გეოპოლიტიკა

ვენესუელის კრიზისი

ვენესუელაში მიმდინარე ულტრამემარცხენე დიქტატორის, ნიკოლას მადუროს საწინააღმდეგო აქციების ფონზე, ოპოზიციის ახალმა ლიდერმა, ხუან გუაიდომ 23 იანვარს თავი გამოაცხადა ვენესუელის პრეზიდენტად და მოიპოვა 10-ზე მეტი ქვეყნის მხარდაჭერა. საპროტესტო აქციები მადუროს ჩამოსაგდებად დღესაც გრძელდება.

ვინ არის ნიკოლას მადურო?

ნიკოლას მადურო ქვეყნის სათავეში პირველად 2013 წელს მოექცა, მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა ვენესუელის გამოცდილი მმართველი უგო ჩავესი. 2018 წლის მაისში კი მან მეორე ვადით გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა ძალადობის ფონზე ჩატარებულ არჩევნებს. ნიკოლას მადურო რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერილი სოციალისტი ლიდერია, რომლის სახელსაც ქვეყნის ეკომონიკური მდგომარეობის რადიკალურად გაუარესება უკავშირდება.

ნიკოლას მადურო

ვინ არის ოპოზიციონერი ხუან გუაიდო?

35 წლის ხუან გუაიდომ, რომელმაც 23 იანვარს თავი ვენესუელის ფორმალურ პრეზიდენტად გამოაცხადა, ოპოზიციის ლიდერია. მას, ჯერ კიდევ 3 კვირის წინ არავინ იცნობდა, 5 იანვარს კი იგი აირჩიეს ოპოზიციის ლიდერად. 1999 წელს ვენესუელაში საშინელი წყალდიდობების გამო ათასობით ადამიანი დაიღუპა. ამ ტრაგედიას გადაურჩა ხუან გუაიდო და მისი ოჯახი. მისი თქმით, სწორედ ამ შემთხვევამ, მთავრობის უუნარობამ გადააწყვეტინა ხელისუფლებაში მოსვლა და ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა.

ხუან გუაიდო

რას აპროტესტებს ხალხი?

მოგეხსენებათ, ვენესუელას მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი მარაგი აქვს და ნავთობით ვაჭრობაშიც არის ჩართული, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნიკოლას მადუროს პრეზიდენტობის პერიოდში საშინლად გაუარესდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. ქვეყანა სიდუხჭირის გამო დატოვა 3 მილიონმა ადამიანმა. ინფლაციამ 100%-საც გადააჭარბა. ამ ყველაფრის ფონზე ქვეყანაში მასობრივად ირღვევა ადამიანთა უფლებები, მძვინვარებს კორუფცია… ნიკოლას მადურომ დაიჭირა ოპოზიციონერი ლიდერები და ა.შ. ელემენტარული სამედიცინო დახმარებისა და საჭმლის მომარაგების პრობლემების გამო ათიათასობის ვენესუელელი ქუჩაში გამოვიდა, სოციალისტური დიქტატურის ერთხელ და სამუდამოდ დასამხობად.

პროტესტი მადუროს წინააღმდეგ

რუსეთი და ჩინეთი

სოციალისტური რეჟიმის მუდმივი მხარდამჭერები – რუსეთი და ჩინეთი აქტიურად უდგანან მხარში ვენესუელის დიქტატორებს, არც ნიკოლას მადუროა გამონაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მილიარდობით ინვესტიციებს დებს ვენესუელის ნავთობ-ინდუსტრიაში, ქვეყნის ეკონომიკა უფრო და უფრო უარესდება. საბოლოოდ საშინელმა ეკონომიკურმა პირობებმა ააჯანყა ხალხი და რუსეთს კიდევ ერთი პარტნიორი ეცლება ხელიდან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვენესუელის ლიდერები აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას დღემდე აღიარებენ.

პუტინი და მადურო

საერთაშორისო მხარდაჭერა

ნიკოლას მადუროს მხარს უეჭერენ რუსეთი (მათ შორის აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის “ლიდერებიც), ჩინეთი, თურქეთი, კუბა და ბოლივია. რუსეთის თქმით ნიკოლას მადურო ლეგიტიმური პრეზიდენტია და მისი ჩამოგდებით ამერიკას ძალაუფლების უზურპაცია სურს.

ხუან გუაიდო ქვეყნის ფორმალურ პრეზიდენტად პირველად დონალდ ტრამპმა აღიარა. აშშ-ს შეუერთდნენ კანადა და საქართველოც. ასევე, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები: ბრაზილია, არგენტინა, ჩილე, კოლუმბია, კოსტა რიკა, გვატემალა, ჰონდურასი, პარაგვაი და პერუ.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button