს ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივა?

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button