დასავლეთი

საქართველო და ევროპა

 

მიუნხენი, გერმანია

დღეს ევროპა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს მსოფლიოს ეკონომიკურ ბაზარზე. ევროპის ქვეყნებში მოქმედებს კანონები, რომლებსაც მისი მაცხოვრებლები მკაცრად იცავენ. ამ და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების ხარჯზე დღეს თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში აწყობილია სისტემა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას ნებისმიერ სფეროში. ევროპის ქვეყნების მმართველობის ძირითადი პრინციპი დემოკრატიაა, ანუ ხალხი მაქსიმალურად ჩართულია ქვეყნის მართვაში. ევროპაში დიდი ყურადღება ექცევა ადამიანის უფლებების დაცვას განურჩევლად მათი რასისა, სქესისა, ეთნიკური წარმომავლობისა და აღმსარებლობისა.

მიუხედავად ამისა, განვითარებული ევროპა მაინც უშვებს დიდ შეცდომებს, რაც ავნებს მათივე სახელმწიფოებს და შემდეგ ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ევროპასთან დაახლოება. ზედმეტი ლიბერალიზმის გამო ივიწყებენ თავიანთ ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს და წარმომავლობას. მათ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვნად მიაჩნიათ, რაც იწვევს მულტიკულტურიზმს რიგ ქვეყნებში. ასევე, ძალიან ლიბერალურია მათი საგარეო პოლიტიკა. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ვერავინ იფიქრებდა, რომ ევროპა რუსეთს უკრაინაში ყირიმის ანექსირებასაც შეარჩენდა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მკვეთრად განსხვავებულია აშშ-ს საგარეო პოლიტიკა. განსაკუთრებით გამკაცრდა დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ. აშშ-მა ამჯერად განახორციელა კონკრეტული ქმედებები (სირიაში ასადის პოზიციების დაბომბვა, საქართველოსა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვულ იარაღზე მუშაობის გაგრძელება და ა.შ), რამაც მკვეთრად შეასუსტა რუსეთის პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე.

   სულხან-საბა ორბელიანის ვიზიტმა ევროპაში, მართალია, დიდი ხნის შემდეგ, თუმცა, როგორც ჩანს, შედეგი გამოიღო, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, დღეს გარკვეულ დახმარებას მაინც ვიღებთ ევროპისგან. ჩვენ ეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი ევროპული ინვესტიცია, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარების ხარისხს

ბრიუსელი, ბელგია

გააუმჯობესებს. მათგან უნდა შევიძინოთ გამოცდილება და ავითვისოთ თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიები, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ნებისმიერი დარგის უფრო სწრაფ და მნიშვნელოვან განვითარებას, გაიზრდება ქართული პროდუქციის წარმოების ხარისხი და რაოდენობა. შესაბამისად, გაიზრდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც, ამასთან ერთად, შემცირდება სოციალურად დაუცველთა რაოდენობა.

ეკონომიკურად ძლიერი და განვითარებული საქართველოსკენ სწრაფვას თვითონ დაიწყებენ აფხაზებიც და ოსებიც, რადგან დღეს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. რუსეთი იქ სამხედრო ბაზების მეტს არაფერს აშენებს და მოსახლეობის უკმაყოფილებაც თანდათან იზრდება. აფხაზეთსაც და ცხინვალის რეგიონსაც აუცილებლად შემოვიერთებთ, თუ სწორ პოლიტიკას გავატარებთ მათ მიმართ და დაველოდებით მომენტს – რუსეთის დასუსტებას და ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ეკონომიკურ კრიზისს. ამ დროისთვის საქართველო იმდენად განვითარებული ქვეყანა უნდა იყოს, რომ უპრობლემოდ შეძლოს დაკარგული ტერიტორიების შემოერთება და მათ სწრაფ განვითარებაზე ფიქრი. რაც მთავარია, უნდა მოისპოს ეროვნული შუღლი, რომელიც რუსეთის ძლიერი პროპაგანდის შედეგია და აღდგეს ძველი, მეგობრული ურთიერთობა ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის. რუსეთის მიერ გავრცელებული პროპაგანდის არამართებულობაზე თანამედროვე გენეტიკური კვლევებიც მეტყველებს, კერძოდ – ქართველთა და აფხაზთა გენეტიკური კოდი – ჰაპლოჯგუფი ერთმანეთს ემთხვევა.

 უკრაინის, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტები 2008 წელს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად გამართულ აქციაზე

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევროპისგან ჩვენ მხოლოდ გამოცდილება უნდა შევიძინოთ და ჩვენს საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ, მოვარგოთ მათი გამოცდილება საქართველოს განვითარებას ისე, რომ არანაირი ანტიეროვნული გავლენა არ იქონიოს ამ ყველაფერმა ჩვენს ქვეყანაზე (ევროპა ამას არც ითხოვს). ივანე ჯავახიშვილმა, ნიკო ნიკოლაძემ, დიმიტრი უზნაძემ, პეტრე მელიქიშვილმა და სხვა მრავალმა გამოჩენილმა ქართველმა ევროპაში მიღებული განათლება მოახმარეს ქვეყნის განვითარებას: დააარსეს უნივერსიტეტი, ქართულად თარგმნეს ევროპული ლიტერატურა, განავითარეს ქალაქები და ა.შ. ევროპაში ყოფნის დროს, კი იყვნენ ღირსეული ელჩები თავიანთი ქვეყნისა, ბევრ ევროპელს გააცნეს ქართული კულტურა და ისტორია.

ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება საქართველოში რუსეთმა მაშინვე დაიწყო, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და პირველად გაიხედა ევროპისკენ. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის პროდასავლურ განვითარებას, გავრცელებულმა პროპაგანდამ მაინც დატოვა კვალი: დღესაც საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მიუღებელია დასავლეთისკენ სწრაფვა. თითქოს ევროპაში ლგბტ საზოგადოება ძალიან გავრცელებულია, ერთსქესიანთა ქორწინება აქვთ დაშვებული და ჩვენს ტრადიციებს შელახავენ… ევროპელები განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ხალხს არ განასხვავებენ სხვებისგან და ევროპაში ლგბტ საზოგადოება არც ისე ფართოდაა გავრცელებული, როგორც ჩვენ გვგონია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროპაგანდის წყაროდ იყენებს რუსეთი “ერთმორწმუნეობას” და ავრცელებს მცდარ მოსაზრებებს, რომ თითქოს ქართულ მიწებს მუსლიმები ყიდულობენ, მალე ჩენზე მეტნი იქნებიან და გადაგვაჯიშებენ, თუმცა ეს ყველაფერი უაზრო შიშების გამომწვევი ტყუილებია, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს. საქართველოში მხოლოდ მცირე ნაწილია სასოფლო-სამეურნეო მიწებისა, მუსლიმებს კი ამ მიწების მხოლოდ 0,7% აქვთ ნაყიდი და აქაც საქართველოს იურისდიქციის მიხედვით უწევთ მოქმედება. ხოლო თვითონ “ერთმორწმუნე რუსეთის” მიერ გავრცელებული პროპაგანდა ბევრად დიდ ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას.

დღეს საქართველოში, სამწუხაროდ, პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა, რაც გარკვეულწილად ჩვენი ქვეყნის გაუმართავ განათლების სისტემას და პროფესიული სასწავლებლების განუვითარებლობას შეგვიძლია დავაბრალოთ. ამის მიუხედავად, ბევრი ქართველი ახალგაზრდა, საკუთარი სახსრებითა თუ სახელმწიფოს დაფინანსებით ახერხებს ევროპაში უმაღლესი განათლების მიღებას, თუმცა მათი უმრავლესობა ევროპაშივე რჩება ცხოვრების გასაგრძელებლად და ივიწყებს სამშობლოს, რადგან ევროპაში პროფესიონალ კადრებს საქართველოსთან შედარებით ბევრად მეტი შემოსავალი აქვთ. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე.

კემბრიჯის უნივერსიტეტი

ევროპაში უმაღლესი განათლების მიღების და არჩეულ სფეროში პროფესიონალად ჩამოყალიბების საშუალება რომ არსებობს, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, თუ რა გზას უნდა დაადგეს საქართველო: ჩრდილოეთის, თუ – დასავლეთის გზას. ეს შესაძლებლობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც  საქართველოსთვის ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო რეჟიმით მიმოსვლა ამოქმედდა. რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაცია დადებითი მოვლენაა საქართველოსთვის, რადგან ბევრ ახალგაზრდას ეხსნება გზა უმაღლესი განათლების მისაღებად, თუმცა, ამასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის უპერსპექტივობის გამო არსებობს დიდი საფრთხე, უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა სამუდამოდ გადაიხვეწოს სამშობლოდან ევროპაში. დასანანია, რომ დღესაც ამდენი პროფესიონალი ქართველი მოღვაწეობს ევროპის ქვეყნებში და არა საქართველოში. თუ მთავრობა ვერ ქმნის ისეთ პერსპექტივებს, რომლის არსებობის შემთხვევაში პროფესიონალურად გადამზადებული ქართველი შეძლებს უპრობლემოდ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში და შეძლოს მუშაობა დაახლოებით იმდენივე შემოსავლით, რამდენსაც ევროპა სთავაზობს, ეს პერსპექტივა უნდა შექმნას ხალხმა, იმ პატრიოტმა ახალგაზრდებმა, რომლებიც ნაზიარები არიან ევროპულ ცოდნას და გამოცდილებას. ამ ცოდნის და გამოცდილების ხარჯზე უნდა განავითარონ სხვადასხვა დარგები საქართველოში, რაც მომავალში აუცილებლად შეუწყობს ხელს სხვა ახალგაზრდების საქართველოში დაბრუნებას, ეს კი, თავის მხრივ, გამოიწვევს ქვეყნის სწრაფ განვითარებას.

რა დაგვიშავდება იმით, თუ ჩვენ ევროპელთა დადებით მხარეებზე გავაკეთებთ აქცენტს და უგუვლებელვყოფთ იმ საკითხებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს ყოფასა და ტრადიციებს და დასავლეთისგან მივიღებთ იმ ცოდნას და გამოცდილებას, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებას წაადგება?

– ვის წაადგება, თუ ჩვენ დასავლეთს ავითვალწუნებთ გაუნათლებელი და რუსეთისგან ტვინგამორეცხილი ფსევდო პატრიოტების გამო?
– რა თქმა უნდა, რუსეთს.

ის გააგრძელებს სუსტი და გაუნათლებელი ერის თავის გემოზე მართვას. დღევანდელ მსოფლიოში ჩვენი სიძლიერე თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებით და სწრაფი განვითარებით უნდა გამოვხატოთ, ამ ყველაფერთან ერთად კი უნდა შევინარჩუნოთ და წარვუდგინოთ მსოფლიოს ჩვენი ტრადიციები, კულტურა და უძველესი მემკვიდრეობა, რითაც საქართველო ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა მთელ მსოფლიოში.

გიორგი სვიმონიშვილი

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button