მეცნიერებატექნოლოგიები

Starlink: ყველაფერი რაც თანამგზავრების შესახებ უნდა ვიცოდეთ

კომპანია SpaceX, რომელიც ილონ მასკს ეკუთვნის, ახორციელებს პროექტს – “Starlink”, რაც თანამგზავრული სწრაფი ინტერნეტის გლობალურ უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

რას გულისხმობს Starlinkის პროექტი?

Starlink არის SpaceX-ის შემუშავებული გეგმა, რომელიც გულისხმობს დედამიწის გარშემო, ქვედა ორბიტაზე 12 000 თანამგზავრის განლაგებას, რაც მასკის თქმით, ყველა ადამიანს უფასოდ მისცემს მაღალი სიჩქარისა და დაბალი შეფერხების (latency) მქონე ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობას. ინტერნეტის გამოსაყენებლად მხოლოდ და მხოლოდ $200-იანი პიცის ყუთის ზომის მიმღები იქნება საჭირო.

თანამგზავრები ორბიტის გარშემო მუდმივად იმოძრავებენ, შესაბამისად თითოეული თანამგზავრი ლაზერული კავშირის მეშვეობით დაუკავშირდება ოთხ სხვა თანამგზავრს. ეს კავშირი სინათლის სიჩქარის სისწრაფის იქნება და, ამავდროულად, იმდენად ფართო, რომ დედამიწის ნებისმიერ წერტილს მუდმივად დაფარავს.

თბილისის ციდან დანახული Starlink-ის თანამგზავრები (ფოტო: ბექა მამუკაშვილი)

სხივების მისაღებად დედამიწაზეც საჭირო იქნება სპეციალური სადგურების მასიური ქსელი. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ 12 000 თანამგზავრი ბევრად ჟღერს, ეს უბრალოდ ერთ-ერთი ნაწილია იმ ინფრასტრუქტურისა, რომელიც SpaceX-მა უნდა შექმნას.

Starlink-ის მისია რამდენიმე ფაზად განხორციელდება, რომლის მთავარი მიზანიც, დაახლოებით, 8000 თანამგზავრის დედამიწის ზედაპირიდან 500 კმ-ზე, ხოლო დანარჩენი 4000 თანამგზავრის ბევრად მაღლა, 1 200 კმ-ზე განთავსება იქნება.    

რა არის კოსმოსური ინტერნეტი?

კოსმოსური ინტერნეტი არის ინტერნეტი, რომელიც თანამგზავრის მეშვეობით ხდება ხელმისაწვდომი. ეს არ წარმოადგენს სიახლეს. სატელეკომუნიკაციო თანამგზავრები, ძირითადად, დედამიწიდან ათასობით კილომეტრით დაშორებულ გეოსტაციონარულ ორბიტებზე სხედან და დედამიწის ბრუნვის შესაბამისად გადაადგილდებიან, რათა მუდმივად ჰქონდეთ კავშირი ერთ კონკრეტულ რეგიონთან. ეს დაშორება დაახლოებით 1 წამიან შეფერხებას გულისხმობს.

მიუხედავად ამისა, არსებული თანამგზავრული ინტერნეტკავშირი მკაცრად შეზღუდულია. ის დაახლოებით 2,4 კბ/წმ (მალე 514 კბ/წმ-მდე გაიზრდება, ისიც SpaceX-ის მიერ გაშვებული რაკეტის დახმარებით) სიჩქარეს გვთავაზობს, ამავდროულად, საკმაოდ ძვირია და, ძირითადად, კონკრეტულ კომპანიებს ან მთავრობებს ემსახურება კრიტიკულ სიტუაციებში და არ არის წარმოდგენილი მასობრივ ბაზარზე.

Starlink-ის თანამგზავრები კი გეოსტაციონარულ თანამგზავრებთან შედარებით დედამიწასთან 65-ჯერ უფრო ახლოს იქნებიან განლაგებული და შეეძლებათ 10 გბ/წმ სისწრაფის ინტერნეტის უზრუნველყოფა, რაც ბოჭკოვან ინტერნეტზე უფრო სწრაფია.

რატომ ჩაერთო SpaceX-ი კოსმოსური ინტერნეტის მოწოდების სერვისში?

თუ SpaceX შეძლებს 10 გბ/წმ სისწრაფის ინტერნეტის შემოთავაზებასა და დედამიწაზე არსებული ინტერნეტკავშირების მომწოდებლების შესუსტებას, შესაძლოა ის ინტერნეტ სერვისის უდიდესი მომწოდებელი თავად გახდეს. ეს კი იმის ფონზე, რომ დედამიწის მოსახლეობის 50%-ს დღემდე არ აქვს წვდომა ინტერნეტთან.

Starlink-ის პროექტის განხორციელება $10 მილიარდამდე ჯდება, თუმცა კვლევის თანახმად, SpaceX-ი Starlink-ის მისიის მეშვეობით 2025 წლამდე ყოველწლიურად $30 მილიარდის გამომუშავებას შეძლებს, რამაც, შესაძლოა ილონ მასკის გეგმებს მარსზე გამგზავრებასთან დაკავშირებით დიდი წარმატება მოუტანოს.

რაკეტის გაშვება, რომელსაც Starlink-ის თანამგზავრები მიაქვს

როდის ამუშავდება Starlink-ი?

ილონ მასკის თქმით, პირველ ეტაპზე გაშვებული 60 თანამგზავრი არ ნიშნავს მომსახურეობის დაწყებას, რაშიც მან ის იგულისხმა, რომ სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე იქნება შეცდომები. მან ტვიტერზე დაწერა, რომ ინტერნეტკავშირის მცირე დაფარვისთვის საჭიროა 60 თანამგზავრის 6-ჯერ, ხოლო საშუალო დაფარვისთვის 12-ჯერ გაშვება, რისი შესაძლებლობაც, SpaceX-ის პრეზიდენტის განცხადებით სარაკეტო ქარხნის გაფართობის შემდეგ, რაც წელიწადში 40 რაკეტის აწყობას გულისხმობს, არსებობს.

ილონ მასკი

ასე რომ, პირველი 60 თანამგზავრი უფრო მეტად სატესტო გაშვებას წარმოადგენს. ისინი არ იქნებიან ერთმანეთთან ლაზერული სისტემებით დაკავშირებული და, სავარაუდოდ, გამოიყენებენ დედამიწის ანტენებსა და თანამგზავრებს შორის კავშირის გასატესტად.

მიუხედავად იმისა, რომ Starlink-ი გლობალური და საკმაოდ ამბიციური პროექტია, SpaceX უკონკურენტოდ არ იქნება: OneWeb-ი, კომპანიების – Intelsat, Virgin Qualcomm, SoftBank Hughes Networks Systems მხარდაჭერით, 2020 წელს გეგმავს კოსმოსში 21 გაშვებით 640 თანამგზავრის გაგზავნას, რათა შექმნას ფართოხაზოვანი გლობალური კოსმოსური ინტერნეტის სერვისი. ასევე, კომპანია Amazon-ი Project Kuiper-ის ფარგლებში 3 236 თანამგზავრის მეშვეობით, 2021 წლის შემდეგ გეგმავს კოსმოსური ინტერნეტის ქსელის ჩამოყალიბებას.  

დააკომენტარეთ ფეისბუქიდან

მსგავსი სტატიები

Back to top button