ტექნოლოგიები

5G – არის თუ არა სიცოცხლისთვის საშიში?

ისევე, როგორც წინა ტექნოლოგიები (3G, 4G), 5G ქსელები ეყრდნობიან რადიოტალღების მიერ გადმოცემულ სიგნალებს (ელექტრომაგნიტური სპექტრის ნაწილი), რომლებიც მობილურ ტელეფონს ანძისა ან ანტენის საშუალებით მიეწოდებიან.

სატელევიზიო და რადიო სიგნალებისგან, ასევე, სხვა ტექნოლოგიებისგან ჩვენი მობილურების ჩათვლით და ბუნებრივი სინათლის ბუნებრივი წყაროსგან, როგორიც მზის შუქია, ჩვენ ყოველთვის გარშემორტყმული ვართ ელექტრომაგნიტური რადიაციით.

5G, წინა ტექნოლოგიებთან შედარებით, იყენებს უფრო მაღალი სიხშირის ტალღებს, რაც საშუალებას იძლევა ერთდროულად ბევრად უფრო მეტი მოწყობილობა იყოს დაკავშირებული მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან.

ეს ტალღები ბევრად მცირე ტერიტორიაზე ვრცელდებიან, რის გამოც 5G-სთვის საჭიროა მიწის დონიდან შედარებით მაღალ სიმაღლეზე დაყენებული უფრო მეტი ანტენა, ვიდრე ეს წინა თაობის ქსელებს სჭირდებოდათ.

ელექტრომაგნიტურ გამოსხივებაზე, რომელსაც მობილურ ტელეფონთან დაკავშირებული ყველა ტექნოლოგია იყენებს, ზოგიერთმა ადამიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ თითქოს ის საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მათ შორის იწვევს კიბოს გარკვეულ ტიპებს.

2014 წელს „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ“ განაცხადა, რომ „მობილური ტელეფონის მოხმარების შედეგად, ჯანმრთელობისთვის გამოწვეული არასასურველი შედეგები არ დადგენილა.

ამასთან, ჯანმომ სიმსივნის კვლევის საერთაშორისო სააგენტოსთან (IARC) ერთად ყველა სახის რადიო სიხშირის გამოსხივება „შესაძლო კანცეროგენულ“ კატეგორიაში შეიყვანა, რადგან „კვლევების თანახმად, რაც ჯერ-ჯერობით არ არის დამტკიცებული, ამ გამოსხივების ზემოქმედებამ შესაძლოა ადამიანებში კიბო გამოიწვიოს“.

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ დამწნილებული ბოსტნეულის ჭამაც იმავე კატეგორიაში კლასიფიცირდება. დამუშავებული ხორცისა და ალკოჰოლის მიღება კი უფრო მაღალ კატეგორიაშია შეყვანილი, რადგან უფრო მყარი არგუმენტები არსებობს.

რადიოტალღები არამაიონებელია

რადიოტალღების ჯაჭვი, რომელიც მობილური ტელეფონის ქსელებისთვის გამოიყენება, არამაიონებელია, „რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ აქვს საკმარისი ენერგია დნმ-ის დასაშლელად და უჯრედის დასაზიანებლად– ამბობს დევიდ რობერტ გრაიმსი, ფიზიკოსი და სიმსივნის მკვლევარი.

ადამიანისთვის საშიში და სიმსივნის გამომწვევი საფრთხე შეიძლება გამოიწვიოს მობილურ ქსელებში გამოყენებულზე ბევრად უფრო მაღალმა სიხშირეებმა. ამავე საფრთხეში კლასიფიცირდება მზის ულტრაიისფერი სხივები, რომელმაც შეიძლება კანის სიმსივნე გამოიწვიოს.

არსებობს მკაცრად განსაზღვრული საკონსულტაციო ლიმიტები, რომელიც შეეხება ენერგეტიკული რადიაციის კიდევ უფრო მაღალ დონეს, რაც ძირითადად სამედიცინო რენტგენებში გამოიყენება.

„ხალხის აღშფოთება სიმსივნის რისკების გაზრდასთან დაკავშირებით სრულიად გასაგებია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ რადიოტალღები გაცილებით უფრო ნაკლებად ენერგეტიკულია, ვიდრე თუნდაც მზის სხივები“ – ამბობს დოქტორი გრაიმსი – „არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მობილური ტელეფონები ან უკაბელო ქსელები ჯანმრთელობისთვის სერიოზულ პრობლემებს იწვევს“.

უნდა გვაშინებდეს თუ არა 5G-ის გადამცემი ანძა?

5G ტექნოლოგია მოითხოვს უამრავ ახალ საბაზო სადგურს, ანუ ანძებს, რომლებიც იღებენ და გადასცემენ მობილური ტელეფონის სიგნალებს.

წინა თაობის ქსელებთან შედარებით, 5G-სთვის ბევრად უფრო მეტი ანძის განთავსებაა საჭირო, რაც იძლევა საშუალებას, რომ თითოეულმა ანძამ დაბალი ენერგიის დონეზე იმუშაოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 5G-ის ანძა ბევრად ნაკლებ გამოსხივებას გამოჰყოფს, ვიდრე, 4G-სთვის განკუთვნილი ანძები.

მაგალითად, დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ადგილებში გათვალისწინებულზე ბევრად უფრო დაბალი რადიოსიხშირული ველი გხვდება.

ასე რომ, 5G-ის გადამცემი ანძები არ უნდა გვაშინებდნენ.

რაც შეეხება სითბურ საფრთხეს

საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპების (Guidelines) გათვალისწინებით, 5G სპექტრის ნაწილი მიკროტალღურ ჯგუფში შედის.

მიკროტალღები წარმოქმნიან სითბოს იმ ობიექტში, რომელთა მეშვეობითაც ისინი გადაეცემიან.

მიუხედავად ამისა, ის დონე, რომელიც 5G-სთვის (და წინა მობილური ტექნოლოგიებისთვის) გამოიყენება, არ არის საზიანო – ამბობს პროფესორი როდნი კროფტი, არამაიონებელი რადიაციული გამოსხივების საერთაშორისო კომისიის (ICNIRP) მრჩეველი. მისი თქმით, 5G-სთვის განკუთვნილი რადიოსიხშირის მაქსიმალურე დონე იმდენად დაბალია, რომ ტემპერატურის ცვლილება დღემდე არ დაფიქსირებულა.

5G საქართველოში

5G ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ახალი ტექნოლოგიების შექმნასა და ძველის სწრაფ განვითარებაში. რაც მთავარია, მეხუთე თაობის ქსელები ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენენ. საყურადღებოა 5G-ს საწინააღმდეგოდ წამოწყებული კამპანია, რომელმაც საქართველოშიც შემოაღწია. ამ კამპანიის მიზანია კონსპირაციული თეორიებითა და ფაქტებით, რომლებიც არ ეყრდნობა არანაირ სამეცნიერო კვლევებს, საზოგადოების დაშინება და სიახლისადმი ნეგატიურად განწყობა. მსგავსი პროპაგანდისტული კამპანიები 5G ინტერნეტის საწინააღმდეგოდ რუსეთშიც ფიქსირდება. ეს აფერხებს ქვეყნის სწრაფი და ყველაზე ეფექტური გზით – ტექნოლოგიური განვითარებით წინსვლის პროცესს.

5G ინტერნეტის შესაძლებლობებზე გაეცანით სტატიას:

5G – ახალი შესაძლებლობები

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button