გეოპოლიტიკა

უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში

შავი ზღვა საუკუნეების განმავლობაში დიდი იმპერიებისა და რეგიონალური ძალების დაპირისპირების ადგილი იყო და დღემდე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ წერტილად რჩება. იგი ევრაზიის ეკონომიკურ და კულტურულ გზაჯვარედინზე მდებარეობს და წარმოადგენს კასპიის, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებს შორის დამაკავშირებელ ხაზს, ასევე, დერეფანს ახლო აღმოსავლეთამდე. შავი ზღვის რეგიონი მოიცავს ნავთობისა და გაზის რესურსებს, საკვანძო ენერგეტიკულ მილსადენებს, სატრანზიტო გზებს, ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებს და ა.შ.

თუ 21-ე საუკუნის დასაწყისში შავ ზღვას შედარებით ნაკლები ყურადღება ექცეოდა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და, განსაკუთრებით, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ ვითარება მკვეთრად შეიცვალა: რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტად შავ ზღვაზე ბატონობა იქცა, რომელსაც მხარეებისთვის საკმაოდ ღირებული გეოსტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია.

რუსეთის სტრატეგია და ინტერესები

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კრემლი ინარჩუნებდა შეხედულებას, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები და შავი ზღვის რეგიონი მისი გავლენის სფეროს ქვეშ დარჩებოდნენ, თუმცა, დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ რუსეთს არ გააჩნდა საკმარისი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალა, რომ საკუთარი მიზნები სრულად განეხორციელებინა. ეს განსაკუთრებით გამოჩნდა ე.წ ფერადი რევოლუციების შემდეგ, როდესაც საქართველოსა (2003-2004 ვარდების რევოლუცია) და უკრაინაში (2004-2005 ნარინჯისფერი რევოლუცია), რომლებსაც მანამდე მკვეთრად პრორუსული ლიდერები მართავდნენ, ძალაუფლება ხელში პროდასავლურმა ძალებმა ჩაიგდეს. ამავდროულად კი 2004 წელს ნატოს წევრები გახდნენ ბულგარეთი და რუმინეთი, რის შედეგადაც, შავი ზღვის 6 მოსაზღვრე ქვეყნიდან 3 (თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი) ნატოს წევრი, 2 (საქართველო და უკრაინა) კი ნატოს პარტნიორი ქვეყანა აღმოჩნდა. ეს მოვლენები კრემლმა აღიქვა, როგორც ნატოს მხრიდან რუსეთის ტრადიციული გავლენის სფეროში შეჭრის მცდელობა და ამ პერიოდიდან დაიწყო განსაკუთრებულად ხისტი რეგიონალური პოლიტიკის გატარება. ეს, პირველ რიგში, გამოიხატა 2008 წელს MAP-ის მინიჭებასთან ახლოს მყოფი საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებულ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციაში, რომლის შედეგადაც თბილისმა ცხინვალის რეგიონზე კონტროლი დაკარგა. მალევე კრემლმა აღიარა ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ და ოკუპირებულ რეგიონებში განალაგა 10 000-მდე სამხედრო, რითიც დღემდე ინარჩუნებს საქართველოზე ზეწოლის ბერკეტებს. რაც შეეხება უკრაინას, რუსეთი წარმატებით იყენებდა ენერგეტიკულ რესურსებს უკრაინაზე საკუთარი გავლენის გასავრცელებლად. ჯერ კიდევ 2006 და 2009 წლებში კრემლმა, ფასების გაზრდის მიზნით, დროებით შეწყვიტა უკრაინის გავლით ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება რამაც მცირე კრიზისიც კი გამოიწვია, როგორც უკრაინაში, ასევე, ევროპის ნაწილში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მაგალითი უკვე არსებობდა, დასავლეთისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა 2014 წლის მარტში ყირიმის უკანონო ანექსია, რომელიც, პრაქტიკულად, იყო მოსკოვის პასუხი უკრაინელი ხალხის მიერ კრემლის მხარდაჭერილი პრეზიდენტის – ვიქტორ იანუკოვიჩის გადაყენებაზე. რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძულისა და აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილის მიტაცების შემდეგ ევროპასთან ახლოს საკუთარი სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების ახალი გზები გაეხსნა. მილიტარიზაციის მიზნით, რუსეთმა ყირიმში განალაგა 28 000-მდე ჯარისკაცი, დაიწყო აეროდრომების აღდგენა, ახალი რადარების დამონტაჟება, მათ შორის, Monolit-B სისტემა, რომელსაც შავ ზღვაში მოძრავი უცხო ქვეყნის გემების დაფიქსირება, სულ მცირე, 450 კმ-ის მანძილზე შეუძლია; ასევე, განათავსა თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემა S-400 და  გემსაწინააღმდეგო საკრუიზო რაკეტებით (P-800 Oniks) აღჭურვილი 300 კმ-ზე მოქმედი სანაპირო დაცვის სარაკეტო სისტემა – Bastion P. ამით რუსეთმა შავ ზღვაზე საკმაოდ ვრცელი A2/AD ზონა შექმნა.

შავი ზღვა რუსეთისთვის წარმოადგენს პლატფორმას, საიდანაც წარმართავს დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ოპერაციებს ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. შავ ზღვაზე გაბატონებამ კრემლს საშუალება მისცა წამოეწყო მხარდასაჭერი ოპერაციები აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. აღსანიშნავია, რომ სწორედ ყირიმში წარმოდგენილი შავი ზღვის ფლოტის დახმარებით შეძლო რუსეთმა სირიაში სამხედრო და ჰუმანიტარული ოპერაციების უზრუნველყოფა ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად.

რუსეთის სტრატეგია შავი ზღვის რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ მიმართულია მუდმივი დესტაბილიზაციისა და არეულობისკენ. ქაოსისა და გაყინული კონფლიქტების წარმოქმნით იგი ცდილობს საკუთარი ძლევამოსილების დამტკიცებას და სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევის ლეგიტიმაციას. ამის ნათელი მაგალითია რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების მიტაცება. მსგავსი სცენარი ვითარდება მთიან ყარაბაღშიც, მიუხედავად იმისა, რომ 44 დღიანი ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დასრულდა, კონფლიქტი ჯერაც არ ამოწურულა, რადგან რუსეთმა მოახერხა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ე.წ სამშვიდობოების ჩაყენება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლის გარდა, უკვე დიდი ხანია შავი ზღვის რეგიონში აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის სხვადასხვა მეთოდებს, რისი მსხვერპლიც არაერთხელ გამხადა როგორც საქართველო, ასევე, უკრაინა.

ნატოს სტრატეგია და ინტერესები

მიუხედავად იმისა, რომ ევროატლანტიკურ ალიანსს რეგიონში პარტნიორები უკვე დიდი ხანია ჰყავს, ნატოს ძირითადი დაინტერესება შავი ზღვის რეგიონის მიმართ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპამ რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიის სახით რეალური საფრთხე იგრძნო. ამ შემთხვევაშიც კი ალიანსმა შავ ზღვაზე მეტად პრიორიტეტულად ბალტიის ზღვა მიიჩნია, როდესაც რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად ესტონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში გაძლიერებული დანაყოფები განათავსა.

შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კონკურენცია უფრო და უფრო იზრდება, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ნატომ ძალიან ფრთხილი სტრატეგია აირჩია და ბალტიისპირეთისგან განსხვავებით, შავი ზღვის რეგიონში უფრო მცირე და ნაკლებად ქმედითი ძალების განთავსება დაიწყო. საერთო ჯამში, ალიანსის წარმომადგენლობა რეგიონში ძალიან ნელი ტემპით განაგრძობს ზრდას. ეს კი იმ დროს, როდესაც კრემლი სრული სვლით მიიწევს წინ სამეზობლოში საკუთარი ფესვების გასაღრმავებლად.

აღსანიშნავია თურქეთის როლი შავი ზღვის უსაფრთხოებაში, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ ევროატლანტიკური ალიანსის ერთგული წევრია, დროთა განმავლობაში სრულიად განსხვავებული რეგიონალური სტრატეგია შეიმუშავა. ეს, პირველ რიგში, რუსულ-თურქული სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებითა და მხარეებს შორის ძალათა ბალანსის გადანაწილებით დაიწყო, როგორც შავი ზღვის, ასევე ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებში (სირია, ლიბია, მთიანი-ყარაბაღი). თურქეთი შავი ზღვის რეგიონში, განსაკუთრებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გააქტიურდა. მთიანი ყარაბაღს 44 დღიანი კონფლიქტის შემდეგ კი რეჯეფ-თაიფ ერდოღანი გამოვიდა ინიციატივით, რომ სამხრეთ კავკასიაში შეიქმნას „ექვსთა პლატფორმა“ (თურქეთი, რუსეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანი), რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას. როგორც ჩანს, თურქეთი, რომელიც შავი ზღვის სტრატეგიულ სრუტეებს აკონტროლებს, ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შემდეგ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მომხრეა, რომლის გარანტორებიც რეგიონალური ძალები უნდა იყვნენ და არა შორეული ქვეყნები (მაგალითად, აშშ). ზაფხულში თურქეთმა შავ ზღვაში ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობის (320 მილიარდი მ3) ბუნებრივი აირი აღმოაჩინა, რომლის მოსაპოვებლადაც ანკარა რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს, რაც, ასევე, მეტყველებს მის გრძელვადიან გეგმებზე.

თურქეთისა და დასავლეთის სტრატეგიულ ურთიერთობებს ყველაზე დიდი ბზარი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ანკარამ რუსული S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიძინა და მისი გამოცდა მოაწყო. ამის გამო აშშ-მა თურქეთს ახალი სანქციები დაუწესა, რომლებიც, ძირითადად, თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიას შეეხება. ვაშინგტონის აღნიშნული გადაწყვეტილება დაგმო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

მიუხედავად უამრავი კითხვის ნიშნისა, თურქეთი ინარჩუნებს ევროატლანტიკურ კურსს და განაგრძობს საქართველოსა და უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე. უფრო მეტიც, ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ უკრაინამ თურქეთისგან შეიძინა Bayraktar TB2 დრონები, ასევე, მხარეებმა გააფორმეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის არაერთი ხელშეკრულება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის რეგიონალურ ინტერესებს.

რაც შეეხებათ რუმინეთსა და ბულგარეთს, ისინი ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან და ორივე მათგანი აქტიურად ცდილობს აშშ-სთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას. შავი ზღვის რეგიონში აშშ-ის პოზიციას განსაკუთრებით უწყობს ხელს რუმინეთი, რასაც მხარს უჭერენ ბულგარეთი, საქართველო და უკრაინა. ამით რუმინეთი ცდილობს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში ევროკავშირის მთავარ წარმომადგენლად იქცეს.

საქართველოს როლი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში

საქართველოს გააჩნია ძალიან ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, რათა იქცეს შავი ზღვის რეგიონში გამავალი სატრანზიტო გზების გადაკვეთის მთავარ წერტილად და მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ ცენტრად, რაც ხელს შეუწყობს თბილისის ამბიციას, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში ნატოსა და ევროკავშირის მოკავშირე ლიდერი სახელმწიფო გახდეს. ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს ფოთის პორტის გაღრმავების ან/და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტები, თუმცა, სამწუხაროდ, ამა თუ იმ შიდა და გარე ფაქტორების გამო, ჯერჯერობით არც ერთი მათგანი არ განხორციელებულა. საქართველო უკრაინასთან ერთად უკვე დიდი ხანია ითვლება ნატოს უახლოეს პარტნიორ სახელმწიფოდ, რომელიც 2008 წელს მიღებული რეზოლუციის შედეგად, ერთ დღეს აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. სომხეთ-აზერბაიჯანის 44 დღიანი ომის შემდეგ რეგიონში განვითარებული გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგად რუსეთმა და თურქეთმა კიდევ უფრო გაიმყარეს პოზიციები სამხრეთ კავკასიაში, რამაც შექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს გახდებოდა საქართველოსთვის MAP-ის მიღებისა და ნატოში გაწევრიანების შანსი, თუმცა სანაცვლოდ 2 დეკემბერს გამართულ ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი დამტკიცდა, რომელიც მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორებიცაა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება, ნატოს მოკავშირეების საპორტო ვიზიტების რაოდენობის ზრდა, ინტენსიური წვრთნები და გაფართოებული თანამშრომლობა მედიცინის სფეროში. რამდენად კარგადაც არ უნდა ჟღერდეს ჩამოთვლილი კომპონენტები, ფაქტია, რომ, მიუხედავად რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად ნატოსა და აშშ-ის გავლენების შესუსტებისა, ღირებული ცვლილებების განხორციელებაზე ალიანსმა კიდევ ერთხელ თქვა უარი. 

საქართველოსთვის ერთადერთი დამაიმედებელი მოვლენა გახლავთ ის, რომ ქართველი სამხედროები რეგულარულად მონაწილეობენ ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად სამხედრო წვრთნებში. ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალეროვნული სწავლება “Noble Partner”, რომელიც უკვე წლებია საქართველოს ტერიტორიაზე იმართება. მასში მონაწილეობენ ნატოს წევრი ქვეყნების, მათ შორის აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. უკრაინულ-ამერიკული ყოველწლიური საზღვაო წვრთნები – “Sea Breeze” კი, რომელშიც უკრაინასა და საქართველოსთან ერთად ალიანსის წევრი ქვეყნებიც (ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი, ესპანეთი, ნორვეგია, აშშ) მონაწილეობენ, შავ ზღვაში ნატოს ძალების დემონსტრირების მთავარ იარაღს წარმოადგენს.

ბოლო წლებში აშშ საქართველოს სანაპირო დაცვის მოდერნიზებაში ეხმარება, თუმცა საზღვაო ძალების აღდგენას, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ გაუქმდა, საქართველო ფინანსური რესურსების ნაკლებობის გამო ჯერჯერობით ვერ ახერხებს, რაც თბილისის როლს შავი ზღვის უსაფრთხოებაში მნიშვნელოვნად ამცირებს.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ნატო და მისი პარტნიორები (საქართველო და უკრაინა) ძალიან ფრთხილი სტრატეგიით ცდილობენ დაუპირისპირდნენ რუსეთის გავლენებს შავი ზღვის რეგიონში, რომელიც, თავის მხრივ, მუდმივად ზრდის სამხედრო შესაძლებლობებს და აგრძელებს ხისტ, აგრესიულ პოლიტიკას მისი მეზობლების მიმართ. კრემლის საფრთხის შემცველი ქმედებები, სავარაუდოდ, იქამდე გაგრძელდება, სანამ დასავლეთი არ მიიღებს მკაფიო გადაწყვეტილებას შავი ზღვის რეგიონში ძალათა ბალანსის აღდგენის შესახებ, რაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებით უნდა დაიწყოს, რის შემდეგაც ეს ქვეყნები დაუბრკოლებლად შეძლებენ შავი ზღვის მრავალმხრივი ეკონომიკური და პოლიტიკური შესაძლებლობების გამოყენებას.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button