ახლო აღმოსავლეთიგეოპოლიტიკა

საფრანგეთის ინიციატივა: ტექნოკრატია ლიბანის ასაღორძინებლად

ლიბანის მთავარი პოლიტიკური პარტიები სასწრაფოდ ცდილობენ შეასრულონ საფრანგეთის მოთხოვნები ტექნოკრატიული მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ, რაც კარს გაუხსნის საერთაშორისო დახმარებას და შექმნის ქვეყანაში არსებული მუდმივი კრიზისის დაძლევის შესაძლებლობას.

2020 წლის 31 აგვისტოს ლიბანის ძირითადი ფრაქციები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად, ყოფილი ელჩი გერმანიაში – მუსტაფა ადიბი დაინიშნებოდა. გადაწყვეტილება ქვეყანაში საფრანგეთის პრეზიდენტის – ემანუელ მაკრონის მეორე ვიზიტამდე სულ რამდენიმე საათით ადრე გახდა ცნობილი. ამ ნაბიჯით მათ ივარაუდეს, რომ მაკრონი ნაკისრ ვალდებულებას – საერთაშორისო დახმარების მოძიებას ბეირუთისთვის, რომელსაც 4 აგვისტოს მომხდარმა აფეთქებამ $6.6-$8.1 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენენა, ბოლომდე შეასრულებდა.  პორტში მომხდარმა ამონიუმის ნიტრატის აფეთქებამ ლიბანის მმართველი კლასის არასათანადო მენეჯმენტი და კორუმპირებულობა კიდევ ერთხელ გამოავლინა, ამასთან ერთად, მორიგი ბიძგი მისცა 2019 წლის ოქტომბერში დაწყებულ პოპულარულ ანტისამთავრობო გამოსვლებს. საპროტესტო აქციების ახალ ტალღას კი შედეგად, არსებული მთავრობის გადადგომა მოჰყვა.

აფეთქების შედეგად განადგურებული ბეირუთი

საფრანგეთი, თავისუფალი და ტექნოკრატიული მთავრობის ჩამოყალიბების პირობით, სათავეში ჩაუდგა საერთაშორისო რეაგირების კოორდინაციას და გამართა შემომწირველთა კონფერენცია, სადაც ლიბანის ფინანსური და მატერიალური დახმარების სანაცვლოდ, ანტიკორუფციული ზომების მიღება და ადმინისტრაციული, ფინანსური რეფორმების გატარება განისაზღვრა.

საფრანგეთის აქტიურობა შეიძლება სამი ფაქტორით აიხსნას: პირველი ფაქტორი გახლავთ ის, რომ საფრანგეთს ლიბანთან ისტორიულ-კულტურული ურთიერთობები აკავშირებს, ეს სიტუაცია კი მას აძლევს შანსს, დაიბრუნოს ის გავლენა, რომელიც სხვა საერთაშორისო თუ რეგიონალური აქტორების ჩარევის შედეგად დაკარგა რეგიონში. მეორე ფაქტორი – პარიზი არის ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც გააჩნია საკმარისი ეკონომიკური სიძლიერე, წინააღმდეგობა გაუწიოს ადგილობრივ და რეგიონალურ ძალებს, მათ შორის ჰეზბოლას, რომლის პოლიტიკურ ფრთას საფრანგეთი ტერორისტულ ორგანიზაციად ამ დრომდე არ აღიარებს. მესამე ფაქტორი კი გახლავთ აშშ-ში მოახლოებული არჩევნები, რის გამოც საფრანგეთს ეძლევა შესაძლებლობა რეგიონში დიპლომატიურ წარმატებებს თავისუფლად მიაღწიოს, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია წინასაარჩევნოდ სხვა, ბევრად მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებითაა დაკავებული. შესაძლოა, საფრანგეთი იმედოვნებს, რომ ამჟამინდელ დიპლომატიურ მიღწევებს ის მომავალში აშშ-ის მიმართ სხვადასხვა სახის ბერკეტადაც გამოიყენებს, განსაკუთრებით კი ეს ჯო ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში მოხდება.

მიუხედავად ამისა, სხვა რეგიონალური ძალების ხედვების გათვალისწინებით, საფრანგეთს ამ გზაზე, სავარაუდოდ, ბევრი პრობლემა შეექმნება. განსაკუთრებით რთული იქნება შიდა რეფორმების განხორციელება იმ პოლიტიკური კლასის პირობებში, რომელმაც კრიზისების მართვისა და მოგვარების წარუმატებლობის გამო, ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსის პირას მიიყვანა. ასევე, გაძნელდება ჰეზბოლას მებრძოლების განიარაღება,  მათი ტანკებისა და სამხედრო ბაზების ხელში ჩაგდება, მიუხედავად მათ მიმართ მოსახლეობის მზარდი უარყოფითი განწყობებისა. გარდა ამისა, საფრანგეთმა უნდა შეაჩეროს აშშ-სა და ირანს შორის ლიბანის გარშემო არსებული დაპირისპირება, თუმცა, დიდი ალბათობით, არც ერთი მხარე არ დააკმაყოფილებს მარტივად პარიზის შემოღებულ ახალ წესებს. ყველაფერთან ერთად, ლიბანში საკუთარი გავლენების გავრცელებას ცდილობენ თურქეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროებიც. თუ აბუ დაბი, ლიბიის კონფლიქტში საფრანგეთთან მოკავშირეობის გამო, შესაძლოა, შედარებით პოზიტიურად იყოს განწყობილი, თურქეთი, რომელიც ლიბიის კონფლიქტში მათი მოწინააღმდეგეა, ლიბანში ახალი ალიანსების ჩამოყალიბებით, მაქსიმალურად შეეცდება შეასუსტოს პარიზის პოზიციები რეგიონში და მყარი დასაყრდენი მოიპოვოს ხმელთაშუაზღვისპირეთში.

ამ დაბრკოლებების გათვალისწინებით, საფრანგეთი ყურადღებას ამახვილებს ლიბანში ტექნოკრატიული მთავრობის ჩამოყალიბებაზე, რომელმაც აღორძინებისთვის აუცილებელი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების განხორცილეობა სწრაფად და ეფექტურად უნდა შეძლოს.

საფრანგეთის გარკვეული გავლენების მოპოვება ლიბანში, ადგილობრივი ელიტებისთვის გადარჩენის ერთადერთი გზაა, რადგან ასე, გარკვეული დროით მაინც აარიდებენ თავს განრისხებულ საზოგადოებას, ამავდროულად კი მოიპოვებენ ფინანსურ და ეკონომიკურ რესურსებს.

ასე რომ, უახლოეს მომავალში, ლიბანში მოვლენები, სავარაუდოდ, შემდეგნაირად განვითარდება: ქვეყნის ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრი – მუსტაფა ადიბი შექმნის ტექნოკრატიულ მთავრობას, რომელიც ოფიციალური პარიზის მიერ იქნება მხარდაჭერილი და მის ზედამხედველობას დაექვემდებარება. შესაბამისად, საფრანგეთი, ლიბანთან ერთად, მაქსიმალურად შეეცდება შეასრულოს საერთაშორისო შემომწირველებისთვის მიცემული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პირობა.

გამოყენებული მასალა – The French initiative: technocratic fixes for Lebanon’s chronic crises

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button