გეოპოლიტიკადასავლეთი

ახალი გამოწვევები ევროპისთვის: ბელორუსი, მალი, ნავალნი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ევროპასა და რუსეთს შორის წარმართულ იდეოლოგიური ომი არაერთი კონფლიქტით დასრულდა. მათ შორის, ერთ-ერთი პირველი ღია დაპირისპირება პროდასავლურ სახელმწიფოსა და რუსეთს შორის 2008 წელს, კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, დაახლოებით, 20 დღის შემდეგ, 7 აგვისტოს მოხდა, როდესაც რუსეთის ფედერაციის რეგულარული სამხედრო ძალების შენაერთები როკის გვირაბის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია განახორციელეს. აგვისტოს ომს წინ უსწრებდა აპრილის დასაწყისში გამართული ნატოს სამიტი ბუქარესტში, სადაც საქართველოსთვის Member Action Plan (MAP)-ის მინიჭების საკითხი განიხილებოდა, თუმცა გერმანიის თავშეკავებულობის გამო საქართველოსა და უკრაინას MAP-ი არ მიენიჭათ. ასევე, თავშეკავებული იყო დასავლეთ ევროპის ქმედებები რუსეთ-საქართველოს ომის დროს და მის შემდეგაც. 2008 წელის ომის გამო ევროპას რუსეთი არ დაუსჯია, შედეგად კი 2014 წელს საქართველოს ბედი ეწია უკრაინასაც: რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძული სამხედრო ძალის გამოყენებით მიითვისა, ასევე, აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებში გაააქტიურა სეპარატისტული მოძრაობები. მიუხედავად იმისა, რომ შეტაკებები რუსების მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის დღემდე გრძელდება, სანქციებისა და მწვავე განცხადებების გარდა, ევროპას რეალური ნაბიჯები არც ამ შემთხვევაში არ გადაუდგამს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი – ლეხ კაჩინსკი, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, ევროპის ქვეყნებს უშედეგოდ მოუწოდებდა შეეჩერებინათ რუსული ოკუპაცია საქართველოში: „დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგი იქნება პოლონეთი“. კაჩინსკის სიტყვების პირველი ნაწილი ახდა, თუმცა, ეკონომიკური კეთილდღეობისა და ნორმალიზებული ურთიერთობების შენარჩუნების გამო, როგორც ჩანს, დასავლეთ ევროპის ქვეყნები კვლავ არ აპირებენ რუსული აგრესიის საპირწონედ მკაცრი ნაბიჯების გადადგმას.

მორიგი გამოწვევები ევროპისთვის

სანამ ბალტიისპირეთის ქვეყნებს მიადგება, რუსეთი გლობალური პანდემიის პერიოდშიც კი ცდილობს სხვადასხვა რეგიონში არეულობის წახალისებით, კიდევ ერთხელ მოუსინჯოს კბილი დასავლეთს. მაგალითად, 2020 წლის 12 ივლისს კავკასიის რეგიონში, საქართველოს საზღვართან, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა, რამაც საფრთხე შეუქმნა ისეთ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურებს, როგორებიცაა: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, ბაქო-სუფსის (დასავლეთში საექსპორტო) მილსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენი.

ამ ეტაპზე რუსეთი დასავლური იდეოლოგიის წინააღმდეგ წერტილოვან დარტყმებს ანხორციელებს ბელორუსისა და მალის საშინაო საქმეებში ჩარევით, პარალელურად კი საკუთარ ქვეყანაში ოპოზიციონერებსა და კრიტიკოსებს დევნის.

საპროტესტო აქციები ბელარუსში

მას შემდეგ, რაც ბელორუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკო დაასახელა 80%-იანი შედეგით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მის წინააღმდეგ. 9-11 აგვისტოს მშვიდობიანი აქციების დარბევის შედეგად, დაიღუპა სულ მცირე 4 მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა პროტესტის ტალღა დღემდე არ წყდება და, გაფიცული საწარმოების ფონზე, ათი ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში, პუტინთან დაახლოებული ლუკაშენკოს რეჟიმის გასაპროტესტებლად. ამ შემთხვევაშიც, რუსეთმა მყისიერად გამოუცხადა მხარდაჭერა ცესკოს გამოცხადებულ პრეზიდენტს და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო დახმარებაც აღუთქვა (დაუდასტურებელი ინფორმაციით რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები უკვე შევიდნენ ბელორუსის ტერიტორიაზე). დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობამ კი არჩევნების შედეგები არ აღიარა და ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული ძალადობა დაგმო, თუმცა უფრო მკვეთრი განცხადებები, ან კონკრეტული ნაბიჯები ბელარუსი ხალხის მხარდასაჭერად დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებს ჯერჯერობით არ გადაუდგამთ.

სამხედრო გადატრიალება მალიში

ბელორუსის აქციების პარალელურად, სამხედრო გადატრიალება მოხდა მალიში, სადაც ტერორიზმთან საბრძოლველად ათასობით ფრანგი (ასევე, გაეროსა და აფრიკის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები) ჯარისკაცია დისლოცირებული. აჯანყებულებმა ჯერ მალის ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა ჩაიგდეს ხელში, შემდეგ კი, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, დემოკრატიული გზით არჩეული პრეზიდენტი – იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტა შეიპყრეს და გადადგომა აიძულეს. აღსანიშნავია, რომ აჯანყებულთა ლიდერები – სადიო კამარა და მალიქ დიეუ გადატრიალებამდე, სხვა მებრძოლებთან ერთად, რუსეთში იმყოფებოდნენ, სადაც აქტიურად გადიოდნენ სამხედრო წვრთნებს და გადატრიალების მოწყობამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე დაბრუნდნენ სამშობლოში.

ევროპის რეაქცია აქაც დაგვიანებული აღმოჩნდა. გადატრიალების დაწყების დღეს მალის დედაქალაქში არსებულმა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებმა საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდეს არ დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლები, რადგან შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხე არსებობდა. ქვეყანაში მყოფმა საფრანგეთისა და გაეროს შეიარაღებულმა ძალებმა კი ვერ მოახერხეს რუსეთის წახალისებული სამხედრო გადატრიალება აღეკვეთათ. მოგვიანებით, გაეროს წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადებები, სადაც დაგმეს ძალადობრივი გზით დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობა და მხარეებს მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდეს. შედეგად კი ათასობით მალის მოქალაქე ქუჩებში აღნიშნავს სამხედრო გადატრიალების წარმატებით დასრულებას.

ნავალნის მოწამვლა

რუსი ოპოზიციონერის – ალექსეი ნავალნის მოწამვლა აღმოჩდნა მორიგი გამოწვევა დასავლეთისთვის და ვლადიმერ პუტინის მოწინააღმდეგეების მორიგი გაფრთხილება.

პუტინის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი ციმბირიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი სასწრაფოდ დაეშვა ომსკის აეროპორტში, საიდანაც იგი სასწრაფო დახმარების მანქანით ქალაქ ომსკის N1 ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

თვითმფრინავში ნავალნისთან ერთად მისი პრესმდივანი – კირა იარმიშიც იმყოფებოდა, რომელიც ყვება, რომ თვითმფრინავში ალექსეის ოფლიანობა დაეწყო და მას სთხოვა ელაპარაკა, რათა ფოკუსირება მის ხმაზე მოეხდინა. „ფრენის დაწყებიდან მალევე, ნავალნი ტუალეტში გავიდა, თუმცა უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხა. იგი თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. მის დაბრუნებას რომ შეეცადნენ, ტკივილისგან ყვირილი დაიწყო და გონება დაკარგა.“ – ამბობს იარმიში. მანვე ტვიტერზე დაწერა: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ალექსეი მოწამლულია და საწამლავი ჩაიში გაურიეს. ეს ერთადერთი რამაა, რაც მან დილით დალია. ექიმების თქმით, საწამლავი ცხელ სითხეში მალევე გაიხსნებოდა.“

ნავალნიმ ჩაი ომსკის აეროპორტის ერთ-ერთ კაფეში დალია, რომლის მფლობელებიც აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ვიდეოკამერებიდან ამოღებული მასალის გადამოწმება, რათა გაირკვეს, თუ რა მოხდა.

უგონოდ მყოფი ალექსეი ნავალნი ტოქსიკოლოგიური განყოფილების რეანიმაციაში მოათავსეს. იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს კვლავ ემუქრება საფრთხე და ყველაფერს აკეთებენ ნავალნის გადასარჩენად.

კირა იარმიში დარწმუნებულია, რომ ნავალნის მოწამვლა ამ წლის რეგიონალურ წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება, თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ კრემლში, რომლის სპიკერმა – დიმიტრი პესკოვმა დაზარალებულს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა. ნავალნი არის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ხელმძღვანელი და რუსეთის პრეზიდენტის – ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსი. გავრცელებული ცნობებით, ალექსეი ციმბირში ახალი გამოძიებისთვის აგროვებდა გარკვეულ მასალებს, რომელიც რუს მაღალჩინოსნებს ეხებოდათ.

ალექსეი ნავალნი

აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს, რუსი ოპოზიციონერი, რომელიც ციხეში ადმინისტრაციულ სასჯელს იხდიდა, ასევე, მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების განცხადებით, მის სხეულში მომწამვლელი ნივთიერება არ აღმოჩენილა და მას ალერგიული შეტევა დაემართა. მაშინ ნავალნი საავადმყფოდან სახლში მეორე დღესვე გაწერეს.

რუსულ სამთავრობო მედიებში უკვე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ალექსეის თვითმფრინავშიც ალერგიული შეტევა განუვითარდა, თუმცა მისი გუნდის წევრები ამ ვერსიაც კატეგორიულად გამორიცხავენ და 2019 წელს მომხდარი შემთხვევაც მათი ლიდერის მოწამვლის მცდელობად მიაჩნიათ.

ნავალნი გერმანიიდან რუსეთში ჩაფრენილმა სპეციალურმა თვითმფრინავმა სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანა. მის საავადმყოფოს პოლიცია გაძლიერებული ძალებით იცავს.

თუ გავიხსენებთ დიდ ბრიტანეთში სერგეი სკრიპალის მოწამვლის, ან ბერლინის ცენტრში მომხდარ ხანგოშვილის მკვლელობას, ნავალნის შემთხვევა საერთოდ არ უნდა იყოს გასაკვირი, მით უმეტეს, რომ რუსეთის სახელმწიფოს ევროპის შუაგულში ჩადენილი დანაშაულების გამო პასუხი დღემდე არ უგია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გაძევებულ დიპლომატსა და მკაცრ გაფრთხილებებს.

რუსეთისგან მომდინარე ამ და სხვა გამოწვევებზე დასავლეთისა და საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია საკმაოდ სუსტი და უშედეგოა, ძირითადად, მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება. სამწუხაროა, რომ მსგავსი ვითარება რუსეთს ბოლომდე უხსნის ხელ-ფეხს, თავს მოახვიოს ცივილიზებულ სამყაროს საკუთარი იდეოლოგია, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და ძირითადად არეულობასა და რეპრესიებზეა დაფუძნებული. შექმნილ ქაოსში კი ყველაზე მეტად ზიანდებიან თავისუფლებისა და განვითარების გზაზე მდგომი ისეთი ქვეყნები, როგორებიც საქართველო, უკრაინა, ბელორუსი და სხვები არიან.  

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ
Close
Back to top button