ტექნოლოგიები

5G – ახალი შესაძლებლობები

დღევანდელ დღეს ცხოვრება, თანაც იმის ფონზე, რომ მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს და დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობა უმეტეს დროს თვითიზოლაციაში ან კარანტინში ატარებს, ინტერნეტის გარეშე ფაქტიურად წარმოუდგენელია. აქამდე, ჩვენი სმართფონებით ვიყენებდით მეოთხე თაობის 4G LTE უკაბელო ინტერნეტს, რამაც მოგვცა შესაძლებლობა ბევრად უფრო სწრაფად ჩაგვეტვირთა და გვეყურებინა HD ფილმებისა თუ ვიდეოებისთვის, უფრო მყარი კავშირი გვქონოდა ონლაინ თამაშებში, ჩაგვერთო ხარისხიანი Live ვიდეოები და ა.შ. თუმცა დღევანდელ მსოფლიოში ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ თითქოს საკმაოდ სწრაფი და ხარისხიანი 4G ინტერნეტიც კი ვეღარ აკმაყოფილებს კომპანიებისა და მომხმარებლების მოთხოვნილებებს.  სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ 2019 წელს, ბაზარზე გამოჩნდა მეხუთე თაობის 5G უკაბელო ინტერნეტი, რომელიც მისი შესაძლებლობებით ბევრად აღემატება 4G-ს.

5G: ყველაფერი რაც უნდა იცოდე

სამხერთ კორეა არის პირველი ქვეყანა, სადაც 5G ტექნოლოგია ამუშავდა. Korea Telecom იყო მსოფლიოში პირველი კომპანია, რომელმაც კომერციული 5G ქსელი დანერგა. კომპანიის CEO-მ ჩანგ გიუ ჰვანმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეას სურდა ამ ტექნოლოგიის დანერგვაში პიონერი ყოფილიყო, ამიტომ მათ ჯერ კიდევ 2015 წლიდან დაიწყეს აქტიურად მუშაობა მეხუთე თაობის ინტერნეტზე. 2018 წელს კი პიონგჩანგის ოლიმპაიდაზე წარმატებით წარადგინეს პირველი კომერციული 5G ქსელი. დღეის მონაცემებით სამხრეთ კორეაში 5G ინტერნეტს 5 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

მიუხედავად იმისა, რომ 5G ინტერნეტი ჯერ კიდევ განვითარების ფაზაშია, მისმა გამოჩენამ უკვე დაიმსახურა ექსპერტების ძალიან მაღალი შეფასებები. მეცნიერთა უმრავლესობის აზრით, 5G-ის გამოჩენასთან ერთად ჩვენ ვემზადებით ახალი „ტექნოლოგიური რევოლუციისთვის“, რაც სრულიად შეცვლის სამყაროს.

პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ 5G მეოთხე თაობის უკაბელო ინტერნეტზე ბევრად უფრო სწრაფი (10-ჯერ, 100-ჯერ, 1000-ჯერ, და, შეიძლება 65 000-ჯერ სწრაფიც კი) იქნება, ხოლო უკუკავშირი (latency) 10-ჯერ შემცირდება, რაც უამრავ სფეროში გააჩენს ახალ შესაძლებლობებს. მაგალითად, მედიცინაში შესაძლებელი იქნება VR (ვირტუალური რეალობა) ტექნოლოგიებით დისტანციური ქირურგიული ოპერაციების ჩატარება: 5G ინტერნეტკავშირის გამოყენებით ქირურგს შეეძლება ერთი კონტინენტიდან მეორე კონტინენტზე ჩაატაროს ოპერაცია რობოტის საშუალებით.

როგორ მუშაობს?
ზოგიერთ ქვეყანაში ექსპერიმენტალურ რეჟიმით უკვე ამოქმედდა 5G-სთვის განკუთვნილი სპეციალური ანტენები. მაგალითად, ჯერ კიდევ 2019 წლის აპრილის დასაწყისში, ამერიკულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია Verizon-მა აშშ-ში პირველად აამოქმედა 5G ინტერნეტი. 2019 წლის ბოლოს 5G უკვე ამერიკის 31 ქალაქში იყო ხელმისაწვდომი. ჩიკაგოში აშშ-მა შეძლო, რომ 5G ინტერნეტის სტაბილური სიჩქარე 1.4გბ/წმ ყოფილიყო, რაც ბევრად აღემატება წინა თაობის ინტერნეტის სტაბილურ სიჩქარეს: თეორიულად, 4G-ის უსწრაფესი სიჩქარე არის 300მბ/წმ, თუმცა ესეც საუკეთესო შემთხვევაში.

5G ძალიან განსხვავდება 4G-სგან, რადგან იგი უახლესი რადიოტექნოლოგიაა, თუმცა პირველ ეტაპზე, სავარაუდოდ, 5G დაეფუძნება 4G-ის ქსელებს, რათა მეტი დაფარვის არეალი ჰქონდეს, ამიტომ შესაძლებელია თავდაპირველად ძალიან მკვეთრი განსხვავება ინტერნეტის სისწრაფეებს შორის ვერ ვიგრძნოთ. 5G ძალიან მაღალ სიხშირეებზე მუშაობს, მაგალითად Verizon-ის დადგმული ანტენები 28-39 გიგაჰერცის სიხშირის სპექტრში გამოჰყოფენ უსწრაფეს ინტერნეტს, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ასეთ ანტენებს ძალიან მცირე დაფარვის არეალი აქვთ, რისთვისაც, ფაქტიურად, ყოველ 10 მეტრში ახალი ანტენის დადგმაა საჭირო. რა საკვირველია, რამდენიმე წელიწადში ეს საკითხიც მოგვარდება.

5G ინტერნეტისთვის აუცილებელია სრულიად ახალი მობილური ტელეფონები, რომელთა გამოშვებაც სხვადასხვა კომპანიებმა უკვე მოასწრეს. ასეთი ტელეფონებია:

● Samsung Galaxy S10 5G

● Samsung Note 10 Plus 5G

● LG V50 ThinQ 5G

● OnePlus 7 Pro 5G

● Oppo Reno 5G

● Xiaomi Mi Mix 3 5G

● Huawei Mate 20 X 5G

და სხვები.

რა განვითარდება?

5G ინტერნეტი გააჩენს შესაძლებლობას პრაქტიკულად ყველა სფეროში. ქსელები დატვირთავენ ინტერნეტს და შექმნიან ინფრასტრუქტურას იმ უზარმაზარი მონაცემთა ბაზებისთვის, რომელთა საშუალებითაც მსოფლიოში თითქმის ყველაფერი იქნება ერთმანეთთან კავშირში. პირველ რიგში განვითარდება ე.წ ჭკვიანი ნივთები (SmartThings), მაგალითად ჭკვიანი მაცივარი, ჭკვიანი სარეცხი მანქანა, ტელევიზორი და ა.შ, რომელთა მართვაც ბევრად უფრო ეფექტური გახდება სმართფონებიდან.

როგორც უკვე ზევით აღვნიშნეთ, განვითარდება ტელემედიცინაც და შესაძლებელი გახდება დისტანციური ოპერაციების ჩატარება.

5G ინტერნეტ ტექნოლოგია წინ წამოწევს VR ტექნოლოგიებს და შესაძლებელი გახდება უმაღლესი ხარისხის და უხარვეზო HD და 3D Live Stream-ები.

სწრაფი ტემპებით განაგრძობს სვლას ინდუსტრიაც, რადგან 5G კავშირზე დამყარებული ახალი დანადგარები ბევრად უფრო სწრაფ და ხარისხიან შედეგებს აჩვენებენ.

შეიცვლება ეკონომიკა, ინფრასტუქტურა, ტვირთბრუნვა და გადაზიდვის პრინციპები. გაჩნდება უფრო მეტი უპილოტო გადამზიდი აპარატები, რომელთა მართვაც ოპერატორებს შენობიდან გაუსვლელად შეეძლებათ.

სხვა ეტაპზე გადავა სამხედრო ინდუსტრიაც, განსაკუთრებით კი ეს უპილოტო საფრენ აპარატებს შეეხებათ, რომლებიც დღევანდელ დღეს საბრძოლო მოქმედებებში ერთ-ერთ ყველაზე დიდ როლს ასრულებენ. დრონები 5G კავშირის საშუალებით შეძლებენ ბევრად უფრო ოპერატიულად იმოქმედონ, რაც სადაზვერვო და გამანადგურებელი ოპერაციების შესრულების შედეგებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

რაც მთავარია, მეხუთე თაობის ინტერნეტის წყალობით განვითარდება ხელოვნური ინტელექტი და გაჩნდება არა მარტო სამხედრო, არამედ, სამგზავრო უპილოტო თვითმფრინავების, ავტომობილებისა და გემების შექმნის შესაძებლობა.

ასევე, ხელოვნური ინტელექტისა და უსწრაფესი ინტერნეტის წყალობით ბევრად უფრო მაღალტექნოლოგიური სათვალთვალო მოწყობილობები შეიქმნება: მაგალითად, სახის ამომცნობი კამერები და ა.შ. ამ მხრივ, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი საფრთხესაც ხედავს და 5G ინტერნეტის განვითარებასთან ერთად მოითხოვენ პირადი ინფორმაციების დაცულობის მაქსიმალურ გარანტიას.

ვინ არის დღეს ლიდერი?

5G ინტერნეტის განვითარების მხრივ დღეს მსოფლიოში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩინეთი ლიდერობს. 2015 წლიდან ჩინეთმა 5G-ის ინფრასტრუქტურის განვითარებაში აშშ-ზე დაახლოებით $24 მილიარდით მეტი დახარჯა. ჩინეთში 12-ჯერ მეტი 5G სადგურია ვიდრე აშშ-ში. რა თქმა უნდა, ამას თავისი მიზეზებიც აქვს: მაშინ, როდესაც აშშ-ში ძირითადად კერძო კომპანიები არიან მომწოდებლები, ჩინეთში ყველა უკაბელო ინტერნეტის მომწოდებელი სახელმწიფო მფლობელობაშა, რამაც ძალიან შეუწყო ხელი 5G ინტერნეტის სწრაფ განვითარებას ჩინეთში.  აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფოსთან ასოცირებულმა ჩინურმა კომპანია Huawei-მ, 2019 წლის ივნისში რუსეთში 5G ქსელის განვითარების შეთანხმებას მოაწერა ხელი.

რაც შეეხება ევროპას, საზოგადოებაში გავრცელებული პირად ინფორმაციებზე წვდომისა და სხვა კონსპირაციული თეორიების შიშის გამო ტექნოლოგიური განვითარება საკმაოდ შეფერხებულია. მაგალითად, 2016 წლის მონაცემებით ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მთელმა ევროპამ მხოლოდ $3.2 მილიარდი დახარჯა, როდესაც ჩრდილოეთ ამერიკაში ამ რიცხვმა $12.1 მილიარდი, ხოლო აზიაში $6.5 მილიარდი შეადგინა.

5G – არის თუ არა სიცოცხლისთვის საშიში?

მსგავსი პრობლემა დგას ევროპაში 5G ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რადგან მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ 5G-ის ანტენები ზედმეტად დიდ რადიაციას ასხივებენ, რაც ვნებს ადამიანის სხეულს და იწვევს რთულ დაავადებებს. რუსული პროპაგანდისტული მედია საკმაოდ აქტიურად არის ჩართული მეხუთე თაობის ინტერნეტის წინააღმდეგ ბრძოლაში, იმის ფონზე რომ ვლადიმერ პუტინმა უკვე დაიწყო რუსეთში ამავე ტექნოლოგიის დანერგვა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესაძლო საფრთხის გამო ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაიმართა დემონსტრაციები და ადგილობრივ ხელისუფლებებს მოუწიათ უარი ეთქვათ 5G ანტენების განთავსებაზე. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგნიზაცია და მრავალი გავლენიანი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ანტენებისგან გამოსხივების დონე სრულიად შეესაბამება ჯანმრთელობისთვის დადგენილ ნორმებს და ეს შიში უსაფუძვლოა.

დემოკრატიულ საზოგადოებებში როგორც სახელმწიფოს, ასევე, საზოგადოებას აქვს კონსტიტუციური უფლება მოითხოვოს ექსპერიმენტალური ანტენების დადგმის გაუქმება, რაც აფერხებს 5G ტექნოლოგიების განვითარებას დასავლეთში. იგივე პრობლემის წინაშე არ დგას ჩინეთი და რუსეთი.

კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებამ საკმაოდ შეაფერხა მეხუთე თაობის ინტერნეტ-ტექნოლოგიის განვითარება. 5G-ის სრული ამოქმედება სწორედ 2020 წლის დასაწყისში იყო დაგეგმილი, როგორც აშშ-ში, ასევე, ჩინეთში.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ
Close
Back to top button