დასავლეთიტექნოლოგიები

უპრეცედენტო კიბერთავდასხმა აშშ-ის სახელმწიფო უწყებებზე

აშშ-ზე უპრეცედენტო კიბერთავდასხმა მიმდინარეობს: ბოლო დღეებში მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის თავდაცვის, ენერგეტიკის, სახაზინო და სავაჭრო დეპარტამენტების, ასევე, ქვეყნის ბირთვულ მარაგზე პასუხისმგებელი ეროვნული ბირთვული ადმინისტრაციის ბაზებში შეაღწიეს ჰაკერებმა, რომლეთა უკანაც რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური (SVR) დგას. აშშ-ის კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის სააგენტოს თქმით, კიბერთავდასხმა იმაზე ბევრად მასშტაბური აღმოჩნდა, ვიდრე ეს თავიდან ჩანდა. როგორც ჩანს, სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში დააზიანეს ჰაკერებმა Microsoft-ისა და Alphabet-ის (Google) სერვერები, რამაც ინტერნეტსივრცეში გლობალური შეფერხება გამოიწვია. აშშ-ზე განხორციელებული მასშტაბური კიბერთავდასხმა, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, შესაძლოა აღმოჩნდეს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გარღვევა ეროვნული უსაფრთხოებისა და საიდუმლოებების გაჟონვის ჭრილში, რასაც აუცილებლად მოჰყვება ადეკვატური პასუხი. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად დიდი ინფორმაციის მოპარვა შეძლეს ჰაკერებმა, თუმცა ცნობილია, რომ ისინი უპრეცედენტო თავდასხმაში სრულიად ახალ მეთოდებს იყენებენ.

19 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ჰაკერულ თავდასხმაში რუსეთი ღიად დაადანაშაულა: “ეს [ჰაკერული თავდასხმა] საკმაოდ სერიოზული მცდელობა იყო და ვფიქრობ, უკვე ნათლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საქმიანობას რუსები ეწეოდნენ.” – აღნიშნა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.

აშშ-ის კიბერუსაფრთხოების უმსხვილესმა კომპანია – FireEye-მ, რომელსაც ფართო სამთავრობო კონტაქტები აქვს, კიბერშეტევა პირველად ამ თვის დასაწყისში გამოავლინა. კომპანიის განცხადებით, “თავდასხმა უმაღლესი დონის შეტევითი შესაძლებლობების მქონე ქვეყნის მიერ განხორციელდა.” მსგავსი დასკვნა გამოაქვეყნა FBI-ის კიბერუსაფრთხოების საგამოძიებო ჯგუფმაც, რომლის თქმითაც “თავდასხმაზე პასუხისმგებელი მხარე მაღალი სიზუსტის მქონე სახელმწიფოს წარმოადგენს.”

როგორც ჩანს, ჰაკერებმა კომპიუტერულ სისტემებში შეღწევა თავდაპირველად ოსტინში მდებარე კომპანიის, SolarWinds-ის გატეხვით მოახერხეს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით დისტანციურად უზრუნველყოფს საინფორმაციო ტექნოლოგიურ მომსახურეობას უამრავი კლიენტის, მათ შორის, აშშ-ის სამთავრობო სააგენტოებისა და მსხვილი კორპორაციებისთვის. ამის გამო, კიბერუსაფრთხროებისა და ინფრასტრუქტურის სააგენტომ გამოსცა სპეციალური მითითება და მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო უწყებებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ SolarWinds-ის პროდუქციის გამოყენება.

ასევე, გაირკვა, რომ კიბერშეტევა ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში დაიწყო, თუმცა მისი აღმოჩენა მხოლოდ დეკემბერში შეძლეს.

ჰაკერების ძირითადი სამიზნეები აღმოჩნდნენ აშშ-ის სამთავრობო სააგენტოები, კომპანიები რომლებიც სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობენ და სამეცნიერო კვლევითი ცენტრები. Microsoft-ის ინფორმაციით, კიბერთავდასხმა საინფორმაციო და ტექნოლოგიურ კომპანიებსაც შეეხოთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ის სახდეპის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს ინფორმაცია რუსეთში, ქალაქ ვლადივოსტოკსა და ეკატერინბურგში აშშ-ის დარჩენილი ბოლო ორი საკოკონსულოს დახურვის შესახებ. ოფიციალურ მიზეზად სპიკერმა “რუსეთში აშშ-ის საელჩოს მუშაობის ოპტიმიზაცია” დაასახელა. მისი განცხადებით, “აშშ-ს საელჩოს თანამშრომლების მოსკოვში გადაჯგუფება საშუალებას მოგვცემს, მაქსიმალურად ეფექტური და უსაფრთხო გზით განვავითაროთ ჩვენი საგარეო პოლიტიკური ინტერესები რუსეთში.”

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button