კავკასიატექნოლოგიები

დრონების ომი კავკასიაში

2008 წლის აპრილსა და მაისში რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის ციდან ჩამოაგდო რამდენიმე ქართული უპილოტო საფრენი აპარატი (Hermes 450), რომლებიც სადაზვერვო მისიებს ასრულებდნენ. ექსპერტებისა და სამხედრო ისტორიკოსების შეფასებით სწორედ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ითვლება თანამედროვე კონფლიქტებში დრონების ეპოქის დასაწყისად, რადგან უპილოტო საფრენ აპარატებს დაპირისპირებაში ჩართული ორივე მხარე  აქტიურად იყენებდა. სწორედ ამ ომის შემდეგ გააანალიზა რუსულმა მხარემ, თუ რამხელა სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭებოდა დრონებს შეიარაღებულ დაპირისპირებაში. მათი თქმით, რომ არა აგვისტოს ომში დაგვიანებით ჩართული უპილოტო საფრენი აპარატები, ბევრად ნაკლები ზარალი მიადგებოდა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს.

ვიდეო, სადაც ასახულია, თუ როგორ აგდებს ქართულ დრონს რუსული MiG-29

2020 წლის 28 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მათ შეიძინეს ესპანური წარმოების სადაზვერვო დრონები. საუბარია კომპანია Alpha Unmanned Systems-ის წარმოებულ უპილოტო ვერტმფრენზე Alpha 800 და SCR-ის წარმოებულ უპილოტო თვითმფრინავზე Atlantic I. სხვა ინფორმაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების დრონებზე არ საჯაროვდება.

კავკასიის რეგიონის რელიეფიდან გამომდინარე სადაზვერვო და დამრტყმელი დრონები აზერბაიჯანისთვის, სომხეთისთვის და საქართველოსთვისაც პრიორიტეტულ სტრატეგიულ იარაღს უნდა წარმოადგენდნენ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაღვივდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. 1994 წელს სომხეთმა რეგიონზე ეფექტური კონტროლის მოპოვება შეძლო, სწორედ მას შემდეგ შუამდგომლობს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. სომხეთის პატრონაჟის ქვეშ მყოფმა მთიანმა ყარაბაღმა თავი „არცახის“ დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა, თუმცა ვერ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. მას შემდეგ მთიანი ყარაბაღი სომხეთისა და აზერბაიჯანის მუდმივი დაპირისპირების ზონად იქცა.

2016 წელს საქმე პრაქტიკულად მორიგ ომამდე მივიდა. დაპირისპირების დროს ორივე მხარემ დაკარგა ასეულობით ადამიანი. 2016 წლის დაპირისპირება აღსანიშნავია ახალი ტიპის იარაღის: Harop, იგივე კამიკაძე დრონების გამოჩენით, რომლებსაც ისრაელი აწვდიდა აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანმა Harop-ები ძალიან ეფექტურად გამოიყენა და მათი საშუალებით გაანადგურა როგორც არტილერია და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, ასევე, დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა.

IAI Harop

Harop-ებს აზერბაიჯანი Israel Aerospace Industries (IAI)-სგან ყიდულობდა, თუმცა წარმატებული მარკეტინგული კამპანიის შემდეგ, ახალი კონტრაქტი დადო IAI-ს კონკურენტ Aeronautics-თან, რომელიც საწყის ეტაპზე ჩავარდა: 2017 წელს Aeronautics-ის გუნდი აზერბაიჯანში იმყოფებოდა, რათა Orbiter 1K კამიკაძე დრონების კონტრაქტის გაფორმება დაესრულებინათ. მანამდე, აზერბაიჯანელებმა მოთხოვეს მტრის პოზიციებზე სადემონსტრაციო თავდასხმა განეხორციელებინათ, რაზეც ისრაელელმა ოპერატორებმა უარი თქვეს, ამიტომ საქმეში ჩაერთვნენ კომპანიის ხელმძღვანელი პირები და ამ მისიის განხორციელება საკუთარ თავზე აიღეს, თუმცა თითქმის ყველა სამიზნეს ააცილეს.

Orbiter 1K

ამის გამო ისრაელმა Aeronautics-ს პროდუქციის გაყიდვის ორწლიანი აკრძალვა დაუწესა. მიუხედავად ამისა, აკრძალვის დასრულებისთანავე, 2019 წელს აზერბაიჯანმა $13 მილიონიანი დრონების შესყიდვის კონტრაქტი გააფორმა კომპანიასთან. გრძელვადიან პერსპექტივაში აზერბაიჯანი აპირებს ლიცენზირებულად გამოუშვას Orbiter-ის ასლი, საკუთარი წარმოების დრონები, რომელსაც Zarba ეწოდება. 2019 წელსვე მათ, ასევე ისრაელისგან შეიძინეს SkyStriker დრონები.

ილჰამ ალიევი Zarba-ს პრეზენტაციაზე

ადგილობრივი დრონების წარმოებაც საკმაოდ სწრაფად ვითარდება. 2018 წელს აზერბაიჯანულმა კომპანიამ განაცხადა, რომ ისინი მუშაობენ სამ სხვადასხვა ზომის კამიკაძე დრონზე, მათ შორის ერთ-ერთი 5 კილოგრამიანი რაკეტით იქნება აღჭურვილი და 3 საათის მანძილზე შეეძლება სამიზნის აღმოჩენა და განადგურება, მეორეს (Bat) კი სამიზნის არ არსებობის შემთხვევაში ბაზაზე უკან დაბრუნება შეეძლება ხელახალი გამოყენებისთვის.

2020 წლის 27 სექტემბერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაწყებული მორიგი მასშტაბური დაპირისპირების დროს, აზერბაიჯანის შეიარაღებაში გამოჩნდა თურქული დამტყმელი დრონი – Bayraktar TB2, რომელსაც თურქეთი უკვე დიდი ხანია წარმატებით იყენებს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებში. ექსპერტების აზრით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებში, სადაც ჩანს, თუ როგორ ნადგურდება სომხური ტექნიკა, სწორედ ამ უპილოტო საფრენი აპარატიდან ხდება ოპერირება. ამას ისიც ადასტურებს, რომ Bayraktar TB2-ის შემქმნელმა, სელჩუკ ბაირაქტარმა საკუთარ Twitter-ზე გააზიარა ერთ-ერთი ასეთი ვიდეო.

რაც შეეხება სომხეთს, იგი ჯერ კიდევ 2011 წლიდან აწარმოებს საკუთარ სადაზვერვო დრონებს Krunk, რომელიც დროთა განმავლობაში Krunk 9 და Krunk 11-ად იქცა.

Krunk

2018 წელს სომხეთმა განაცხადა, რომ ისინი სამხედრო დრონებს „არცახისგან“ ყიდულობდნენ. აშკარაა, რომ ამ პატარა „სახელმწიფოს“ აქტიური დრონების მრეწველობა გააჩნია. 2020 წლის მაისში „არცახის“ თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მათ წარმატებით გამოსცადეს ახალი დამრტყმელი დრონი, რომლის მასობრივი წარმოება უახლოეს თვეებში იგეგმება. მათ კამიკაძე დრონების ვიდეოც კი გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნულია, რომ არც ერთი წამყვანი ქვეყნის მიერ გამოშვებულ მსგავსი ტიპის იარაღს არ ჩამოუვარდება „არცახის“ დრონები.  

უპილოტო საფრენი აპარატი მსგავსი ტიპის კონფლიქტისთვის იდეალური იარაღია. ის იაფი და ძალიან ზუსტია, ასევე, მისი გამოყენება პილოტის სიცოცხლის რისკის გარეშეა შესაძლებელი. დრონის კიდევ ერთი პლიუსი არის ის, რომ მისი ჩამოგდების შემთხვევაშიც კი შეუძლია სახელმწიფოს უარყოს მასთან კავშირი.

მიუხედავად იმისა, რომ დრონების ტექნოლოგიაზე ძირითად მონოპოლიას აშშ, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, ირანი, ჩინეთი და სხვა ძლიერი ქვეყნები ფლობენ, ნელ-ნელა სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს უპილოტო საფრენი აპარატების ადგილობრივი წარმოება და გაყიდვა. მათ შორისაა თურქეთიც, რომელმაც საკუთარი დრონების წყალობით არაერთ წარმატებას მიაღწია ახლო აღმოსავლეთში. დრონების ექსპორტზე გატანას აპირებს აზერბაიჯანული კომპანია AZDynamics-იც, სომხეთი კი წარმატებით იყენებს ადგილობრივი წარმოების კამიკაძე დრონებს, რაც ბოლო დღეებში განვითარებულმა სასაზღვრო კონფლიქტმაც დაგვანახა.

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button